განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.02.2018
საქმის ნომერი
330210015001142741
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210015001142741

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5790-17 “ 20” თებერვალი, 2018წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი _ ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე - - - სს „თ--–--ი“ თ----- ხ--------ა ნი----–--ზ გო--–---–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.08.2017წ. გადაწყვეტილება

 

დავის საგანი _ ფულადი ვალდებულებების შესრულება

1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. სს „თ--–--ის“ სარჩელის არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები 2.1. თბილისში, ე. ბ-–---–---–-ს ქ. N41-ში სს „თ--–--ის“ N3------ აბონენტად რეგისტრირებულია შ----- გო--–---–ი, რომელიც არის მოპასუხის პაპა. ამ მისამართზე ცხოვრობდა მოპასუხე და მოიხმარდა ელექტროენერგიას. აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე. 2.2. N3------ აბონენტის მიერ მოხმარებული დავალიანების გადახდის თაობაზე სს „თ--–--სა“ და ნი----–--ზ გო--–---–ს შორის, 20----–-–------------------- გაფორმდა ხელშეკრულება დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, სს „თ--–--ის“ მიმართ არსებული დავალიანება 6 640.66 ლარის ოდენობით მოპასუხეს გადაუნაწილდა 90 თვეზე, ყოველთვიურად 73.79 ლარის გადახდის პირობით. გადახდა უნდა დაწყებულიყო 2014 წლის იანვრის თვიდან. 2.3. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, N3------ აბონენტის დავალიანება სს „თ--–--ის“ მიმართ შეადგენს 5 907.32 ლარს, საიდანაც მიმდინარე დავალიანება შეადგენს 2 513.55 ლარს, ხოლო გადანაწილებული დავალიანების დარჩენილი ოდენობა შეადგენს - 3 393.90 ლარს. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 2.4. სს „თ--–--ის“ მიერ ნი----–--ზ გო--–---–ის მიმართ ხელშეკრულებით გადანაწილებული დავალიანებისა და მიმდინარე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაკისრების თაობაზე სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2015 წლის 03 ნოემბერს. N3------ აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნი----–--ზ გო--–---–ს გადაუნაწილდა 2000 წლიდან 2013 წლის 23 დეკემბრამდე პერიოდში დაგროვილი ელექტროენერგიის დავალიანება. ამავე აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ დავალიანება წარმოშობილია 2012 წლის 10 ივლისამდე პერიოდისათვის, დავალიანება შეადგენდა 7 040.66 ლარს. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შემდგომ პერიოდში ნი----–--ზ გო--–---–ის მიერ გადახდილი თანხების საერთო ჯამი, მათ შორის ვაუჩერის სახით დარიცხული თანხები შეადგენს - 1 242.70 ლარს, ხოლო გადანაწილების შემდგომ სარჩელის აღძვრამდე პერიოდში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური საერთო ჯამში შეადგენს 109.49 ლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.5. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათლია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. სამოქალაქო უფლებით სარგებლობისას ნებისმიერი პირი ვალდებულია კერთილსინდისიერებისა და მართლზომიერების ფარგლებში განახორციელოს თავისი უფლება, მით უფრო თუ ამ უფლების რეალიზება სხვა პირს წარმოუშობს უფლება- მოვალეობებს უფლების განხორციელების მქონე სუბიექტის მიმართ. კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ გამოყენებული უფლება კი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსეობისას შეიძლება ბათილად იქნეს აღიარებული, ასევე შესაძლოა წარმოშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სამოქალაქო უფლებით ისეთი სარგებლობა, რომელიც არ გამომდინარეობს კეთილსინდისიერების პრინციპიდან, დაუშვებელია და გაუმართლებლად უნდა იქნეს ცნობილი. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 23 დეკემბერს ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოხდა აბონენტის 2013 წლის დეკემბრამდე მოხმარებული დავალიანების განაწილვადება. ხსენებული ხელშეკრულება წარმოადგენს ბათილ გარიგებას, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ხელშეკრულების გაფორმების დროს, მოვალეს შეზღუდული ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება და დაგროვილი დავალიანების გათვალისწინებით, არ მიეცა საშუალება ესარგებლა ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმის უფლებით. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისიწნებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. 2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნი----–--ზ გო--–---–თან ხელშეკრულება გაფორმდა 2013 წლის 23 დეკემბერს. ხელშეკრულების თანახმად, სს „თ--–--ის“ მიმართ არსებული დავალიანების განაწილვადება მოხდა 2013 წლამდე პერიოდში დაგროვილი ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად წარმოშობილ თანხაზე. აბონენტის ბრუნვის ისტორიით კი დგინდება, რომ 2012 წლის ივლისის თვისათვის დავალიანება შეადგენდა 7040.66 ლარს. სასამართლოს მიერ 2013 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულება მიჩნეულ იქნა ბათილ გარიგებად და მისგან მომდინარე მოთხოვნები არ წარმოშობს ვალდებულებებს. ამასთან დადგენილია, რომ სს „თ--–--ის“ მიერ სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 03 ნოემბერს და შესაბამისად, მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ხანდაზმულს. 2012 წლის ივლისიდან - დაგროვილი დავალიანების პერიოდიდან, 2015 წლის 03 ნოემბრამდე - სარჩელის სასამართლოში აღძვრამდე, გასული არის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნის სამწლიანი ვადა. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია ვალდებულ პირზე. ვალდებული პირი კი უფლებამოსილია საერთოდ უარი თქვას შესრულებაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მხარემ განმარტა, რომ იგი არ იყო თანახმა დაგროვილი დავალიანების განაწილვადების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე, მაგრამ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე შეთანხმება მოსარჩელე ორგანიზაციასთან ხელშეკრულების დადების გარეშე ვერ შედგა. აღნიშნულის გათვალისწინებით კი სს „თ--–--ის“ სარჩელი ნი----–--ზ გო--–---–ის მიმართ გადანაწილებული დავალიანების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, როგორც ხანდაზმული, არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების - 2013 წლის დეკემბრის შემდგომ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება საერთო ჯამში შეადგენს 109.49 ლარს, რაც მოვალის მიერ გადახდილი თანხების გათვლისიწნებით უნდა ჩაითვალოს გადახდილად და შესაბამისად ვალდებულება კრედიტორის მიმართ შესრულებულად. აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს მიმდინარე დავალიანების სახით თანხის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. 3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მოპასუხე ნი----–--ზ გო--–---–ი გადანაწილების დღიდან - 2013 წლის 23 დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე სრულად იხდიდა მოხმარებულ ელექტროენერგიასა და გადანაწილებული თანხის ყოველთვიურ პორციას. ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისათვის დავალიანება შეადგენდა 6640.66 ლარს, ხოლო დღეის მდგომარეობით დავალიანება 5907.45 ლარია. 3.2. მოპასუხე ნი----–--ზ გო--–---–ი რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედებდა იმ ინტერესით, რომ ბარათზე არსებული დავალიანების გამო ელ.ენერგიის მიწოდება არ შეწყვეტოდა და ეტაპობრივად გადაეხადა დავალიანება. ასევე აშკარაა, რომ დავალიანების გადანაწილების პერიოდისათვის მოპასუხისათვის ხელსაყრელი იყო დავალიანების გადანაწილება, რადგან ცხოვრობდა და მოიხმარდა ელექტროენერგიას, თუმცა 2014 წლის დეკემბრიდან დაარღვია ხელშეკრულებით სს "თ--–--ის" წინაშე ნაკისრი ვალდებულება და მოხმარებულ ელექტროენერგიასთან ერთად გადანაწილებული ვალის პორცია სრულად დღემდე არ გადაუხდია. 3.3. მოპასუხე ნი----–--ზ გო--–---–ს დავალიანების გადანაწილების პერიოდისათვის უკვე გააჩნდა ვადამოსული დავალიანების გადახდის ვალდებულება, რომლის თაობაზეც მუდვმივად იღებდა გაფრხილებებს როგორც ყოველთვიურად მიწოდებულ ქვითრებში, ასევე წერილობითი შეტყობინების სახით შესაბამისი რაიონის ბიზნეს-ცენტრიდან. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აბონენტს უფლება წაერთვა უარი ეთქვა ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და საფუძველსმოკლებულია, რადგან მას შეეძლო მიემართა მარეგულირებელი კომიისიისათვის (შემდგომში სემეკი), თუ რა თქმა უნდა, ვალი იყო ხანდაზმული. სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ 2013 წელს გადანაწილებული ვალი იყო ხანდაზმული. 3.4. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხი და სასამართლომ საკუთარი ინიციატივით მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. მხარეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულების დადების ფაქტი, თუმცა მის მიერ დავალიანების გადახდაზე უარის თქმა საკმარისი საფუძველი გახდა სასამართლოსთვის, რათა ემსჯელა ხელშეკრულების ამორალურობასა და საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობაზე. 3.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლია თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. მოპასუხე ნი----–--ზ გო--–---–მა 2013 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით დაადასტურა ვალდებულების არსებობა. ვალდებულების არსებობა ასევე დადასტურებულია მოპასუხის მხრიდან განხორციელებული გადახდებით, შესაბამისად, ვალდებულების არარსებობასა და მოპასუხის მიერ ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვაზე მსჯელობა უსაფუძვლოა.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ. მოცემული დავის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: - თბილისში, ე. ბ-–---–---–-ს ქ. 41-ში თ--–--ის აბონენტად #3------ რეგისტრირებულია შ----- გო--–---–ი. ნი----–--ზ გო--–---–ი (შემდგომში „მოპასუხე“) არის მისი შვილიშვილი, რომელიც ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და მოიხმარდა ელექტროენერგიას. - აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე. - 2---------წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს 90 თვეზე გადაუნაწილდა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების 6640.66 ლარის გადახდა, თვეში 73.79 ლარის პირობით. გადანაწილებული თანხის გადახდის დასაწყისად განისაზღვრა 2014 წლის იანვარი. - #3------ აბონენტის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5 907.32 ლარს, საიდანაც 2513.55 ლარი შეადგენს გადანაწილებული თანხის მიმდინარე დავალიანებას, ხოლო 3393.90 ლარი გადანაწილებული თანხის დარჩენილ (მომავალში გადასახდელ) ოდენობას (ბოლო ფაქტთან დაკავშირებით ასევე იხ.: 20.02.2018წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:14:46-13:17:15). 4.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით საწინააღმდეგო ვერ დასტურდება, რომ დავალიანების რესტრუქტურიზაციის შემდგომ პერიოდში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხების საერთო ჯამი, მათ შორის ვაუჩერის სახით დარიცხული თანხები, შეადგენს - 1 242.70 ლარს, ხოლო გადანაწილების შემდგომ სარჩელის აღძვრამდე პერიოდში აბონენტის მიერ მოხმარებული და ანაზღურებული ელექტროენერგიის საფასური შეადგენს 109.49 ლარს (იხ:გადაწყვეტილება; სააპელაციო საჩივარი). 4.3. როგორც აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ირკვევა, 2---------წ. გადანაწილებული იქნა აბონენტის მიერ 2000 წლიდან 2---------წ.-მდე მოხმარებული ელექტროენერგია. დავალიანება წარმოშობილი იყო 10.07.2012წ.-მდე პერიოდისათვის და შეადგენდა 7040.66 ლარს (ტ.1, ს.ფ.14-16; 51-60). 2---------წ. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, თუ მოვალე ერთხელ მაინც დააარღვევდა გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოილი იყო გადანაწილებული დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის (ტ.1, ს.ფ.17). სარჩელი აღძრულია 03.11.2015წ. (ს.ფ.1). 4.4. სააპელაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ დასკვნას მასზედ, რომ ბათილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2---------წ. გაფორმებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება. ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვის და დაგროვილი დავალიანების გათვალისწინებით მოპასუხეს არ მიეცა საშუალება ესარგებლა ხანდაზმული დავალიანების გადახდაზე უარის თქმის უფლებით. აღნიშნულს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აბონენტის ბრუნვის ისტორიაში 2012 წლის ივლისიდან დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, ანუ 2---------წ.-მდე, აბონენტის მიერ გახარჯული კილოვატების რაოდენობა არ ფიქსირდება (ტ.1, ს.ფ.15). სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილების მე–12 მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია, ელექტროენერგიის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისიწნებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით, მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება - შეუწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება დავის დასრულებამდე. განაწილების ლიცენზიანტს ეკრძალება ელექტროენერგიის შეწყვეტა, ასევე უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება ხანდაზმული დავალიანების აღიარების მიზნით. ამასთან, სადავო არ არის ის ფაქტი, რომ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მოსარჩელემ მოპასუხეს არ მიაწოდა ინფორმაცია ამ დავალიანების წარმოშობის მომენტის და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სადავო დავალიანების წარმოშობის პერიოდის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს არც რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლის ტექსტი და შინაარსიც შედგენილი და მომზადებული იყო თავად მოსარჩელის მიერ. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. 4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადაში მოიზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რელიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადით. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. როგორც უკვე აღინიშნა, დავალიანების გადანაწილება მოხდა 2013 წლის დეკემბრამდე პერიოდში დაგროვილი ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად წარმოშობილ თანხაზე. როგორც აბონენტის ბრუნვის ისტორიიდან ჩანს, ვალის გადანაწილებამდე აბონენტს უფიქსირდებოდა დავალიანება 7040.66 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს 10.07.2012წ. მდგომარეობით არსებულ დავალიანებას. სასამართლოს მიერ ბათილად არის აღიარებული დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ 2---------წ. ხელშეკრულება, სარჩელი კი შეტანილია 03.11.2015წ., ანუ კანონით დადგენილი 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (ტ.I, ს.ფ. 84 ).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.08.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე