განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.02.2018
საქმის ნომერი
330310015691173
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე , დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
16.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310015691173

საქმე №3ბ/2137-16

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

16 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე

მოსამართლეები: ნ---- ქადაგიძე, მანანა ჩოხელი

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო)

წარმომადგენელი - ე---------ე ა---–--–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - გ---- გი----–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - გ------ლ ჩ----ე

 

დავის საგანი - მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

 

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ---- გი----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 (ერთი) ლარის ოდენობით. გ---- გი----–---–ის მოთხოვნა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

3. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია, რომ გ---- გი----–---–ი წარმოადგენს კ---ის რაიონ, სოფელ ა------ში მდებარე 50000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №6-----------) მესაკუთრეს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - №--- სერთიფიკატი, დამოწმების თარიღი - 01/05/2010, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

 

გ---- გი----–---–ი ასევე წარმოადგენს კ---ის რაიონ, სოფელ ა------ში მდებარე 310000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №6-----------) მესაკუთრეს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - №--- სერთიფიკატი, დამოწმების თარიღი 01/05/2010.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან.

 

3.1.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 26 ნოემბრის №3--- ბრძანებით გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორებს დაევალათ შპს „პ---------ი 2005“-ის ქონების დაყადაღება.

 

2008 წლის 5 დეკემბერს შედგა შპს „პ---------ი 2005“-ის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი, რომელშიც მითითებულია 6100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწა, 3000 კვ.მ. ღორღი, 1000 კვ.მ. ბალასტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 26 ნოემბრის №3--- ბრძანება.

- 2008 წლის 5 დეკემბრის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი.

 

3.1.3. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის ბრძანებით საქმეზე №3/-----9 დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა შპს „პ---------ი 2005“-ის საბიუჯეტო დავალიანების მიზნით 2008 წლის 5 დეკემბერს აღწერილი და დაყადაღებული, კ---ის რაიონში, სოფელ ა------ში მდებარე ქონების რეალიზაციის თაობაზე.

 

აღნიშნული ბრძანების აღსასრულებლად 2010 წლის 22 ივლისს გაცემულია გორის რაიონული სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის ბრძანება საქმეზე №3/-----9;

- 2010 წლის 22 ივლისის სააღსრულებო ფურცელი.

 

3.1.4. 2010 წლის პირველ მაისს გ---- გი----–---–ის სახელზე გაცემულია გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ №--- სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ მან 2010 წლის 13 აპრილს გამართულ აუქციონზე შეიძინა შპს „პ---------ი 2005“-ის უძრავი ქონება მდებარე კ---ის რაიონში, სოფელ ა------ში - 3100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2010 წლის პირველი მაისის სერტიფიკატი №---.

 

3.1.5. შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 9 აგვისტოს №2---------- წერილით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სათანადო რეაგირებისთვის გადაეგზავნა შპს „პ---------ი 2005“-ის ქონებაზე ყადაღის დადების მასალები. ამასთან, განმარტებულია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს გამართულ ღია აუქციონებზე რეალიზებულია შპს „პ---------ი 2005“-ის ყადაღადადებული ქონების ნაწილი და აღნიშნულიდან გამომდინარე, იგზავნებოდა ყადაღადადებული ქონების სარეალიზაციოდ დარჩენილი ნაწილი დანართი №1-ის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 9 აგვისტოს №2---------- წერილი.

 

3.1.6. 2011 წლის 18 აგვისტოს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებული იქნა A-------- განცხადება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ შპს „პ---------ი 2005"-ის საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის მიზნით საწარმოს 2008 წლის 5 დეკემდერს აღწერილი და დაყადაღებული, კ---ის რაიონ, სოფელ ა------ში მდებარე ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაცია მოითხოვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადების მიღების ბარათი.

 

3.1.7. 2013 წლის 22 მარტს გ---- გი----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს და მოითხოვა საკუთრებაში არსებულ 3600 კვ.მ. მიწაზე არსებული შემოსავლების სამსახურის ქონების (დამტვრეული ქვა 2000 კვ.მ. და 1000 კვ.მ. ღორღი) შენახვაზე ქირის გადახდა, ყოველ ერთ კვადრატულ მეტრზე - ერთი ლარი, ყოველთვიურად სამი წლის გაანგარიშებით, რაც შეადგენს 129600 ლარს. ასევე აღნიშნა, რომ მითითებულის გამო, მიწაზე ვერ აწარმოებს სამეწარმეო საქმიანობას, შედეგად, ვერ მიიღო შემოსავალი და დაზარალდა 200000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 22 მარტის განცხადება.

 

3.1.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 27 მარტის №2---------- მიმართვით, გ---- გი----–---–ს, 2013 წლის 25 მარტს განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე მის მიერ შეძენილი უძრავი ქონებები საკადასტრო კოდით 6----------- და 6----------- წარმოადგენდა შპს „პ---------ი 2005“-ის ყადაღადადებულ ქონებას. შპს „პ---------ი 2005“-ის რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ყადაღადადებული ქონება შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ---- გი----–---–ს განემარტა, რომ განცხადებაში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით უნდა მიემართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 27 მარტის №2---------- მიმართვა.

 

3.1.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 25 აპრილის №3---- მიმართვით გ---- გი----–---–ს №---- წერილის პასუხად, სადაც ითხოვდა ინფორმაციას, თუ ვის მიერ არის დაყადაღებული და ვის სასარგებლოდ უნდა განხორციელდეს შპს „პ---------ი 2005“-ის ქონების აუქციონზე რეალიზაცია, როდის მოხდა აღნიშნული ქონების სარეალიზაციოდ გადაცემა, ეცნობა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, სააღსრულებო საქმის მასალების და ინფორმაციის მიღების უფლება აქვთ სააღსრულებო წარმოების მხარეებს, ხოლო ამავე კანონის მე-151 მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან გ---- გი----–---–ი არ არის შპს „პ---------ი 2005“-თან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოების მხარე, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას უპასუხოს დასმულ კითხვებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის 25 აპრილის №3---- მიმართვა.

 

3.1.10. 2014 წლის 23 ოქტომბერს გ---- გი----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსს და განმარტა, რომ 2010 წელს აუქციონზე შეიძინა კ---ის რაიონ, სოფელ ა------ში მდებარე 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 31000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც ყრია შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული დამტვრეული ქვა და ქვის ღორღი. გ---- გი----–---–მა მიუთითა, რომ მიწებს საწარმო საქმიანობისთვის ვერ იყენებს და მოითხოვა აღნიშნულის გათვალისწინება და შესაბამისი თანხის გადახდა, ამასთან, უმოკლეს ვადაში მიწის განთავისუფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 23 ოქტომბრის განცხადება.

 

3.1.11. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის №2---------- მიმართვით, გ---- გი----–---–ს, 2014 წლის 23 ოქტომბრის განცხადების პასუხად, ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე მის მიერ შეძენილი უძრავი ქონებები საკადასტრო კოდით 6----------- და 67.07.019.023 წარმოადგენდა შპს „პ---------ი 2005"-ის ყადაღადადებულ ქონებას. შპს „პ---------ი 2005"-ს ყადაღა დაედო გორის საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 26 ნოემბრის №3--- ბრძანების საფუძველზე, რაზედაც 2008 წლის 5 დეკემბერს შედგენილ იქნა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ აქტი. აღნიშნული აქტის №24 და №25 პოზიციებზე მითითებულია ღორღი და ბალასტი. შემოსავლების სამსახურის მიერ ღია აუქციონზე რეალიზებულ იქნა შპს „პ---------ი 2005"-ის ქონების ნაწილი, ხოლო რეალიზაციის გარეშე დარჩენილი შპს „პ---------ი 2005"-ის ყადაღადადებული ქონება შემდგომი რეალიზაციისთვის გადაგზავნილია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს უნდა მიემართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის №2---------- მიმართვა.

 

3.1.12. 2014 წლის 12 ნოემბერს გ---- გი----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს, რომლითაც შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2014 წლის 24 ოქტომბრის №----------- წერილის გაუქმება და შემოსავლების სამსახურისათვის ზიანის ანაზღაურების დავალება ან ზიანის საფასურში მის მიწის ნაკვეთზე დაყრილი ქვა-ღორღის მისთვის გადაცემა მოითხოვა.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის №5---- ბრძანებით გ---- გი----–---–ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 4 დეკემბრის №5---- ბრძანება.

 

3.1.13. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 12 ივნისის №4---- წერილის მიხედვით, განხილულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გადაგზავნილი გ---- გი----–---–ის 2013 წლის 14 მაისის განცხადება. შიდა ინსპექტირების სამსახურში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, აღმასრულებელ მ-----მ ყ------–-–---–ისა და ა----ლ მ----–---–ის მიმართ სააღსრულებო წარმოების გაჭიანურების გამო გამოყენებულ იქნა შესაბამისი ზომები, ხოლო აღმასრულებელ ნათია ბერიკაშვილის ქმედებებში რაიმე დარღვევები აღმოჩენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2013 წლის 12 ივნისის №4---- წერილი.

 

3.1.14. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 მარტის №2---8 წერილით გ---- გი----–---–ს, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურში შესულ №5265 განცხადებასთან დაკავშირებით, ეცნობა, რომ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადასტურებული იქნა აუქციონის კანონით დადგენილ ვადაში ჩაუტარებლობის ფაქტი, რაზეც აღმასრულებელ ე. ჯ-----–---–ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესახებ ეცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, შესაბამისი სახდელის განსაზღვრის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 მარტის №2---8 წერილი.

 

3.1.15. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 21 აპრილის №3---- წერილით გ---- გი----–---–ს, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურში შესულ №---- განცხადებასთან დაკავშირებით, ეცნობა, რომ შიდა ინსპექტირების სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადასტურებული იქნა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი პირის - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და მის მიმართ გამოყენებული იქნა შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა, რაც შეეხება პრეტენზიას აღმასრულებლის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე, შიდა ინსპექტირების სამსახური მოკლებულია საშუალებას იმსჯელოს აღნიშნულთან დაკავშირებით. მხარეს განემარტა, რომ სათანადო მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, შეეძლო, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებოსთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 21 აპრილის №3---- წერილი.

 

3.1.16. შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 17 მარტის მიმართვის მიხედვით, ბიუროს წარმოებაშია A-------- სააღსრულებო საქმე (კრედიტორი-შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექცია, მოვალე-შპს „პ---------ი 2005“). აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველსაყოფად 18.07.2011 წ - 26.07.2011 წ. ჩატარებულ იქნა პირველი განმეორებითი იძულებითი აუქციონი, რომელზედაც სხვა ლოტებთან ერთად გამოტანილი იყო ლოტი №12 (34821) - 3000 კბ/მ ღორღი და ლოტი №13 (34846) 1000 კბ/მ ბალასტი. 2011 წლის სექტემბრის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ელეტრონული საქმისწარმოების პროგრამის ხარვეზებით მუშაობის გამო, მოხდა სააღსრულებო საქმეებში აღნიშნულ პერიოდში შეტანილი მონაცემების წაშლა. მოგვიანებით მოძიებული აუქციონის შედეგების მიხედვით გარკვეულ იქნა, რომ აღნიშნული ლოტების რეალიზაცია არ მომხდარა.

 

მიმართვით საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს ეთხოვა, ეცნობებინა მომსახურების სააგენტოში ხომ არ იყო (ან არის) შემოსული შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მომართვა შესაბამისი დოკუმენტაციით ზემოაღნიშნული მოძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემაზე.

 

საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის პასუხის თანახმად, ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე 2011 წელს შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოცხადებული აუქციონის (ლოტი №12 (34821) და ლოტი №13 (34846)) მსვლელობისას არ დაფიქსირებულა არცერთი ბიჯი და აღნიშნული აუქციონის სტატუსი შესაბამის ლოტებთან მიმართებაში არის არშემდგარი. ასევე, 2015 წლის მარტის მდგომარეობით აღნიშნული აუქციონი არ არის ხელმეორედ გამოცხადებული. ამასთან, სააღსრულებო ბიუროდან არ არის შესული დოკუმენტაცია მიმართვაში აღნიშნული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 17 მარტის მიმართვა;

- საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 20 მარტის წერილი.

 

3.1.17. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 მაისის №1--- ბრძანების შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2015 წლის 22 აპრილის №3---- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, განიხილა ამავე ბიუროს წარმოებაში არსებული №A-------- სააღსრულებო საქმის ფარგლებში, მოძრავ ქონებაზე (3000 კუბური მეტრი ღორღი და 1000 კუბური მეტრი ბალასტი) აუქციონების დანიშვნის თაობაზე აღმასრულებლის მოქმედებებისა და ჩატარებული აუქციონების შედეგების გაუქმების საკითხი და გადაწყვიტა: „1. გაუქმდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ---- ხ------–---–ის 2011 წლის 23 ივნისის №A---------010/001 განკარგულება 3000 კუბური მეტრი ღორღის და 1000 კუბური მეტრი ბალასტის მიმართ აუქციონის დანიშვნის თაობაზე; 2. გაუქმდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ---- ხ------–---–ის მოქმედებები მოძრავ ქონებაზე (3000 კუბური მეტრი ლორღი): 2.1. 2011 წლის 4 ივლისს პირველი აუქციონის გამოცხადებაზე და აუქციონის შედეგი (აუქციონი №1100; ლოტი №12); 2.2. 2011 წლის 18 ივლისს პირველი განმეორებითი აუქციონის გამოცხადებაზე და აუქციონის შედეგი (აუქციონი №1100; ლოტი №12); 3. გაუქმდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს – შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ---- ხ------–---–ის მოქმედებები მოძრავ ქონებაზე (1000 კუბური მეტრი ბალასტი): 3.1. 2011 წლის 4 ივლისს პირველი აუქციონის გამოცხადებაზე და აუქციონის შედეგი (აუქციონი №1100; ლოტი №13); 3.2. 2011 წლის 18 ივლისს პირველი განმეორებითი აუქციონის გამოცხადებაზე და აუქციონის შედეგი (აუქციონი №1100; ლოტი №13).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 4 მაისის №1--- ბრძანება.

 

3.1.18. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 5 მაისის №Α---------------- განკარგულებით, ვინაიდან პირველი განმეორებით აუქციონზე არ გამოვლინდა გამარჯვებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში, მოვალის შპს „პ---------ი 2005"-ის საკუთრებაში რიცხული ქონება: ბალასტი (სამშენებლო მასალა 1000 კბ.მ, ლოტი №13522) - ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში; ასევე, ღორღი (სამშენებლო მასალა 3000 კბ.მ, ლოტი №13518) - ნატურით გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 5 მაისის №Α---------------- განკარგულება.

 

4. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება)

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე Nბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვერ შეძლო შეძენილი ქონების სურვილისამებრ გამოყენება, რადგან მიწაზე რამდენიმე წლის განმავლობაში განთავსებული იყო ღორღი და ბალასტი.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია ქონების აუქციონზე გატანისა და მისი რეალიზაციის წესები და ვადები. სადავო პერიოდში მოქმედი მითითებული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, აღმასრულებელი ატარებს აუქციონს ყადაღადადებული ქონების შეფასებიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო 77-ე მუხლის პირველი პუქნტის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე ან ამ კანონის 761-ე მუხლით გათვალისწინებული წესით არ მოხდა ნივთის რეალიზაცია, მაშინ აღმასრულებელი პირველი აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში ატარებს განმეორებით აუქციონს. ამდენად, სააღსრულებო ფურცლის წარდგენის შედეგად იწყება რა სააღსრულებო საქმის წარმოება, სწორედ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ევალება, მოახდინოს სააღსრულებო ფურცელში მითითებული ქონების აუქციონზე გატანა და გასხვისება კანონით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ 2008 წლის 5 დეკემბერს შედგა შპს „პ---------ი 2005“-ის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი, რომლითაც დაყადაღებულ ქონებას ასევე მიკუთვნება - 6100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწა, 3000 კვ.მ. ღორღი, 1000 კვ.მ. ბალასტი. გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის ბრძანებით (საქმე №3/-----9) დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა შპს „პ---------ი 2005"-ის საბიუჯეტო დავალიანების მიზნით 2008 წლის 5 დეკემბერს აღწერილი და დაყადაღებული, კ---ის რაიონ, სოფელ ა------ში მდებარე ქონების რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნულზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და სსიპ შემოსავლების სამსახურმა აუქციონზე ქონების რეალიზაციის მოთხოვნით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს. შედეგად, გ---- გი----–---–მა შეიძინა კ---ის რაიონში, სოფელ ა------ში მდებარე 50000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 310000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თუმცაღა მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული შპს „პ---------ი 2005"-ის კუთვნილი ღორღი და ბალასტი. 18.07.2011 წ. - 26.07.2011 წ. ჩატარებულ იქნა პირველი განმეორებითი იძულებითი აუქციონი, რომელზედაც სხვა ლოტებთან ერთად გამოტანილი იყო ლოტი №12 (34821) - 3000 კბ/მ ღორღი და ლოტი №13 (34846) 1000 კბ/მ ბალასტი. 2011 წლის სექტემბრის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ელეტრონული საქმისწარმოების პროგრამის ხარვეზებით მუშაობის გამო, მოხდა სააღსრულებო საქმეებში აღნიშნულ პერიოდში შეტანილი მონაცემების წაშლა. მოგვიანებით მოძიებული აუქციონის შედეგების მიხედვით გარკვეულ იქნა, რომ აღნიშნული ლოტების რეალიზაცია არ მომხდარა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალით დადასტურებულ იქნა აუქციონის კანონით დადგენილ ვადაში ჩაუტარებლობის ფაქტი, რაზეც აღმასრულებელ ე. ჯ-----–---–ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შესახებ ეცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს შესაბამისი სახდელის განსაზღვრის მიზნით. შიდა ინსპექტირების სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულ იქნა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი პირის - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და მის მიმართ გამოყენებულ იქნა შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა. შესაბამისად, მართალია, დღეის მდგომარეობით, აღსრულების პროცესი დასრულებულია, თუმცა დადგენილია, რომ აუქციონი არ გაიმართა კანონით დადგენილი ვადის დაცვით და შედეგად, წლების განმავლობაში მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ სათანადოდ ესარგებლა საკუთრებით.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ზიანის მიმყენებელი ქმედება შეიძლება გამოხატულ იქნეს არა მარტო აქტიურ მოქმედებაში, არამედ უმექმედობაშიც. უმოქმედობა მართლსაწინააღმდეგოა, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ მოვალეობებს, არ ახორციელებს სავალდებულო მოქმედებას. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც განზრახი, ისე გაუფრთხილებელი ქმედებით გამოწვეული ზიანი. გაუფრთხილებლობა კი გამოიხატება აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნათა დარღვევაში. ამასთან, მოქმედებს ზიანის მიმყენებლის ბრალულობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ ზიანის მიმყენებელი ითვლება ბრალეულად, თუ ვერ დაადასტურებს ბრალის არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო ბიურომ ვერ უზრუნველყო მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება. აღნიშნული დადასტურებულია თავად აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებით, როცა დადასტურებულად იქნა მიჩნეული სააღსრულებო წარმოების ვადაში ჩაუტარებლობა და გამოვლინდა პასუხისმგებელ პირთა მხრიდან გადაცდომის ფაქტები. ამდენად, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროულმა და ჯეროვანმა შეუსრულებლობამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე გ---- გი----–---–ის მიწის ნაკვეთზე წლების განმავლობაში იყო განთავსებული ქვა-ღორღი და არ მოხდა მასზე დროული აღსრულება. რაც შეეხება, სსიპ შემოსავლების სამსახურს, მას არ ევალებოდა მოეხდინა აღნიშნული მოძრავი ნივთების გატანა ან რეალიზაცია და აღნიშნულის კომპეტენცია სწორედ სააღსრულებო ბიუროს გააჩნდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. „საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის N 1/51 გადაწყვეტილება).

 

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება დაცული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საკუთრების უფლება ვლინდება პირის უფლებაში, - ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს საკუთრებაში არსებულ ქონებას, კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. ამასთან, ცალსახაა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, გ---- გი----–---–ს შეეზღუდა საკუთრების უფლება, კერძოდ კი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული ქვა-ღორღის გამო იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას, რომ სურვილისამებრ განეკარგა და ესარგებლა მიწის ნაკვეთებით. ამდენად, დადგენილია მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ზიანი გამოწვეულ იქნა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უმოქმედობით, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კანონით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, რასაც პირისთვის ზიანის მიყენება მოჰყვებოდა შედეგად, არ დასტურდება.

 

რაც შეეხება, ზიანის ოდენობას, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული 1 (ერთი) ლარი სიმბოლური ხასიათის მატარებელია და ის, რომ მოსარჩელეს საკუთარ ნაკვეთზე სხვისი საკუთრების განთავსების შედეგად, წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთების სურვილისამებრ გამოუყენებლობით, მიადგა ერთი ლარის ზიანი არ საჭიროებს განსაკუთრებულ მტკიცებას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გ---- გი----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

 

5. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გ---- გი----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საარსრლებო ბიუროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზრაურება 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ ზ/აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები. კერძოდ, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე 208-ე მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის დელიქტური ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე შესაძლებელია პირს უნაზღაურდეს მიყენებული ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 408-ე 415-ე მუხლების მიხედვით ზიანი ანაზღაუდება თუ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი სამართლებრივი წინაპირობების არსებობა: ზიანის ფაქტი და ოდენობა, როგორც ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისის, ისე მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს ანუ უნდა არსებობდეს ქმედებასა (უმოქმედობას) და შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის და აუცილებელია კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის. მოპასუხის მიერ ჩადენილი ქმედების ან უმოქმედობის ბრალად შერაცხვისათვის მოპასუხის ქმედება უშუალო კავშირში უნდა იყოს დამდგარ შედეგთან - ზიანთან. მოცემულ შემთხვევაში, კი მოსარჩელის მიერ მითითებულ მოვლენებს შორის არსებობს მხოლოდ ისეთი მიზეზობრივი კავშირი, როდესაც ერთი ქმედება შესაძლოა ნაკარნახევი იყოს და გამომდინარეობდეს წინარე ქმედებისაგან, მაგრამ უშუალოდ მისგან გამოწვეული არ იყოს და სახეზე იყოს მოვლენათა შემთხვევითი დამთხვევა, რაც ზიანის ანაზღაურების საკმარის კანონიერ საფუძველს არ იძლევა.

 

აღსრულების ეროვნული ბიურო ვერ გაიზიარებს სასამართლოს მსჯელობას, თითქოს აღმასრულებლის უმოქმედობით მიადგა მოსარჩელეს ზიანი, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება რომ აღმასრულებლის მიერ გატარდა კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.

 

6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

6.1. სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

6.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება თბილისის საქალაო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტი ვერ მიუთითებს რაიმე სახის მტკიცებულებაზე, ვერ ასაბუთებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით და შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს საპელაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებებს და დამატებით მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების დავალებისას სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი, და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2008 წლის 5 დეკემბერს შედგა შპს „პ---------ი 2005“-ის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი, რომლითაც დაყადაღებულ ქონებას ასევე მიკუთვნება - 6100 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწა, 500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწა, 3000 კვ.მ. ღორღი, 1000 კვ.მ. ბალასტი.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის ბრძანებით (საქმე №3/-----9) დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობა შპს „პ---------ი 2005"-ის საბიუჯეტო დავალიანების მიზნით 2008 წლის 5 დეკემბერს აღწერილი და დაყადაღებული, კ---ის რაიონ, სოფელ ა------ში მდებარე ქონების რეალიზაციის თაობაზე. აღნიშნულზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და სსიპ შემოსავლების სამსახურმა აუქციონზე ქონების რეალიზაციის მოთხოვნით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს.

 

გ---- გი----–---–მა შეიძინა კ---ის რაიონში, სოფელ ა------ში მდებარე 50000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 310000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, თუმცაღა მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებული იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული შპს „პ---------ი 2005"-ის კუთვნილი ღორღი და ბალასტი.

 

18.07.2011 წ. - 26.07.2011 წ. ჩატარებულ იქნა პირველი განმეორებითი იძულებითი აუქციონი, რომელზედაც სხვა ლოტებთან ერთად გამოტანილი იყო ლოტი №12 (34821) - 3000 კბ/მ ღორღი და ლოტი №13 (34846) 1000 კბ/მ ბალასტი.

 

2011 წლის სექტემბრის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ელეტრონული საქმისწარმოების პროგრამის ხარვეზებით მუშაობის გამო, მოხდა სააღსრულებო საქმეებში აღნიშნულ პერიოდში შეტანილი მონაცემების წაშლა. მოგვიანებით მოძიებული აუქციონის შედეგების მიხედვით გარკვეულ იქნა, რომ აღნიშნული ლოტების რეალიზაცია არ მომხდარა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალით დადასტურებულია აუქციონის კანონით დადგენილ ვადაში ჩაუტარებლობის ფაქტი, რაზეც აღმასრულებელ ე. ჯ-----–---–ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების შესახებ ეცნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს შესაბამისი სახდელის განსაზღვრის მიზნით. შიდა ინსპექტირების სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადასტურებულ იქნა სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი პირის - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ფაქტი და მის მიმართ გამოყენებულ იქნა შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა.

 

განსახილველ შემთხვევაში, გ---- გი----–---–ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვერ შეძლო შეძენილი ქონების სურვილისამებრ გამოყენება, რადგან მიწაზე რამდენიმე წლის განმავლობაში განთავსებული იყო ღორღი და ბალასტი.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას და აღნიშნავს - ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, აღსრულების პროცესი დასრულებულია, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ აუქციონი არ გაიმართა კანონით დადგენილი ვადის დაცვით, რის შედეგადაც, წლების განმავლობაში მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას სათანადოდ ესარგებლა საკუთრებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას დადასტურებულად მიაჩნია, მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. ამასთან, აღნიშნული ზიანი გამოწვეულ იქნა მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უმოქმედობით.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

7.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს (შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე

 

მოსამართლეები ნ---- ქადაგიძე

 

მანანა ჩოხელი