განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2018
საქმის ნომერი
010141318700051042
ინსტანცია
თარიღი
01.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700051042 (№1/აგ-63-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: მურმან ისაევი

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო-----------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ო-----------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ო-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 04 (ოთხი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ო-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 29 მარტიდან 2015 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ო-----------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

ო-----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით და საბოლოოდ ო-----------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 27 (ოცდაშვიდი) დღის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება მსჯავრდებულ ო-----------ის მიმართ არ გავრცელდა.

 

2018 წლის 16 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ო-----------ემ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, განაჩენის გადასინჯვა.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ო-----------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით („საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, ო-----------ეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რაც თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 იანვრის N5--- წერილის თანახმად აღსრულებულია, კერძოდ, აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 14 ნოემბერს. მიუხედავად აღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ო-----------ეს ჩამორთმეული აქვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები, რაც მოჰყვა სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდებას.

 

პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურობა, მსჯავრდებული ო-----------ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და უნდა აღუდგეს ჩამორთმეული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ო-----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

ო-----------ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

გაუქმდეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ივნისის განაჩენი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: მურმან ისაევი

 

მანუჩარ კაპანაძე