განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210017001939634
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/5218-17 18 იანვარი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: ანა გოგიშვილი
ლევან გვარამია
სხდომის მდივანი - ოთარ ბუკია
აპელანტები (მოპასუხეები) - ტო---- ბუ-------ი, ზა---- ალ---ა, ავ---ა ბუ-------ა, მა-–---თ ბუ-------ა, ბა--- ბუ-------ი და ვუ---–ა მა-------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს მ---- „რი--- ე-------ი“
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბ---–---ის რა----ული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტების მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბ---–---ის რა----ული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს მ---- „რი--- ე-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების ტო---- ბუ-------ის, ზა---- ალ---ას, ავ---ა ბუ-------ას, მა-–---თ ბუ-------ას, ბა--- ბუ-------ისა და ვუ---–ა მა-------ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ქონება, მდებარე ბ---–---ის რა----ი, სოფელი ნ---------ი, საკადასტრო კოდი: 8----------3 და უძრავი ქონება გადაეცა მოსარჩელე მხარეს.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოპასუხეები ტო---- ბუ-------ი, ზა---- ალ---ა, ავ---ა ბუ-------ა, მა-–---თ ბუ-------ა, ბა--- ბუ-------ი და ვუ---–ა მა-------ი ცხოვრობენ ბ---–---ის რა----ი, სოფელ ნ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს მ---- ,,რი--- ე-------ის“ სახელზე და შესაბამისად, ფლობენ მას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო საცხოვრებელ სახლს ფლობენ მოპასუხეები, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14, შესაგებელი ს.ფ. 41-50).
2.2. მოცემული დავის განხილვის დროისათვის უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 8----------3, საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი მოპასუხე მხარის მიერ გასაჩივრებული არ არის და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით დავა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით არ მიმდინარეობს.
მოპასუხეთა მითითებით, ისინი არ ეთანხმებიან აუქციონის შედეგებს და მიაჩნიათ, რომ მათი ქონება გაიყიდა უკანონოდ, თუმცა მათივე მითითებით, დღეის მდგომარეობით სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14, შესაგებელი ს.ფ. 41-50; 25.07.2017 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.3. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბ---–---ის რა----ი, სოფელ ნ---------ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 8----------3, აღრიცხულია მოსარჩელე შპს მ---- ,,რი--- ე-------ის“ საკუთრების უფლება.
უძრავ ქონებაზე შპს მ---- ,,რი--- ე-------ის“ საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2017 წლის 12 ა-----–ის გაცემული №A1------0- 01----1 განკარგულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 16-17);
2.4. მოპასუხეები ბ---–---ის რა----ი, სოფელ ნ---------ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობენ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სადავო საცხოვრებელი სახლის მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება. შესაბამისად, შპს მ---- „რი--- ე-------ის“ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხეები კი არიან ნივთის მფლობელები, რომლებსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნიათ. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს მ---- ,,რი--- ე-------ის“ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს და მოპასუხეები ფლობენ შპს მ---- „რი--- ე-------ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ ნივთს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება არის ნივთზე ყოვლისმომცველი იურიდიული ბატონობა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლი მესაკუთრეს ანიჭებს თავისი საკუთრების როგორც განკარგვის ისე სარგებლობის ყოვლისმომცველ უფლებას.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია რომ მოპასუხეები სადავო ნივთს ფლობენ კანონისმიერი და სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხეთა მფლობელობის განხორციელებისადმი თმენის ვალდებულების არსებობას. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის განმარტებით, ის უარს არ ამბობს სესხის აგდახდაზე, მაგრამ ესაჭიროება გარკვეული დრო; მის ოჯახს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და მრავალშვილიანი ოჯახი მათ შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვი რჩება უსახლკაროდ;
3.2. აპელანტის მითითებით, გადასახდელად დარჩენილი აქვს 3080 აშშ დოლარი, რომლის გადახდასაც შეძლებს ახალი გრაფიკით 8 წელზე განაწილების შემთხევაში;
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება მდებარე - ბ---–---ის რა----ი, სოფელი ნ---------ი, საკადასტრო კოდი: 8----------3, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს მ---- „რი--- ე-------ის“ სახელზე.
ამონაწერის თანახმად, საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, 2017 წლის 12 ა-----–ის გაცემული №A1------0- 01----1 განკარგულება (იხ. საჯარო რეესტრის ამონაწერი ტ.1, ს.ფ. 16-17);
4.2. დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხეები ტო---- ბუ-------ი, ზა---- ალ---ა, ავ---ა ბუ-------ა, მა-–---თ ბუ-------ა, ბა--- ბუ-------ი და ვუ---–ა მა-------ი ფლობენ შპს მ---- „რი--- ე-------ის“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - ბ---–---ის რა----ი, სოფელი ნ---------ი (საკადასტრო კოდი: 8----------3)
4.3. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს სადავო უძრავ ქონებას. აპელანტებს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, აპელანტები მიუთითებენ, რომ სადავო ქონება მართალია შეისყიდა მოსარჩელემ, მაგრამ მოპასუხე რომელიც იყო სესხის გადამხდელი და ყოველთვიურად იხდიდა სესხის თანხას, რამდენიმე დღით ვადის გადაცილების გამო დაეკისრა ჯარიმა და შესაბამისად, ვეღარ შეძლო სესხის თანხის გადახდა. პალატის შეფასებით, განსახილველი დავის ფარგლებში მითითებული არგუმენტი ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამასთან, აპელანტების მითითება, იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მხრიდან აუქციონის წესით სახლის შესყიდვა არასწორი ქმედებაა, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულზე მითითება არ ადასტურებს მოპასუხეების მხრიდან სადავო ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტს.
აპელანტებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ქონებას ფლობენ კანონიერად და არ არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც ზემოთ მოყვანილი ნორმების თანახმად, ეკისრებოდათ მოპასუხეებს (აპელანტებს).
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე, კერძოდ:
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ეს ის შემთხვევაა, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, რათა აღდგენილ იქნეს ნივთზე მისი მფლობელობის შელახული უფლება.
შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე;
2. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი;
3. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება სამივე გარემოების არსებობა, სარჩელი საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტები (მოპასუხეები) მიუთითებენ, რომ სადავო უძრავი ქონების შპს მ---- „რი--- ე-------ის“ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არასწორად განხორციელდა, განსახილველ შემთხვევაში, ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატის შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა შპს მ---- „რი--- ე-------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - ტო---- ბუ-------ის, ზა---- ალ---ას, ავ---ა ბუ-------ას, მა-–---თ ბუ-------ას, ბა--- ბუ-------ის და ვუ---–ა მა-------ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საბოლოოდ, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტებმა შეთავაზეს სასამართლოს არ იძლევა ბ---–---ის რა----ული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტო---- ბუ-------ის, ზა---- ალ---ას, ავ---ა ბუ-------ას, მა-–---თ ბუ-------ას, ბა--- ბუ-------ის და ვუ---–ა მა-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე ბ---–---ის რა----ული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე 5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ქეთევან დუგლაძე
მოსამართლეები: ანა გოგიშვილი
ლევან გვარამია