განაჩენი

სისხლის სამართლის 07.03.2018
საქმის ნომერი
010141318700054003
ინსტანცია
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054003

საქმე №1ა/გ-195-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

5 აპრილი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

მარინა ხოლოაშვილი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ი------------–---–ი (დაბადებული 1----–-–------------–-, პირ. N4---------- ) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

ი------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი------------–---–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

ი------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

ი------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 8 მაისიდან 2016 წლის 23 მაისამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით:

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდა მსჯავრდებულ ი------------–---–ის მიმართ.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ ი------------–---–ის მიმართ შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებულ ი------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731 მუხლის პირველ ნაწილზე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ი------------–---–ის მიმართ, დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.

2018 წლის 21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ი------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ი------------–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, (საქმე - საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2017 წლის 26 ივლისს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად ადგენს ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) და მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას, ჩადენილს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ და განსაზღვრავს სასჯელს აღნიშნული ქმედებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლი მნიშვნელოვანწილად, არსებითად იმეორებს 273-ე მუხლის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს და დასჯადად აცხადებს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მრავალჯერად (არაერთგზის) მოხმარებას. შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება №1/3/534 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განაჩენით ი------------–---–ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანას) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათის ვადით.

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეეუსაბამობა, (იხ. გადაწყვეტილება) მსჯავრდებული ი------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის პირველი ივლისის განაჩენით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან. მასვე უნდა აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ი------------–---–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ი------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განაჩენში და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება.

მსჯავრდებული ი------------–---–ი გათავისუფლდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დადგენილი საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისგან. მასვე აღუდგეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამავე განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინება მსჯავრდებულ ი------------–---–ის მიმართ, დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შ. ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: მ. ლომთათიძე

 

მ. ხოლოაშვილი