განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001122178
საქმე №2ბ/6217-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - ქ------- თ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ----- ბანკი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,თ----- ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ქ------- თ---------ეს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 05 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 2 189,35 ლარის გადახდა; მოპასუხე ქ------- თ---------ეს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 2015 წლის 05 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 1 934,55 ლარის წლიური 17,95%-ს გადახდის დაკისრება 2015 წლის 15 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხე ქ------- თ---------ეს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის” სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 150 ლარი მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 20 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის სანაცვლოდ და 129,24 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 04 აპრილს 12:30 საათზე.
სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე ქ------- თ---------ე სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ გაფრთხილებული იქნა სატელეფონო შეტყობინების გზით, რაც დასტურდებოდა საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2017 წლის 04 აპრილს 12:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ქ------- თ---------ე არ გამოცხადებულა, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. მოსარჩელის წარმომადგენელმა თორნიკე კოჭლამაზაშვილმა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ დამტკიცებულად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2015 წლის 05 მარტს, სს ,,თ----- ბანკს” და ქ------- თ---------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 2 000 ლარი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 27 თებერვლამდე, სარგებელი - წლიური 17,95%, პირგასამტეხლო - 20 ლარი და 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა მსესხებლის სიცოცხლის სავალდებულო დაზღვევა ბანკის სასარგებლოდ, კრედიტის მოქმედების პერიოდში. მსესხებელს კრედიტის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და სადაზღვევო პრემიის გადახდა უნდა განეხორციელებინა ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
- მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ, მსესხებელმა 2015 წლის 27 მაისს შემდეგ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხე მოსარჩელის მიმართ არსებულ ვალდებულებას არ ასრულებს. მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, სს ,,თ----- ბანკმა” დაკარგა შემოსავალი, რომელსაც ის მიიღებდა თანხის კრედიტის სახით გაცემის შემთხვევაში.
- 2015 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით, ქ------- თ---------ის დავალიანება სს ,,თ----- ბანკის” მიმართ 2015 წლის 05 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 2 189,35 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 1 934,55 ლარი, პროცენტი - 108,73 ლარი, პირგასამტეხლო - 141,98 ლარი და დაზღვევის პრემია - 4,09 ლარი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეზე გამოტანილი უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სს ,,თ----- ბანკის” წარმომადგენლის მიერ სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 411-ე, 417-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. ამდენად, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
2017 წლის 20 აპრილს ქ------- თ---------ემ საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება იმაზე მითითებით, რომ იგი შეგნებულად არ დაესწრო სასამართლო პროცესს, რადგან დარწმუნებული იყო იმაში, თუ რა შედეგი დადგებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, ქ------- თ---------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ორ ძირითად წინაპირობას ეფუძნება, კერძოდ, პირველი პროცესის მხარის ინფორმირებულობა 70-78-ე მუხლების შესაბამისად და იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა არ არსებობა, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალონ მხარეს მისი საპროცესო უფლებების სრულფასოვან განხორციელებაში. უპირველესყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელისათვის მოსამზადებელი სხდომის დროისა და ადგილის სათანადო წესით შეტყობინებაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მითითებული ნორმის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება. გარდა ამისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარეების, მათი წარმომადგენელები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას მითითებული იქნა, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა შეგნებულად, ვინაიდან იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 04 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა მოპასუხეს 2017 წლის 23 იანვარს პირადად სატელეფონო აქტის საშუალებით. მან იცოდა სხდომის დრო. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაითვალოს საპატიოდ მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდა რა შედეგი დადგებოდა, ვერ იქნებოდა გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისთვის; გ) გამოუცხადებელ მახრეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ’’ბ’’ და ’’გ’’ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
სასამართლომ მიუთითა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლოს პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობის და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა წარმოდგენილი განცხადებით ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს არ ჰქონია ადგილი.
ამდენად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველს არ ჰქონია ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აპრილის დაუსწრებელი გაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რომლის გასაჩივრდება შეიძლება სააპელაციო წესით დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე გაფრთხილებული იყო 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხემ არ გამოცხადდა სხდომაზე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ------- თ---------ის საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ არ ეთანხმებოდა იმ ფაქტობრი გარემოებას, თითქოს მან იცოდა სასამართლო სხდომის თაობაზე და შეგნებულად არ გამოცხადდა. აპელანტის განმარტებით, იგი ითხოვდა დაუსწრებელი, დახურული პროცესის წარმართვას და არა ღიას, რომელზედაც თვითონაც ევალებოდა გამოცხადება.
აპელანტის მითითებით, მის მიმართ დარღვეული იქნა უწყების კანონით გათვალისწინებული წესით ჩაბარება. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ორჯერ გამოიტანა გადაწყვეტილება, ისე რომ არ გამოიკვლია მტკიცებულებები.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ქ------- თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ------- თ---------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამცხადდა მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ორ ძირითად წინაპირობას ეფუძნება, კერძოდ, პირველი პროცესის მხარის ინფორმირებულობა 70-78-ე მუხლების შესაბამისად და იმ დამაბრკოლებელ გარემოებათა არ არსებობა, რომლებმაც შესაძლებელია ხელი შეუშალონ მხარეს მისი საპროცესო უფლებების სრულფასოვან განხორციელებაში. უპირველესყოვლისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელისათვის მოსამზადებელი სხდომის დროისა და ადგილის სათანადო წესით შეტყობინებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. მითითებული ნორმის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარისათვის უწყება ჩაბარებულად ითვლება. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარეების, მათი წარმომადგენელები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისთვის; გ) გამოუცხადებელ მახრეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის ’’ბ’’ და ’’გ’’ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს და მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის არგუმენტები არ ქმნიან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში 2017 წლის 04 აპრილის სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა მოპასუხეს 2017 წლის 23 იანვარს პირადად სატელეფონო აქტის საშუალებით. საჩივრის ფარგლებში, საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა შეგნებულად, ხოლო სააპელაციო საჩივარში იგი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ იგი სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე. მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღიქმება, როგორც სასამართლოს უპატივცემულობა, რომლის დროსაც მხარის მიერ უგულებელყოფილია სასამართლოს დროის რესურსი და მართლმსაჯულების დროული განხორციელების მიზნები, რაც თავისთავში გულისხმობს, სასამართლოს მიერ მინიმალური საპროცესო მექანიზმების დაზოგვასა და რიგი პროცედურების თავიდან აცილებას, რაც უკავშირდება მხარეთა ფუნდამენტური უფლების დაცვას - მართლმსაჯულების დროულ და სწრაფ განხორცილებას. სწორედ მხარის დავალდებულება, რომ მან სასამართლო სხდომის დაწყებამდე აცნობოს სასამართლოს მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით, წარმოადგენს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების საშუალებას, რომლითაც აცილებულ იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და იმ დროის რესურსისა თუ საპროცესო მექანიზმების დაზოგვა, რაც მხარის ბრალით იქნა გამოწვეული.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ------- თ---------ე სასამართლო სხდომის თაობაზე მოწვეული იყო სასამართლო პროცესზე მხარე მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული სატელეფონო აქტით. აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს საპირისრიპოში დაარწმუნებდა.
სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს იმ შემთხვევაში, თუკი მხარე დაამტკიცებს, რომ არსებობდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლოს პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობის და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
როგორც აპელანტმა სხდომაზე განმარტა, მას გარდაეცვალა ახლობელი და ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება საქმის მასალებში. ამ გარემოების თაობაზე აპელანტი არ უთითებდა მის მიერ წარდეგნილ საჩივარშიც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლოს მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რაც საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება. ამდენად, ქ------- თ---------ის არგუმენტი, რომ საამართლოს მიერ არ მოხდა მტკიცებულებების კვლევა, არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს. აქედან გამომდინარე, ქ------- თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ქ------- თ---------ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია, ვინაიდან სახეზე არ არის გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინებით აპელანტს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვალს აპელანტის მიერ წარმოდგენილი იქნა ამონაწერი სოციალურად დაუცველთ ოჯახების ერთიანი სიიდან, საიდანაც დასტურდება, რომ ქ------- თ---------ის სარეიტინგო ქულაა 18 580 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;
აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ იგი სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან სიაში და იღებს საარსებო შემწეობას, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ------- თ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. ქ------- თ---------ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი