განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2018
საქმის ნომერი
030310017002115696
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310017002115696

№3/ბ-95-18წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მარინა სირაძე

სხდომის მდივანი ლევან ტაბიძე

 

აპელანტი (მოპასუხე)- სსიპ მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილება

წარმომადგენლები - მ-----------------, შ------- ღ-----;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბ-----------------ა;

წარმომადგენელი - ქ----------------;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 03 ოქტომბერს ბ-----------------ამ წარმომადგენლის ქ----------------ს მეშვეობით, სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების მიმართ.

 

მოსარჩელის მითითებით, ბ-----------------ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვა დაუდგინდა 1989 წლიდან. მას შემდეგ ყოველწლიურად გადიოდა გეგმიურ შემოწმებას. შესაბამისად, ინვალიდობით პენსიონერის მოწმობაში, რომელიც გაცემულია 1990 წლის 14 მაისს, ქრონოლოგიურად მითითებულია: „პენსია გაგრძელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 1989 წლის 05 ივლისიდან 1990 წლის 01 ივლისამდე, 120 მანეთის ოდენობით, პენსია გაგრძელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 1991 წლის 29 ივნისამდე 120 მანეთის ოდენობით, პენსია გაგრძელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 1991 წლის 12 ივლისიდან 1992 წლის 01 ივლისამდე 195 მანეთის ოდენობით. პენსია გაგრძელდა მე-3 ჯგუფის ინვალიდობით 1992 წლის 07 ივლისიდან --- წლამდე --- მანეთის ოდენობით”.

 

მოსარჩელის მითითებით, ნათელია, რომ ბოლო თარიღი, საიდანაც ბ-----------------ას შესაძლებლობის შეზღუდვა უვადოდ დაუდგინდა არის 1992 წლის 07 ივლისი, ხოლო ჩანაწერი „1982 წელი“, არის მხოლოდ მექანიკური შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა დოკუმენტის შევსებისას. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ-----------------ას შესაძლებლობის შეზღუდვა დაუდგინდა არა 1982, არამედ 1989 წლიდან, დასტურდება ღუდუშაურის სახელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 08 ივლისს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N---- ცნობით და შრომის წიგნაკით, რომელშიც მითითებულია: „1989 წლის 05 ივლისს დაენიშნა პენსია ინვალიდობით სოხუმში“, ასევე შრომის წიგნაკში მითითებულია შემდეგი ჩანაწერი: „მიღებულია დამხმარე მუშად 1985 წლის 10 სექტემბრიდან, გათავისუფლებულია მე-2 ჯგუფის ინვალიდობით პენსიაზე გასვლის გამო 1989 წლის 07 მაისიდან“. ამავე შრომის წიგნაკით დასტურდება, რომ 1981 წლის 20 თებერვლიდან 1985 წლის 22 სექტემბრამდე, ბ-----------------ა მუშაობდა კოლხეთის მელიორაციის და წყალთა მეურნეობის სამმართველოში მძღოლად დათხოვნილ იქნა პირადი განცხადების საფუძველზე, ხოლო იმავე 1985 წლის 09 ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო ტრესტ ,,ზ-------–--–ი“ ს------ დამხმარე მუშად, რაც თავისთავად გამორიცხავს 1982 წელს ბ-----------------ასთვის ინვალიდის სტატუსის მინიჭებას. 2017 წლის 01 ივნისიდან ბ-----------------ას შეუჩერდა სოციალური პაკეტი, ასევე დაევალა ზედმეტად დარიცხული სოციალური პაკეტის აღდგენა ბიუჯეტში ჯერ 350 ლარის, ხოლო შემდგომში დაზუსტებული მოთხოვნით 420 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ მოითხოვა: 1. დადგენილი იქნეს ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ-----------------ას 1989 წლის 07 მაისიდან დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით, 1992 წლის 07 ივლისიდან - შესაძლებლობის შეზღუდვა მე-3 ჯგუფის ინვალიდობით უვადოდ.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 01 ივნისის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის (შეჩერების) შესახებ N-------

 

3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 18 სექტემბრის N------------- და 2017 წლის 02 ოქტომბრის N------------- დადგენილებები ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტის ბიუჯეტში აღდგენის შესახებ.

 

4. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ-----------------ას კუთვნილი შეჩერებული სოციალური პაკეტის აღდგენის შესახებ, მისი შეჩერების მომენტიდან - 2017 წლის 01 ივნისიდან.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბ-----------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ-----------------ას 1989 წლის 07 მაისიდან დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით; 1992 წლის 07 ივლისიდან დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვა მე-3 ჯგუფის ინვალიდობით, უვადოდ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 01 ივნისის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის (შეჩერების) N------ გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 18 სექტემბრის N------------- და 2017 წლის 02 ოქტომბრის N------------- დადგენილებები ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტის ბიუჯეტში აღდგენის შესახებ; დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ-----------------ას კუთვნილი შეჩერებული სოციალური პაკეტის აღდგენის შესახებ მისი შეჩერების მომენტიდან, 2017 წლის 01 ივნისიდან.

 

2.1.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სოხუმის საქალაქო სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების N------ ინვალიდობით პენსიონერის მოწმობის თანახმად, ბ-----------------ას 1990 წლიდან დაენიშნა პენსია მე-2 ჯგუფის ინვალიდობით. პენსია გაგრძელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 05.07.1989 წლიდან 01.07.1990 წლამდე 120 მანეთის ოდენობით, პენსია გაგრძელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 29.06.1990 წლიდან 29.06.1991 წლამდე 120 მანეთის ოდენობით. გაგრჯელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 12.07.1991 წლიდან 01.07.1992 წლამდე 195 მანეთის ოდენობით. პენსია გაგრძელდა მე-3 ჯგუფის ინვალიდობით 07.07.1992 წლიდან უვადოდ.

 

ბ-----------------ას შრომის წიგნაკის თანახმად, ტრესტ ,,ზ-------–--–ი“ 1--------- მიღებულია დამხმარე მუშად, ხოლო 1--------- განთავისუფლებულია მე-2 ჯგუფის ინვალიდობით პენსიაზე გასვლის გამო.

 

2017 წლის 08 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, 1989 წელს ბ-----------------ას მარჯვენა ბარძაყის ცეცხლსასროლი მოტეხილობის გამო ჩაუტარდა მკურნალობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----------–---მ განმარტა, რომ „ბ-----------------ა 1989 წელს დაჭრეს ზუგდიდში, შემდეგ ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და იქ გაუკეთდა ოპერაცია. ძალიან მძიმედ იყო, ფეხის მოჭრაზეც იყო საუბარი. 1982 წელს სრულიად ჯანმრთელი იყო. ადასტურებს, რომ 1989 წელს დაჭრეს ბ-----------------ა და ამის შემდეგ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------------მ განმარტა, რომ „1989 წელს თებერვლის თვეში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, მანქანას რეცხავდა ისე მივიდნენ ცოლის ძმა და სიმამრი, უთხრეს რომ ბორისს ტყვია ესროლეს. პირველი მივიდა ის ზუგდიდში და სისხლი გადაუსხა. ექიმმა უთხრა, რომ 300 გრ. სისხლი უნდოდა, თუ აიტანდა ბორისი გადარჩებოდა. აპრილამდე იწვა ზუგდიდში და შემდეგ უცხოელმა ექიმმა გაუკეთა 5 ოპერაცია, რომელმაც გადაურჩინა ფეხი მოჭრისაგან. 1982 წელს სრულიად ჯანმრთელი იყო. ამ პერიოდში იყო მუშა, მანქანებით მოჰქონდათ თეთრი ქვა და შემდეგ ამაგრებდნენ, ინვალიდი ადამიანი აღნიშნული საქმიანობას ვერ განახორციელებდა“.

 

2.2.დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქალაქო სასამართლომ განმარტა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, 42-მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5, 53-ე, 96-ე მუხლები და განმარტა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ბ-----------------ას მიმართ ადმინისტრაციული წარმოებისას არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება არ მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რითაც დაარღვია აქტის გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.

 

საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ წერილობით მტკიცებულებათა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ბათილად ცნო ისინი. შესაბამისად, ბ-----------------ას 1989 წლის 07 მაისიდან დაუდგინა შესაძლებლობის შეზღუდვა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით, 1992 წლის 07 ივლისიდან - შესაძლებლობის შეზღუდვა მე-3 ჯგუფის ინვალიდობით უვადოდ და დაევალა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბ-----------------ას კუთვნილი შეჩერებული სოციალური პაკეტის აღდგენის შესახებ მისი შეჩერების მომენტიდან, 2017 წლის 01 ივნისიდან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ბ-----------------ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭება არ განეკუთვნება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციას. სააგენტო სოციალური პაკეტის დანიშვნისას ხელმძღვანელობს საპენსიო წიგნაკის ჩანაწერით, სადაც ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების თარიღად მითითებულია 1982 წელი, რომელიც ბ.მ---------ას მიენიჭა უვადოდ. 1989-1992 წლებში დადგენილი მეორე ჯგუფის ინვალიდობის მინიჭებით კი 1982 წელს მინიჭებულმა სტატუსმა ძალა დაკარგა. შესაბამისად, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ბ-----------------ას სოციალური პაკეტი არ უნდა დანიშვნოდა, უნდა შეჩერებულიყო მისი გაცემა და ბენეფიციარს უნდა დაებრუნებინა ზედმეტად გაცემული 420 ლარი. ფოთის საქალაქო განყოფილების მიერ მიღებული იქნა სათანადო გადაწყვეტილება, რის თაობაზე ბენეფიციარს ეცნობა წერილობით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, სააპელაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

ბ-----------------ას ინვალიდობით პენსიონერის მოწმობით, რომელიც გაცემულია 1990 წლის 14 მაისს, ქრონოლოგიურად მითითებულია: პენსია დანიშნულია 1989 წლის 05 ივლისს, გაგრძელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 1989 წლის 05 ივლისიდან 1990 წლის 01 ივლისამდე, 120 მანეთის ოდენობით, პენსია გაგრძელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 1991 წლის 29 ივნისამდე 120 მანეთის ოდენობით, პენსია გაგრძელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით 1991 წლის 12 ივლისიდან 1992 წლის 01 ივლისამდე 195 მანეთის ოდენობით. პენსია გაგრძელდა მე-3 ჯგუფის ინვალიდობით 1992 წლის 07 ივლისიდან --- წლამდე --- მანეთის ოდენობით (ს.ფ.14-17).

 

ბ-----------------ას შრომის წიგნაკის თანახმად, ტრესტ „ზ-------–--–ი“ 1--------- მიღებულია დამხმარე მუშად, ხოლო 1--------- განთავისუფლებულია მე-2 ჯგუფის ინვალიდობით პენსიაზე გასვლის გამო (ს.ფ.20-21).

 

შრომის წიგნაკით ასევე დადგენილია, რომ ბ-----------------ა 1971 წლიდან 1985 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში. მათ შორის, 1981-1985 წლებში - კოლხეთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოში მძღოლად (ს.ფ.23-27).

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 01 ივნისის სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის (შეჩერების) შესახებ N------ გადაწყვეტილებით ბ-----------------ას შეუჩერდა სოციალური პაკეტის გაცემა (ს.ფ.28).

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 18 სექტემბრის N------------- გადაწყვეტილებით ბ-----------------ას დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტის თანხის 350 ლარის, ხოლო 2017 წლის 02 ოქტომბრის N------------- გადაწყვეტილებით - 420 ლარის აღდგენა (დაბრუნება) (ს.ფ. 33-34; 36-37).

 

ბ-----------------ამ განცხადებით (საჩივრით) მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომლითაც მოითხოვა შეჩერებული სოციალური პაკეტის აღდგენა (ს.ფ.35). მითითებულ განცხადებაზე (საჩივარზე) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

ბ-----------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2017 წლის 08 ივნისის ცნობით (ფორმა 100) დადგენილია, რომ დაავადებულია ქრონიკული დაავადებით (ს.ფ.31).

 

ფოთის საქალაქო სასამართლოში მოწმე ნ----------–---მ განმარტა, რომ „ბ-----------------ა 1989 წელს დაჭრეს ზუგდიდში, შემდეგ ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და იქ გაუკეთდა ოპერაცია. ძალიან მძიმედ იყო, ფეხის ამპუტაციაზეც იყო საუბარი. 1982 წელს სრულიად ჯანმრთელი იყო. 1989 წელს დაჭრეს ბ-----------------ა და ამის შემდეგ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------------მ განმარტა, რომ „1989 წელს თებერვლის თვეში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, მანქანას რეცხავდა ისე მივიდნენ ცოლის ძმა და სიმამრი, უთხრეს რომ ბორისს ტყვია ესროლეს. პირველი მივიდა ის ზუგდიდში და სისხლი გადაუსხა. აპრილამდე იწვა ზუგდიდში და შემდეგ უცხოელმა ექიმმა გაუკეთა 5 ოპერაცია, რომელმაც გადაურჩინა ფეხი ამპუტაციისაგან. 1982 წელს სრულიად ჯანმრთელი იყო. ამ პერიოდში იყო მუშა, მანქანებით მოჰქონდათ თეთრი ქვა და შემდეგ ამაგრებდნენ, ინვალიდი ადამიანი აღნიშნული საქმიანობას ვერ განახორციელებდა“ (საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სამართლებრივი დასაბუთება:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ-----------------ას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საააპელაციო სასამართლო იზიარებს შემდეგი დასაბუთებით:

 

სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბ-----------------ასათვის სოციალური პაკეტის შეჩერების შესახებ სსიპ მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 01 ივნისის N------ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ შესაძლებლობის შეზღუდვა უვადოდ დადგენილი იყო არა 1992, არამედ 1982 წლიდან.

 

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ინვალიდობით პენსიონერის მოწმობაში მე-3 ჯგუფის ინვალიდობის დადგენის წელი 1982, შეცდომით არის მითითებული და უნდა ეწეროს 1992 წელი, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის (შრომის მე-2 ჯგუფის ინვალიდობა) გამო პენსია 1989 წლიდან დაენიშნა, 1982 წელს კი იყო ჯანმრთელი და მუშაობდა კოლხეთის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოში მძღოლად.

 

მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს 1989 წლის 07 მაისიდან დაუდგინდეს შესაძლებლობის შეზღუდვა მე-2 ჯგუფის ინვალიდობით, ხოლო 1992 წლის 07 ივლისიდან - შესაძლებლობის შეზღუდვა მე-3 ჯგუფის ინვალიდობით, უვადოდ. ამდენად, პალატა მიუთითებს, რომ ბ-----------------ას მიერ ამ ნაწილში აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომელიც მიზნად ისახავს ბათილად იქნეს ცნობილი სოციალური პაკეტის შეჩერების შესახებ 2017 წლის 01 ივნისის N------, ზედმეტად დარიცხული სოციალური პაკეტის თანხის დაბრუნების დავალდებულების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 18 სექტემბრის N------------- და 2017 წლის 02 ოქტომბრის N------------- გადაწყვეტილებები და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებას შეჩერებული სოციალური პაკეტის აღდგენა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბ-----------------ას შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში მიყენებული ტრავმის გამო. ავადმყოფობა ქრონიკულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას 1989 წლიდან დაენიშნა ინვალიდობით პენსია და სოციალური პაკეტით სარგებლობდა 2017 წლის 01 ივნისამდე (სოციალური პაკეტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გარემოების დასადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელეს აკისრია. მოცემულ შემთხვევაში კი ბ.მ---------ამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა და აღნიშნულს იზიარებს სააპელაციო სასამართლოც. კერძოდ:

 

დადგენილია, ბ-----------------ა ტრესტ „ზ-------–--–ი“დამხმარე მუშად მიღებულია 1985 წლის 10 სექტემბერს, ხოლო 1989 წლის 07 მაისიდან განთავისუფლებულია მე-2 ჯგუფის ინვალიდობით პენსიაზე გასვლის გამო.

 

2017 წლის 08 ივნისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, 1989 წელს ბ-----------------ას მარჯვენა ბარძაყის ცეცხლსასროლი მოტეხილობის გამო ჩაუტარდა მკურნალობა.

 

ფოთის საქალაქო სასამართლოში მოწმე ნ----------–---მ განმარტა, რომ „ბ-----------------ა 1989 წელს დაჭრეს ზუგდიდში, შემდეგ ზუგდიდიდან თბილისში გადაიყვანეს და იქ გაუკეთდა ოპერაცია. ძალიან მძიმედ იყო, ფეხის ამპუტაციაზეც იყო საუბარი. 1982 წელს სრულიად ჯანმრთელი იყო. 1989 წელს დაჭრეს ბ-----------------ა და ამის შემდეგ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------------მ განმარტა, რომ „1989 წელს თებერვლის თვეში, რიცხვი ზუსტად არ ახსოვს, მანქანას რეცხავდა ისე მივიდნენ ცოლის ძმა და სიმამრი, უთხრეს რომ ბორისს ტყვია ესროლეს. პირველი მივიდა ის ზუგდიდში და სისხლი გადაუსხა. აპრილამდე იწვა ზუგდიდში და შემდეგ უცხოელმა ექიმმა გაუკეთა 5 ოპერაცია, რომელმაც გადაურჩინა ფეხი ამპუტაციისაგან. 1982 წელს სრულიად ჯანმრთელი იყო. ამ პერიოდში იყო მუშა, მანქანებით მოჰქონდათ თეთრი ქვა და შემდეგ ამაგრებდნენ, ინვალიდი ადამიანი აღნიშნული საქმიანობას ვერ განახორციელებდა“.

 

დადგენილია, რომ ბ-----------------ას პენსია, შრომის მე-2 ჯფუფის ინვალიდობის საფუძვლით, დაენიშნა 1989 წლის 05 ივლისიდან. ინვალიდობით პენსიონერის მოწმობაში მითითებულია, რომ ბ-----------------ას ყოველწლიურად, კერძოდ: 1990 წელს, 1991 წელს, 1992 წელს გაუგრძელდა პენიის მიღება მე-2 ჯგუფის ინვალიდობის სტატუსით. ამავე მოწმობაში მითითებულია, რომ მე-3 ჯგუფის ინვალიდობით (ზომიერი მესამე ჯგუფი განისაზღვრება უვადოდ) გაგრძელდა 1982 წლიდან.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პენსიონერის მოწმობაში ინვალიდობის მე-3 ჯგუფის (უვადო) განსაზღვრა 1982 წელს ვერ მოხდებოდა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ-----------------ასათვის პენსიის დანიშვნა 1989 წელს განხორციელდა მე-2 ჯგუფის ინვალიდობის საფუძვლით. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარება ყოველწლიურად მოწმდებოდა და ბოლო ჩანაწერი მე-2 ჯგუფის ინვალიდობის თაობაზე, მითითებულია 1992 წლამდე. ამდენად, პალატა შეუძლებლად მიიჩნევს ბ.მ---------ას 1982 წელს ჯერ განსაზღვროდა მე-3 ჯგუფის ინვალიდობა უვადოდ (პენსია 1982 წელს საერთოდ არ ჰქონდა დანიშნული), ხოლო 1989 წლიდან შეცვლილიყო მისი მდგომარეობა და განსაზვროდა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბ-----------------ასათვის 1989 წლიდან მე-2 ჯგუფის ინვალიდობით შესაძლებლობის შეზღუდვის, ხოლო 1992 წლის 07 ივლისიდან მე-3 ჯგუფის ინვალიდობით შესაძლებლობის შეზღუდვის უვადოდ განსაზღვრის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ-----------------ას 1992 წლის 07 ივლისიდან განესაზღვრება მე-3 ჯგუფის ინვალიდობით შესაძლებლობის შეზღუდვა უვადოდ, უკანონოა მის მიმართ სოციალური პაკეტის შეჩერების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების 2017 წლის 01 ივნისის N------ გადაწყვეტილება, ასევე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტის დაბრუნების შესახებ ამავე განყოფილების 2017 წლის 18 სექტემბრის N------------- და 2017 წლის 02 ოქტომბრის N------------- გადაწყვეტილებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საერთშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობა აღიარებს და იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს და უზრუნველყოფს მათ განუხრელ დაცვას. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის კონვენციის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვს უფლება ისარგებლონ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით. შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ სოციალურ დაცვას და უქმნის საჭირო პირობებს მინიჭებული უფლებების რეალიზაციისათვის. სწორედ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვას, ასევე შექმნას მათთვის ხელსაყრელი პირობები სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება ითვალისწინებს როგორც ფინანსური სახის, ისე ტექნიკური და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. მითითებული კანონის მე-6 მუხლის „ვ“ პუნქტით სოციალური პაკეტი სოციალური დახმარების სახეს წარმოადგენს, რომელიც არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მე-121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძვლია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით განისაზღვრა სოციალური პაკეტის გაცემის წესი და პირობები. კერძოდ: მითითებული დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – სოციალური პაკეტი) მოცულობას, მიმღებ პირთა წრეს, დანიშვნისა და გაცემის წესს და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური პაკეტის დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, ასევე ადგენს ადმინისტრირების ორგანოს, არეგულირებს სოციალური პაკეტის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

მითითებული დადგენილების მე-3 მუხლით, სოციალური პაკეტის ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის უფლებამოსილებას წარმოადგენს სოციალური პაკეტის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება.

 

პალატა განმარტავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, იგი არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა.

 

შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს და სპეციალური რეგულაციის არარსებობის შემთხვევაში, სააგენტოს საქმიანობაზე ვრცელდება მითითებული კოდექსის ნორმები.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაზე აქტის გამოცემამდე საქმის გარემოებები შეისწავლოს სრულყოფილად და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე, რომელიც გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საპენსიო კანონმდებლობა არ შეიცავს სოციალური პაკეტის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებამდე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამომრიცხავ გარემოებებს. უფრო მეტიც, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო წარმოადგენს რა ადმინისტრაციულ ორგანოს, მის ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვას მითითებულ ნორმათა დებულებები.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესსზე, რომელთა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, მათი შეფასება კი ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს კონკრეტული საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა ადმინისტრაციული ორგანოსადმი ნდობის პრინციპი, რაც საფრთხეს შეუქმნის მმართველობის სტაბილურობას, ხოლო დაინტერესებულ მხარეში წარმოშობს სამართლებრივი უსაფრთხოების განცდას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებამ ბ-----------------ას ისე შეუჩერა სოციალური პაკეტის მიღების უფლება და გამოსცა უფლების შემზღუდავი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, დაინტერესებული პირისათვის არ მიუცია საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა, არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ მიუთითებია კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი და არ დაუსაბუთებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების როგორც კანონიერება, ისე მიზანშეწონილობა. ასევე, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტა ზედმეტად დარიცხული თანხების გაანგარიშებასთან დაკავშირებით, კონკრეტულად არ არის მითითებული რა ვალდებულება დაარღვია ბ-----------------ამ, რამაც მისი სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. მოპასუხის წარმომადგენელი ვერ მიუთითებს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველს, რაც მისთვის სოციალური უფლების შეზღუდვის საფუძველი გახდა. ის აპელირებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ გარემოებაზე. კერძოდ, მიუთითებს, რომ ბ.მ---------ას 1982 წელს გაუუქმდა უვადოდ დადგენილი ინვალიდობის მე-3 ჯგუფი, ხოლო 1989 წლიდან განესაზღვრა ინვალიდობის მე-2 ჯგუფი, რომელიც განსაზღვრული ვადით იყო დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ თუკი იარსებებდა სოციალური პაკეტის შეჩერების ან სხვა სამართლებრივი შედეგის დადგომის გარდუვალობა, ადმინისტრაციულ ორგანოს ბ.მ---------ას სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესებამდე, უნდა გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, ცხადად და განჭვრეტადად შეეტყობინებინა ნორმატიული აქტით დაკისრებული ვალდებულების თაობაზე. ბ.მ---------ას კი გააჩნდა გონივრული და ლეგიტიმური მოლოდინი სახელმწიფოსაგან მიეღო ის სოციალური პაკეტი, რომელიც თავად სახელმწიფოსაგან ჰქონდა გარანტირებული. თუკი კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება შემოიტანს საკითხის განსხვავებულ მოწესრიგებას, რომელიც ნეგატიურად აისახება პირის მიმართ წარმოშობილ ურთიერთობაზე, უფლების შემზღუდველი ან ამკრძალავი გადაწყვეტილების მიღებამდე, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს პირის ინფორმირებულობა და მისცეს მას შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი მოსაზრებები, ან მისცეს შესაძლებლობა ახალ წესრიგთან შესაბამისობაში მოიყვანოს მისი სამართლებრივი მდგომარეობა.

აღნიშნული მოსაზრების გასამყარებლად პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლს, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია უფლებით მოახდინოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზია და შეამოწმოს განხორციელებულ მოქმედებათა მართებულობა, ასევე გასატარებელ ღონისძიებათა გარდუვალობა, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება ადმინისტრაციული წარმოების გზით უნდა განახორციელოს, რაც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უგულვებელყოფილია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო სასკ-ის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია მატერიალური და ფორმალური კანონიერების მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ისინი ბათილად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ბ-----------------ას მიერ აღძრულია კომბინირებული სარჩელი, როგორც აღიარებითი, ასევე შეცილებითი და მავალებელი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამდენად, პალატა იმ პირობებში, როდესაც მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტას აღიარებითი და შეცილებითი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფლების ნაწილში, მართებულია ასევე მოთხოვნის დაკმაყოფილება სსიპ მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილებისათვის შეჩერებული სოციალური პაკეტის 2017 წლის 01 ივნისიდან ბ-----------------ასათვის აღდგენის დავალდებულების ნაწილშიც.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს მისი გაუქმებისათვის საფუძვლიან და არგუმენტირებულ პრეტენზიას, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ მომსახურების სააგენტოს ფოთის საქალაქო განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე მარინა სირაძე