განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2018
საქმის ნომერი
010141318700052959
ინსტანცია
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700052959

საქმე №1აგ/143-18აგ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2018 წ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ დ------------–---ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენით:

დ------------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით:

დ------------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ოდენობით.

 

თბილისის პრობაციის ბიუროს შეტყობინების შესაბამისად, დ------------–---ის მიმართ საქმის წარმოება დამთავრდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დასრულებით 2017 წლის 22 აგვისტოს.

 

2018 წლის 07 თებერვალს მსჯავრდებულმა დ------------–---მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენების გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ დ------------–---ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკოსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ------------–---ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“–ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები.

 

2017 წლის 30 ნოემბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დ------------–---ი უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. შესაბამისად, უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით, დ------------–---ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აღნიშნული ქმედებით მსჯავრდების საფუძველი გახდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად სამი წლის ვადით ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ვინაიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“–ს უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, ანუ ქმედება აღარ არის დასჯადი, შესაბამისად, დ------------–---ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან გათავისუფლდება იმ ქმედებისათვის, რაც შემდგომში სხვა დანაშაულის, კერძოდ კი საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის შემადგენლობის საფუძველი გახდა. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, თუკი დასჯადი აღარ არის ის ქმედება, რამაც სხვა დანაშაულის შემადგენლობა გამოიწვია, პირს პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვისაც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ------------–---ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, ცვლილება უნდა შევიდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენებში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ------------–---ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენებში შევიდეს ცვლილება.

 

დ------------–---ი გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

დ------------–---ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

დ------------–---ს აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩამორთმეული უფლებები.

 

დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 დეკემბრის და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენები დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნ. სანდოძე

 

მოსამართლეები: ვ.ლომიძე

 

გ. ჯეირანაშვილი