განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2018
საქმის ნომერი
010141318700050734
ინსტანცია
თარიღი
16.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700050734

საქმე №1/ა.გ45-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

კახაბერ მაჭავარიანი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ-----------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განაჩენით რ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადა დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად რ-----------------ს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენით რ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენით დაკმაყოფილდა თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის ა-–---------–-–---–ის შუამდგომლობა და დამტკიცდა სტაჟიორ-პროკურორსა და ბრალდებულ რ-----------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც:

 

რ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე დროის გამოსაცდელი ვადით.

 

2018 წლის 11 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა რ-----------------მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

ხსენებულის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ რ-----------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდოკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

 

ასევე, რ-----------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდოკანაბინოლის“ (მარიხუანის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული რ-----------------ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მაისის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. ხოლო რაც შეეხება მსჯავრდებულ რ. პოღოსიანისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელს, იგი მსჯავრდებულ რ. პოღოსიანს დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, შესაბამისად პალატა არ მსჯელობს ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან მსჯავრდებულის განთავისუფლების შესახებ.

 

მსჯავრდებულ რ. პოღოსიანს უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენით, რ-----------------ს მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, რომლის მიხედვითაც მას 3 (სამი) წლით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მიუხედავად აკრძალვისა, 2017 წლის 8 მარტს მართავდა ავტომანქანას, რა დროსაც გამოვლენილ იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ-----------------ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენით, სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და უნდა აღუდგეს, ჩამორთმეული უფლებები, რაც თავის მხრივ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, შესაბამისად, რ-----------------ი ასევე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ამ მუხლით დანიშნული სასჯელისგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენში და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ-----------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებული რ-----------------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

 

მსჯავრდებული რ-----------------ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ამ მუხლით დანიშნული - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების მიხედვით ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას.

 

პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

კ. მაჭავარიანი