განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001297099
საქმე №2ბ/818-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 იანვარი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშილი-ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი – ნინო სოლომნიშვილი
აპელანტი -ნ-----------------, გ-----------------, ზ----------------, გ-------------, გ----------------–-
წარმომადგენელი - ნ-----------------–-
მოწინააღმდეგე მხარე - ნ-------------
წარმომადგენელი- მ----------------
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით, ნ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების, ნ------------------ (პ/ნ 0----------), გ------------------ (პ/ნ0----------), ზ----------------- (პ/ნ0----------), გ--------------- (პ/ნ0----------) და გ----------------–-ს (პ/ნ 0----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის, ნ-------------ს (პ/ნ 6----------) კუთვნილი უძრავი ნივთი, ქ. თბილისში, შ-----------------–- მდებარე ბინა №- (ს/კ №0----------------------) და ამ ბინასთან მისასვლელი საერთო სარგებლობის ფართი (მე-6 სართულის სადარბაზო) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მის მესაკუთრეს, ნ-------------ს.
3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ დაადგინა შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ნ-------------ს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, შ---------------------–- ბინა №- (ს/კ№0----------------------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1-------16 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხილეთ ს/ფ 16)
3.1.2. ნ-------------ს კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები - ნ-----------------, გ-----------------, ზ----------------, გ-------------, გ----------------–-. რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლომ დაადგინა შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, შ-----------------–- მდებარე ბინა №--თან მისასვლელი სადარბაზოს ფართი გაერთიანებულია ზემოაღნიშნული ბინასთან და სადარბაზოს ფართი ბინასთან ერთად არის მხოლოდ მოპასუხეთა სარგებლობაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება
5. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
5.1 სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
5.2 სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.
5.3 სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
5.4 სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ასევე, კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო.
5.5 სასამართლომ მიუთითა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემობათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
5.6 სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ-------------ს კუთვნილ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები.
5.7 სასამართლომ აღნიშნა, რომ ნივთზე ნ-------------ს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხეები არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.
5.8 სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია და აღნიშნა, რომ რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხეთა გამოსახლებას და ნივთის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოსარჩელეს აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეთა ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ-------------ს სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის ჩაბარების თაობაზე.
6. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
6.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტები ითხოვენ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქმევა მოსარჩელე ნ-------------ს სარჩელის დაკმაყოფილებას.
აპელანტების მითითებით, აღნიშნული ბინა ნ-------------ს ჩაგდებული აქვს ხელში უკანონო გზით. ასევე აპელანტებმა მიუთითეს, რომ მოსამართლის მხრიდან დარღვეულ იქნა შეჯიბრებითობის პრინციპი, ვინაიდან მოპასუხე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, რომ წარმომადგენლის მეშვეობით დაეცვა თავისი უფლებები. არ მიეცა შესაძლებლობა მტკიცებულებების წარდგენის, ვინაიდან ერთ-ერთი მოპასუხის პროცესზე არ ყოფნისას მოსამართლემ მოსამზადებელი ეტაპი გადაზარდა მთავარ სხდომაში, ამასთან აპელანტების განმარტებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე სსკ 192-ე მუხლით და ასევე, ემატება სსკ-ის 180-ე მუხლი აღნიშნულ ბინასთან დაკავშირებით და შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება ხელს შეუწყობს უკანონობის განხორციელებას დამნაშავეების მიერ.
სასამართლოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული აღნიშნული ფაქტები, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვანია, რაც საეჭვოს ხდის გადაწყვეტილების კანონიერებას და სამართლიანობას.
7. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
8. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
8.1. ნ-------------ს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, შ---------------------–- ბინა №- (ს/კ№0----------------------) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: 1-------16 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხილეთ ს/ფ 16)
8.2. ნ-------------ს კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები - ნ-----------------, გ-----------------, ზ----------------, გ-------------, გ----------------–-. რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
8.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, შ-----------------–- მდებარე ბინა №--თან მისასვლელი სადარბაზოს ფართი გაერთიანებულია ზემოაღნიშნული ბინასთან და სადარბაზოს ფართი ბინასთან ერთად არის მხოლოდ მოპასუხეთა სარგებლობაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში, რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს ნ------------- წარმოადგენს. აღნიშნული გარემოების გამაბათილებელი რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხეებს (აპელანტებს) სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.
მოპასუხებმა ვერ მიუთითეს რაიმე მტკიცებულებაზე, რაც სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ არსებობს სადავო უძრავი ქონების მოსარჩელეთა კუთვნილებისა და მოპასუხეთა მხრიდან აღნიშნული ქონების მართლზომიერად ფლობის უფლების არქონის ფაქტი.
აპელანტებმა სასამართლოს ვერ მიუთითეს რაიმე მტკიცებულებაზე, რაც მათ მიერ სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა.
ის ფაქტი, რომ შესაძლოა მიმდინარეობდეს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, ვერ გამოდგება მოპასუხეთა სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელად ცნობის დამადასტურებელ გარემოებად.
შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ აპელანტები, მოსარჩელის ნ-------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობენ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
დასახელებული ნორმების შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული აპელანტების მიერ ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით (იხ. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები), რადგან ისინი არ წარმოადგენენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს - მართლზომიერ მფლობელებს.
პალატა აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), შეიძლება დაუპირისპირდეს მფლობელის არგუმენტი ფლობის მართლზომიერების ან სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს ნ------------------, გ---------------------------------------, გ-------------სა და გ----------------–- სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების თაობაზე რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ სააპელაციო საჩივარში არსებული განმარტება ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. პალატა განმარტავს, რომ სიკეთის დაცვა უნდა განხორციელდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.
ამდენად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ნ-------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხეების: ნ------------------ (პ/ნ 0----------), გ------------------ (პ/ნ0----------), ზ----------------- (პ/ნ0----------), გ--------------- (პ/ნ0----------) და გ----------------–-ს (პ/ნ 0----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა ყოფილიყო მოსარჩელის, ნ-------------ს (პ/ნ 0----------) კუთვნილი უძრავი ნივთი, ქ. თბილისში, შ-----------------–- მდებარე ბინა №- (ს/კ №0----------------------) და ამ ბინასთან მისასვლელი საერთო სარგებლობის ფართი (მე-6 სართულის სადარბაზო) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა მის მესაკუთრეს ნ-------------ს.
9. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
9.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
10. საპროცესო ხარჯები
10.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ------------------, გ------------------, ზ-----------------, გ--------------, გ----------------–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე გოგიტა თოთოსაშვილი
მოსამართლეები: თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი
ხათუნა არევაძე