განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2018
საქმის ნომერი
330210015001197644
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001197644

საქმე №2ბ/419-17

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი, 2018 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები - ეკატერინე ცისკარიძე, ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი – ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - შ-- ,,დ--’’

წარმომადგენელი - რ----------------–---–-----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----ი’’

წარმომადგენელი - ლ---------------–ია

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. 2014 წლის 02 ოქტომბერს სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----სა’’ და შ--

,,დ---ს“ შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება N1-------.

 

2. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა ხელმოწერით გაიცა დაზღვევის პოლისი N----------, რომლითაც შ-- „დ---ს“ მიერ დაზღვეული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით J------.

 

3. ს------------- პრემიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა 3812 აშშ დოლარით, რომლის გადახდაც უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 06 ოქტომბრიდან 2015 წლის 06 სექტემბრამდე, ყოველთვიურად 317.67 აშშ დოლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხის მხრიდან ჯამში გადახდილ იქნა 1906.02 აშშ დოლარი. მოპასუხე შ-- ,,დ--“-ს ს------------- პრემია მარტის თვის შემდეგ არ გადაუხდია და მისი დავალიანება შეადგენს 1905.98 აშშ დოლარს. ხოლო აპრილის პრემიის თანხა შეადგენს 317.67 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს - 103.32 აშშ დოლარს.

 

5. დაზღვეული ავტომობილი გასხვისებული იქნა მოპასუხის მიერ 2015 წლის 13 აპრილს;

 

6. სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----მა’’ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა :

 

6.1. შ-- ,,დ---სათვის“ სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-–-----ის’’ სასარგებლოდ ს------------- პრემიის - 1905.98 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება;

 

6.2 . შ-- ,,დ---სათვის“ სს ,,ს------------- კ-------- ჯ--------- ჰ---–-----ის’’ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს ( 2015 წლის 11 ივლისიდან 2015 წლის 22 დეკემბრამდე პერიოდისათვის - 624.84 აშშ დოლარის ოდენობით ) გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 02 ოქტომბერს სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----სა’’ და შ-- ,,დ---ს“ შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება N1-------, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მზღვეველის თანხმობა, დამზღვევის მიერ პრემიის სრულად, ან პირველადი შენატანის გადახდის და პოლისში შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დაცვის სანაცვლოდ გაეწია დამზღვევისთვის, მის მიერ მიღებული ს------------- წესების დაზღვევის პირობების, წინამდებარე ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქონებრივი/პასუხისმგებლობის ინტერესების დასაცავად ს------------- მომსახურება.

 

დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა ხელმოწერით გაიცა დაზღვევის პოლისი N----------, რომლითაც შ-- „დ---ს“ მიერ დაზღვეული იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით J------. სადაზღვევო პრემიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა 3812 აშშ დოლარით, რომლი გადახდაც უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 06 ოქტომბრიდან 2015 წლის 06 სექტემბრამდე, ყოველთვიურად 317.63 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხის მხრიდან ჯამში გადახდილ იქნა 1906.02 აშშ დოლარი, ხოლო მისი დავალიანება შეადგენს 1905.98 აშშ დოლარს, რომელიც, მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, არ გადახდილა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2.3. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადასახდელი პრემიის თანხის 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულია 2015 წლის 11 ივლისიდან სარჩელის წარმოდგენის დღემდე - 2015 წლის 22 დეკემბრამდე და შეადგენს 624.84 აშშ დოლარს.

 

შესაბამისად, მოსარჩელე მოითხოვს, დაეკისროს მოპასუხეს პრემიის თანხის 1905.98 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 624.84 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სადაზღვევო პრემიის -317.67 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 103.32 აშშ დოლარის ნაწილში და მიუთითა, რომ 2015 წლის 3 აპრილის მერე აღარ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდა იმ მიზეზით, რომ მხარეებს შორის შეწყდა ხელშეკრულება და ამის თაობაზე მან აცნობა მოსარჩელეს. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ არ არსებობს ძირითადი დავალიანება, რის გამოც არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც და გარდა ამისა, განმარტა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია. ამასთან, 2016 წლის 24 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სადაზღვევო პრემიის ერთი თვის ოდენობის - 317.67 აშშ დოლარისა და ამ თანხის პროპორციული პირგასამტეხლოს - 103.32 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

8.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება N1------- არ შეწყვეტილა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ ელექტრონული წერილი, რომლის მეშვეობითაც შ-- ,,დ---მ“ სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----ს’’ აცნობა ავტომანქანის გასხვისების შესახებ, წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, რამდენადაც საქმეზე თანდართული ელექტრონული მიმოწერის თანახმად, ბუნდოვანია მოპასუხე მხარის ნება, თუ რა სახის შედეგის დადგომა სურდა მას - ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ დაზღვევის საგნის ჩანაცვლება, ამასთან მნიშვნელოვანია იმის განმარტებაც, რომ თავად ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის მოშლას ავტომანქანის გასხვისების გამო და აღნიშნული არც ზოგადად მიიჩნევა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მითითებული ფაქტობრივი გარემოება და მხოლოდ ის განმარტება, რომ მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერით არსებობდა შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად.

 

8.2 სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება განეკუთვნება ე.წ. რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას. მხარეთა უფლება–მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ. ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ - სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც. ის გარემოება, რომ მზღვეველის მოვალეობა წარმოიშობა არა მხარეთა შეთანხმების, არამედ პრემიის გადახდის მომენტიდან, დაზღვევის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს და აქცევს მას რეალურ ხელშეკრულებად (სსკ 816–ე მუხლი).

 

როგორც საქმის მასალებით იქნა დადგენილი, 2014 წლის 02 ოქტომბერს სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----სა’’ და შ-- ,,დ---ს“ შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება N1-------, რომლითაც განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევა. ამავე პოლისებით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა, თვეში 317.67 აშშ დოლარის ოდენობით. დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1905.98 აშშ დოლარს, რომელიც გადასახდელად უნდა დაეკისროს შ-- ,,დ---ს“.

 

8.3 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებელია ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2.3. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრება პირგასამტეხლო დარჩენილი გადასახდელი პრემიის თანხის 0.2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირაგსამტეხლო დაანგარიშებულია 2015 წლის 11 ივლისიდან სარჩელის წარმოდგენის დღემდე - 2015 წლის 22 დეკემბრამდე და შეადგენს 624.84 აშშ დოლარს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი ფორმა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლიდან გამომდინარე სავალდებულო წესითაა გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირაგსამტეხლო დაანგარიშებულია 2015 წლის 11 ივლისიდან სარჩელის წარმოდგენის დღემდე - 2015 წლის 22 დეკემბრამდე და შეადგენს 624.84 აშშ დოლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში დავალიანების თანხის თანაზომიერია, თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე შ-- ,,დ---ს“ წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, სადაზღვევო პრემიის ერთი თვის ოდენობის - 317.67 აშშ დოლარის და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 103.32 აშშ დოლარის ნაწილში, რაც აღნიშნული თანხის გადახდის უპირობოდ დაკისრების საფუძველია.

 

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ-- ,,დ---მა’’. აპელანტის განმარტებით:

 

9.1 სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 833-ე მუხლის თანახმად, თუ დაზღვეული ქონება გასხვისდა, მაშინ დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადადის შემძენზე. გარდა ამისა, 2014 წლის 02 ოქტომბრის სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში N1-------, კერძოდ, 3.2 პუნქტში მითითებულია, რომ ,,დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი პოლისის ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, ,,დამზღვევი’’ ვალდებულია წერილობით შეატყობინოს ,,მზღვეველს’’ ხელშეკრულების მოშლის ან პოლისის გაუქმების შესახებ ერთი თვით ადრე’’. მიუხედავად იმისა, რომ აპელანტმა 2014 წლის 02 ოქტომბრის ხელშეკრულება სადაზღვევო მომსახურების შესახებ N1------- შეწყვიტა დაზღვეული ავტომობილის გასხვისების გამო და ამის შესახებ ს------------- კ--------ს აცნობა 2015 წლის 24 აპრილს, სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და აპელანტს დააკისრა ხელშეკრულების სრული ღირებულება, კერძდ, სადაზღვევო პრემიის გადახდა 2015 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით.

 

9.2 აპელანტის განმარტებით, დაზღვევის საგნის ჩანაცვლებაც და ხელშეკრულების შეწყვეტაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი და იგივე შედეგის მომტანია მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 02 ოქტომბრის დაზღვევის ხელშეკრულებისათვის 1-------, რადგან დაზღვევის საგნის ჩანაცვლებას არ იცნობს საქართველოს კანონმდებლობა და მხარეთა შეთანხმებით უნდა მომხდარიყო არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ხელშეკრულების დადება. აქედან გამომდინარე, მხარის ნება აშკარა და ნათელია, შ-- ,,დ---ის’’ დაზღვეული საგნის გასხვისების გამო სურდა დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტა. ამის დასადასტურებლად, აპელანტმა სასამართლოს წარუდგინა როგორც მხარეთა ელექტრონული მიმოწერა, ასევე შ-- ,,დ---ის’’ განცხადება, სადაც აპელანტი უთითებდა, რომ ავტომობილის გასხვისების გამო სურდა ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

9.3 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს მის მოშლას ავტომანქანის გასხვისების გამო და აღნიშნული არ მიიჩნევა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ დასაბუთებას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 833-ე მუხლი ითვალისწინებს დაზღვეული საგნის გასხვისების შედეგებს, სადაც მითითებულია, რომ თუ დაზღვეული ქონება გასხვისდა, მაშინ დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადადის შემძენზე. ამავე კოდექსის 835-ე მუხლის თანახმად კი, მზღვეველს უფლება აქვს ხელშეკრულების მოშლის ერთთვიანი ვადის დაცვით შეწყვიტოს სადაზღვევო ურთიერთობა შემძენთან. აპელანტი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებს თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტას სადაზღვევო საგნის გასხვისების გამო, კანონით გათვალისწინებულია სადაზღვევო საგნის გასხვისების შედეგები და ამ შედეგების დადგომა არ არის დამოკიდებული მხარეთა შეთანხმებაზე: სადაზღვევო ხელშეკრულება მზღვეველსა და ძველ მესაკუთრეს შორის შეწყდა მას შემდეგ, რაც მზღვეველს ეცნობა დაზღვეული საგნის გასხვისების შესახებ. ძველი მესაკუთრის უფლებები და ვალდებულებები გადავიდა ახალ შემძენზე და შესაბამისად, მზღვეველს მოთხოვნა შესაძლებელია ჰქონდეს ახალ მესაკუთრესთან .

 

9.4 გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო ასევე უთითებს , რომ მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერის საფუძველზე არსებული შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტაზე, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ეს დასაბუთება, აპელანტის განმარტებით, მიუთითებს სწორედ იმ ფაქტზე, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის საფუძველზე, რადგან მხარეთა შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტის დასადასტურებლად აპელანტის მიერ წარდგენილი იყო როგორც ამავე მხარეებს შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა . ასევე აპელანტის განცხადება, სადაც აშკარად არის გამოვლენილი ,მხარის ნება, რომ სურს ხელშეკრულების შეწყვეტა და ასევე აცნობებს მზღვეველს, დაზღვეული საგნის გასხვისების შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ შეესაბამება სამართლის ზოგად პრინციპებს და დაუსაბუთებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

10. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების 1,2,3,4, პუნქტები და მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ ყოფილა გამოკვლეული, ამასთან საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მიეცა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სასამართლოს მიერ გაკეთდა არასწორი სამართლებრივი დასკვნები და საბოლოოდ მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

 

პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლს, რომლოის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემულ შემთხვევაში, სს „ს------------- კ-------- ჯ------------–-----ს“ როგორც „მზღვეველსა“ და შ-- „დ---ის“, როგორც „დამზღვევს“ შორის დადებული ხელშეკრულება არის დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც თავის მხრივ, რეალურ ხელშეკრულებათა კატეგორიას განეკუთვნება და ამავდროულად, წარმოადგენს ორმხრივად მავალდებულებელ გარიგებას. კერძოდ, ერთი მხრივ, დამზღვევის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა სადაზღვევო პრემიის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადახდა და, მეორე მხრივ, მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულება. მოცემული დავის გადასაწყვეტად, პალატა მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, რელევანტურია იმის დადგენა, შეწყდა თუ არა სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ე. ი 2015 წლის 06 სექტემბრამდე, მზღვეველსა და დამზღვევს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება N1------- არ შეწყვეტილა იმ საფუძვლით, რომ ელექტრონული წერილით ვერ დგინდებოდა მოპასუხე მხარის ნება, სურდა მას დაზღვევის საგნის ჩანაცვლება თუ ხელშეკრულების შეწყვეტა. ამასთან დაკავშირებით, პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლს, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 02 ოქტომბერს გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტის დადასტურება. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასება ხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: 1. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით; 2. მტკიცებულებები ფასდება ყოველმხრივ, სრულად (სრული მოცულობით) და მიუკერძოებლად (ობიექტურად); 3. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო მტკიცებულებებს ერთობლივად აანალიზებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეული მტკიცებულების ვარგისიანობისა და სამართლებრვი წონადობის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კუთხით პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ მოპასუხის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერა. რაც შეეხება ამ მიმოწერის დასაშვებობა-განკუთვნადობის საკითხს, პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, სახეზეა წერილობითი ხასიათის მტკიცებულებები, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენენ პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავენ ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.

 

პალატა თვლის, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი ელექტრონული წერილი შინაარსობრივად შეიცავდა აპელანტის ნებას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ხელშეკრულების მოშლა კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისკენ მიმართული ერთ-ერთი მხარის ნამდვილი, ცალმხრივი ნების არსებობა დადგენილია. სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა, რაც მოცმეულ შემთხვევაში, დადასტურებულია. ელექტრონული მიმოწერის შინაარსის ყოველმხრივი ანალიზი კი ცხადყოფს, რომ ის სამოქალაქო კოდექსის 50-51 მუხლების ნორმატიულ აღწერილობას პასუხობს.

 

პალატა არ იზიარებს მოწინააღმდგე მხარის პოზიციას ხელშეკრულების შეწყვეტაზე მათი არაინფორმირების შესახებ და მიუთითებს მათივე მიერ გაგზავნილ პასუხზე (ელ წერილი) რომელის შინაარსიდანაც დგინდება რომ მზღვეველმა დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა დაზღვეულისაგან, რომელიც მიიღო კიდეც, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა რომ ელექტრონული წერილი ავტორი არ არის მათი თანამშრომელი (მაგ. საშტატო ნუსხა) ასეთ ვითარებაში პალატა განმარტავს, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი წერილი, რომელიც მიუვიდა მეორე მხარეს და მოექცა მისი გავლენის სფეროში ქვეშ, წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას იმის დასადგენად, რომ მხარეებს შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულება შეწყდა. სასამართლო იზიარებს აპელანტის მოსაზრებებს და განმარტავს, რომ დაზღვევის საგნის ჩანაცვლება, 2014 წლის 02 ოქტომბერს დადებული N1------- სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ვერ განხორციელდებოდა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად უნდა მომხდარიყო არსებული ხელშეკრულების შეწყვეტა და ახალი ხელშეკრულების დადება სადაზღვევო მომსახურების შესახებ. აქედან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ორივე შემთხვევაში სახეზეა ზემოაღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

პალატა ასევე არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ თავად 2014 წლის 02 ოქტომბერს დადებული N1------- სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად დაზღვევის საგნის გასხვისებას. სასამართლო მოიშველიებს აღნიშნული ხელშეკრულების 3.5.4 პუნქტს, რომლის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ახალ შემძენთან ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. აქედან გამომდინარე, დაზღვევის საგნის გასხვისება შესაძლებელია გამხდარიყო ზემოაღნიშნული დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

 

12. განჩინების მე-9 პუნქტში განვითარებული ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებების უარყოფის შემთხვევაშიც პალატა განმარტავს რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობების შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2014 წლის 06 ოქტომბრიდან 2015 წლის 06 სექტემბრამდე, მოსარჩელემ, მზღვეველმა სასამართლოს სარჩელის სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებაზე მიმართა ხელშეკრულების ვადის ამაოწურვის შემდეგ 2015 წლის 13 დეკემბერს. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს, იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება მოსაქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.კანონმდებელი სადაზღვევო ურთიერთობაში მზღვეველს, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების ძლიერ მხარეს ანიჭებს აქტიურ როლს, რაც მისთვის გარკვეული უფლებების განსაზღვრაში გამოიხატება. შესაბამისად, ს------------- კ--------მ კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებები კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენოს და სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში არ უნდა შექმნას დამზღვევისათვის უარესი პირობები.

 

პალატა მიიჩნევს, რომ სადაზღვევო შესატანის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობისას, კანონმდებელი მზღვეველს ავალებს გონივრულ ვადაში შეატყობინოს დამზღვევას მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ. (ამასთანავე იხ. ხელშეკრულების 3.5.1. პუნქტი) კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დამზღვევს სადაზღვევო შესატანი დროულად არ გადაუხდია. ამასთან ერთად, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის მიუხედავად, მზღვეველს დამზღვევი წერილობით არ გაუფრთხილებია მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 817-818-ე მუხლები არ არის მავალდებულებელი ხასიათის, თუმცა, მიუხედავად ამისა, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებულ უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე დროულად, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება. პალატა განმარტავს, რომ თუკი დამზღვევის მიერ შესატანის შეუტანლობა მზღვეველს ათავისუფლებს სახელშეკრულებო ვალდებულებისაგან, დაუშვებელია ძალაში დარჩეს დამზღვევის ვალდებულება, გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი. ასეთ ვითარებაში, დგება ხელშეკრულების მოშლის საკითხი, რომლის ინიციატივასაც კანონმდებელი მზღვეველს აკისრებს. სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს აქვს უფლებამოსილება, წერილობით აცნობოს დამზღვევს ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. დაუშვებელია, კანონმდებლის მიერ მზღვეველისათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების ბოროტად გამოყენება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი აპელანტის მხრიდან.

 

13. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ ანალოგიურ დავაზე განმარტა, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწ.). მართალია სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია. მზღვეველის უმოქმედობას კი, ამ ტიპის დავის გადაწყვეტისათვის არა მხოლოდ თეორიული, არამედ უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე დროულად, იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ. ( იხ. სუსგ საქმე N ას-1308-1246-2014 03.04.2015 წ.

 

ამდენად, პალატა ასკვნის რომ მხარეთა შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობა მოიშალა, რის შედეგადაც მზღვეველს აღარ გააჩნია სადაზღვევო პრემიის ანაზღარების მოთხოვნისუფლება,ვინაიდანმზღვეველი,რომლისმიმართაცდაირღვასადაზღვევო პრემიის გადახდისვალდებულებადაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა, ისე რომ მას დამზღვევთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში არცერთხელ არ გაუფრთიხლებია კონტრაჰენტი წერილობით და არ უცნობებია მისთვის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის უგულებელყოფასა და უფლების ბოროტად გამოყენებას. ამასთან, ვინაიდან აპელანტმა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, სადაზღვევო პრემიის ერთი თვის ოდენობის -317.67 აშშ დოლარის და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 103. 32 აშშ დოლარის ნაწილში, მას მხოლოდ აღნიშნული თანხების გადახდა უნდა დაეკისროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის დანაწესებიდან გამომდინარე.

 

14. საპროცესო ხარჯები. აპელანტის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნა წინასწარ. ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ ბაჟის სახით შეტანილი 222.00 ლარის გადახდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანხმად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შ-- ,,დ---ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქაალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

3. სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. შ-- ,,დ---ს’’ დაეკისროს სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----ის’’ სასარგებლოდ 317.67 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს- 103.32 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. სს ,,ს------------- კ-------- ჯ------------–-----ს’’ დაეკისროს შ-- ,,დ---ის’’ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ანგარიშში 222.00 ლარის გადახდა.

 

6. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /

 

მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/

 

/ვანო წიკლაური /