განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2018
საქმის ნომერი
330100114634897
ინსტანცია
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100114634897 (N1/ბ-31-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

გამართლებული - ნ--- ჭ------- ასული ეს----, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ------–---------------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, ესე იგი ქმედება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სასჯელი:

 

ნ--------ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენის გაუქმება, ნ--------იას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები, რადგან მათი უმეტესობა დამოკიდებულია ნ--------იაზე (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით, ნ--------ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით ნ--------იას ბრალეულობა. დადგენილებით, პირის ბრალდების შესახებ, 2012 წლის 29 ოქტომბერს, ნ--------იამ თბილისში, ბა-------- ქუ------ის ეზოში ცემა ნ------------აძე, თ-------------–აძე და დ---------–-----–ვილი.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ნ--------იას ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამართლებელი განაჩენი მის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე მ-----------–--–--ემ განმარტა, რომ მრავალშვილიან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, ბა-------- ქუ------ში მდებარე თავისუფალ ფართში. საქველმოქმედო ფონდმა ,,იავნ---მ“ გადასცა გურჯაანის რაიონის სოფელ ახალშენში ორსართულიანი სახლი, თუმცა პირობების არქონის გამო, საცხოვრებლად კვლავ დარჩა ბა-------- ქუ------ში. 2012 წლის 29 ოქტომბერს ნ--------იამ მოსთხოვა საცხოვრებელი ფართის დატოვება და გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პოლიციამ შეადგინა შესაბამისი ოქმი და წავიდა. მათი წასვლის შემდეგ ნ--------ია გახდა აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მას გამოესარჩლა აღნიშნულ მისამართზე ასევე დროებით მცხოვრები ნ------------აძე. მ-----------–--–--ე დაუკავშირდა ბავშვთა უფლებების დამცველს დ---------–-----–ვილს, რომელიც ხსენებულ მისამართზე მივიდა თ-------------–აძესთან ერთად. თ-------------–აძე ვიდეოკამერით იღებდა იქ არსებულ ვითარებას. ნ--------იამ თ-------------–აძეს თმაზე მოქაჩა და ვიდეო კამერის წართმევა სცადა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პერანგი შემოახია დ---------–-----–ვილს. ნ--------იამ ასევე ცემა ნ------------აძე, რომელიც ამ კონფლიქტში იცავდა მ-----------–--–--ის ინტერესებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებულები ნ------------აძე, დ---------–-----–ვილი და თ-------------–აძე. დაზარალებულ ნ------------აძის ჩვენების თანახმად, 2012 წლის 29 ოქტომბერს, ნ--------ია ბინიდან ასახლებდა მ-----------–--–--ეს, რომელსაც გამოესარჩლა. გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც მხარეებს მოუწოდა შეეწყვიტათ კონფლიქტი. ადგილზე ასევე მივიდნენ ფონდის წარმომადგენლები დ---------–-----–ვილი და ჟურნალისტი თ-------------–აძე, რომელიც ვიდეოკამერით აფიქსირებდა არსებულ ვითარებას. ვიდეოგადაღების გამო ნ--------ია გახდა კიდევ უფრო აგრესიული და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, დ---------–-----–ვილსა და თ-------------–აძეს.

 

დაზარალებულმა დ---------–-----–ვილმა განმარტა, რომ 2012 წელს იგი იყო ს----------------–-----------------------–--------------- ფონდ ქველმოქმედთა სახლის „მ------–--------“ თავმჯდომარე. 2012 წლის 29 ოქტომბერს მას დაუკავშირდა ფონდის ბენეფიციარი მ-----------–--–--ე, რომელმაც განუცხადა, რომ ოჯახთან ერთად ასახლებდნენ დროებითი საცხოვრებელი ფართიდან. სიტუაციაში გარკვევის მიზნით ის ფონდის ჟურნალისტ თ-------------–აძესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ მოდავე მხარეები და საპატრულო ეკიპაჟი. საპატრულო ეკიპაჟის წასვლის შემდეგ ნ--------ია გახდა აგრესიული, თმებში წვდა თ-------------–აძეს და ხელი დაარტყა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ვიდეო კამერით იღებდა ინციდენტის ფაქტს. ამის შემდეგ ნ--------იამ დ---------–-----–ვილსაც და ნ------------აძესაც დაარტყა ხელი. ხელმეორედ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიცია, რომლებსაც ნ--------იამ მიუთითა თითქოს იგი ცემა დ---------–-----–ვილმა. საგამოძიებო ორგანოში გადაყვანის შემდეგ მან ჩვენება მისცა ნ--------იას წინააღმდეგ.

 

დაზარალებულ თ-------------–აძის ჩვენებით, 2012 წლის 29 ოქტომბერს ვიდეოკამერით იღებდა თბილისში, ბა-------- ქუ------ში მომხდარ ინციდენტს. ვიდეოგადაღებამ ნ--------ია გააღიზიანა, თმებში წვდა მას და შეეცადა კამერის დამტვრევას. დაზარალებულის განმარტებით, ბოლო კადრი იყო სწორედ ის მომენტი, როდესაც ნ--------ია თმებში სწვდა და მოქაჩა. ამის შემდეგ ნ--------იამ ხელი დაარტყა დ---------–-----–ვილს და ნ------------აძეს.

 

პატრულ-ინსპექტორი, მოწმე კ--------–-------–-, არ წარმოადგენს ძალადობის შემსწრე პირს. მისი ჩვენებით, 2012 წლის 29 ოქტომბერს ორჯერ იქნა მიღებული შეტყობინება თბილისში, ბა-------- ქუ------დან სამეზობლო დავასთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მას და მის მეწყვილეს დახვდათ ორი მოდავე მხარე ბინის ფართთან დაკავშირებით. შეადგინეს შესაბამისი ოქმი და მხარეებს განუმარტეს, რომ სამართლებრივი დავა სასამართლოში უნდა გაეგრძელებინათ. პირველი შეტყობინებიდან დაახლოებით 1 საათში კვლავ მიიღეს იდენტური შეტყობინება, გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ქალბატონი და მამაკაცი მიუთითებდნენ ძალადობის ფაქტზე ნ--------იას მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებს ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ, მაინც ჩამოართვეს ახსნა-განმარტებები. ამ დროს ერთ-ერთი მობინადრისაგან ცნობილი გახდა, რომ ნ--------ია იყო ცუდად, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც პაციენტის მძიმე მდგომარეობის გამო მოითხოვა მისი გადაყვანა საავადმყოფოში, პარალელურად გამოძახებული იქნა საგამოძიებო სამსახური.

 

2012 წლის 1 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0--------------- დასკვნის თანახმად, კვლევისას თ-------------–აძემ უარყო სხეულზე დაზიანებების არსებობა, რის გამოც ტანსაცმელი არ გაუხდია. 2012 წლის 29 ოქტომბერს 21:40 საათზე პირადი შემოწმებისას თ-------------–აძეს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

2012 წლის 1 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0--------------- დასკვნის თანახმად, კვლევისას დ---------–-----–ვილმა უარყო სხეულზე დაზიანებების არსებობა, რის გამოც ტანსაცმელი არ გაუხდია. 2012 წლის 29 ოქტომბერს 21:00 საათზე პირადი შემოწმებისას დ---------–-----–ვილს ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

2012 წლის 1 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0--------------- დასკვნის თანახმად, კვლევისას ნ------------აძეს მარცხენა სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ელფერის უსწორო ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი, ზომით 3,5X2,5სმ. ამ მიდამოში იგი აღნიშნავდა ტკივილს. მას კვლევისას ტანსაცმელი სრულად არ გაუხდია. ტანსაცმლით დაუფარავ სხვა მიდამოებში რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. 2012 წლის 29 ოქტომბერს 23:10 საათზე პირადი შემოწმებისას ნ------------აძეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანება მარცხენა მხრის სახსრის არეში სისხლნაჟღენთის სახით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით შეესაბამება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

 

წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო ნ--------იამ და კატეგორიულად გამორიცხა დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მისი განმარტებით, 2012 წლის 29 ოქტომბერს მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რათა მომხდარიყო მ-----------–--–--ის და მისი ოჯახის გამოსახლება სადავო ფართიდან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს შესაბამისი აქტი და წავიდნენ. აღნიშნულის შემდეგ იმყოფებოდა საკუთარ ოფისში, ეზოდან შემოესმა ყვირილის ხმა, გარეთ გასულს დახვდა მ-----------–--–--ე და ნ------------აძე, რომლებიც ლანძღავდნენ მას. თავად იდგა კიბის თავში, ხოლო აღნიშნული პირები იდგნენ კიბის ბოლოში და მათ შორის დაშორება იყო რამდენიმე მეტრი. მის მიმართ გაჟღერებული შეურაცხმყოფელი ფრაზების მოსმენისას გახდა შეუძლოდ, რის გამოც მეზობლებმა არაერთგზის გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

მოწმე ლ--------------–ის ჩვენების თანახმად, თბილისში, ბა-------- ქუ------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ფართში შესახლებული იყო მ-----------–--–--ე თავის რვა შვილთან ერთად. ნ--------ია ხელმძღვანელობდა ხსენებულ მისამართზე ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის საკითხებს. იგი მოითხოვდა მ-----------–--–--ისაგან, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი ფართი, რომელიც არ იყო ამ უკანასკნელის საკუთრება. 2012 წლის 29 ოქტომბერს აღნიშნული კონფლიქტი გამწვავდა და მ-----------–--–--ემ დასახმარებლად დაუძახა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მოწმემ დაადასტურა სიტყვიერი უთანხმოების არსებობა, რომელშიც მ-----------–--–--ის და ნ--------იას გარდა მონაწილეობდნენ ფონდის წარმომადგენლებიც, თუმცა გამორიცხა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი.

 

ფიზიკური ძალადობის ფაქტი ასევე გამორიცხეს მოწმეებმა: ნ----------------ემ, ნ---------–---–მა და მ--–-----------ემ, რომლებიც იდენტურ ჩვენებებს იძლევიან 2012 წლის 29 ოქტომბერს ბა-------- ქუ------ში მომხდარი კონფლიქტის - სიტყვიერი დაპირისპირების თაობაზე, მათ შორის ნ--------იას შეუძლოდ გახდომასთან დაკავშირებით, რაც ასევე დასტურდება თბილისის მერიის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის 2014 წლის 20 ოქტომბრის N1--- წერილით. წერილის თანახმად, ელექტრონული პროგრამის ჩანაწერების მიხედვით, 2012 წლის 29 ოქტომბერს შპს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო ბრიგადამ პაციენტ ნ--------იას პ/ნ 0---------- სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ორჯერ. პირველად 17:02 საათზე და მეორედ 18:13 საათზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა აღნიშნული წერილის ავტორი შ--–-----------–ი, რომელმაც დაადასტურა წერილში მითითებული ინფორმაცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის შესაბამისად, მოწმის გარდაცვალების გამო, გამოქვეყნებული იქნა მოწმე გ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომლის ჩვენებითაც დგინდება, რომ 2012 წლის 29 ოქტომბერს ნ--------იას მხრიდან სადავო ფართის დაცლის მოთხოვნის გამო მ-----------–--–--ემ და ნ------------აძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნ--------ია გახდა შეუძლოდ, რის გამოც 2-ჯერ იქნა გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-------------იამ განმარტა, რომ დაზარალებული ნ------------აძე ქირით ცხოვრობდა თბილისში, ბა-------- ქუ------ში ნ. სიორდიას ბინაში. მოწმის ჩვენებით, ნ------------აძე არ იხდიდა ბინის ქირას და არც გადიოდა ბინიდან. ქირის თანხის მოთხოვნის დროს იგი შეურაცხყოფას აყენებდა გამქირავებელს. მოწმის ჩვენებით ნ------------აძე იყო ძალიან აგრესიული პირი, მას არაერთხელ უნახავს მის სხეულზე და სახეზე დაზიანებები. ი-------------იას ჩვენებით, მეზობლები წუხდებოდნენ მისი მდგმურის სახლში მუდმივი ჩხუბის, აურზაურის და აყალმაყალის გამო, ამის გამო არაერთხელ მიიღო შენიშვნა, თუმცა ნ------------აძე მაინც არ ტოვებდა გამქირავებლის ბინას.

 

მტკიცებულებების შეფასებამდე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რის გარეშეც წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

შესაბამისად, იმისათვის, რომ ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი.

 

ბრალდების მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მტკიცებულებებით დადასტურებულია ნ--------იას მიერ ნ------------აძის, თ-------------–აძის და დ---------–-----–ვილის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, რომლითაც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, ხოლო დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მათი უმეტესობა დამოკიდებულია ნ--------იაზე.

 

პალატა ბრალდების არგუმენტებს ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომლის d პუნქტის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს უფლება დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

 

შეჯიბრებითობის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მტკიცებულებათა მოპოვება, მათ შორის მოწმეთა მოძიება და გამოკითხვა, ბრალდების მხარის მსგავსად, უნდა გააჩნდეს დაცვის მხარესაც. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე, ხოლო არგუმენტი იმის თაობაზე, რომ დაცვის მოწმეები არიან მიკერძოებულები, სხდომაზე არ დადასტურებულა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რაც იმ პირთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, რომლებმაც გამორიცხეს მითითებულ დღეს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა შეაფასებს ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

დაზარალებულთა ჩვენებებით, ნ--------იამ მათ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო თავად ნ--------იას, ლ--------------–ის და დაცვის მოწმეთა ჩვენებებით, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით საფუძვლიანად მიუთითა გამოძიების არასრულყოფილად ჩატარებაზე და მტკიცებულების მოუპოვებლობაზე, რაც იქნებოდა მყარი მტკიცებულება შემთხვევის ადგილზე ვითარების აღსადგენად. აღნიშნული ეხება თითქმის ყველა მოწმის ჩვენებაში დაფიქსირებულ ვიდეოკამერას, რომლის ჩანაწერი არათუ ამოღებული, არამედ დათვალიერებულიც კი არ ყოფილა გამოძიების მიერ. ასევე არ გაბათილებულა წარმოდგენილ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, როდესაც მოწმემ მიუთითა ნ.ეს----ს მხრიდან დ.კ--–-----–---–--თვის პერანგის ჩამოხევაზე, მაშინ, როდესაც არათუ პერანგი ყოფილა დათვალიერებული და ამოღებული, არამედ სხვა მტკიცებულება ამის თაობაზე არ წარმოდგენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მსჯავრდებისთვის ფიზიკური ტკივილის შეგრძნება შეფასებითი ცნებაა და მთლიანად დამოკიდებულია დაზარალებულის მიერ ტკივილის აღქმაზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურებული არ არის დაზიანების არსებობა (ორი დაზარალებულის შემთხვევაში), თუმცა, თავისთავად, აღნიშნული არ არის ხელშემშლელი პირობა ცემის ან სხვაგვარი ძალადობის დასადასტურებლად. შესაბამისად, დაზიანების არარსებობა არ გამორიცხავს ფიზიკური ძალადობის ფაქტის არსებობას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, იმისათვის, რომ ცემა, ან სხვაგვარი ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებად, აუცილებელია დასტურდებოდეს ძალადობრივი ქმედება და ამ ქმედების შედეგად ფიზიკური ტკივილის განცდა.

მოცემულ შემთხვევაში, ფიზიკური ტკივილის განცდას ადასტურებენ დაზარალებულები, რაც შეეხება ძალადობრივ ქმედებას, არ დასტურდება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. დაზარალებულთა და მოწმე მ.კ---–--–--ის ჩვენების საპირისპიროდ, ნ--------იას ჩვენების გარდა, ძალადობის ფაქტი უარყვეს მოწმეებმა: ლ--------------–მა, ნ----------------ემ, ნ---------–---–მა, მ--–-----------ემ და გ----------------–---–მა.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული პირები ფაქტის თვითმხილველი მოწმეები არიან, მათი ჩვენებები არსებითი მნიშვნელობის მქონე ბრალდების დამადასტურებელ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ არის ურთიერთთავსებადი. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ თანაბარი მტკიცებითი ძალის მქონე მტკიცებულებებს შორის არსებული ურთიერთწინააღმდეგობისას საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულების წარდგენა, რაც შექმნიდა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისი გახდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოცემულ შემთხვევაში კი, მოწმეთა ჩვენებებმა შექმნა ეჭვი, რაც უნდა გადაწყვეტილიყო ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ ნ--------იამ ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. უფრო მეტიც, წარდგენილი ბრალდება ემყარებოდა მხოლოდ დაზარალებულებისა და დაინტერესებული პირის ჩვენებებს, რომელთა უტყუარობის დასამტკიცებლად, მოცემულ შემთხვევაში, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არ მომხდარა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს იმ საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდების სინამდვილეში, რის გამოც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის გ--------–------ავას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი.

 

ნ--------ია ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განემარტოს გამართლებულს, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე