განაჩენი

სისხლის სამართლის 16.03.2018
საქმის ნომერი
330100114536362
ინსტანცია
თარიღი
16.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114536362

საქმე №1/ბ-163-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ა------–----ე, გ-----------------ე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - რ----–-----–----------ი, დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------------.

 

ადვოკატები - თ----------------ი, თ------------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ).

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით (2013 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ----------------მა და თ------------–---–მა, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოთხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა და რ----–-----–----------ის მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არის მკაცრი, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ მართალია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსი – ჯერ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობით და შემდეგ დეკრიმინალიზაციის სახით ეხება მხოლოდ ,,მარიხუანა“-ს მოხმარებას და არა სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული სხვათა უფლებების დარღვევისკენ, უმიზნო და შესაბამისად გაუმართლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის მიმართ უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა.

 

ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესაგებელი დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით, რ----–-----–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 273-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის დადგენილებით, რ----–-----–----------ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2013 წლის 14 დეკემბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად რ----–-----–----------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება – ოპიუმის ჯგუფის, ბუპრენორფინის, ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენით, რ----–-----–----------ი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 3 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საპატიოდ იქნა მიჩნეული მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 აპრილის განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გაშვება და აღდგენილ იქნა განაჩენის გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა.

 

სააპელაციო სასამართლოში რ----–-----–----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თავად რ----–-----–----------ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციის გათვალისწინებით, მსჯავრდებულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა (მოწმეების: დ----------–---–ის, ლ-–---------იას, ნ-------------------ის, დ---------–-–---–ის, ზ---–----------–--ას ჩვენებები, 2013 წლის 14 დეკემბრის გამოკვლევის №------- დასკვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის დადგენილება და სხვ.), რაც პრეიუდიციად იქნა მიჩნეული სააპელაციო სასამართლოში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც რ----–-----–----------ს დაენიშნა სასჯელი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (საქმე - საქართველოს მოქალაქე ბ.წ. - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), რომლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“–ს შეძენა/შენახვისათვის, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებაზე, რომლის თანახმად, განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის.

 

ზემოაღნიშნული, ასევე სხვა გადაწყვეტილებებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად არ უცვნია სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი ქმედების ან/და სხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის სანქცის განსაზღვრის ნაწილში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ მუხლით პირის მსჯავრდებისას, მის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება და, შესაბამისად, ამ ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის მიერ გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პიროვნების მახასიათებელი კონკრეტული გარემოებები.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე ცალსახად განიმარტა, რომ პირისათვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ჩამდენს უქმნის საფრთხეს, მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისაკენ, უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რ----–-----–----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე საშიშროების შემცველ ქმედებას, რისი გათვალისწინებითაც პალატას მიაჩნია, რომ ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად და მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სანქციით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სასაჯელი - ჯარიმა.

 

მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობის, ასევე მოხმარებული ნარკოტიკული საშუალებების სახეობების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ რ----–-----–----------ისთვის 4500 ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრით შესაძლებელი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და რ----–-----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით. ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრის დროს, პალატა ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან. შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, რ----–-----–----------ი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ----–-----–----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატების თ------------–---–ის და თ----------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

რ----–-----–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 14 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რ----–-----–----------ი, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2017 წლის 04 დეკემბრიდან, 2018 წლის 02 მარტის ჩათვლით) გათვალისწინებით, გათავისუფლდეს დანიშნული სასაჯელის მოხდისაგან.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რ----–-----–----------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, 03 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩვრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ.სანდოძე