განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2018
საქმის ნომერი
010210015001045820
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210015001045820

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №2/ბ-822-16წ. 5 დეკემბერი, 2017 წელი

ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

აპელანტი - შ--–-- შ-----ე

წარმომადგენელი - ტ-------- მ---------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს---------------ა

წარმომადგენელი - ნ----- კ-------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს---------------ის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე. დაეკისრა მოპასუხე შ--–-- შ-----ეს მოსარჩელე სს---------------ის სასარგებლოდ 2055 ლარის გადახდა. დაეკისრა მოპასუხე შ--–-- შ-----ეს მოსარჩელე სს---------------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2013 წლის 29 მარტს ვაზ ”2121” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით D------, რომელსაც მართავდა მოპასუხე შ--–-- შ-----ე, არ დაემორჩილა საგზაო მოძრაობის ნიშანს ”დაუთმე გზა” და შეეჯახა ”ჰ-------ი ე-–-------ს” მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით F-----, რომლის მოსარგებლეც იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ს--------ის გ-----------ის ეროვნული სააგენტო და რომელსაც იმ დროისათვის მართავდა ბ-------ი მ-----–--ე. საპატრულო პოლიციის მიერ 2013 წლის 29 მარტს გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის №ე------- თანახმად ავტოსაგზაო შემთხვევაში დამრღვევ მძღოლად ცნობილი იქნა შ--–-- შ-----ე. 2.2. დადგენილია, რომ ”ჰ-------ი ე-–-------ს” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით F-----, რომლის მოსარგებლეც იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ს--------ის გ-----------ის ეროვნული სააგენტო და რომელსაც მართავდა ბ-------ი მ-----–--ე დაზღვეული იყო სს ”პ-- დაზღვევაში” სადაზღვევო კომპანია პ-- ”დაზღვევასა” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ს--------ის გ-----------ის ეროვნული სააგენტოს შორის 2013 წლის 31 იანვარს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე. 2.3. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ს--------ის გ-----------ის ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებული ”ჰ-------ი ე-–-------ს” მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით F-----. მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2055 ლარი, რომელიც სრულად იქნა ანაზღაურებული სადაზღვევო კომპანიის მიერ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე, 999-ე მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ--–-- შ-----ემ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. არასწორია სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები. გადაწყვეტილება აგებულია სასამართლოს მიერ არა დავის განხილვის შედეგად მიღებული მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ ტენდენციურად სასამართლოს მიერ მოძიებული ტრაფარეტული გადაწყვეტილების ინტერპრეტირების საფუძველზე, სადაც იგნორირებულია მოცემული სამოქალაქო დავის საფუძვლები და აპელანტის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი ანალიზი (იხ. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ნახაზი), რომლის მიხედვით აპელანტს დანაშაული არ მიუძღვის, მაგრამ სასამართლომ ხსენებულ მტკიცებულებას გვერდი აუარა, ცალმხრივად მიუდგა საქმეს და მიიღო აშკარად უკანონო გადაწყვეტილება. 3.2. 2013 წლის 29 მარტს დაახლოებით დილის 10 საათზე კუთვნილი ავტომანქანით ვაზ.21 სახელმწიფო ნომრით "დ52-56გრ აპელანტი მოძრაობდა ქობულეთის ტერიტორიაზე კერძოდ ნ----–---–ის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩაზე, გზაჯვარედინთან დგას საგზაო ნიშანი "დაუთმე გზა", სადაც შეჩერდა, გაატარა რამოდენიმე ავტომანქანა შეზღუდვა იყო მარჯვნიდან, მოემზადა გზის გასაგრძელებლად, ამ დროს შენიშნა მარჯვნიდან სწრაფმომავალი ავტომობილი, რომელიც გადმოვიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და წამოვიდა პირდაპირ აპელანტის ავტომობილისკენ. აპელანტმა სცადა გაქცევა მარცხნივ, რათა აეცილებინა უბედური შემთხვევა და გაენთავისუფლებინა მისთვის გზა, მან ვერ შეძლო ავტომობილის დამორჩილება, დაკარგა წონასწორობა მკვეთრი დამუხრუჭების ნიადაგზე მოსრიალდა და დაეჯახა აპელანტის ავტომობილს უკანა ნაწილზე, კერძოდ ბუფერზე, რის შედეგადაც დაზიანდა ავტომობილ "ჰუნდაი"-ს მარცხენა კარი. 3.3. შემთხვევის ადგილზე მოსულმა პატრულ ინსპექტორმა ყვითელი ფლომასტერით აღნიშნა საბურავების დგომის ადგილი, გადაყვანილ იქნა ავტომობილები, მოიხსნა საცობი და დაიწყო აზომვები. ამ დროს პატრულს ვიღაცამ დაურეკა, მან აზომვა შეაჩერა. მოვიდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირები და დაიწყეს აპელანტზე ზეწოლა. ემუქრებოდნენ ავტომანქანის საჯარიმოზე გადაყვანით და ჩამორთმევით. 3.4. საპატრულო პოლიციის ინსპექტორი, უ-- შ----ე ასრულებდა ვიღაცის დაკვეთას, მან სამჯერ შეადგინა ნახაზი და როდესაც აცნობებდა და თანხმობას ვერ ღებულობდა ხევდა ფურცლებს და ხელმეორედ ხაზავდა. მეოთხეჯერ რომ შეადგინა მხოლოდ დარტყმის წერტილი იყო სწორი და აპელანტმა ხელი მოაწერა მხოლოდ ნახაზზე. არ დავეთანხმა რუსული ნომრების საბაბით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს და ახსნა განმარტებას. ამის შემდეგ პატრულ ინსპექტორმა აპელანტს დააწერინა ხელწერილი, თუ 5 დღეში არ შეცვლიდა ნომრებს ჩამოართმევდნენ ავტომობილს. გამოწერილ საჯარიმო ქვითარზე შ--–-- შ-----ემ საჩივარი წარადგინა ქობულეთის პოლიციის კანცელარიაში. 3.5. 2015 წლის 10 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოდან აპელანტმა მიიღო გზავნილი (30 გვ). სადზღვევო კომპანია შ.პ.ს. "პ-- დაზღვევა" ედავება 2055 ლარს და საგადასახადო 100 ლარს, რაზედაც უარს აცხადებს. მისთვის წაყენებული ბრალდებები არის უსაფუძვლოა და მიაჩნია, რომ შედგენილი ნახაზი არ ადანაშაულებს, რაც შეეხება ახსნა განმარტებას - გაყალბებულია. ახსნა-განმარტებაზე მას ხელი არ მოუწერია ამის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შ--–-- შ-----ეს ეკუთვნის ავტომობილი ვაზ “2121”. 4.2. 2013 წლის 23 მარტს იგი ავტომობილით მოძრაობდა ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩაზე. 4.3. მოძრაობის დროს იგი არ დაემორჩილა ნ----–---–ისა და დავით ა----–-----–-ს ქუჩების კვეთაში მდგარ საგზაო ნიშნას “დაუთმე გზა” და გზაჯვარედინი გადაკვეთა შეუჩერებლად. 4.4. ამავდროულად, დავით ა----–-----–-ს ქუ--ზე, ურეკის მიმართულებით მოძრაობდა ბ------- მ-----–--ე სსიპ სახელმწიფო ს--------ის გ-----------ის სააგენტოს კუთვნილი “ჰ-------ი ე-–-------ს” მარკის ავტომობილით. 4.5. რადგან მის სამოძრაო ზოლში შეჩერებული იყო მიკროავტობუსი, ბ------- მ-----–--ემ გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში და, იმის მიუხედავად, რომ შ--–-- შ-----ემ სცადა შეჯახების თავიდან აცილება, ამავე ზოლში შეეჯახა აპელანტის კუთვნილ ავტომობილს. 4.6. აღნიშნულის გამო, ორივე მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევისათვის. 4.7. სსიპ სახელმწიფო ს--------ის გ-----------ის სააგენტოს კუთვნილი ავტომობილი დაზღვეული იყო სს---------------აში. 4.8. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ დაზღვეულს 2055 ლარი აუნაზღაურა. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 4 აპრილის განჩინებაში, საქმეზე № ას-809-776-2016 განმარტა: “საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან”. 4.9.1. უდავოა, რომ მოსარჩელემ, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, დამზღვევს აუნაზღაურა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით დამდგარი ზიანი. ამის შედეგად, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ შეცვლილა, არამედ შეიცვალა, მხოლოდ ამ ურთიერთობის კრედიტორი. კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი შეიცავალა სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). 4.9.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. 4.9.3. ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიამ აპელანტის მიმართ მოთხოვნა მიიღო ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი სსიპ სახელმწიფო ს--------ის გ-----------ის სააგენტოს ჰქონდა. 4.9.4. ამის გამო, აპელანტი უფლებამოსილია მოწინააღმდეგე მხარეს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რომელიც ძველი კრედიტორის მიმართ ექნებოდა. 4.10. პალატას მიაჩნია, რომ სადავო საგზაო-სატრანსპორტო გამოიწვია აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ. 4.10.1. საპატრულო პოლიციისათვის მძღოლების მიერ მიცემული ახსნა-განმარტებიდან და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემიდან ნათლად ჩანს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს ავტომობილი “ჰ-------ი ე-–-------ს” მძღოლმა გააკეთა დაუშვებელი მანევრი, ხოლო მანევრის დაწყების შემდეგ გადაკვეთა უწყვეტი, ღერძულა ხაზი და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლზე. 4.10.2. პალატის აზრით, ამ შემთხვევაში, ავტომობილი “ჰ-------ი ე-–-------ს” მძღოლმა არ დაიცვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს მოქმედი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით: გასწრების დაწყებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის საპირისპიროდ და ამ ზოლზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს 4.10.3. და დაარღვია ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც: თუ სავალი ნაწილი მონიშვნის ხაზებითაა ზოლებად დაყოფილი, სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს მკაცრად მონიშნულ ზოლებზე. 4.10.4. ავტომობილი “ჰ-------ი ე-–-------ს” მძღოლს კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული ვალდებულებები რომ არ დაერღვია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა. 4.10.5. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აპელანტის ბრალითაც არის გამოწვეული. 4.10.6. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის 1-ლი დანართის 2.4. პუნქტისა და 32-ე მუხლის მე-5 პუქნტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, აპელანტის ვალდებული იყო გზა დაეთმო მთავარი გზიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებისათვის მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად. 4.10.7. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აპელანტის მიერ გზაჯვარედინის გავლისას გადამკვეთი ქუჩის ის ზოლი, რომელზე მოძრაობა დაიშვებოდა, თავისუფალი იყო; ავტომობილი “ჰ-------ი ე-–-------” ამ ზოლში აპელანტისათვის სრულიად მოულოდნელად და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გადავიდა; საფრთხის აღმოჩენისთანავე აპელანტმა მოუხვია მარცხნივ, ე.ი. შემთხვევის თავიდან აცილება სცადა, თავის მხრივ ავტომობილი “ჰ-------ი ე-–-------ს” მძღოლს განკუთვნილი მოძრაობის ზოლში დაბრუნება არ უცდია. 4.10.8. ამის შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ სადავო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, უპირატესად, გამოწვეული იყო არა აპელანტის, არამედ მოწინააღმდეგე მხარის ბრალით. 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 4.11.1. ამ ნორმის მიხედვით, ე.წ. შერეული ბრალის შემთხვევაში ზიანი უნდა აანაზღაუროს იმან, ვინც მის დადგომაში მეტად ბრალეულია. 4.11.2. რადგან ზიანი, უფრო მეტად, ავტომობილი “ჰ-------ი ე-–-------ს” მძღოლის ბრალითაა გამოწვეული, აპელანტს მისი ანაზღაურების ვალდებულება არ ეკისრება. 4.12. ამის შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლო იყო და სასამართლომ შეცდომით დააკმაყოფილა იგი. 4.13. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რასაც შედეგად მცდარი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შ--–-- შ-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება და სს---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, სს---------------ას შ--–-- შ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის, 180 ლარის, სულ 330 ლარის ანაზღაურება.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გადაწყვიტა

 

1. შ--–-- შ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.

3. სს---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სს---------------ას შ--–-- შ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 330 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

.

 

მოსამართლე სიმონ ჩხაიძე