განაჩენი

სისხლის სამართლის 14.03.2018
საქმის ნომერი
330100117002151296
ინსტანცია
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117002151296 №1/ბ-72-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ბეატრიჩე პაპანდოპულოვი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ზ------------ე;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - კ------–-----------–---–ი - დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: თბილისი, დ-----------------------------–------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ);

 

სასჯელი:

 

დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

მსჯავრდებულ კ---------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დანიშნული სასჯელი არის მკაცრი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

ბრალდების მხარის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შესაგებლით - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის განაჩენით, კ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ მან ჩაიდინა:

- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაული;

- ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი გარემოებები:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით, კ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 6 თვის ვადით. საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელის ნაწილის, 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის, მოხდა დაუდგინდა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი, საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

პირობით მსჯავრდებულმა კ---------–---–მა, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0547 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მარილი. 2017 წლის 2 ოქტომბერს, კ---------–---–ის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 0,0547 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონის მარილის შემცველი პოლიმერული მასალის კონტეინერში არსებული უფერო, გამჭვირვალე სითხე.

 

ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, კ---------–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ოპიუმის, ამფეტამინის და მეტამფეტამინის უკანონოდ მოხმარების ფაქტი. (ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარებაზე მითითება, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ამოირიცხა ბრალიდან).

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის განაჩენით, კ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით;

 

კ---------–---–ი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ---------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით განსაზღვრული 4 წლით პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 6 წლის ვადით სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და კ---------–---–ს, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

კ---------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

კ---------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, მსჯავრდებულის მიერ განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ---------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ---------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებების (ბრალდებულის აღიარებითი ჩვენების, მოწმეების ჩვენებების, ბრალდებულის ავტომანქანის ჩხრეკისა და დაკავების ოქმების, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების, ქიმიური ექსპერტიზის №9------- - №1------- დასკვნის, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ კ---------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დაენიშნა სასჯელი კ---------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ კ---------–---–ის ნასამართლობა არ წარმოადგენს დამატებით დამამძიმებელ გარემოებას და სასჯელის დანიშვნა 6 წლის ვადით არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით რეციდივის დანიშვნის საფუძვლებიდან, თუმცა, სასჯელის დანიშვნის დროს გასათვალისწინებელია მის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ კ---------–---–მა, სახელმწიფოს მხრიდან ჰუმანური დამოკიდებულების მიუხედავად, გამოსაცდელი ვადის ქვეშ ყოფნის დროს კვლავ ჩაიდინა დანაშაული. ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტმა თავის მხრივ განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის გაუქმება (აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, განაჩენის დადგენის მომენტისთვის კვლავ არსებობდა პირობითი მსჯავრი და კ---------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლს დანაშაულის ჩადენის დროს ახორციელებდა პრობაციის ბიურო). აღნიშნული გარემოებები მიუთითებს მსჯავრდებულის პიროვნებაზე და სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებისთვის მიზანშეუწონელია სანქციის მინიმუმის გამოყენება.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საბოლოო სასჯელის განსაზღვრა მოხდა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კ---------–---–ის პიროვნების და მის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ხასიათის შესაბამისია.

 

პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას, რის გამოც 2017 წლის 7 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ კ---------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 07 დეკემბრის განაჩენი.

 

კ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

კ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობოთ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და კ---------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განაჩენით განსაზღვრული 4 წლით პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

კ---------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

კ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 02 ოქტომბრიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული ნივთიერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე