განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2018
საქმის ნომერი
330310016001232337
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე , ადმინისტრაციული
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001232337

საქმე №3ბ/1864-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - თ----- ჯ---ა;

წარმომადგენელი - თ--------–-–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ბ-------------ა;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ც-------;

წარმომადგენელი - ს--------------–---–ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქ.თ---–------- ს----------–ო პ--------–----------ი ც-------

წარმომადგენელი - გ-------–-------ი, დირექტორი - ნ----–----–----ე;

დავის საგანი - მიუღებელი პენსიის ანაზღურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით თ----- ჯ---ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ. II, ს.ფ. 9-14);

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. თ----- ჯ---ას 1992 წელს ინვალიდობის მე-2 ჯგუფი დაუდგინდა და შესაბამისი პენსია დაენიშნა, რომელსაც 2006 წლის ბოლომდე იღებდა, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ვადის გასვლის საფუძვლით გამო არ შეუწყდა.

 

2.1.2. 2007 წლის 7 აგვისტოს თ----- ჯ---ას წარმომადგენელმა ც---–- ხ--------მა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა, რომლითაც თ----- ჯ---ასათვის შეზღუდული შესაძლებლობის ჯგუფის არასწორად დადგენაზე მიუთითა და აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად სამინისტროს მხრიდან სათანადო ღონისძიებების გატარება მოითხოვა.

 

2.1.3. 2007 წლის 7 აგვისტოს წერილის პასუხად სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 23 აგვისტოს წერილით განიმარტა, რომ თ----- ჯ---ასათვის დადგენილი დიაგნოზი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებაში (შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე) 2007 წლის 20 აპრილის N137/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილების შემდეგ შესაძლებლობის ზომიერად (მე-3 ჯგუფი) გამოხატული შეზღუდვის დადგენის საფუძველს წარმოადგენდა.

 

2.1.4. პენსიის შეწყვეტასა და ინვალიდობის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებული პრეტენზიით თ----- ჯ---ას სასამართლოსათვის არ მიუმართვს, მიუღებელი პენსიისა და სხვა მატერიალური ზიანის ანაზღაურები მოთხოვნით სარჩელი სასამართლოს 2016

წლის 1 თებერვალს წარედგინა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტვებით, მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების მოთხოვნა თავისი არსით მოპასუხის მიერ აღნიშნული შემწეობის შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

მითითებული ნორმების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ამასთან, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოეშობა მოსამსახურის ბრალის მიუხედავად, თუ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, ამ მუხლში მითითებული ბრალის ფორმების არსებობის შემთხვევაში კი, მოსამსახურეს, ასევე, ეკისრება პასუხისმგებლობა დამდგარი ზიანისათვის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმ გარემოების დადასტურებაზე, რომ პენსიის შეწყვეტა კანონის დარღვევით განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ პენსიის შეწყვეტისა და მისი საფუძვლების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი 2007 წელს იყო, აღნიშნულზე პრეტენზია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2007 წლის 7 აგვისტოს წარედგინა, თუმცა სამინისტროს საპასუხო წერილით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლოში გასაჩივრებული არ ყოფილა. ამასთან, არ ირკვევა, რომ თ----- ჯ---ამ პენსიის საკითხზე მოგვიანებითაც მიმართა უფლებამოსილ ორგანოებს და მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ პენსიის შეწყვეტისა და გაუცემლობის კანონიერებაზე მსჯელობა სასამართლოს მხოლოდ შესაბამისი ქმედებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - შეწყვეტის შესახებ ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ აქტების გასაჩივრების ფარგლებში შეუძლია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. მართალია, არსებითად გამოთქმულია პრეტენზია პენსიის შეწვეტასა და 2013 წლამდე პენსიის გაუცემლობაზე, თუმცა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დასახელებული კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტარციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მისი გამოცემიდან 1 თვის ვადაში შეიძლება იქნეს წარდგენილი. აქტის კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოუცემლობაც, როგორც აქტის გამოცემაზე უარი, საერთო წესით საჩივრდება, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლისა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება, მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

გარადა ამისა პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ არის წარმოდგენილი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პენსიის შეწყვეტის შესახებ თ----- ჯ---ასათვის 2007 წელს იყო ცნობილი, მას პენსიის შეწყვეტით მიყენებული ზიანისა ანაზღაურება ამ დროიდან 3 წლის ვადაში უნდა მოეთხოვა, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლოს განმარტებით, პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებისა და უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია უფლებით სამართლიან სასამართლოზე. თუმცა, „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №3/1/531 საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თ----- ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 3). სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან. კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ, უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა.

 

გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზე, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს, დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს – შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ თ----- ჯ---ას სარჩელი არ დააკმაყოფილა ხანდაზმულობის გამო.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს არ უნდა ემსჯელა ხანდაზმულობის ერთთვიან ვადაზე, რადგან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურების დაკისრება. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზიანის ანაზღაურების მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის ვადა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

4.1.1. თ----- ჯ---ას 1992 წელს ინვალიდობის მე-2 ჯგუფი დაუდგინდა და შესაბამისი პენსია დაენიშნა, რომელსაც 2006 წლის ბოლომდე იღებდა, ვიდრე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ვადის გასვლის საფუძვლით გამო არ შეუწყდა.

 

4.1.2. 2007 წლის 7 აგვისტოს თ----- ჯ---ას წარმომადგენელმა ც---–- ხ--------მა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით მიმართა, რომლითაც თ----- ჯ---ასათვის შეზღუდული შესაძლებლობის ჯგუფის არასწორად დადგენაზე მიუთითა და აღნიშნული დარღვევის გამოსასწორებლად სამინისტროს მხრიდან სათანადო ღონისძიებების გატარება მოითხოვა.

 

4.1.3. 2007 წლის 7 აგვისტოს წერილის პასუხად სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსის 2007 წლის 23 აგვისტოს წერილით განიმარტა, რომ თ----- ჯ---ასათვის დადგენილი დიაგნოზი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებაში (შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე) 2007 წლის 20 აპრილის N137/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილების შემდეგ შესაძლებლობის ზომიერად (მე-3 ჯგუფი) გამოხატული შეზღუდვის დადგენის საფუძველს წარმოადგენდა.

 

4.1.4. პენსიის შეწყვეტასა და ინვალიდობის სტატუსის დადგენასთან დაკავშირებული პრეტენზიით თ----- ჯ---ას სასამართლოსათვის არ მიუმართვს, მიუღებელი პენსიისა და სხვა მატერიალური ზიანის ანაზღაურები მოთხოვნით სარჩელი სასამართლოს 2016

წლის 1 თებერვალს წარედგინა.

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება;

 

4.2.2. ამასთან, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42)

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

4.2.3. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ც-------სა და ქ.თ---–------- ს----------–ო პ--------–----------ი ც-------სათვის თ----- ჯ---ას სასარგებლოდ სოლიდარულად 2007 წლის იანვრიდან 2013 წლის დეკემბრამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურებისა და პენსიის შეწყვეტით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღურების დაკისრება 12642 ლარის ოდენობით.

 

პალატა განმარტავს, რომ მიუღებელი შემწეობის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა დამოკიდებულია იმ გარემოების დადასტურებაზე, რომ პენსიის შეწყვეტა კანონის დარღვევით განხორციელდა. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ პენსიის შეწყვეტისა და მისი საფუძვლების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი 2007 წელს იყო, აღნიშნულზე პრეტენზია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2007 წლის 7 აგვისტოს წარედგინა, თუმცა სამინისტროს საპასუხო წერილით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლოში გასაჩივრებული არ ყოფილა. ამასთან, არ ირკვევა, რომ თ----- ჯ---ამ პენსიის საკითხზე მოგვიანებითაც მიმართა უფლებამოსილ ორგანოებს და მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

პალატა აქვე განმარტავს, რომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ პენსიის შეწყვეტისა და გაუცემლობის კანონიერებაზე მსჯელობა სასამართლოს მხოლოდ შესაბამისი ქმედებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - შეწყვეტის შესახებ ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ აქტების გასაჩივრების ფარგლებში შეუძლია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, არსებითად გამოთქმულია პრეტენზია პენსიის შეწყვეტასა და 2013 წლამდე პენსიის გაუცემლობაზე, თუმცა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დასახელებული კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტარციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მისი გამოცემიდან 1 თვის ვადაში შეიძლება იქნეს წარდგენილი. აქტის კანონით განსაზღვრულ ვადაში გამოუცემლობაც, როგორც აქტის გამოცემაზე უარი, საერთო წესით საჩივრდება, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლისა.

 

4.2.4. პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ არის წარმოდგენილი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაც.

 

4.2.5. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის ბს-1122-1111(კ-კს-11) განჩინებას, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, ზოგადად ,,ხანდაზმულობა’’ გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევა.

 

პალატა ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნებზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა სწორედ ასეა შეფასებული (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი: 66610/09, პუნქტი №44), კერძოდ მითითებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).

 

4.2.6. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სსკ-ის 992-მუხლის ის თანახმად, „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“.

 

ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის წარმოშობის საფუძველია უფლების დარღვევა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება უკავშირდება სუბიექტურ ფაქტორს, ანუ იმ მომენტს, როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების დარღვევის - ზიანის დადგომის და ზიანის მიმყენებლის შესახებ. სუბიექტურ ფაქტორს ყურადღება ექცევა იმ შემთხვევაში უკეთუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია. საერთო წესის თანახმად, ივარაუდება, რომ დაზარალებულმა უფლების დარღვევისთანავე შეიტყო დამდგარი ზიანის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, რადგან თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნას (სსკ-ის 102-ე მუხ.). პენსიის შეწყვეტის შესახებ თ----- ჯ---ასათვის 2007 წელს იყო ცნობილი, მას პენსიის შეწყვეტით მიყენებული ზიანისა ანაზღაურება ამ დროიდან 3 წლის ვადაში უნდა მოეთხოვა, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის სპეციალური ვადები მხოლოდ ნორმატიულად შეიძლება განისაზღვროს. განსახილველ შემთხვევაში პენსიის შეწყვეტით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ხანდაზულობის სპეციალური ვადა გათვალისწინებული არ არის, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს სკ-ის 1008-ე მუხლით განსაზღვრული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ თ----- ჯ---ას სარჩელი ხანდაზმულია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. აპელანტი - თ----- ჯ---ა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1. მუხლის თანახმად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ----- ჯ---ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა