განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2018
საქმის ნომერი
120100117002214350
ინსტანცია
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100117002214350

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

საქმე №1ბ/121-18 20 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: კ--------------ე (პირადი ნომერი: №1----------), დაბადებული 1989 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები: ქ--------------------------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილი;

სასჯელი: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------------–---–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულისათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის დამძიმება.

 

მსჯავრდებულ კ--------------ეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 6 ოქტომბერს, ბაკურიანის სატყეო უბნის მაჭაწყლის სატყეოს 29-ე კვარტალის მე-11 ლიტერში კ--------------ემ უკანონოდ გაჩეხა ფოთლოვანი ჯიშის ხე, საერთო მოცულობით 5.88მ3 , რითიც გარემოს მიაყენა 1382.80 ლარის მნიშველოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

კ--------------ის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მ-------------ის, გ---------------–---–-ს, თ--------------–---–-ს, გ--------------------–---–-ს და ზ---------–----ს გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ეროვნულ სატყეო სააგენტოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების, ამოღების ოქმებითა და საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ--------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება. იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ--------------ემ ჩაიდინა ხე-ბუჩქის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამიწვია მნიშველოვანი ზიანი, დანაშული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

კ--------------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატის აზრით კ--------------ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს, გათვალისწინებული იქნა, რომ კ--------------ე ქმედების ჩადენამდე არ იყო ნასამართლევი, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. სასამართლომ მხედველობაში მიიღო გაჩეხილი ხე-ბუჩქნარის რაოდენობა, გარემოსადმი მიყენებული ზიანის მოცულობა და ის, რომ მსჯავრდებულმა ზიანი ნებაყოფლობით აანაზღაურა.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 1(ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით, პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ კ--------------ისადმი დანიშნული სასჯელი ზედმეტად ჰუმანური და ლმობიერია, რომ თითქოს ამგვარი სასჯელი მსჯავრდებულს ჩამოუყალიბებს დაუსჯელობის სინდრომს და წაახალისებს მის მიერ მომავალში მსგავსი ქმედების ჩადენას. აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ, რომ კ--------------ის მიზანს წარმოადგენდა შემოსავლის მიღება, პალატა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ განაჩენით დაგდენილი ქმედების ჩადენამდე მსჯავრდებული ნასამართლევი არ ყოფილა, რაც მიუთითებს მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრის საკმარის ეფექტურობაზე.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინებით კ--------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

 

ა/ მანქანა ,,ზილი-131“ სახ. ნომერი N---------- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს ფოთლოვანი ჯიშის მორის - საერთო მოცულობით 5,88მ3, საპროცესო კონფისკაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ კ--------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი კ--------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------------–---–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი კ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

კ--------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი.

 

კ--------------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი, გაუქმედეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ა/ მანქანა ,,ზილი-131“ სახ. ნომერი N--------- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოხდეს ფოთლოვანი ჯიშის მორის - საერთო მოცულობით 5,88მ3, საპროცესო კონფისკაცია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე