გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20315-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე - სს „უ---------–-------------–-----–------ი“
წარმომადგენელი - ლ--------------–---–-
მოპასუხე - ვ--–------ ჩ-----–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ვ--–------ ჩ-----–-–---–ს მოსარჩელე სს ,,უ---------–-------------–-----–------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1354 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 23 იანვრიდან 2016 წლის 30 იანვრამდე სს ,,უ---------–---- ს------–---- ც------ში“ პაციენტ ნ--- წ---–-----ს ჩაუტარდა გინეკოლოგიური ოპერაცია, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 4232 ლარს. მითითებული თანხის ნაწილი 2878 ლარი ანაზღაურებულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ხოლო დარჩენილ 1354 ლარზე კლინიკასა და პაციენტის მეურვეს ვ--–------ ჩ-----–-–---–ს შორის 2017 წლის 30 იანვარს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვ--–------ ჩ-----–-–---–მა იკისრა ვალდებულება დარჩენილი თანხა 1354 ლარი კლინიკისათვის აენაზღაურებინა 2017 წლის 10 თებერვლამდე ან წარმოედგინა შესაბამისი საგარანტიო წერილი. პაციენტის მეურვის მიერ არც შეთანხმებულ და არც შემდგომ პერიოდში ვალდებულება არ შესრულებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ვ--–------ ჩ-----–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ თანხა დაფიქსირდა ოპერაციის ჩატარების შემდგომ და მის ანაზღაურებაზე შესაბამისმა უწყებებმა მერე არი განაცხადეს. მხარის მითითებით, პაციენტი ნ--- წ---–-----ი არის პედაგოგი, სოციალურად დაუცველი და თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. პაციენტმა ნ--- წ---–-----მა სს ,,უ---------–---- ს------–---- ც------ში“, 2017 წლის 24 იანვარს, ჩაუტარდა გინეკოლოგიური ოპერაცია, კერძოდ, საშვილოსნოს ტოტალური ექსტირპაცია, მარჯვენამხრივი დანამატებთან, მარცხენამხრივი ფალოპის მილთან და მარჯვენამხრივი პარაოვარიულ და ინტრალიგამენტურ სიმსივნესთან ერთად, ომენტექტომია, სინექიოლიზი.
ოპერაციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 4232 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი #49 (ს.ფ. 14);
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #2794/12 (ს.ფ. 15);
- 26.01.2017 წლის მიმართვა #807973 (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 30 იანვარს, სს ,,უ---------–---- ს------–---- ც------ს“ და პაციენტ ნ--- წ---–-----ის მეურვე ვ--–------ ჩ-----–-–---–ს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მხარეები შეთანხმდნენ, რომ პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა გინეკოლოგიური ოპერაცია (კოდი: LCSD96, JASL30). გაწეული მკურნალობის სრული ღირებულება შეადგენდა 4232 ლარს. აღნიშნული თანხიდან პაციენტმა წარმოადგინა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ 2017 წლის 26 იანვარს გაცემული მიმართვა #807973, რომლითაც ანაზღაურდება 2878 ლარი, ხოლო პაციენტის მეურვე ვ--–------ ჩ-----–-–---–მა აიღო დარჩენილი 1354 ლარის 2017 წლის 10 თებერვლამდე ანაზღაურების ან შესაბამისი საგარანტიო წერილის წარმოდგენის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 30 იანვრის შეთანხმება (ს.ფ. 17);
- კალკულაცია (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოპასუხე მხარის მიერ არსებულ მომენტამდე არ მომხდარა საგარანტიო წერილისა თუ ნაკისრი ფულადი ვალდებულების (1345 ლარი) შესრულება მოსარჩელე მხარის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 30 იანვრის შეთანხმება (ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,უ---------–-------------–-----–------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 341-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ 2017 წლის 30 იანვარს გაფორმებული შეთანხმებით მოპასუხე ვ--–------ ჩ-----–-–---–მა აღიარა მოსარჩელე სს ,,უნივესალური ს------–---- ც------ის“ მიმართ ვალდებულების 1354 ლარის ოდენობით არსებობის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალის არსებობის აღიარების დროს სახეზეა მხარეთა ნება ახალი სამართალურთიერთობის ჩამოყალიბების თაობაზე. ვალის აღიარება ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს ქმნის, თუ ვალის აღიარება ისეთი შინაარსისაა, საიდაც მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძვლის არსებობა დგინდება. ვალის კონსტიტუციური აღიარება დამოუკიდებელია ვალის წარმოშობის საფუძვლებისაგან, რაც მის აბსტრაქტულ ბუნებას განაპირობებს. მოვალის მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნის უფლება სწორედ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოეშობა და არა წინმსწრები ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან
ვალის აღიარების ხელშეკრულება ფორმასავალდებულო გარიგებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნამდვილობისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვაა საჭირო. კანონით დადგენილი ფორმა კი მარტივი წერილობითია, რომელიც დაცულად ჩაითვლება, თუ მხარეები ვალის აღიარების ხელშეკრულებას ორმხრივად ხელს მოაწერენ.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ ვალდებულების არსებობა განაპირობა პაციენტ ნ--- წ---–-----ისთვის მოსარჩელე კლინიკაში ჩატარებულმა ოპერაციულმა მკურნალობამ, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 4232 ლარი. აღნიშნული თანხის ნაწილი 2878 ლარის ოდენობით ანაზღაურებულ იქნა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ, ხოლო 1354 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, 2017 წლის 30 იანვრის შეთანხმების საფუძველზე იკისრა მოპასუხე ვ--–------ ჩ-----–-–---–მა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არსებულ მომენტამდე შესრულებული არ არის და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს 1354 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ვ--–------ ჩ-----–-–---–ს მოსარჩელე სს ,,უნივესალური ს------–---- ც------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 55-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 263-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „უ---------–-------------–-----–------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ვ--–------ ჩ-----–-–---–ს მოსარჩელე სს „უ---------–-------------–-----–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1354 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ვ--–------ ჩ-----–-–---–ს მოსარჩელე სს „უ---------–-------------–-----–------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 50 ლარის ანაზღაურება
4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე