განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3ბ/2678-17
საქმე № 330310117001669887
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი
აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
წარმომადგენელი: მ---------------
მოწინააღმდეგე მხარე- ლ-------–-–---–ი
წარმომადგენელი: ა-–--------------–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ლ-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3--- ბრძანება ლ-------–-–---–ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე;
დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ-------–-–---–ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
2.1. ლ--- გ--–-–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, დროებითი განსახლების ადგილი არის კრწანისი, ვ-----------–----------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თერჯოლა, კ---–----–-----------.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ლ-------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებულია ქარელის რაიონის სოფ. ა---–-------–-, მინიჭებული ჰქონდა სარეიტინგო ქულა - 25660, 15.10.2013 წ. მდგომარეობით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ამჟამად ლ-------–-–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, მ------------------, მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 7830.
2.2. ლ--- გ--–-–---–ის მიერ შევსებული განაცხადის თანახმად, განაცხადი გაკეთებულია გრძელვადიანი განსახლების მიზნით. განაცხადის თავდაპირველი შეფასების შედეგად ლ-------–-–---–ს მიენიჭა პრიორიტეტული ქულა 7,5. მონიტორინგის მასალების მიხედვით, გადამოწმდა ლ-------–-–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დ--- წ---------------------–-----–---------, სადაც ლ-------–-–---–ი იმყოფებოდა თავად 19.09.2016 წ., ასევე, 10.09.2016 წ. გამოკითხულ იქნა ქარელის რაიონი, დ-------------------------ში არსებული სახლის მეზობელი, ხოლო 13.08.2016 წ. გამოკითხულ იქნა დ--- წ-------------------------–-----–-----------ის მესაკუთრე, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ-------–-–---–ი მის კუთვნილ სახლში ცხოვრობს ქირით.
2.3. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 11.08.2012 წ.) თანახმად, ლ--- გ--–-–---–ს საკუთრებაში აქვს 3105 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, (ს/კ 6-----------) მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. ა---–-------–-.
2.4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 11.08.2012 წ.) თანახმად, ლ--- გ--–-–---–ს საკუთრებაში აქვს 1287,31 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (ს/კ 6-----------) მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. ა---–-------–-. საკადასტრო გეგმა.
2.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 იანვრის N2---- გადაწყვეტილებით უძრავ ქონებებზე (ს/კ 6-----------, 6-----------, 6-----------, 6-----------) ლ-------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი.
2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერების (მომზადების თარიღი 01.05.2012წ. და 07.05.2012 წ.) თანახმად, ლ-------–-–---–ის სახელზე აღრიცხული იყო უძრავი ქონება, მდებარე დ--------------------------ში, რაც 07.05.2012 წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხა ნ---------------–---–ის საკუთრებად.
2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების თანახმად, ლ-------–-–---–ის ოჯახის შეფასების საბოლოო ქულად განისაზღვრა 6,5, ხოლო ერთოთახიანი ბინის გადაცემის საკითხი განხილულ იქნა ოჯახებისათვის, რომელთაც მიენიჭათ 6,5 ქულა და მეტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N3--- ბრძანებით ლ-------–-–---–ის ოჯახს უარი ეთქვა კერძო საკუთრების გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
2.8. ლ-------–-–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 2016 წლის მანძილზე ერიცხებოდა ბინის ქირის საფასური.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3--- ბრძანება, რომლითაც ლ--–- გ--–-–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, არის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
2.10. გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ''ნ'' ქვეპუნქტის თანახმად, სათანადო საცხოვრებელი არის დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N1162 განკარგულების ზოგადი პრინციპები ასახულ იქნა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში. ხსენებული გეგმის 1.7. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულ სხვა ადამიანის უფლებათა დაცვას. ამავე გეგმის 1.9. პუნქტის მიხედვით, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N3--- ბრძანებით ლ-------–-–---–ის ოჯახს უარი ეთქვა კერძო საკუთრების გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე. საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერებისა და მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების თანახმად, ამჟამად ლ-------–-–---–ს საკუთრებაში რაიმე უძრავი ქონება არ გააჩნია. დ----------––-----------------ში არსებული საცხოვრებელი სახლის ლ-------–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო თანხის უზრუნველყოფასთან (ს.ფ. 121). ლ--- გ--–-–---–ს მუდმივად ქარელის რაიონის სოფელ ა---–-------––-– არ უცხოვრია, რაზეც მოწმობს 2013 წლის მონიტორინგის მასალა (ს.ფ. 126-127). აღნიშნული მონიტორინგისას გაიცა რეკომენდაცია მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. გარდა ამისა, ლ-------–-–---–ისათვის ბინის ქირის საფასურის გადახდა განპირობებული იყო მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოტივით და მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობა დადასტურებულია ქირის გადახდის საკითხის განხილვისას განხორციელებული მონიტორინგის მასალებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანის განსახლებისას.
2.11. სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებული მონაწილეობით, კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე, - ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტთან მიმართებით წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, თითოეულ ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რომლის დროსაც დაცული უნდა იყოს 96-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, გარდა სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებისა, უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია იხელმძღვანელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისი ნორმებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა ხსენებული სამართლებრივი ნორმების უგულვებელყოფით. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება რიგი ვალდებულებები, რათა უკანონოდ არ შეიზღუდოს დაინტერესებული პირის კანონით მინიჭებული უფლებები. თითოეულ დაინტერესებულ მხარეს გააჩნია კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ, რაც თავის მხრივ, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად.
2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მოცემული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არის გამოცემული სრულყოფილი გამოკვლევის საფუძველზე და შესაბამისად არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.
3.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტების მოსაზრებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, რომელიც ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მათი განხილვის წესს. აღნიშნული წესის შესაბამისად რეგულირდება ასევე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თობაზე განაცხადის წინასწარი შეფასების განყოფილების მიერ შეფასდა ლ-------–-–---–ის ოჯახის მიერ გაკეთებული განაცხადი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. შეფასების შედეგად მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა 7,5 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ქირა (სოციალური კრიტერიუმი) - 1.5 ქულა; შემოსავლის მაჩვენებელი (სოციალური კრიტერიუმი) - 1 ქულა; სიღარიბის მაჩვენებელი - 3 ქულა; მძიმედ დაავადებული - 1 ქულა; მარტოხელა პენსიონერი - 1 ქულა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლ-------–-–---–ის ოჯახის განაცხადი წარდგენილ იქნა დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიაზე განსახილველად. კომისიის დავალების საფუძველზე, ზემოხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის განყოფილების მიერ განხორციელდა ლ-------–-–---–ის ოჯახის მიერ განაცხადში მითითებული ინფორმაციის გადამოწმება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის ერთსულიანი ოჯახის ერთი თვის შემოსავალი შეადგენს 240 ლარს (განაცხადში მითითებული შემოსავალი შეადგენდა 153 ლარს), შესაბამისად მისი შემოსავლის მაჩვენებლის ხელახლა დათვლის შედეგად მოცემულ კრიტერიუმში დააკლდა 1 ქულა. ვინაიდან, მოსარჩელის ოჯახს მოაკლდა 1 ქულა შემოსავლის მაჩვენებელში, საბოლოოდ, ქულათა საერთო რაოდენობამ შეადგინა 6.5 ქულა.
გარდა ზემოხსენებულისა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ლ-------–-–---–ის საკუთრებაში 2014 წლის 7 მაისამდე ირიცხებოდა საცხოვრებელი ფართი მის: ქარელის რაიონი, დ--------------------. სართული 1, 51.67 კვ.მ ფართის ბინა. განმცხადებლისა და ამ ბინის ახლანდელი მესაკუთრის - ნ---------------–---–ის თქმით (2016 წლის 24 აგვისტოსა და 10 სექტემბრის ოქმები) მოცემული ბინა 2012 წლამდე იყო ნ---------------–---–ის საკუთრება, რომელმაც გადაუფორმა უძრავი ქონება მოსარჩელეს მისგან ნასესხები 6.700 ლარის სანაცვლოდ, რაც მის მიერ დაბრუნებულ იქნა 2014 წელს და შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდა კვლავ ნ---------------–---–ის სახელზე. აპელანტი უთითებს, რომ რომ ზემოხსენებულ პირთა მიერ ბინის იპოთეკით დატვირთვა არ განხორციელებულა და თანხის სანაცვლოდ მოხდა მისი გადაფორმება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა მიზანს იპოთეკის გარიგება წარმოადგენდა და არა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. გარდა ამისა, მოსარჩელის სახელზე ასევე ფიქსირდება უძრავი ქონება ქარელის რაიონის სოფელ ა---–-------–ში, კერძოდ მიწის ნაკვეთი 3105.12 კვ.მ. (საკადასტრო N6-----------) და ასევე მიწის ნაკვეთი 1287.31 კვ.მ. მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (საკადასტრო N6-----------). მიუხედავად იმისა, რომ თავად მოსარჩელე უარყოფს მოცემულ მისამართზე ცხოვრებას, იმ მიზეზით, რომ ვერ ახერხებს მიწის დამუშავებას ფიზიკური მდგომარეობის გამო, 2016 წლის 22 სექტემბრის მონიტორინგის შედეგად, ლ-------–-–---–ის მეზობლების განცხადებით ის მოცემულ მისამართზე ცხოვრობს მარტო. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ელექტრონულ ბაზებში, ლ-------–-–---–ის მისამართად რეგისტრირებულია ზემოხსენებული მისამართი.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ 2.1.11. პუნქტის თანახმად „იმ დევნილ ოჯახებთან მიმართებით, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორს იმ დევნილების, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი ან/და არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, მათი დახმარების შესაძლებლობა განიხილება ბოლო ეტაპზე“. ამასთანავე, „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის, კრიტერიუმებისა და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-9 პუქტის თანახმად „სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.“
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან ლ-------–-–---–ს საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ფართი შეუზღუდავ სარგებლობაში და აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული საცხოვრებელი ფართი საცხოვრებლად ვარგისია, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ოჯახისათვის, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. დევნილის სტატუსის მქონე პირის საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არსებობა, პირდაპირ კავშირშია გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების რიგითობასთან. კერძოდ, თუ საცხოვრებელი სახლი აღრიცხული იქნება დევნილი ოჯახის რომელიმე წევრზე და დადგინდება, რომ ოჯახი არ საჭიროებს დაუყვნებლივ განსახლებას, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება განხორციელდება ბოლო ეტაპზე, ზემოხსენებული ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტი უთითებს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან არც ერთი ის ნორმა, რომლის თანახმდაც შეიძლება აქტის ბათილობის საკითხი დაისვას, არ არის დარღვეული. გასაჩივრებული ინდივიდუალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია სზაკ-ის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნათა დაცვით.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ტექსტიდან და წარმოდგენილი ადმინისტრაციული წარმოების მასალებიდან დასტურდება, რომ მათში ამომწურავად არის დასაბუთებული თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტების გამოცემაზე და ისინი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს, შესაბამისად, მითითება, რომ სამინისტროს უარი არის დაუსაბუთებელი - არ შეესაბამება რეალობას. ამასთანავე, მოსარჩელე ვერ უთითებს ვერცერთი გარემოების შესახებ, რომელიც დაადასტურებდა სამინისტროს მიერ აქტის მომზადების ან გამოცემის დროს კანონმდებლობის იმგვარ დარღვევას, რაც "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-601 მუხლით არის გათვალისწინებული.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივად, ასევე სამართლებრივად, ამიტომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს მიერ და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმევა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
4.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.4. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი დასაბუთება:
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.6. ლ--- გ--–-–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, დროებითი განსახლების ადგილი არის კრწანისი, ვ-----------–----------------, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი - თერჯოლა, კ---–----–-----------.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ლ-------–-–---–ის საცხოვრებელ ადგილად რეგისტრირებულია ქარელის რაიონის სოფ. ა---–-------–-, მინიჭებული ჰქონდა სარეიტინგო ქულა - 25660, 15.10.2013 წ. მდგომარეობით.
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, ამჟამად ლ-------–-–---–ი რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, მ------------------, მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 7830;
4.7. ლ--- გ--–-–---–ის მიერ შევსებული განაცხადის თანახმად, განაცხადი გაკეთებულია გრძელვადიანი განსახლების მიზნით. განაცხადის თავდაპირველი შეფასების შედეგად ლ-------–-–---–ს მიენიჭა პრიორიტეტული ქულა 7,5;
მონიტორინგის მასალების მიხედვით, გადამოწმდა ლ-------–-–---–ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დ--- წ---------------------–-----–---------, სადაც ლ-------–-–---–ი იმყოფებოდა თავად 19.09.2016 წ., ასევე, 10.09.2016 წ. გამოკითხულ იქნა ქარელის რაიონი, დ-------------------------ში არსებული სახლის მეზობელი, ხოლო 13.08.2016 წ. გამოკითხულ იქნა დ--- წ------, დ-------------–-----–----------ის მესაკუთრე, რომელმაც დაადასტურა, რომ ლ-------–-–---–ი მის კუთვნილ სახლში ცხოვრობს ქირით.
4.8. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 11.08.2012 წ.) თანახმად, ლ--- გ--–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული იყო 3105.12 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 6-----------) მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. ა---–-------–-.
4.9. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 11.08.2012 წ.) თანახმად, ლ-------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული იყო 1287,31 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (ს/კ 6-----------) მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. ა---–-------–-. საკადასტრო გეგმა.
4.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 იანვრის N2---- გადაწყვეტილებით უძრავ ქონებებზე (ს/კ 6-----------, 6-----------)ლ-------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი.
4.11. საჯარო რეესტრის ამონაწერების (მომზადების თარიღი 01.05.2012წ. და 07.05.2012 წ.) თანახმად, ლ-------–-–---–ის სახელზე აღრიცხული იყო უძრავი ქონება, მდებარე დ--------------------------ში, რაც 07.05.2012 წ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხა ნ---------------–---–ის საკუთრებად.
4.12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების თანახმად, ლ-------–-–---–ის ოჯახის შეფასების საბოლოო ქულად განისაზღვრა 6,5, ხოლო ერთოთახიანი ბინის გადაცემის საკითხი განხილულ იქნა ოჯახებისათვის, რომელთაც მიენიჭათ 6,5 ქულა და მეტი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2016 წლის 15 დეკემბრის N3--- ბრძანებით ლ-------–-–---–ის ოჯახს უარი ეთქვა კერძო საკუთრების გამო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
4.13. ლ-------–-–---–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 2016 წლის მანძილზე ერიცხებოდა ბინის ქირის საფასური.
სამართლებრივი დასაბუთება
4.14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3--- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. აღნიშნული ბრძანებით ლ--–- გ--–-–---–ს უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.
4.15. გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,'ნ'' ქვეპუნქტის თანახმად, სათანადო საცხოვრებელი არის დევნილისათვის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა.
4.16. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.
4.17. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის №127 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2015-2016 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაში. ხსენებული გეგმის 1.7. პუნქტის თანახმად, სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, გენდერულ თანასწორობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების, ასევე აღიარებულ სხვა ადამიანის უფლებათა დაცვას. ამავე გეგმის 1.9. პუნქტის მიხედვით, სამოქმედო გეგმა განხორციელდება ობიექტური, გამჭვირვალე კრიტერიუმების საფუძველზე და უზრუნველყოფს დევნილთა ჩართულობას დაგეგმვის და განხორციელების პროცესში ყველა იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში, რომლებიც მათ ეხებათ.
4.18. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ'' ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნებიან იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანის განსახლებისას.
4.19. იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ისე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დევნილი პირის ინფორმირებული მონაწილეობით, კონკრეტულ საკითხზე შესაძლო უარყოფითი გადაწყვეტილების საფუძვლად მიჩნეულ გარემოებაზე დევნილის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხზე, - ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტთან მიმართებით წარედგინა მოსაზრებები, არსებობის შემთხვევაში სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობდა ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
4.20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია. რომ ამჟამად ლ-------–-–---–ს საკუთრებაში რაიმე უძრავი ქონება არ გააჩნია. დ----------––-----------------ში არსებული საცხოვრებელი სახლის ლ-------–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრაცია დაკავშირებული იყო თანხის უზრუნველყოფასთან (ს.ფ. 121). ლ--- გ--–-–---–ს მუდმივად ქარელის რაიონის სოფელ ა---–-------––-– არ უცხოვრია, რაზეც მოწმობს 2013 წლის მონიტორინგის მასალა (ტ.1 ს.ფ. 126-127). აღნიშნული მონიტორინგისას გაიცა რეკომენდაცია მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. გარდა ამისა, ლ-------–-–---–ისათვის ბინის ქირის საფასურის გადახდა განპირობებული იყო მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მოტივით და მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობა დადასტურებულია ქირის გადახდის საკითხის განხილვისას განხორციელებული მონიტორინგის მასალებით.
ასევე დადგენილია, რომ ლ--- გ--–-–---–ის მიერ შევსებული განაცხადის თანახმად, განაცხადი გაკეთებულია გრძელვადიანი განსახლების მიზნით. განაცხადის თავდაპირველი შეფასების შედეგად ლ-------–-–---–ს მიენიჭა პრიორიტეტული ქულა 7,5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შეფასების თანახმად, ლ-------–-–---–ის ოჯახის შეფასების საბოლოო ქულად განისაზღვრა 6,5, ხოლო ერთოთახიანი ბინის გადაცემის საკითხი განხილულ იქნა ოჯახებისათვის, რომელთაც მიენიჭათ 6,5 ქულა და მეტი, თუმცა ყველა იმ ოჯახს, ვისაც მიენიჭა 6,5 ქულა ბინა არ მიუღია, ამდენად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი ხელახლა უნდა იქნეს განხილული და კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დადგინდეს მოსარჩელეს გააჩნია, თუ არა უპირატესი უფლება სხვა პირებთან მიმართებაში ერთოთახიანი ბინის გადასაცემად.
4.21. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას.
4.22. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯეროვნად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასების გარეშე.
4.23. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემის შემთხვევაში, შეზღუდულია კანონის მოთხოვნის ფარგლებით.
4.24. სააპელაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96.2. მუხლების შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს უფლება, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. სასამართლოს მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
4.25. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 11.08.2012 წ.) თანახმად, ლ--- გ--–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული იყო 3105.12 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, (ს/კ 6-----------) მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. ა---–-------–-. ასევე, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 11.08.2012 წ.) თანახმად, ლ-------–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული იყო 1287,31 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (ს/კ 6-----------) მდებარე: ქარელის რაიონი, სოფ. ა---–-------–-. საკადასტრო გეგმა.
ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 31 იანვრის N2---- გადაწყვეტილებით უძრავ ქონებებზე (6-----------, 6-----------) ლ-------–-–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ბათილად იქნა ცნობილი.
აღნიშნულ გარემოებაზე არ არის ნამსჯელი გასაჩივრებული 2016 წლის 15 დეკემბრის №3--- ბრძანებით, ამდენად საკითხის ხელახალი შესწავლისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზეც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად.
4.26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად. მოცემულ საქმეზე მოპასუხის მიერ ფაქტობრივ გარემოებები არ იქნა დადგენილი და არ მიეცა სათანადო შეფასება, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად.
4.27. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად მოცემულ შემთხვევაში არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტილად გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის №3--- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, რადგან გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ამასთან არსებობს მოსარჩელის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო საჩივრით ნაწილობრივ გაბათილებული იქნა სასამართლოს დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. აპელანტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6.2. ლ-------–-–---–ი ასევე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ-------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 15 დეკემბრის N3--- ბრძანება ლ--- გ--–-–---–ის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე; დაევალოს მოპასუხე მხარეს -საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ სადავო საკითხთან მიმართებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
4. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან ოცდაერთი 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს (მდებარე, თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ტყავაძე