განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 061210016001468449
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-374-2017 16 იანვარი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - მ------- გ-------ი
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ----- ტ---–-----ი
წარმომადგენელი - ა-–--–-----------ა
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ-------- რაიონული განყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 24 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჯ----- ტ---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. 2007 წლის 0--------–ს დაბადებული - ლ--–- ტ---–-----ი (პ/ნ 2----------) ჩამოერთვა მ------- გ-------ს (პ/ნ 1----------) და აღსაზრდელად გადაეცა მამას - ჯ----- ტ---–-----ს (პ/ნ 2----------), მცხოვრებს ლ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ რ–----–----–-. გასაჩივრებული განჩინებით უარი ეთქვა მოპასუხის, მ------- გ-------ის წარმომადგენელს, ნ---- ნ-------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ლ-------- მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 07 თებერვლის №2/44 დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში. მაგისტრატმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელე ჯ----- ტ---–-----ის წარმომადგენელმა ი----- ა----–---–მა მოპასუხე მ------- გ-------ის მიმართ არასრულწლოვანი შვილის-ლ--–- ტ---–-----ის დაბრუნების შესახებ. ჯ----- ტ---–-----ი 2007 წლის 15 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მ-----–ი გ-------თან, რომელთანაც 2007 წლის 0--------–ს შეეძინა შვილი- ლ--–- ტ---–-----ი. მეუღლეებს ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, შვილი ლ--–- ტ---–-----ი იზრდებოდა მშობლებთან ერთად, არ აკლდა მშობლიური სითბო და ყურადღება. 2.2. 2016 წლის 15 მარტს გარდაიცვალა ჯ----- ტ---–-----ის მეუღლე-მ-----–ი გ-------ი. მისი გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელის ცოლისდამ-მ------- გ-------მა თვითნებურად წაიყვანა ბავშვი მამისგან, მიისაკუთრა იგი, არ აძლევს მამას ბავშვთან ურთიერთობის საშუალებას.როგორც საჩელშია მითითებული, მამას არა აქვს საშუალება იზრუნოს შვილზე, დაეხმაროს მას განათლების მიცემაში, მოსარჩელე მოითხოვს, დაუბრუნდეს ლ--–- ტ---–-----ი აღსაზრდელად მას, როგორც ბიოლოგიურ მამას. 2.3. მოპასუხე მ------- გ-------მა შესაგებელში მიუთითა, რომ იგი არაა წინააღმდეგი ბავშვი აღსაზრდელად გადაეცეს მოსარჩელეს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის შემთხვევაში. 2.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2016 წლის 18 ოქტომბრის №467 დასკვნის თანახმად, ჯ----- ტ---–-----ი ცხოვრობს სოფელ რ–----–----–-, მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, სახლში საცხოვრებლად უსაფრთხო პირობებია, დაცულია სისუფთავე, ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვისათვის განკუთვნილ ოთახში არის მოწესრიგებული საწოლები, დგას მაგიდა, ტანსაცმლის კარადა, ჯ----- ტ---–-----ს აქვს სტაბილური შემოსავალი, როგორც მამა აღნიშნავს, თანხას აგროვებს ბავშვისათვის გახსნილ ანაბარზე. ჯ----- ტ---–-----ს დადებითად ახასიათებენ მეზობლები, მამას თბილი ურთიერთობა აქვს ბავშვთან, ლ--–- ტ---–-----ი მეხუთე კლასშია, მას ერთი წელი არ უვლია სკოლაში, დასკვნის თანახმად, მამას აქვს ბავშვის მოვლის უნარი, თუმცა ბავშვზე სათანადო, სრულფასოვანი ზრუნვის განსახორციელებლად მას დასჭირდება ახლობლების თანადგომა, რაშიც დარწმუნებულია მოსარჩელე. 2.5. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ბავშვის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, ლ--–-ს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც დედის, ასევე მამის ოჯახთან,მასვე მიაჩნია, რომ არ უნდა დაირღვეს არასრულწლოვანის უფლება და ლ--–- ტ---–-----ს უნდა მიეცეს საშუალება შეუფერხებლად მიიღოს განათლება. 2.6. 2017 წლის 07 თებერვალს, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მ------- გ-------ი, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.მოპასუხეს ასევე ეცნობა გამოუცხადებლობის იურიდიული შედეგების თაობაზე. ამასთან, განემარტა ვალდებულება, წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2.8. სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ გაასაჩივრა მ------- გ-------მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს არ დაუდგენია და არ შეუსწავლია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. მეტიც დადგენილად მიიჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის სოციალური აგენტის დასკვანსთან. კერძოდ, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თითქოს აპელანტმა, მ------- გ-------მა თვითნებურად წაიყვანა ლ--–- ტ---–----- მამისაგან. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან ბავშვის დედის მ-----–ი გ-------ის გარდაცვალების შემდეგ ბავშვი, ლ--–- ტ---–-----ი მიეჯაჭვა დეიდას და დედის გარდაცვალების შემდეგ იზრდებოდა დეიდასთან, რომელიც იჩენდა ბავშვზე მზრუნველობას და ცდილობდა ბავშვისთვის იმ ტკივილის შემსუბუქებას, რომელიც გამოწვეული იყო დედის გარდაცვალებით. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 2016 წლის 06 ოქტომბრის №2---- დასკვნის თანახმად ბავშვს არ სურს მამასთან სოფელში საცხოვრებლად გადასვლა და დეიდასთან განშორება. 3.2. სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ჯ----- ტ---–-----ს აქვს სტაბილური შემოსავალი და შესაბამის პირობები და უნარი ბავშვის აღსაზრდელად, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. 2016 წლის 18 ოქტომბრის სოციალური მომსახურების სააგენტოს ლ-------- განყოფილების №467 დასკვნაში მითითებულია შემდეგი: “ჯ----- ტ---–-----ს არ აქვს სტაბილური შემოსავალი, ის არ მუშაობს.. .. მამას აქვს ბავშვის მოვლის უნარი, თუმცა ბავშვზე სათანადო სრულფასოვანი ზრუნვის განსახორციელებლად მას აუცილებლად დასჭირდება ახლობლების თანადგომა, რადგან მისი შემოსავალი არ იქნება საკმარისი”. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკანონოდ და ამასთან უსაფუძვლოდ იქნა ძალაში დატოვებული მიღებული გადაწყვეტილება 2017 წლის 24 მარტის განჩინებით. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებისა და განჩინების მიღებისას დარღვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპები და ნორმები. სასამართლოს მიერ უგულვებელყოფილ იქნა ისეთი უმნიშვნელო პრინციპი, როგორიცაა თანაბარუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ჯ----- ტ---–-----მა სარჩელი აღძრა მ------- გ-------ის წინააღმდეგ და მოითხოვა 2007 წლის 7 აპრილს დაბადებული ლ--–- ტ---–-----ის აღსაზრდელად გადაცემა. 4.2. არასრულწლოვანი ლ--–- ტ---–-----ი საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა. სამართლებრივი დასაბუთება 4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც. 4.3.1. ლ--–- ტ---–-----ი სარჩელის აღძვრის მომენტისათვის 7 წელზე მეტი ხნის იყო. ამის შესაბამისად, სასამართლოს იგი პროცესში უნდა ჩაერთო მხარედ, საპროცესო თანამონაწილედ. 4.3.2. იმის გამო, რომ მოსარჩელემ მოთხოვნა მის მიმართ წარადგინა, ლ--–- ტ---–-----ი საქმეში თანამოპასუხედ უნდა ჩართულიყო. 4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. 4.4.1. ამ ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს, სასამართლო დავასთან მიმართებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა და ეს უფლებამოსილება, კანონის თანახმად, ენიჭებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. 4.5. მაგისტრატმა სასამართლომ საქმე განიხილა ლ--–- ტ---–-----ისა და მისი კანონისმიერი წარმომადგენლის მონაწილეობის გარეშე. 4.5.1. ეს კი ნიშნავს, რომ მხარე, რომელსაც, კანონის თანახმად, საქმის განხილვაში მონაწილეობა უნდა მიეღო მიწვეული არ ყოფილა. 4.5.2. ამის გამო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. 4.6. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარჩელი, რომელიც აღძრული არ არის სავალდებულო საპროცესო თანამონაწილის მიმართაც, სამართლებრივად უსაფუძვლოა. 4.6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად გაამართლებს. 4.6.2. რადგან საქმის განხილვაში ლ--–- ტ---–-----ი არ მონაწილეობდა, ჯ----- ტ---–-----ის სარჩელი, მხოლოდ მ------- გ-------ის მიმართ, სამართლებრივად უსაფუძვლო იყო. 4.7. გარდა ამისა, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 4.7.1. ბავშვის ინტერესების უკეთ დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შემთხვევაშიც. 4.7.2. ამის შესაბამისად, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, ასევე მისი ძალაში დატოვების დროს სასამართლოს უნდა დაედგინა, თუ რატომ შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და აღსაზრდელად მოსარჩელისათვის გადაცემა. ამ მიზნით, კი სასამართლოს შეეძლო მიემართა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის. 4.7.3. ზემოხსენებული გარემოებები კი სასამართლოს არ დაუდგენია. 4.8. ამის გამო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება უნდა გაუქმდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს მაგისტრატ სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ------- გ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 7 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 24 მარტის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ლენტეხის მაგისტრატ სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს;
4. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები თამარ სვანიძე
მურთაზ მეშველიანი