განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002024853
საქმე №2ბ/7504-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი - ვ------- ნ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ---–- გ--------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ---–- გ--------ას სარჩელი. მოპასუხე ვ------- ნ------ეს (პ--------------) დაეკისრა მოსარჩელე ლ---–- გ--------ას სასარგებლოდ, 2008 წლის 24 სექტემბერს დაბადებული ა------- ნ------ის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 25 ივლისიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე. მოპასუხე ვ------- ნ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 108 (ას რვა) ლარის ოდენობით. მოპასუხე ვ------- ნ------ეს (პ--------------) დაეკისრა მოსარჩელე ლ---–- გ--------ას სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 160 ლარის გადახდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, 2017 წლის 25 ივლისს, სასარჩელო განცხადებით მიმართა ლ---–- გ--------ამ მოპასუხე ვ------- ნ------ის მიმართ, მამობის დადგენის და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მომზადების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები გაეგზავნა სარჩელში მითითებულ - ქ--------–--------------------------------------------------------- . რომელიც 2017 წლის 02 აგვისტოს ჩაიბარა მოპასუხე, ვ------- ნ------ემ პირადად.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს განემარტა შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. ვ------- ნ------ემ კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ შესაგებლის წარმოდგენისათვის სასამართლომ მოპასუხეს დაუნიშნა 10 (ათი) დღის ვადა. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია. მას არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზი (მიზეზები) უცნობებია სასამართლოსათვის და არც საპროცესო ვადის გაგრძელება უთხოვია.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, 2008 წლის 24 სექტემბერს, შეეძინათ საერთო შვილი - ა------- ნ------ე. დაბადების მოწმობაში მოპასუხემ არ ისურვა ბავშვისთვის საკუთარი გვარის მინიჭება, რადგან არ ესიამოვნა მოსარჩელის ორსულობის ფაქტი და დაუბრუნდა პირველ ცოლს. ბავშვთან ურთიერთობა აქვთ მოპასუხის მშობლებსაც, მოპასუხე რამაზ ნ------ეც ბოლო სამი წელია ნახულობს ბავშვს. მოსარჩელე ლ---–- გ--------ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემეთას ერთიან ბაზაში. ამჟამად, ის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ცხოვრობს ნათესავის ბინაში და არის სოციალური დახმარების იმედად.
სასამართლოს მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით, სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები და მიაჩნია, რომ იგი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნაა ალიმენტის გადახდის დაკისრება, ამ მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლებია:
- სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომელებიც დახმარებას საჭიროებენ;
- სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენს მშობლები ურთიერთშეთანხმებით;
- სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეს ჩაბარდა 2017 წლის 28 სექტემბერს პირადად და 2017 წლის 06 ოქტომბერს კანონით დადგენილ 10 (ათი) დღიან ვადაში წარმოადგინა საჩივარი 2017 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
2017 წლის 05 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გრიგოლ კვიჟინაძემ, განმარტა რომ ვ------- ნ------ისთვის უცნობი იყო შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის შედეგები, ვინაიდან კონვერტს რომელიც მიიღო მან, სასამართლოდან არ ახლდა სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილი, რომლის საფუძველზე, მოპასუხე მხარეს ესაზღვრება ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, და განემარტება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად მხარეს რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით. მოპასუხე მხარეს სარჩელთან და თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მომზადებული გზავნილი, რომლითაც განესაზღვრება კონკრეტული ვადა შესაგებლის წარმოსადგენად და განემარტება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ვ------- ნ------ეს გაეგზავნა ლელა გ--------ას სარჩელი თანდართული მასალებით, აგრეთვე სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ მომზადებული გზავნილი, რომლითაც განესაზღვრა 10 (ათი) დღიანი ვადა შესაგებლის წარმოსადგენად და განემარტა რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. საქმეს ერთვის 2017 წლის 28 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შესაბამისი მოხელის მიერ მომზადებული გზავნილი მოპასუხე ვ------- ნ------ისათვის მოსარჩლე ლ---–- გ--------ას სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების ,,14“ ფურცლად გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლშიც განსაზღვრული იყო 10(ათი) დღიანი ვადა შესაგებლის წარმოსადგენად და მითითებული იყო აგრეთვე ინფორმაცია შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის შედეგების შესახებ;
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის 1-ლი წინადადების დანაწესზე, რომლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს თუ არსებობს 233-ე მუხლი 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ: თუ მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ეცნობა სხდომის თარიღის შესახებ; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები;
სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 240-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ ამ კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს იმ საფუძვლით, რომ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და მოპასუხეს აღუდგენს პასუხის (შესაგებლის) წარდგენისათვის ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადას.
სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმეში არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება და არც საჩივარში და საჩივრის ავტორის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაში არ იყო მითითებული სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმებულიყო. ხოლო რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მოპასუხე მხარისთვის უცნობი იყო შესაგებლის კანონის მიერ დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შედეგების შესახებ, სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მას სასამართლო გზავნილი ჩაბარდა, ხოლო სარჩელი თანდართული მასალებით მას რომ ჩაბარდა სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილის გარეშე და მიზეზით ვერ შეძლო შესაგებლის წარმოდგენა კანონით დადგენილ 10-დღიან ვადაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია .
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ------- ნ------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ძალაში უნდა დარჩენილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტი უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული 2017 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება მიღებული იქნა მისგან დამოუკიდებლად, რადგან სასამართლო გზავნილში არ იდო თავფურცელი, რის დამტკიცებაც მას არ შეუძლია. აპელანტი უთითებს რომ იგი არასოდეს არ დაეთანხმებოდა ალიმენტის დაკისრებას 300 ლარის ოდენობით, რადგან არის შეუსაბამო მისი შემოსავლების გათვალისწინებით. აპელანტის განმარტებით, მას რომ ინფორმაცია მიეღო, იგი აუცილებლად განახორციელებდა შესაბამის მოქმედებას და ჩაერთვებოდა სასამართლო პროცესში.
აპელანტის მითითებით, მოსარჩელის ზეპირი მითითებება მოსამართლემ ჩათვალა, რომ იურდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და აპელანტს დააკისრა ალიმენტი 300 ლარის ოდენობით, რომელიც არის შეუსაბამო მოპასუხის ყოველთვიური შემოსავლისათვის.
აპელანტის მითითებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოსამართლემ არასწორად შეაფასა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ სარჩელი და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო
იმ შემთხვევაში თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს სარჩელის წარდგენის დროს არ წარმოუდგენია ისეთი მტკიცებულებები, რომელიც საფუძველი იქნებოდა ალიმენტის დაკისრებისა 300 ლარის ოდენობით. არც სასამართლოს გამოუკვლევია მოპასუხის ეკონომიკური მდგომარეობა. აღნიშნულზე მითითებით, აპელანტი თვლის, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებდა იურდიულად მოსარჩელის მოთხოვნას ალიმენტის 300 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამავე კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის `ბ’ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
დადგენილია რომ, მოპასუხე მხარეს ვ------- ნ------ეს სარჩელი თანდართული მასალით ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, 2017 წლის 2 მაისს. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღიანი ვადა, მაგრამ მას შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს და მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის არგუმენტები არ ქმნიან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნისას სასამართლოს მიერ გზავნილის მეშვეობით ხორციელდება მოპასუხის ინფორმირება, თუ რამდენ დღეშია იგი ვალდებული, წარადგინოს სასამართლოში შესაგებელი, ამასთან განიმარტება, მისი არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ შესაგებელთან ერთად კონვერტში არ იყო გზავნილი, რომლითაც მოხდებოდა მოპასუხის გაფრთხილება, რომ იგი ვალდებული იყო შესაგებელი 10 დღეში წარედგინა..
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას, რომ სასამართლო გზავნილი არ იყო შესაგებელთან ერთად გაგზავნილი, რადგან აღნიშნული არ დასტურდება არანაირი მტკიცებულებით. პალატა აღნიშნავს, რომ აპელანტის მხოლოდ მითითება აღნიშნულზე ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან ამგვარი პრაქტიკის დადგენისას, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში შესაძლებელია ამ მიზეზით სასამართლოს მიერ მიღებული ყველა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებ, რაც სასამართლოს წარმოების სტაპილურობას ეჭვქვეშ დააყენებს. საქმის მასალებში არსებობს გზავნილის თექსტი შესაბამისი ვადის მითითებითა და გაფრთხილებით. ამდენად, არსებობს პრეზუმცია, რომ სასამართლოს მიერ შესაგებელთან ერთად გაგზავნილია გზავნილი, რომელშიც მითითებულია შესაგებლის წარდგენის ვადა, რომლის არარსებობა რაიმე მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული. პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებში მოიძებნება გზავნილი, რომელშიც მითითებულია ვ------- ნ------ისთვის შესაგებლის წარდგენის ვადა და განმარტებულია, მისი წარუდგენლობის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგები.
ამდენად, დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ ვ------- ნ------ე ინფორმირებული იყო შესაგებლის არასაპატიოდ წარდგენის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, ვ------- ნ------ის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადაში არ იქნა შესაგებელი წარდგენილი, რის გამოც მის წინააღმდეგ მართებულად იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ვ------- ნ------ის მიერ მითითებულ არგუმენტს, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა შესწავლილი მისი ფინანსური მდგომარეობა, პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება. ამდენად, ვ------- ნ------ის არგუმენტი, რომ სასამართლოს მიერ არ მოხდა მტკიცებულებების კვლევა, არ შეიძლება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის პრეტენზია დაუსაბუთებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ------- ნ------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი