განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
330210017001944865
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001944865

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6901-17

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - ს- „ს----------–--------------“

წარმომადგენელი - ნ----- მ-–-------–---–-, მ--- მ---------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ------ მ-–---–----

 

გასაჩივარული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ თანხის გადახდის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ვ------ მ-–---–----ს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ს- ''ს----------–--------------ს'' მოსარჩელე ვ------ მ-–---–----ს სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 30 მაისიდან, უვადოდ (მთელი სიცოცხლის მანძილზე) ყოველთვიურად, დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო ხარჯის - 105 ლარის გადახდა. მოპასუხე ს- ''ს----------–--------------ს'' მოსარჩელე ვ------ მ-–---–----ს სასარგებლოდ დაეკისრა დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო ხარჯის - 3348 ლარის გადახდა. მოპასუხე ს- ''ს----------–--------------ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა - 133.92 ლარის გადახდა.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მოცემულ შემთხვევაში, ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილია ქვემოთ მითითებული გარემოებები და სამართლებრივი ურთიერთობები (იხ. სააღსრულებო ფურცელი, ს.ფ. 30-31), კერძოდ:

 

2.1.1. სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე გ--–--- ვ-–-----ის მიერ ა---------------------------------------–--სთან მისი ქალიშვილი ვ------ ჟ----–---ს ასული ვ-–-----ის დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურების შესახებ.

 

2.1.2. სასამართლომ დაადგინა: გადახდეს ა---------------------------------------–--ს ვ------ ჟ----–---ს ასული ვ-–-----ის მოვლისათვის საჭირო ხარჯები თვეში - 210 მანეთის 50% 105 მანეთი, ყოველთვიურად, 1950 წლის 17 ოქტომბრიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

2.1.3. 1963 წლის 25 იანვარს გაცემული ქორწინების მოწმობით დგინდება, რომ ვ------ ვ-–------ დაქორწინდა და მას ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნა მეუღლის გვარი მ-–---–----.

 

2.1.4. საპენსიო მოწმობით დგინდება, რომ ვ------ მ-–---–---ს (ვ-–------) დადგენილი აქვს პირველი რიგის ინვალიდობა უვადოდ (მუდმივად).

 

2.1.5. უდავოდ დადგენილია, რომ ს- ''ს----------–--------------'' როგორც ა-----------იის რ-------ის სამართალმემკვიდრე ვ------ მ-–---–---ს ყოველთვიურად კომპენსაციის სახით უხდის - 12 ლარს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-1951 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებაზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 30-31);

- საპენსიო მოწმობა (ს.ფ. 32);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 43);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 51-53);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი.

 

2.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.2.1. დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ''ბ'' ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც სარჩოს მოთხოვნის უფლებას ახასიათებს. დელიქტური ურთიერთობის ზოგადი პრინციპი რეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რომლის თანახმად, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმა ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს იმ მოცულობით, რა ოდენობითაც შემცირდა დაზარალებული პირის ქონებრივი მდგომარეობა.

 

3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო აღარ შეაფასებს მოსარჩელის მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის სავალდებულო კრიტერიუმებთან შესაბამისობაში, რადგან მხარეთა შორის დელიქტური ვალდებულება განსაზღვრულია ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. სასარჩელო მოთხოვნის შინაარსი გულისხმობს დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო ხარჯის მოცულობის დროში გადაანგარიშებას და მის შესაბამისობას არსებულ ეკონომიკურ პირობებთან.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ვ------ ვ-–------ს ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნა მეუღლის გვარი - მ-–---–----; ვ------ მ-–---–---მა მიიღო სხეულის დაზიანება, რის გამოც მას დაუდგინდა პირველი ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ (მუდმივად); სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმე გ--–--- ვ-–-----ის მიერ ა---------------------------------------–--სთან მისი ქალიშვილი ვ------ ჟ----–---ს ასული ვ-–-----ის დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო თანხების ანაზღაურების შესახებ; ს- ''ს----------–--------------'' როგორც ა-----------იის რ-------ის სამართალმემკვიდრე ვ------ მ-–---–---ს ყოველთვიურად დადგენილი მოვლისათვის საჭირო ხარჯის სახით უხდის - 12 ლარს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------------------------------------–--ს ვ------ ჟ----–---ს ასული ვ-–-----ის დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო ხარჯების სახით დაეკისრა თვეში - 210 მანეთის 50% 105 მანეთი ყოველთვიურად 1950 წლის 17 ოქტომბრიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოახდინა ს- ''ს----------–--------------მ'' თანხის გადაანგარიშება და მოვლისათვის საჭირო ხარჯის კომპენსაციის სახით მოსარჩელეს განუსაზღვრა თვეში - 12 ლარი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურების მიზნით თვეში 12 ლარის გადახდა, არ შეიძლება იყოს გონივრული და შესაბამისობაში არსებულ ეკონომიკურ პირობებთან, ამასთან, აღნიშნული თანხა, თვეში - 12 ლარის ოდენობით საარსებო მინიმუმზე 10-ჯერ ნაკლებია, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მოპასუხე მხარის მიერ დადგენილი თანხა (თვეში - 12 ლარი) ვერ იქნება შრომისუნარშეზღუდული ადამიანის მოვლისათვის საკმარისი. გასათვალისწინებელია ''საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის'' ვებ გვერდზე არსებული მონაცემებიც, რომლის შესაბამისადაც დგინდება, რომ 1997 წლის შემდეგ ლარის მსყიდველობითი უნარი შემცირებულია, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა - 105 მანეთის ოდენობით, გადაანგარიშების შემთხვევაში გაცილებით მეტია, ვიდრე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, თვეში - 105 ლარის ოდენობით. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე ს- ''ს----------–--------------ს'' მოსარჩელე ვ------ მ-–---–----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2017 წლის 30 მაისიდან, უვადოდ (მთელი სიცოცხლის მანძილზე) ყოველთვიურად, დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვლისათვის საჭირო ხარჯის - 105 ლარის გადახდა.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სარჩელის წარმოდგენის დღიდან, ყოველთვიურად, დასახიჩრებიდან გამოწვეული მოვალისათვის საჭირო ხარჯის სახით თანხის - 105 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას ბოლო 3 წლის განმავლობაში, რასაც უნდა გამოაკლდეს ს- ''ს----------–-------------ის'' მიერ მისთვის 36 თვის განმავლობაში გადაცემული თანხა - 432 ლარის ოდენობით (12*36=432ლარს). შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის განვლილი 36 თვის დარჩენილი თანხის - 3348 ლარის დაკისრებას, რაც ასევ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ზემოთ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ------ მ-–---–----ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 408-ე მუხლების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებას არ ეთანხმება.

 

აპელანტმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლზე და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სამოქალაქო საქმის მასალებით არ არის დადგენილი ს- „ს----------–-------------ის“ ბრალეული ქმედება, რის სრული ოდენობით ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე და ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა მოსარჩელის მხრიდან დაუსაბუთებელია.

 

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ როგორც პროცესუალური(სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი), ასევე მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისითაც ზიანის მიყენებისას მხარემ უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოება. აპელანტის განმარტებით, ასევე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია დანიშნული დახმარების დაანგარიშებასთან დაკავშირებით, ვინაიდან გაურკვეველია თუ რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე დანიშნული დახმარების 105 ლარამდე გაზრდას.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს თავის მოთხოვნას, რაც საჩელის შინაარსს ფორმალური თვალსაზრისით შეავსებდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გამოიკვლია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები სარჩელის დასაბუთებლობის შესახებ. შესაბამისად პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ დასკვნებს და მიუთითებს მათზე.

 

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს საკმარის ფაქტობრივ და სამართლებრივ არგუმენტაციას სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.

 

4.1.2. აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ ძირითადად ეფუძნება იმ არგუმენტს, რომ სამოქალაქო საქმის მასალებით არ არის დადგენილი ს- „ს----------–-------------ის“ ბრალეული ქმედება, რის სრული ოდენობით ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე მხარე და ამასთან, აპელანტი არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას დანიშნული დახმარების დაანგარიშებასთან დაკავშირებით.

 

აპელანტის ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით დადგენილია ა---------------------------------------–--ს (სამართალმემკვიდრე - ს- „ს----------–--------------“) ბრალი მოსარჩელე ვ------ მ-–---–----ს (ვ-–------) დასახიჩრების ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ა---------------------------------------–--ს დაევალა მოსარჩელისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 266-ე მუხლის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ს- „ს----------–-------------ის“ მიერ მითითებული არგუმენტი არ არის საკმარისი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.

 

4.1.3. რაც შეეხება აპელანტის პრეტენზიას სარჩოს დაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით, პალატა ამ შემთხვევაშიც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს, კერძოდ ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით ა---------------------------------------–--ს (სამართალმემკვიდრე - ს- „ს----------–--------------“) ვ------ ვ-–-----ის (მ-–---–----) სასარგებლოდ დაეკისრა 105 მანეთის გადახდა ყოველთვიურად 1950 წლის 17 ოქტომბრიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში (იხ. სააღსრულებო ფურცელი ტ. 1 , ს.ფ. 30-31). ამასთან როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოსარჩელე ცნობილია პირველი ჯგუფის ინვალიდად მუდმივად (იხ. საპენსიო მოწმობა ტ.1, ს.ფ. 32), შესაბამისად ს- „ს----------–-------------ის“, როგორც ა---------------------------------------–--ს სამართალმემკვიდრის, ვალდებულება ვ------ მ-–---–----სთვის დასახიჩრებით მიყენებული ზიანისთვის სარჩოს ყოველთვიურად გადახდის ვალდებულება უდავო გარემოებას წარმოადგენს. ასევე უდავოა, რომ ვ------ მ-–---–---ს, როგორც პირველი ჯგუფის ინვალიდს, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გაზრდილი აქვს მოთხოვნილებები მისი ტრავმიდან გამომდინარე.

 

დასახიჩრების ხარისხის გათვალისიწნებით, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ თვეში 12 ლარის გადახდა, არ შეიძლება იყოს გონივრული და შესაბამისობაში არსებულ ეკონომიკურ პირობებთან, ამასთან, აღნიშნული თანხა, თვეში - 12 ლარის ოდენობით საარსებო მინიმუმზე 10-ჯერ ნაკლებია, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მოპასუხე მხარის მიერ დადგენილი თანხა (თვეში - 12 ლარი) ვერ იქნება შრომისუნარშეზღუდული ადამიანის მოვლისათვის საკმარისი. პალატა ასევე იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მოსაზრებას, რომ ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა - 105 მანეთის ოდენობით, გადაანგარიშების შემთხვევაში გაცილებით მეტია, ვიდრე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა, თვეში - 105 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სსსკ-ის 248-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა ადეკვატურია ფოთის სახალხო სასამართლოს 1951 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხისა და აპელანტის პოზიცია არ არის გასაზიარებელი. ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა განვლილი პერიოდისთვის დავალიანების დაკისრების თაობაზე.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი - 178,56 ლარი, გადახდილ იქნა წინასწარ, რაც უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს- „ს----------–-------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /ვანო წიკლაური /