განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010141318700052981 - 1აგ/146-18აგ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2018წ. ქ.თბილისი
თთბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ რ-----------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით:
რ-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვრა:
_ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 1000(ათასი) ლარის ოდენობით;
_ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 6200(ექვსიათასორასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6200 (ექვსიათს ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით შეუმსუბუქდა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000(ექვსიათასი) ლარის ოდენობით;
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, რ-----------ისათვის დაკისრებული ჯარიმა გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 7 დეკემბერს.
2018 წლის 7 თებერვალს მსჯავრდებულმა რ-----------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ რ-----------ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მსჯავრდებული რატი ოანინის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა (რაც შთანთქა უფრო მძიმე სასჯელმა და საბოლოოდ დღეის მდგომარეობით უკვე მოხდილი აქვს) და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.
ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ რატი ოანინის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენში და უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ რ-----------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
რ-----------ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.
დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: /გ. ჯეირანაშვილი/
მოსამართლეები: /ნ. სანდოძე/
/ვ. ლომიძე/