გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.03.2020
საქმის ნომერი
330310020003440377
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/687-20

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - შ------------–-----------–--------ი

წარმომადგენელი - რ---------------ა

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–ი

 

დავის საგანი - ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ------------–-----------–--------ის მიერ 2019 წლის 18 ნოემბერს წარდგენილ N1-------- განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. შ------------–-----------–--------ი (დაბ: 03.01.1998წ.) არის ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე (არაბთა გაერთიანებული საემიროების ბინადრობა).

 

შ------------–-----------–--------მა (დაბ: 03.01.1998წ.) 2019 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, წარუდგინა ს-----------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მიერ გაცემული ცნობა, ანგარიშზე თანხის არსებობის შესახებ ცნობა, პასპორტის ასლი და საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.

 

შ------------–-----------–--------ის 2019 წლის 18 ნოემბრის განცხადებას მიენიჭა სარეგისტრაციო N1--------- და განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, სადაც მიეთითა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 30 დღეს, ხოლო გადასახდელი თანხა არის 210 ლარი.

 

ს-----------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 15 ნოემბრის N2------ ცნობის თანახმად, შ------------–-----------–--------ი 2017 წელს ჩაირიცხა (ბრძ. N8--------, 28.09.2017) ი------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტში. 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რეგისტრირებულია მედიცინის ფაკულტეტზე მედიცინის სპეციალობის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მეხუთე სემესტრის სტუდენტად. საგანმანათლებლო პროგრამა სრულდება 2023 წლის ივლისში.

 

შ------------–-----------–--------ი სს ,,ს----------–--------ში“ არის საბანკო ანგარიშის მფლობელი და 2019 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით მასზე ფიქსირდება 2213.39 აშშ დოლარი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტს 2019 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით შ------------–-----------–--------ის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 19 ნოემბერს N1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა შ------------–-----------–--------ის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №S---------------- წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ სამსახურს შ------------–-----------–--------ის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ეროვნული პასპორტი ასლი (იხ.ს.ფ. 63-77);

- 2019 წლის 7 ოქტომბრის N1--- ცნობა (იხ ს.ფ. 62);

- ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადება (იხ.ს.ფ. 52-55);

- სამახსოვრო ბარათი (იხ.ს.ფ. 56-57);

- ს-----------------–---–--------–-----------–----------–-–----- უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 15 ნოემბრის N2------ ცნობა (იხ.ს.ფ. 58);

- სს ,,ს----------–--------ის“ 2019 წლის 18 ნოემბრის ცნობა (იხ.ს.ფ. 59);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 79);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 ნოემბრის N1---------/1 წერილი ( იხ.ს.ფ. 81);

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 12 დეკემბრის №S---------------- წერილი (იხ.ს.ფ. 80);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაცია (იხ.ს.ფ. 78).

 

3.2. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შ------------–-----------–--------ის 2019 წლის 18 ნოემბრის N1--------- განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 2020 წლის 10 მარტის სხდომის ოქმი).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ------------–-----------–--------ის მიერ 2019 წლის 18 ნოემბერს წარდგენილ N1-------- განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი ან ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილება ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ ვადას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, სააგენტოზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეგულაცია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქემ - შ------------–-----------–--------მა (დაბ: 03.01.1998წ.) 2019 წლის 18 ნოემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა მოითხოვა.

 

ასევე, დადგენილია, შ------------–-----------–--------ის 2019 წლის 18 ნოემბრის განცხადებას მიენიჭა სარეგისტრაციო N1--------- და განმცხადებელს ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, სადაც მიეთითა, რომ მომსახურების ვადა შეადგენდა 30 დღეს, თუმცა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შ------------–-----------–--------ის 2019 წლის 18 ნოემბრის N1--------- განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განცხადებაზე ხარვეზის დადგენის, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არათუ ადმინისტრაციული წარმოების, არამედ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც არ მიუღია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-246-243 (კ-14)).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რომლის მიმართაც პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ------------–-----------–--------ის მიერ 2019 წლის 18 ნოემბერს წარდგენილ N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------------–-----------–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შ------------–-----------–--------ის მიერ 2019 წლის 18 ნოემბერს წარდგენილ N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 23-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ------------–-----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ------------–-----------–--------ის მიერ 2019 წლის 18 ნოემბერს წარდგენილ N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს;

 

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე