განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310015001117649
საქმე 3ბ/623-17წ.
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 იანვარი, 2018 წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია ქუთათელაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი _ ნათია ზანდუკელი
აპელანტი-თ-----------–--ე
წარმომადგენელი- მ-------------–--ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი;
წარმომადგენელი - მ-----–----------ე
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
1.აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ-1; ს.ფ. 231- 241).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის 2----–-–------------------------------- ცნობის თანახმად, თ----- ა----–--ე 1--- წელს ჩარიცხულ იქნა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის სახელმწიფო მრავალპროფილიანი ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილების პედაგოგიურ, ქართული და აზერბაიჯანული ენებისა და ლიტერატურის სპეციალობაზე (რექტორის ბრძანება №------------------). თ-----------–--ემ აღნიშნულ სპეციალობაზე ისწავლა სამი წლის განმავლობაში და მესამე წლის ბოლოს ამოიღეს სტუდენტთა სიიდან ფინანსური დავალიანების გამო. 20---–-–------------------------- ბრძანებით თ----- ა----–--ე აღდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ჟურნალისტიკის სპეციალობის I კურსზე, ამავე წლის 3------------------------- ბრძანებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, ფინანსური დავალიანების გამო.
2.1.2. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის რეგიონული მრავალპროფილიანი ინსტიტუტის რექტორის 20---–-–-------------------- ბრძანების თანახმად, დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი ა----–--ე თ-----ი - ქართული ენა ლიტერატურის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ამოიღეს სტუდენტთა სიიდან, სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო.
2.1.3 მოსარჩელე თ-----------–--ემ უნივერსიტეტში აღდგენის თაობაზე განცხადებებით მიმართა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორს.
2.1.4. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა გადაყვანისა და აღდგენის წესით ჩარიცხვების დროებითი კომისიის 2----------–-–--------------- ოქმის თანახმად, თ-----------–--ე აღდგენის წესით ჩაირიცხაჟურნალისტიკის სპეციალობის კურსზე.
2.1.5. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმის N------------- წლის ამონაწერის თანახმად, კონომიკურ - ჰუმანიტარული ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი _ თ----- ა----–--ე აღადგინეს სტუდენტის უფლებებში და ჩაირიცხა ჟურნალისტიკის სპეციალობის პირველ კურსზე.
2.1.6 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ,,სტუდენთა აღდგენის შესახებ" 2----------–-–----------------------------- თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონული მრავალპროფილიანი ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის ქართული ენა ლიტერატურის სპეციალობის ყოფილი სტუდენტი თ-----------–--ე (გარიცხვის ბრძანება N-----------------–------------------------------–----------–----------------------–---------------------------–- აღადგინეს სტუდენტის უფლებებში, ჟურნალისტიკის სპეციალობის I კურსზე.
2.1.7. 2--------- წელს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტსა და თ-----------–--ეს შორის. საფუძველი: აღდგენა ბრძ. N-------------------–-
2.1.8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ,,სტუდენთა სტატუსის შეჩერების შესახებ" 3-----------–-–-------------- ბრძანების თანახმად, ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსიდან თ-----------–--ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო
2.1.9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის 0----------–-–------------- წერილით, მოსარჩელეს მისივე განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ იგი აღდგენილია სტუდენტის უფლებებში ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ფაკულტეტის ,,ჟურნალისტიკის" სპეციალობის I კურსზე. მოთხოვნის შესაბამისად, მისი ჩარიცხვა ქ--------–------ა და ლიტერატურის სპეციალობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგან მსგავსი სპეციალობა უნივერსიტეტში არ არსებობს. განემარტა, რომ შეეძლო მობილობის პერიოდში გადაეტანა საბუთები მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც არის სასურველი სპეციალობა, რასაც აკეთებს სტუდენტი და არა უნივერსიტეტი.
2.1.10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის რ---------------------------–------------------–-------------------------–-–----------------------- ცნობის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ქვ-----------–------------------–----ართული ენის მასწავლებელს _ თ-----ა ა----–--ეს, 1996 წლიდან ცნობის გაცემის დღემდე ხელფასი ეწერება ზოგადი სამუშაო განათლების ტარიფით, სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია, როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
2.2.2. სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის, დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით .
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13),10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც , რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული . ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამ ნორმის მე-2 ნაწილით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ დაზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცადა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა; ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.2009წ. ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, სახელდობრ: „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს -648-623(2კ-13),10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ერთ წლიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს -648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე თ-----------–--ე 1--- წელს ჩაირიცხა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის სახელმწიფო მრავალპროფილიანი ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილების პედაგოგიურ, ქართული და აზერბაიჯანული ენებისა და ლიტერატურის სპეციალობაზე (რექტორის ბრძანება №-----------------), სადაც ისწავლა სამი წელი და ამავე ინსტიტუტის რექტორის 20---–-–-------------------- ბრძანებით ამოღებულ იქნა სტუდენტთა სიიდან სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო. სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის 2----–-–------------------------ ბრძანებით თ-----------–--ე, მისივე განცხადებების საფუძველზე აღდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ჟურნალისტიკის სპეციალობის I კურსზე და ამავე წლის 3----------------------- ბრძანებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), რომელშიც აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური.
სასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისათვის მორალური და მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი, ამდენად, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 25 000 (ოცდახუთი ათსი) ლარის ოდენობის მატერიალური და 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის მორალური ზიანის სახითი ანაზღაურების თაობაზე, შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არ არსებობის გამო.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა (სტუდენტის სტატუსის შეჩერება დავალიანების გამო) და დამდგარ შედეგს (უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი არასრული უმაღლესი განათლების არ არსებობის გამო სკოლაში პედაგოგად არ აღდგენა) შორის. ვინაიდან მოსარჩელეს სტუდენტის სტსტუსი ორივე შემთხვევაში (2001 წელი და 2010 წელი) შეუჩერდა ფინანსური დავალიანების გადაუხდელობის გამო, რომლის გადახდის ვალდებულება მას გააჩნდა მოქმედი კანონმდებლობისა და მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან 2--------- წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ამავე კოდექსის 17.1. მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და მოსარჩელემ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3. მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცება, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1.1. საქართველოში სასამართლოს ხელმისაწვდომობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არამარტო კონსტიტუციურად განმარტებული უფლებაა, არამედ აღიარებულია საერთაშორისო ნორმებითაც. აღნიშნული უფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში სასამართლოს სატანადო ყურადღება უნდა გამოჩინა, რათა საფუძვლიანად და კანონიერად გამოეკვლია საქმის გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო სამართლიანი გადაწყვეტილება.
აპელანტის განმარტებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, ასევე არ გამოიყენა კანონის ის ნორმები რომლებიც უნდა გამოეყენებინა.
მოსამართლის მიერ არასწორადაა აღქმული და გაგებული არსებული ფაქტობრივი გარემოებები. მას საერთოდ არ უმსჯელია და არ გაუმახვილებია ყურადღება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე სასამართლომ მიუთითა, რომ თ-----------–--ე მესამე სასწავლო წლის ბოლოს გარიცხულ იქნა ფინანსური დავალიანების არსებობის გამო, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და თავად მოპასუხე მხარემ წარმოადგინა შესაგებელთან ერთად იმ ქვითრის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ სამი სასწავლო წლის გადასახდელი 210 ლარი აპელანტის მიერ გადახდილია ერთიანად სასწავლო წლის დასაწყისშივე. (როგორც მოგეხსენებათ აქ მოქმედებდა თანადაფინანსება, წლის გადასახადის ნახევარს ფარავდა თავად აგრარული უნივერსიტეტი, ხოლო ნახევარს ან გამგეობა ან თავად სტუდენტი). რადგან ერთი სასწავლო წლის გადასახდელი შეადგენდა 140 ლარს, მისი ნახევარი 70 ლარი იყო აპელანტის გადასახდელი, შესაბამისად 3X70=210 ლარი.
აპელანტის სურვილი იყო იმავე ფაკულტეტზე აღდგენა, რაზეც სწავლობდა, მაგრამ რადგან იმ დროისათვის გაუქმებული იყო აღნიშნული ფაკულტეტი, აღადგინეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ამიტომ მას გააჩნდა სურვილი მობილობის წესით ჩარიცხულიყო იმ უნივერსიტეტში, რომელსაც ექნებოდა ქ--------–------ა და ლიტერატურის ფაკულტეტი. სამწუხაროდ, აპელანტის განცხადებით, აგრარული უნივერსიტეტი თავისი ქმედების თუ უმოქმედობის, ასევე გულგრილი დამოკიდებულების გამო არ დაეხმარა აღნიშნულ საქმეში, რამაც ფაქტიურად დააზარალა, დააკარგვინა სამსახური, სახელი, პრესტიჟი, რის გამოც მან მიიღო არა მარტო მატერიალური არამედ უდიდესი მორალური ტრამვა, რამაც დიდი დაღი დაამჩნია მის ცხოვრებას, ჯანმრთელობას და სახელს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.4.4. პუნქტში სასამართლომ მიუთითა თითქოს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რაც ფაქტიურად ბუნებაში არ არსებობს, აპელანტს არანაირ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, იქ დაფიქსირებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა და მისი სიტყვების დასამტკიცებლად ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენდა ხელმოწერის სიყალბეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ-----------–--ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა:
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა მოპასუხე საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტმა თ-----------–--ეს გადაუხადოს მატერიალურ მორალური ზიანის სახით 20 000 ევროს ექვივალენტი ლარში.
- დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე თ----- ა----–--ემ მოითხოვა მოპასუხე ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს მის სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი მატერიალური ზიანის და 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება (ტ-1; ს.ფ. 1-9; ს.ფ. 133-143).
4.1.2. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის 2----–-–------------------------------- ცნობის თანახმად, თ----- ა----–--ე 1--- წელს ჩარიცხულ იქნა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის სახელმწიფო მრავალპროფილიანი ინსტიტუტის დაუსწრებელ განყოფილების პედაგოგიურ, ქართული და აზერბაიჯანული ენებისა და ლიტერატურის სპეციალობაზე (რექტორის ბრძანება №------------------).
თ-----------–--ემ აღნიშნულ სპეციალობაზე ისწავლა სამი წლის განმავლობაში და მესამე წლის ბოლოს ამოღებულ იქნა სტუდენტთა სიიდან ფინანსური დავალიანების გამო. 20---–-–------------------------- ბრძანებით თ----- ა----–--ე აღდგენილ იქნა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ - ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ჟურნალისტიკის სპეციალობის I კურსზე. ამავე წლის 3------------------------- ბრძანებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო (ტ-1; ს.ფ. 4).
4.1.3. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ქვემო ქართლის რეგიონული მრავალპროფილიანი ინსტიტუტის რექტორის 20---–-–-------------------- ბრძანებით, დაუსწრებელი განყოფილების სტუდენტი ა----–--ე თ-----ი - ქართული ენა ლიტერატურის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი ამოღებულ იქნა სტუდენტთა სიიდან სწავლის თანხის გადაუხდელობის გამო (ტ-1; ს.ფ. 34).
4.1.4 . მოსარჩელე თ-----------–--ემ უნივერსიტეტში აღდგენის თაობაზე განცხადებებით მიმართა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორს.
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა გადაყვანისა და აღდგენის წესით ჩარიცხვების დროებითი კომისიის 2----------–-–--------------- ოქმის თანახმად, თ-----------–--ე აღდგენის წესით ჩაირიცხა ჟურნალისტიკის სპეციალობის I კურსზე.
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმის N------------- წლის ამონაწერის თანახმად, კონომიკურ - ჰუმანიტარული ფაკულტეტის ყოფილი სტუდენტი თ----- ა----–--ე აღდგენილ იქნა სტუდენტის უფლებებში და ჩაირიცხა ჟურნალისტიკის სპეციალობის პირველ კურსზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ,,სტუდენთა აღდგენის შესახებ" 2----------–-–------------------------------ თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონული მრავალპროფილიანი ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის ქართული ენა ლიტერატურის სპეციალობის ყოფილი სტუდენტი თ-----------–--ე (გარიცხვის ბრძანება N-----------------–------------------------------–----------–----------------------–---------------------------–- აღდგენილ იქნა სტუდენტის უფლებებში ჟურნალისტიკის სპეციალობის I კურსზე (ტ-1; ს.ფ. 35; 38; ს.ფ. 39).
4.1.5. 2010 წლის 29 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტსა და თ-----------–--ეს შორის (ტ-1; ს.ფ. 40-41).
4.1.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის ,,სტუდენთა სტატუსის შეჩერების შესახებ" 3-----------–-–-------------- ბრძანების თანახმად, ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის ჟურნალისტიკის სპეციალობის მეორე კურსიდან თ-----------–--ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო (ტ-1; ს.ფ. 50)
4.1.7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის 0----------–-–------------- წერილით, მოსარჩელეს მისივე განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ იგი აღდგენილია სტუდენტის უფლებებში ეკონომიკურ -ჰუმანიტარული ფაკულტეტის ,,ჟურნალისტიკის" სპეციალობის I კურსზე. მოთხოვნის შესაბამისად, მისი ჩარიცხვა ქ--------–------ა და ლიტერატურის სპეციალობაზე არ დაკმაყოფილდა, რადგან მსგავსი სპეციალობა უნივერსიტეტში არ არსებობს. განემარტა, რომ შეეძლო მობილობის პერიოდში გადაეტანა საბუთები მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც არის სასურველი სპეციალობა, რასაც აკეთებს სტუდენტი და არა უნივერსიტეტი (ტ-1; ს.ფ. 72).
4.1.8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მარნეულის მუნიციპალიტეტის რ---------------------------–------------------–-------------------------–-–----------------------- ცნობის თანახმად, მარნეულის მუნიციპალიტეტის ქვ-------------–------------------–-------------–------- მასწავლებელს თ-----ა ა----–--ეს 1996 წლიდან ცნობის გაცემის დღემდე ხელფასი ეწერება ზოგადი სამუშაო განათლების ტარიფით სამუშაო გამოცდილების შესაბამისად (ტ-1; ს.ფ. 74).
სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტის მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე და წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
პალატა განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ააიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტს დაეკისროსმის მიერ განხორციელებული ქმედებებით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
პალატა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისკენ, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თ-----------–--ის შემთხვევაში არ არსებობს ზიანის ანაზღაურების კანონით დადგენილი წინაპირობებიდან არცერთი წინაპირობა; სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა (სტუდენტის სტატუსის შეჩერება დავალიანების გამო) და დამდგარ შედეგს (უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი არასრული უმაღლესი განათლების არ არსებობის გამო სკოლაში პედაგოგად არ აღდგენა) შორის. ვინაიდან მოსარჩელეს სტუდენტის სტსტუსი ორივე შემთხვევაში (2001 წელი და 2010 წელი) შეუჩერდა ფინანსური დავალიანების გადაუხდელობის გამო, რომლის გადახდის ვალდებულება მას გააჩნდა მოქმედი კანონმდებლობისა და მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტთან 2--------- წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
სასამართლო ხარჯები:
5.2..2. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟი გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 (ოცდაერთი) დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;
თავმჯდომარე ნათია ქუთათელაძე
მოსამართლეები თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე