განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002214861
საქმე №1ბ/232-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მთავარი პროკურატურის პროკურორ გ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ--------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის: 29.11.1--- წ, პირადი №1----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. ბ-----------------–-----–-------------ში დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით გ--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
გ--------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ე. ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2016 წლის 26 ივლისის შემოსავლების სამსახურის უფროსის Nპ---- ბრძანების საფუძველზე გ--------–-–---–ი დაინიშნა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის’’ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ვალეს’’ ცვლის უფროსის თანამდებობაზე და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე გ--------–-–---–ს ევალებოდა მითითებულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დასაქმებული მებაჟე-ოფიცრების შრომის კოორდინაცია, ხელმძღვანელობა და მებაჟე-ოფიცრის ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებისა, გ--------–-–---–მა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თ------ ს----–---–ისა და გ--------------------–---–ის მიერ უპირატესობის მიღების მიზნით, კერძოდ: 2017 წლის 10 ნოემბერს დაახლოებით 12:30 საათზე გ--------------------–---–ი მისი მართვის ქვეშ მყოფი ,,მერსედეს ბენცის’’ მარკის მსუბუქი ავტომანქანით, სახ. N L--------, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ვალეს’’ გავლით, გ--------–-–---–თან წინასწარი შეთანხმებით, შემოვიდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. აღნიშნული ავტომობილის მიმართ მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული პროგრამის მიერ განისაზღვრა წითელი დერეფანი, რაც გულისხმობდა გადაადგილებული ობიექტის დათვალიერებას. გ--------–-–---–მა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, შეთანხმებისამებრ უზრუნველყო გ--------------------–---–ის მიერ ს.გ.პ. ,,ვალეს’’ გავლა ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად გამოიტანა 100 ცალი მაჯის საათი და 68 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: მთავარი პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---მ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად ლმობიერი, რადან სასჯელის დადგენისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ მოვალეობების დარღვევის ხარისხი და ზოგადად აღნიშნული დანაშაულის საშიშროება ქვეყნის ეკონომიური ინტერესებისათვის. აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმსახურებს უფრო მკაცრს გაკიცხვას ვიდრე პირობითი მსჯავრის დადგენაა და მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს რეალური სასჯელი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ გ--------–-–---–ის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ესენია: მოწმეების მ--------–---–---–ის, გ--–----–----–--ის, გ--------------------–---–ის, ო------–---------–ის გამოკითხვის ოქმები, გ--------–-–---–ის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება, ავტომობილის ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, ამოღებული ობიექტები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი მასალები, ელექტრონულ მონაცემთა ბაზების დათვალიერების ოქმები.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა და მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნებოდა ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, რასაც პალატაც ეთანხმება და მიაჩნია, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მთავარი პროკურატურის პროკურორ გ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გ--------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, ჩამოერთვას საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
გ--------–-–---–ს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 10 ნოემბრიდან - 2018 წლის 25 იანვრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, გ--------–-–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე