განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001361222
საქმე №2ბ/7083-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მაია სულხანიშვილი
სხდომის მდივანი _ მარიამ ცისკარიშვილი
აპელანტი – სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი - ვ------- მ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ D---- ”
წარმომადგენელი _ დ-------–------ე, ბ--ა გ---–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ,,თ--–--ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,D--“-ს მიმართ მომსახურების დარჩენილი ნაწილის - 5250 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე სს ,,თ--–--ის“ მიერ 2016 წლის 27 აპრილს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 157.50 (ას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით - დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები
2.1 ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების N------ აქტზე (ს.ფ. 38) მოპასუხე მხარის ხელმოწერა არ არის.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2 2015 წლის 04 თებერვალს, მოპასუხე შპს “D--“-მ მიმართა მოსარჩელე სს ,,თ--–--ს“ განცხადებით ქ------–--–----------------- (ყოფ. ი-–---------ს მიმდებარედ) 77 კვტ სიმძლავრის ელექტროენერგიის მიერთების თაობაზე, სადაც მოპასუხე ახორციელებდა საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- განცხადება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ (ს.ფ. 21-23);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 07/10/2014 წლის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ N----------- (ს.ფ. 24)
- 30/01/2015 წლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 25-32);
- ქონების მართვის სააგენტოს 24.02.2015 წლის გადაწყვეტილება N--------- (ს.ფ.34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
2.3 შპს “D--“-ს დირექტორმა დ-------–------ემ 2015 წლის 04 თებერვალს გადაიხადა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 5250 ლარის ოდენობით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- განცხადება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ (ს.ფ. 21-23);
- 2015 წლის 04 თებერვლის საგადახდო დავალება N1 (ს.ფ. 35);
- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 37)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
2.4 2015 წლის 16 თებერვალის #-------------- „ტექნიკური პირობით“ (ს.ფ. 36) დაწვრილებით განისაზღვრა სს „თ--–--ის“ ვალდებულება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ტექნიკური პირობა #--------------“ (ს.ფ. 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
2.5 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის“ მოთხოვნა და მას მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ-------–--–-----–--------------ს მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება
#--------- (ს.ფ.34);
2.6სს ,,თ--–--მა“ განახორციელა შპს “D--“-ს წერილობითი მოთხოვნა ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების თაობაზე. სამონტაჟო სამუშაოები შესრულდა მისამართზე - ქ-------–-------–---------------------------------- (ყოფ. ი-–-------------ს მიმდებარედ), ნაკვეთი 0------, რეესტრის N----------------. ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების N------ აქტის თანახმად, შპს “D--“-ს (აბონენტის) ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყო 08.04.2015 წელს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების აქტი N------ (ს.ფ. 38)
2.7 სს „თ--–--ი“ შპს “D--“-ს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით აცნობებდა ამ უკანასკნელის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის მსვლელობას, კერძოდ, მოპასუხისთვის მიწოდებულ შეტყობინებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 04 თებერვალს მისი განცხადება მიღებული იქნა განსახილველად წარმოებაში, ხოლო 2015 წლის 15 აპრილს ეცნობა, რომ განაცხადი დასრულებული იყო და მოეხდინა ანგარიშსწორება დარჩენილ 5250 ლართან დაკავშირებით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ამონაწერი მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის თაობაზე (ს.ფ. 41-42)
2.8 ქ------–--–----------------ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს აბონენტების ბრუნვის ისტორიის მიხედვით, მრიცხველის დადგმა განხორციელდა 2015 წლის 04 მაისს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :
- ბ----ი ხ---–--–--ის, გ------ი ბ--------ის, მ-----– ბ-–----ის, დ-------–------ის, შპს “D--“-ს, როგორც აბონენტების, ბრუნვის ისტორია, ასევე გ---–---ა ლ---–--ის კომუნალური გადახდის ქვითარი (ს.ფ. 76-83)
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9 სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილის პირველი წინადადებაზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე, რომელთა შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული 2015 წლის 16 თებერვლის „ტექნიკური პირობა #--------------“ უნდა ჩათვლილიყო მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებად, ვინაიდან სწორედ მითითებულ დოკუმენტში იყო ჩამოყალიბებული ხელშეკრულების არსებითი პირობები, მათ შორის თუ რა სახის სამუშაოები რა ვადაში უნდა განახორციელებინა სს „თ--–--ს“.
სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ დადგენილი გარემოებაზე, რომ 2015 წლის 04 თებერვალს მოპასუხე შპს “D--“-მ სს ,,თ--–--ს“ მიმართა განცხადებით ქ------–--–----------------- (ყოფ. ი-–---------ს მიმდებარედ), 77 კვტ სიმძლავრის ელექტროენერგიის მიერთების თაობაზე და იმავე დღესვე გადაიხადა მიერთების საფასური 5250 ლარის ოდენობით.
სასამართლომ მიუთითა 2011 წლის 16 ნოემბრის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N19 დადგენილებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებაში [შემდგომში - დადგენილება], სადაც დაწვრილებით განისაზღვრა თუ რა ვადაში და რა წესით უნდა მომხდარიყო ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, კერძოდ:
სასამართლომ მიუთითა დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) მიერთებისას, მიერთების საფასური გადაიხდება მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.
სასამართლომ მიუთითა ამავე დადგენილების 261-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50%, ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე),ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ მხარეები გადასახადის გადახდის ორ ეტაპზე შეთანხმდნენ, კერძოდ, მოპასუხე მომსახურების ღირებულების 50%-ს განცხადების წარდგენის დროისთვის გადაიხდიდა, ხოლო დარჩენილ 50%-ს კი - სს „თ--–--ის“ მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ. მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების სხვა თარიღზე მხარეთა შორის შეთანხმება არ ყოფილა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ახალ მომხმარებლად მიერთების შესახებ განცხადებას არ ჰქონია ხარვეზი, რის გამოც მის 2015 წლის 04 თებერვლის განცხადებას მიეცა მსვლელობა და წარმოებაში იქნა მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დადგენილების 261-ე მუხლით დაუდგინდებოდა ხარვეზი და უფრო მეტიც, უკვე მიღებული განცხადებასაც კი შესაძლოა არ მისცემოდა მსვლელობა.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხართა ახსნა-განმარტების ანალიზის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “D--“-ს 2015 წლის 04 თებერვლის განცხადებას, როგორც წარდგენის, ასევე შემდგომ ეტაპზე, არ ჰქონია რაიმე სახის ხარვეზი დადგენილი, მათ შორის, განმცხადებლის მიზეზით არ მომხდარა სამუშაოების წარმოების შეჩერება თუ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილება.
აღნიშნული დადგენილებით ასევე განისაზღვრა, რომ თუკი ახალ მომხმარებლად მიერთების სამუშაოების განხორციელების დროს საჭირო გახდებოდა შესაბამისი ორგანოებიდან ნებართვა, ასეთი ნებართვის მიღებამდე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდებოდა, რის თაობაზეც განმცხადებელზე მოხდებოდა შეტყობინება.
სასამართლომ მიუთითა საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მოკლე ტექსტური შეტყობინებებითა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სს „თ--–--ის“ მიერ ხელშეკრულებითა და კანონით დადგენილ 45 დღიან ვადაში მოპოვებული იქნა თანხმობა ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოების თაობაზე, რის გამოც წარმოება არ შეჩერებულა და შესაბამისად, არც მოპასუხეს მისვლია წერილობითი შეტყობინება აღიშნულთან დაკავშირებით.
სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სს „თ--–--ს“ დადგენილ 45 დღიან ვადაში უნდა განეხორციელებინა ვალდებულება, ვინაიდან არც განცხადების წარდგენისა და არც შემდგომ ეტაპზე არ დადგენილა და არ გამოვლენილა რაიმე სახის ხარვეზი, ასევე არ მომხდარა წარმოების შეჩერება, რაც გამოიწვევდა აღნიშნული 45 დღიანი ვადის დარღვევას.
სასამართლომ მიუთითა 2011 წლის 16 ნოემბრის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის N19 დადგენილებაზე, რითაც ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებაში, აღნიშნული ცვლილებების 261-ე მუხლის მე-8 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შემცირდება 50%-ით.
სასამართლოს განმარტებით, ამავე დადგენილების N4 დანართის საფუძველზე განისაზღვრა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში ძაბვის საფეხური 0,380 კვ - სიმძლავრე 81-110 (2015 წლის 04 თებერვლის განცხადების მიხედვით მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ძაბვის საფეხური და სიმძლავრე), უზრუნველყოფის პერიოდი - 45 დღე, ხოლო მიერთების საფასური დღგ-ს ჩათვლით - 12000 ლარი. მითითებული დანართის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული მიერთების საფასურის 50 %-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ვინაიდან მხარეთა შორის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 16 თებერვალს (ს.ფ. 36), შესაბამისად, ზემოაღნიშნული დადგენილებით ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრული 45 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 17 თებერვლიდან.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
სასამართლომ მიუთითა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომლის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში თუკი მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 16 თებერვალს, შესაბამისად, სს „თ--–--ის“ მიერ ვალდებულება უნდა შესრულებულიყო კანონით დადგენილ 45 დღიან ვადაში ანუ 2015 წლის 02 აპრილის ჩათვლით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების N------ აქტის თანახმად, აღნიშნული აქტის გაცემის თარიღი იყო 03.04.2015 წელი, ხოლო ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღი კი - 2015 წლის 08 აპრილი.
სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტი N------ (ს.ფ. 38) მხარეთა მიერ დავის საგანი იყო იმ კუთხით თუ ვის მიერ და როდის მოხდა ხელმოწერა, ასევე იმის თაობაზე, რომ მასში მითითებულ დროს არ მომხდარა ობიექტის ელექტრო ენერგიით მომარაგება, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი სს „თ--–--ის“ მიერ აღნიშნულ სადავო აქტში დაფიქსირებულ თარიღში მოხდებოდა ელექტრო ენერგიით მომარაგება ქ------–--–-----–-------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება მაინც დარღვეულად უნდა ჩათვლილიყო. მით უმეტეს, რომ თავად სს „თ--–--ის“ მიერ გაცემულ ოფიციალური დოკუმენტით, როგორიცაა კონკრეტული აბონენტის ბრუნვის ისტორია, ცალსახად დასტურდებოდა, რომ ქ------–--–---------------ა-ის მაცხოვრებლებისთვის მრიცხველის დადგმა 2015 წლის 04 მაისს განხორციელდა, რაც არ შეიძლება ჩათვლილიყო ტექნიკურ შეცდომად, რასაც უთითებდა მოსარჩელე მხარე, მით უმეტეს, რომ აღნიშნული დოკუმენტი თავად სს „თ--–--ის“ მიერ იყო შექმნილი და თავადვე შეეძლო მოეხდინა მისი ჩასწორება, თუკი იგი არ შეიცავდა სწორ მონაცემებს.
ამასთან, სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მასიურად განხორციელდა ერთსა და იმავე მისამართზე არსებულ აბონენტებზე მრიცხველის დადგმის ერთი თარიღის შეცდომით დაფიქსირება, რაც ვერ ჩაითვლებოდა ტექნიკურ ხარვეზად. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილება და ელექტრო ენერგიით მომარაგება დაიწყო 2015 წლის 04 მაისს. რაც შეეხება 2015 წლის 15 აპრილის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რითაც სს „თ--–--ი“ მოპასუხეს აცნობებდა, რომ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოება უკვე დასრულებული იყო და მოეხდინა დარჩენილი გადასახდელი თანხის ანგარიშსწორება, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში 2015 წლის 15 აპრილი უკვე 45 დღიანი ვადის შემდგომი პერიოდი იყო და სს „თ--–--ის“ მიერ თუნდაც მითითებულ დროს ვალდებულების შესრულება უკვე ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენდა.
ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზემოაღნიშნული დადგენილების დანართი N4-ის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის დათქმაზე, სადაც კანონმდებლის მიერ ხაზგასმული იყო, რომ ხელშეკრულების „დაუსრულებლობად“ „ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობა“ მიიჩნია. რაც ნიშნავდა, რომ შესაძლოა სს „თ--–--ის“ მიერ სრულად ჩატარდა 2015 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა ვალდებულების „დასრულებად“ მხოლოდ „ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება” განისაზღვრა. „ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება” კი, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიერ მიჩნეული იყო 2015 წლის 04 მაისი, რაც უკვე ადასტურებდა სს „თ--–--ის“ მიერ ხელშეკრულების დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ელექტროენერგია მიეწოდა კანონით დადგენილ 45 დღიან ვადის დარღვევით. აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. მით უმეტეს, რომ წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა უშუალოდ შპს „D--“-ს ისეთი ქმედებები, რამაც სუბიექტურად თუ ობიექტურად გამოიწვია 2015 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულების დარღვევა თუ კანონით დადგენილი 45 დღიანი ვადის შეჩერება ან/და დარღვევა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენდა მიერთების საფასურის 50%-ს, განსახილველ შემთხვევაში კი 5250 ლარს, რაც შპს „D--“-ს მიერ ჯერ კიდევ 2015 წლის 04 თებერვალს განცხადების წარდგენის დროს გადახდილი ჰქონდა; რაც შეეხება დარჩენილი ნაწილის მოპასუხეზე დაკისრებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულის საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
აპელანტის მითითებით, 2015 წლის 4 თებერვალს შპს „ D--“ განცხადებით მიმართა სს „თ--–--ს“ და მოითხოვა ქსელზე მიერთება .საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს მიღებული N 20 დადგენილების თანახმად შპს „ D--“-ს უნდა გადაეხადა მოთხოვნილი სიმძლავრის 77 კილოვატის შესაბამისად განსაზღვრული 10 500 ლარი. ამავე დადგენილების მიხედვით განმცხადებელმა წინასაწარ გადაიხადა 10 500 ლარის ნახევარი 5 250 ლარი,ხოლო დარჩენილი მეორე ნახევარი უნდა გადაეხადა ქსელზე მეირთების სამუშაოების დასრულების შემდეგ. აპელანტის განმარტებით მოწინააღმდეგე მხარემ არ გადაიხადა ქსელზე მიერთების სამუშაოებით განსაზღვრული თანხის მეორე ნახევარი 5 250 ლარი, რადგან სამუშაოები ჩათვალა დადგენილ ვადაში შეუსრულებლად.
აპელანტის განცხადებით, სემეკის N20 დადგენილების თანახმად ქსელზე მიერთების სამუშაოების ვადა განისაზღვრა 45 სამუშაო დღე და შესაბამისად სამუშაოების რეალურად დასრულების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 8 აპრილი. აპელანტის მითითებით სს „თ--–--მს“ სამუშაოები დადგენილ ვადაში შეასრულა, რასაც ადასტურებდა ელექტროენერგიის დაწყების აქტი N------- და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას არასწორად გამოითვალა სამუშაოს დასრულების დრო ,სემეკის N20 დადგენილებით ქსელზე მიერთების სამუშაოებისათვის განსაზღვრულია 45 დღე , რომელიც მოცემულ საქმეზე დაიწყო 2015 წლის 4 თებერვალს და დასრულდა 8 აპრილს ,სასამართლო კი განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2 აპრილი,რაც აპელანტის მითითებით, არასწორია.
აპელანტის განმარტებით, საქმეზე გაცემული ტექნიკური პირობის მიხედვით, იმისათვის რომ დადგენილ ვადაში შესრულებულიყო ქსელზე მიერთების სამუშაოები, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაემონტაჟებინა თითოეულ ბინაში შესაბამისი ამპერაჟის ავტომატური ამომრთველები. მრიცხველის კარადებიდან თითოეულ ბინამდე უნდა გაეყვანა სპილენძის, შესაბამისი კვეთის და სიგრძის კაბელები. აპელანტის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოები მხარეს არ შეუსრულებია. აპელანტი უთითებს, რომ საქმეში შესაბამისი სამუშაოების შესრულების დოკუმენტები არ მოიპოვება და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითქოსდა იმის დასადასტურებლად, რომ ელექტროენერგიის მომარაგება დაიწყო 4 მაისს და აქედან გამომინარე ის, რომ ვადები დარღვეულია სს „თ--–--ის“ მხრიდან, არასწორია.
აპელანტის მითითებით, სამუშაოების შესრულების დრო დარღვეული იყო მოწინააღმდეგე მხარის მიერ, რადგან არ შეასრულა ტექნიკური პირობით განსაზღვრული სამუშაოები.
აპელანტის განმარტებით, საქმეში წარემოდგენილი ბრუნვის ისტორიები ვერ იქნება აპელანტის მხრიდან ვადის გადაცილების უტყუარი განმსაზღვრელი, რადგან სანამ არ შესრულდებოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესასრულებელი სამუშაოები სს „თ--–--ი“ ვერ დაიწყებდა ელექტოენერგიით მომარაგებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული სასამართლო აქტების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1 სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების N------ აქტზე (ს.ფ. 38) მოპასუხე მხარის ხელმოწერა არ არის.
- 2015 წლის 04 თებერვალს, მოპასუხე შპს “D--“-მ მიმართა მოსარჩელე სს ,,თ--–--ს“ განცხადებით ქ. თ---–--–----------------- (ყოფ. ი-–---------ს მიმდებარედ) 77 კვტ სიმძლავრის ელექტროენერგიის მიერთების თაობაზე, სადაც მოპასუხე ახორციელებდა საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს.
- შპს “D--“-ს დირექტორმა დ-------–------ემ 2015 წლის 04 თებერვალს გადაიხადა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური 5250 ლარის ოდენობით.
- 2015 წლის 16 თებერვალის #-------------- „ტექნიკური პირობით“ (ს.ფ. 36) დაწვრილებით განისაზღვრა სს „თ--–--ის“ ვალდებულება მის მიერ შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სს ,,თ--–--ის“ მოთხოვნა და მას მიეცა თანხმობა განეხორციელებინა ქ-------–--–-----–--------------ს მიმდებარედ ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები.
- სს ,,თ--–--მა“ განახორციელა შპს “D--“-ს წერილობითი მოთხოვნა ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების თაობაზე. სამონტაჟო სამუშაოები შესრულდა მისამართზე - ქ-------–-------–---------------------------------- (ყოფ. ი-–-------------ს მიმდებარედ), ნაკვეთი 0------, რეესტრის N----------------. ახალი აბონენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების N------ აქტის თანახმად, შპს “D--“-ს (აბონენტის) ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყო 08.04.2015 წელს.
- სს „თ--–--ი“ შპს “D--“-ს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით აცნობებდა ამ უკანასკნელის განცხადებასთან დაკავშირებით საქმის მსვლელობას, კერძოდ, მოპასუხისთვის მიწოდებულ შეტყობინებაში მითითებულია, რომ 2015 წლის 04 თებერვალს მისი განცხადება მიღებული იქნა განსახილველად წარმოებაში, ხოლო 2015 წლის 15 აპრილს ეცნობა, რომ განაცხადი დასრულებული იყო და მოეხდინა ანგარიშსწორება დარჩენილ 5250 ლართან დაკავშირებით.
- ქ-------–--–----------------ში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს აბონენტების ბრუნვის ისტორიის მიხედვით, მრიცხველის დადგმა განხორციელდა 2015 წლის 04 მაისს.
4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 16 თებერვალს სს „თ--–--სა“ და შპს “D--“-ს შორის დადებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც სს „თ--–--მა“ აიღო ვალდებულება 45 სამუშაო დღის ვადაში განეხორციელებინა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება, ხოლო შპს “D--“-მ აიღო ვალდებულება, გადაეხადა შესაბამისი საფასური.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას წარმოდგენს, სს „თ--–--ის“ მიერ სამუშაოს ვადაში შესრულება. აპელანტის მტკიცებით, სს „თ--–--ის“ სამუშაოების რეალურად დასრულების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 8 აპრილი. აპელანტის მითითებით სს „თ--–--მა“ სამუშაოები დადგენილ ვადაში შეასრულა, რასაც ადასტურებდა ელექტროენერგიის დაწყების აქტი N------- და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შპს “D--“-მ სს „თ--–--ს“ 2015 წლის 4 თებერვალს მიმართა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, ხოლო 2015 წლის 16 თებერვალს შედგა შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ 2015 წლის 16 თებერვლის შეთანხმება უნდა ჩაითვალოს ნარდობის ხელშეკრულების დადებად, რომელზეც მხარეებმა გამოხატეს ორმხრივი ნება და იკისრეს ვალდებულება, შეასრულონ ხელშეკრულებაში მითითებული პირობები.
მხარეების მიერ სადავოდ არაა გამხდარი, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 45 დღე. საქმეში წარმოდგენილი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება N28-ს თანახმად, 50-დან 80 კვ.ტ.-მდე სიმძლავრის ელექტროენერგიის შემთხვევაში ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება უნდა განხორციელებულიყო 45 დღის ვადაში, ხოლო საფასური შეადგენდა 10 500 ლარს. ამავე დადგენილით ირკვევა, რომ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენდა საფასურის 50%-ს.
პალატა მიაჩნია, რომ სს „თ--–--ისთვის“ 45 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2015 წლის 4 თებერვლიდან, შპს “D--“-ს მიერ განცხადების წარდგენის დღიდან, რადგან სამუშაოების შესრულების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილებით.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N 20 დადგენილების 261 მუხლის მეშვიდე პუნქტის თანახმად, 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიანტის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთანავე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით (წერილობით ან ელექტრონულად), რათა მოხდეს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერება. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში 43 გაუცემლობა გამოწვეულია განაწილების ლიცენზიანტის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
ამდენად, აღნიშნული დადგენილების თანახმად, ქსელზე მიერთების უზრუნველყოფა უნდა დაიწყოს „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან. მოცემულ შემთხვევაში განცხადება დათარიღებულია 2015 წლის 4 თებერვლით. აქედან გამომდინარე, 45 დღიანი ვადის ათვლა იწყება 2015 წლის 4 თებერვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
ამდენად, სს „თ--–--ისთვის“ სამუშაოების დაწყების ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 4 თებერვალს და ამოიწურა 45 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 8 აპრილს.
4.3 პალატა ვერ გაიზიარებს სს „თ--–--ის“ მოსაზრებას, რომ მის მიერ სამუშაო შესრულდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით განსაზღვრული ვადის დაცვით, 2015 წლის 10 აპრილამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სს „თ--–--ის“ მიერ სამუშაოს ვადაში შესრულების დასტურად წარმოდგენილია ახალი აბონიმენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების აქტი N------, ასევე შპს “D--“-ს აბონენტის ბრუნვის ისტორია. როგორც აქტსა და აბონენტის ბრუნვის ისტორიაშია მითითებული, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღია 2015 წლის 8 აპრილი.
აღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შპს “D--“-სა და თბილისში, ქ----–----------ში მცხოვრებლების აბონენტების ისტორიები, რომლებითაც დგინდება, რომ მრიცხველის დადგმა განხორციელდა 2015 წლის 4 მაისს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია ასევე თბილისში, ქ----–----------ში მცხოვრებლების ქვითრები, სადაც ასევე მითითებულია, რომ მრიცხველის დადგმა განხორციელდა 2015 წლის 4 მაისს. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მობილურის შეტყობინებიდან ირკვევა, რომ სს „თ--–--ის“ მიერ შპს “D--“-ს 2015 წლის 4 თებერვლის განცხადების დასრულების თარიღია 2015 წლის 15 აპრილი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ სს „თ--–--ის“ მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მის მიერ სამუშაო დადგენილ ვადაში შესრულდა.
პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ახალი აბონიმენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების აქტი N------ -ზე მოპასუხის ხელმოწერა არ ფიქსირდება. მოპასუხის განმარტებით, 2015 წლის 8 აპრილს ელექტრონერგიის დაწყება არ განხორციელებულა, როგორც ეს აქტშია მითითებული. აქედან გამომდინარე იგი სადავოდ ხდის აქტში მითითებულ ჩანაწერის სინამდვილეს.
პალატას მიაჩნია, რომ ახალი აბონიმენტის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების აქტი N------ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ შედგენილ დოკუმენტს, რომლის სისწორეც მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ აქტში მითითებულ ინფორმაციას, რომ სს „თ--–--ის“ მიერ ელექტროენერგიის მომარაგება დასრულდა 2015 წლის 8 აპრილს, რადგან მასზე არაა მოპასუხის დასტური, რაც აღნიშნულ აქტის სისწორეს ეჭვქვეშ აყენებს. მრიცხველის დადგმა და მოპასუხისათვის ელექტროენერგიის მიწოდება არ დასტურდება არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს “D--“-ს აბონენტის ისტორიიდან (ს.ფ. 37). მასში მითითებულია ქსელზე მიერთების საავანსო, რომელიც 2015 წლის 4 თებერვალს განხორციელდა, ასევე დგინდება, რომ 2015 წლის 8 აპრილს ჩატარებული იქნა ქსელზე მიერთების პაკეტის დაყენება. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება შპს “D--“-სთვის მრიცხველის დადგმა და მისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაწყება.
სამუშაოების გვიან შესრულების დადასტურების მიზნით მოპასუხის მიერ წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, საიდანაც დასტურდება, რომ შპს “D--“-სთვის და თბილისში, ქ----–----------ში მცხოვრებლებისთვის მრიცხველის დადგმა განხორციელდა 2015 წლის 4 მაისს, კანონით განსაზღვრული 45 დღიანი ვადის დარღვევით.
ამდენად, მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ სს „თ--–--ის“ მიერ ვერ იქნა დადასტურებული სამუშაოს დადგენილ ვადაში შესრულება, რის გამოც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 სექტემბრის დადგენილება N28-ს თანახმად, შპს “D--“ ვალდებული იყო გადაეხადა მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% - 5 250 ლარის ოდენობით, რაც მის მიერ შესრულებული იქნა (ს.ფ. 72). აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ შპს “D--“-ს არ გააჩნია რაიმე ვალდებულება სს „თ--–--ის“ მიერ, რის გამოც მისი სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 210 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ--–--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი