განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010141318700050543
საქმე №1/ა.გ.41-18 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი , 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: მზია ლომთათიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით, ბ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით; სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, ბ----------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარის ოდენობით.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ბ----------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.
ბ----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ----------------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1(ერთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი)წელი და ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარის ოდენობით.
2018 წლის 10 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვა მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის განაჩენით, ბ----------------–---–ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდოკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ბიუროს 2018 წლის 26 იანვრის წერილის თანახმად, ბ----------------–---–ს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი(განაჩენთა ერთობლიობით) - ჯარიმა 2000(ორიათასი)ლარი - დღეის მდგომარეობით გადახდილი არ აქვს.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, ბ----------------–---–ს მსჯავრი დაედო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობაში, რომლის მიხედვითაც მას 3(სამი)წლით ჩამორთმეული ჰქონდა სარტანსპორტო საშუალების მართვის უფლება და მიუხედავად აკრძალვისა, ის 2017 წლის 7 სექტემბერს მართავდა ავტომანქანას.
პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ----------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 განაჩენით, სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და უნდა აღუდგეს, ჩამორთმეული უფლებები, რაც თავის მხრივ სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა, შესაბამისად, ბ----------------–---–ი ასევე უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ამ მუხლით დანიშნული პირობითი სასჯელისგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ბ----------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებული ბ----------------–---–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელისგან და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
3. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4.მსჯავრდებული ბ----------------–---–ი გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ამ მუხლით დანიშნული - 1(ერთი)წლით პირობითი სასჯელისგან, (ასევე, წინა განაჩენიდან დამატებული, სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ჯარიმისგან -1000(ათასი) ლარი).
5. მსჯავრდებულ ბ----------------–---–ს მოსახდელად დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით(განაჩენთა ერთობლიობის გათვალისწინებით) სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000(ათასი)ლარის ოდენობით.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას.
8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. ლომთათიძე
გ. კახეთელიძე