განაჩენი

სისხლის სამართლის 05.02.2018
საქმის ნომერი
130100117002240295
ინსტანცია
თარიღი
05.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N130100117002240295, N1/ბ-49-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - ლ--------–---------------–--------–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ-----–--------–----–----------------–----------------------ა.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის და 6 თვის ვადით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ--------–--------–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებენ ლ--------–--------–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა მტკიცებულებების უტყუარობის საკითხი (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენით, ლ--------–--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:

 

- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

- სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

2017 წლის 20 აპრილს, ქ-----–ის რაიონის სოფელ ბ-----ის მეურნეობაში, სატვირთო ავტომანქანებისათვის განკუთვნილი სასწორების ქვეშ არსებულ ორმოში ლ--------–--------–მა თ-----------–---–---–ს სახისა და თავის არეში ცემის გზით მიაყენა (როგორც შემდეგ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად დადგინდა), სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია;

 

2017 წლის 20 აპრილს ლ--------–--------–ი იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-----–ის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც განზრახ დააზიანა მოწმეთა დასაკითხ და პირთა ამოსაცნობად განკუთვნილ ოთახებს შორის დამონტაჟებული სარკისებრი მინა-პაკეტი, რამაც გამოიწვია 198 ლარისა და 80 თეთრის მატერიალური ზიანი.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენით, ლ--------–--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ--------–--------–ს საჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 25 აპრილიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია

 

დაზარალებულმა თ-----------–---–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ბ-----ის მეურნეობაში, არავინ ჰყავს და ოჯახში მარტოა. შემთხვევის დღეს გირჩების მოსაგროვებლად იყო წასული ,,მ-–------ის“ ტერიტორიაზე. გირჩის ასაკრეფად რომ დაიხარა, ერთმა კაცმა თავში ქვა ჩაარტყა, წააქცია, მერე სასწორის ქვეშ, ორმოში ჩააგდო და სახეში დაუწყო ცემა, თან პირზე ხელს აფარებდა, რომ არ ეყვირა. გადაარჩინეს თანასოფლელმა კაცებმა, რომლებსაც იცნობს, მაგრამ მათ სახელებსა და გვარებს ვერ იხსენებს. დაზარალებულმა ვერც ბრალდებულის სახელი და გვარი დაასახელა, თუმცა, მიუთითა, რომ მას იცნობს, ერთ სოფელში ცხოვრობენ. მოძალადის მისამართით მიუთითა, რომ მისი ძმა სოფელში წყლის ფულზე დადის, ხოლო თავად მოძალადეს წარსულში ჰქონდა ჩადენილი დანაშაული, რაც დამთავრდა მსხვერპლით და რისთვისაც გასამართლებულია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმე ვ----–---------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულიც და დაზარალებულიც მისი თანასოფლელები არიან. ე------------–-----თან და გ-------------თან ერთად ბრუნდებოდა ბაღიდან სოფელში, რა დროსაც შემოესმათ წივილის ხმა. თავდაპირველად ვერ გაარჩია, ბავშვის ხმა იყო თუ ქალის და ე------------–-----ს, რომელსაც იმ ადგილას უნდა გაევლო, უთხრა, რომ ბავშვები იქნებოდნენ და ამოეყვანა. ადგილი, საიდანაც ხმა ისმოდა, იყო ყოფილი მ-–------ის ტერიტორია, სადაც სატვირთო მანქანების ასაწონი სასწორია, რაც დგას ორმოზე. როდესაც ე------------–-----ი ორმოსთან მივიდა, დაუძახა მას, რომ ჩქარა მისულიყო - დაინახეს, რომ ორმოში ლ--------–--------–ს წაქცეული ჰყავდა მათი თანასოფლელი თ-----------–---–---–ი, რომელსაც ერთ ხელს პირზე აფარებდა, ალბათ, იმიტომ, რომ არ ეყვირა, და მეორე ხელით ცემდა. ლ--------–--------–ი იცნეს მას შემდეგ, რაც იგი ორმოდან ამოხტა, ხელები სისხლით ჰქონდა მოსვრილი და ემჩნეოდა, რომ ნასვამი იყო. მათ უთხრა, რომ თითქოს ვიღაც ჩავარდა ორმოში და უნდა ამოეყვანა, შემდეგ კი გაიქცა. ქალის ვინაობაც მაშინ გაიგო, როდესაც ორმოში ჩავიდა მის ამოსაყვანად. ვ.რ------–---–-ს ჩვენებით, თ-----–---–---–ს ემჩნეოდა დაზიანებები და სისხლიანი იყო. მოწმემ დაბეჯითებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე ლ--------–--------–ისა და თ-----------–---–---–ის გარდა არავინ იყო.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ-------------მა. მოწმემ აღნიშნა, რომ მათ ყვირილზე ამოხტა ლ--------–--------–ი. ორმოდან ამოიყვანეს თ-----------–---–---–ი, რომელსაც კეფა ჰქონდა გახეთქილი და თავ-პირი სისხლით მოსვრილი. ორმოშივე ნახეს დაზარალებულის თავსაფარი და ხელჯოხიც. მოწმისავე განმარტებით, დაზარალებულის ფეხსაცმელი იპოვეს ორმოდან მოშორებით. გ-------------მაც დაადასტურა, რომ დაზარალებულისა და ბრალდებულის გარდა ადგილზე მისულებს არავინ უნახავთ და ისიც აღნიშნა, რომ ლ--------–--------–ს ხელებიც, სახეც და მაისურიც სისხლიანი ჰქონდა.

 

მოწმე ე------------–-----მა განმარტა, რომ გზად მიმავალთ შემოესმათ ყვირილის ხმა, შემთხვევის ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ორმოში ვიღაცა ცემდა ვიღაცას, იკითხა, რომელი იყო, თან ვ----–---------–---–სა და გ-------------საც დაუძახა. მოწმემ დაადასტურა, რომ მის დაძახილზე ორმოდან ამოხტა მათი თანასოფლელი ლ--------–--------–ი და, მას შემდეგ, რაც დაზარალებული ქალბატონი ამოიყვანეს ორმოდან, გაირკვა, რომ ისიც მათი თანასოფლელი თ-----------–---–---–ი იყო. თ-----–---–---–ი დასისხლიანებული იყო, ხოლო ლ----–--------–საც ხელები სისხლიანი ჰქონდა. ე----–-----ის განმარტებით, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ ორმოში მყოფი პირი, რომელიც ცემდა თ-----–---–---–ს, არის ლ--------–--------–ი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.

 

შესაბამისად, იმისათვის, რომ ძალადობა ჩაითვალოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დასჯად ქმედებად, აუცილებელია ძალადობრივმა ქმედებამ ან ქმედებებმა გამოიწვიოს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რაც მის ხანმოკლე მოშლას ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარ დაკარგვას გამოიწვევს.

ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების არსებობის ფაქტი, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №4--------- დასკვნის თანახმად, თ-----------–---–---–მა 2017 წლის 20 აპრილს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებას მიმართა იმავე დღეს და დაუდგინდა დიაგნოზი: სკალპის ღია ჭრილობა, სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდისა და ცხვირის ზურგზე. ექსკორაციები სახის არეში, თავის ტვინის შერყევა, სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. სხეულის დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მ-----------------–მა და ასევე განმარტა, რომ თ-----------–---–---–ის დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა სხეულის დაზიანებათა მიყენების იმ დროსა და პერიოდს, რაც საქმის მასალებშია მითითებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე დაიკითხა გამომძიებელი გ------------------–---–ი, რომელმაც უშუალოდ ჩაატარა მითითებული საგამოძიებო მოქმედება და შეადგინა სათანადო ოქმი. მან განმარტა, რომ სისხლისმაგვარი ლაქები ნანახი იქნა ფიცრებზე, რომლებიც ლითონის კონსტრუქციის სასწორის ქვეშ არსებულ ორმოს ეფარა, სისხლისმაგვარი ლაქები იყო ორმოშიც, სადაც ერთ კონკრეტულ ადგილას სისხლი იყო განსაკუთრებით ჭარბი ოდენობით. იგივე ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა ზ----------–--ემ, რომელიც ასევე მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის №1----- დასკვნის თანახმად, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დაზარალებულის სისხლის ჯგუფი და შემთხვევის ადგილზე ქვაზე, აზბესტის ნატეხზე და ხის ნაჭერზე აღმოჩენილი სისხლის ჯგუფი ერთმანეთს ემთხვევა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი გ-------–---------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე მის მიერ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. დამატებით ისიც აღნიშნა, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოებისას ლ--------–--------–თან ჩაუტარებია გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და რომ იგი იცნობს ბრალდებულსაც და გარკვეული ინფორმაცია, საქმიდან გამომდინარე, მისი ოჯახის შესახებაც აქვს, როგორც მისთვის არის ცნობილი, ბრალდებულის ერთი ძმა დასაქმებულია ისეთ სამსახურში, რაც სოფლის წყალმომარაგებასთან არის დაკავშირებული.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, საკმარისი იყო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და სრულ თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნებთან, რის გამოც პალატას მათ ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. ამ მხრივ დაცვის მხარის მითითება, თითქოს მოწმე გ-------------მა თავისივე ჩვენებით საფუძველი გამოაცალა ჩვენების სარწმუნოობას, უსაფუძვლოა, რადგან მოწმემ ახსნა მისი პასუხი ჩვენების მიცემისას. საგულისხმოა, რომ როგორც ვ----–---------–---–მა, ისე გ-------------მა და ე------------–-----მა იდენტურად აღწერეს შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები.

პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ლ--------–--------–ი საერთოდ არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე 2017 წლის 20 აპრილს და არც დაზარალებული უნახავს იმ დღეს. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ გარემოებაზე უთითებს მხოლოდ ლ--------–--------–ი და არ დასტურდება რაიმე სხვა მტკიცებულებით.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში ასევე მიუთითა, რომ თა---------–---–---–ის ჩვენება, როგორც მტკიცებულება, ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: თ-----------–---–---–ი 2017 წლის 20 აპრილის მდგომარეობით იყო 86 წლის, ხოლო დაკითხვის დროისთვის 87 წლის. არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ იმ ფაქტს, რომ თ-----–---–---–ს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, შესაბამისად, მისი დაკითხვა სასამართლო სხდომაზე მოხდა დაზარალებულის სახით. პალატა არ უარყოფს, რომ დაზარალებულმა ვერ გაიხსენა ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება, აქვს მეხსიერების, სმენის პრობლემები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მისი ჩვენება არ დადებია საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებულად იმსჯელა იმ წინააღმდეგობებზე, რაც გამოვლინდა დაზარალებულის დაკითხვისას და ასევე თანხვედრებზე, რაც სწორედ ლ--------–--------–ის პიროვნებაზე მიუთითებდა. დაზარალებულის ჩვენებით, ის იცნობდა ბრალდებულს, ერთ სოფელში ცხოვრობდნენ, ბრალდებულის ძმა სოფელში წყლის ფულზე დადიოდა, ასევე მიუთითა მის მიერ ადრე ჩადენილ დანაშაულზეც, რაც დამთავრდა მსხვერპლით და რისთვისაც იგი გასამართლებულია.

 

მოწმეებმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ლ--------–--------–ი იცნეს მას შემდეგ, რაც იგი ორმოდან ამოხტა, ხელები სისხლით ჰქონდა მოსვრილი და ემჩნეოდა, რომ ნასვამი იყო. ასევე განმარტეს, რომ ორმოში მყოფი პირი ერთ ხელს პირზე აფარებდა დაზარალებულს, ხოლო მეორე ხელით ცემდა მას. მოწმეებმა გამორიცხეს მითითებულ ადგილზე სხვა პირის ყოფნის ფაქტი, ასევე გამორიცხეს შეცდომა ლ--------–--------–ის პიროვნებაში.

 

სხდომაზე არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო მითითება იმის თაობაზე, თითქოს მტკიცებულებებმა ვერ გადალახეს „უტყუარობის“ სტანდარტი, პალატას მიაჩნია უსაფუძვლოდ.

 

სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ლ--------–--------–ი დაეთანხმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას. პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების აღნიშნულ ნაწილში პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, დადასტურდა მსჯავრდებულ ლ--------–--------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილში, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლზე, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, ხოლო აღნიშნული ჩვენებების სისწორე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით. მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნებოდა ყოველივე აღნიშნულის გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტთა არგუმენტებს.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ლ--------–--------–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

სასჯელთან მიმართებაში პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ლ--------–--------–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, კერძოდ, ხაშურის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ლ----–--------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილის ორი ეპიზოდით და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა 2016 წლის 28 იანვარს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ნასამართლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიღებული აქვს მხედველობაში და სასჯელი დანიშნული აქვს ასევე რეციდივის გათვალისწინებით.

 

სასჯელის დანიშვნის დროს, ასევე გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები. პალატას მიაჩნია, რომ, როგორც აღნიშნული, ასევე წინა განაჩენით დადგენილად მიჩნეული ქმედებების ძალადობრივი ხასიათი მიუთითებენ ლ--------–--------–ის პიროვნებაზე და გამორიცხავენ უფრო მსუბუქი სასჯელის, ან სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენების შესაძლებლობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ლ--------–--------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის იო-------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განაჩენი.

 

ლ--------–--------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით - 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და საბოლოოდ ლ--------–--------–ს განესაზღვროს 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ლ--------–--------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

 

სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 25 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

§ მინის ფრაგმენტები, ფიცარი, 2 ცალი ქვა, გადასახური მასალის (აზბესტის) ნატეხი, სისხლის ანაწმენდი, სისხლის ნიმუშები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

§ ლ--------–--------–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მისი კუთვნილი ტანსაცმელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე