განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 110310017002003926 (3/ბ-18-2018)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მესამე პირი) - ხ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ------------ე
მოპასუხეები - ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისია,ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ნ------------ის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 10 ივლისს ნ------------ემ სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის, ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი:
- ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 8----------- სხდომის ოქმის ნაწილი, კერძოდ, კომისიის თავჯდომარის მიერ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების ნაწილში - რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ხ----------------ის წარდგენის თაობაზე;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 3------------- ბრძანება;
ამავე სარჩელით მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დავალდებულება გამოსცეს ბრძანება მოსარჩელე ნ------------ის ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან დანიშვნის შესახებ და ნ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს თანამდებობრივი სარგო 860 ლარის გადახდა 2017 წლის 30 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე 2006 წლის 16 ნოემბრიდან მუშაობდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უფროსი სპეციალისტის (იურისტის) თანამდებობაზე, ამ წლების მანძილზე, რესურსცენტრში განხორციელებული საშტატო განრიგის ცვლილებების კვალობაზე, კონკურსის წესით დაინიშნა რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის (პედაგოგის) თანამდებობაზე. 2014-2015 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 0-----2014 წლის №1----- ბრძანების საფუძველზე ასრულებდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას, 2015 წლის აგვისტოს თვიდან, მას შემდეგ რაც რესურსცენტრის უფროსად დაინიშნა თ---------------–---–ი, დაუბრუნდა თავის უფლება-მოვალეობის შესრულებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 05 იანვრის №-9 ბრძანების შესაბამისად, ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხამ და თანამდებობრივმა სარგომ განიცადა ცვლილება, რის შემდეგაც, 2017 წლის 0---------ს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის №2 ბრძანების საფუძველზე, დაინიშნა რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად, ვინაიდან აღნიშნული თანამდებობა კონკურსის წესით უნდა შევსებულიყო. 2017 წლის 10 მაისიდან 2017 წლის 09 ივნისის ჩათვლით იმუშავა შტატგარეშე მოსამსახურედ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის თითქმის 11 წლიანი გამოცდილება აქვს.
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ, 2017 წლის 18 აპრილს საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე გამოცხადდა მთავარი სპეციალისტის (ორი) ვაკანსია. განაცხადის მიღება დასრულდა 2017 წლის 27 აპრილს. კონკურსის პირველი ეტაპის (გადარჩევის) შემდეგ მოსარჩელე გადავიდა კონკურსის მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპის ტესტირება გაიმართა ქ.თბილისში განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2017 წლის 10 მაისს. კონკურსის მესამე ეტაპზე გადავიდა ხუთი კონკურსანტი, მათ შორის მოსარჩელეც.
2017 წლის 0-------ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იმერეთის და სამეგრელოს რესურსცენტრებისათვის, გაიმართა კონკურსის მესამე ეტაპი - გასაუბრება. გასაუბრებაზე მუდმივმოქმედი კომისიის 5 წევრიდან გასაუბრებაზე გამოცხადდა ოთხი წევრი. კომისიის წევრები გასაუბრებაზე ადგენდენ შესაბამის ფორმებს, შეფასების ფორმების მიხედვით კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობა მიიღო მოსარჩელემ.
2014 წლის 18 ივნისის საქართველოს მთავრობის №412 დადგენილების შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. დამსწრე წევრთა უმრავლესობამ (კომისიის სამმა წევრმა) მისცა ხმა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა მოსარჩელის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, თანამდებობაზე დაინიშნა სხვა კონკურსანტი. კომისიის ოქმი მოსარჩელემ ჩაიბარა 2017 წლის 3 ივლისს და სწორედ მაშინ გახდა მისთვის ცნობილი კომისიის გადაწყვეტილების შესახებ. 2017 წლის 0-----–--ს კომისიის ოქმი გაასაჩივრა საპრეტენზიო კომისიაში, რომელმაც პასუხი ჩააბარა 06 ივლისს, საიდანაც ირკვევა, რომ რესურსცენტრში კომისია აღარ არსებობს, კომისია დატოვა ერთმა წევრმა და მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა ობიექტიური მიზეზების გამო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ხ----------------ე.
მოპასუხეების ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევმა მუდმივმოქმედმა საკონკურსო კომისიამ და ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, ასევე მესამე პირმა ხ----------------ემ სარჩელი არ ცვნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი: ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 8----------- სხდომის ოქმის ნაწილი, კერძოდ, კომისიის თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების ნაწილში - რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ხ----------------ის წარდგენის თაობაზე; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 3------------- ბრძანება; ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაევალა გამოსცეს ბრძანება ნ------------ის ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან დანიშვნის შესახებ და ნ------------ის სასარგებლოდ დაეკისრა თანამდებობრივი სარგო 860 ლარის გადახდა 2017 წლის 30 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 16 ნოემბრიდან ნ------------ე მუშაობდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. ასევე 0-----2014 წლის №1----- ბრძანების საფუძველზე, ასრულებდა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას და 2017 წლის 10 მაისიდან - 2017 წლის 09 ივნისის ჩათვლით მუშაობდა შტატგარეშე მოსამსახურედ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 05.01.2017 წლის №-9 ბრძანებით განისაზღვრა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. რესურცენტრის მიერ გამოცხადდა კონკურსი მთავარი სპეციალისტის ორ ვაკანსიაზე 2017 წლის 18 აპრილს, ხოლო განცხადებების მიღება დასრულდა 2017 წლის 27 აპრილს.
კონკურის მესამე ეტაპზე (გასაუბრება) გადავიდა რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ნ------------ე. საკონკურსო კომისიის ხუთი კომისიის წევრიდან გასაუბრებაზე გამოცხადდა ოთხი წევრი. 2017 წლის 08----------- ოქმის თანახმად, კომისიის წევრთა უმრავლესობამ (სამი წევრი) მხარი დაუჭირა ნ---------------ისა და ნ------------ის კანდიდატურებს.
კომისიის თავჯდომარემ არ გაითვალისწინა კომისიის წევრთა უმრავლესობის მოსაზრება და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ნ---------------ისა და ხ----------------ის დანიშვნის თაობაზე.
2017 წლის 0-----–--ს ნ------------ემ გაასაჩივრა კომისიის ოქმი საპრეტენზიო კომისიაში, მოსარჩელეს პასუხი ჩაბარდა 06 ივლისს, საიდანაც გაირკვა, რომ რესურსცენტრში კომისია აღარ არსებობდა, კომისია დატოვა ერთმა წევრმა და მისი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა.
რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 1-----–-------- და 2017 წლის 1-----–-------- ბრძანებების ბათილად ცნობა. ამავე სხდომაზე მოსარჩელემ მოხსნა მითითებული მოთხოვნები და მხარი დაუჭირა პირვანდელ სასარჩელო მოთხოვნებს.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლზე, რომლის თანახმად პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე კანონის 33-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. ხოლო 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას. 37-ე მუხლის თანახმად მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად კონკურსის პრინციპებია: კანონიერება, სამართლიანობა, საჯაროობა, გამჭვირვალობა, არადისკრიმინაციულობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, კოლეგიალურობა, კორექტულობა. მეოთხე მუხლის თანახმად კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. ხოლო მე-14 მუხლი განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის წესს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია ასევე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. მე-3 პუნქტის თანახმად, კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით. მე-4 პუნქტის თანახმად კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მე-5 პუნქტის თანახმად კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. მე-6 პუნქტის თანახმად კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო 2017 წლის 0-------ის ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის №- სხდომის ოქმი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 3------------- ბრძანება შეიცავდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდა. ამდენად ადმინისტრაციულ ორგანოს მისი გამოცემისას უნდა დაეცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები, ანუ აქტის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. მოსარჩელე სადაოდ ხდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.
საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებშია რეგლამენტირებული, დიდწილად საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ადამიანის შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტით გარანტირებული შრომის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოფილ იყოს პიროვნების მიერ სამუშაოს საკუთარი სურვილისამებრ არჩევის უფლება, მათ შორის ვალდებულებას, არ მოხდეს პირისათვის მუშაობის უფლების უკანონოდ წართმევა. ამ განსაზღვრებით ხაზგასმულია, რომ პიროვნების და მისი ღირსების პატივისცემა გამოიხატება სამუშაოს თავისუფლად არჩევის უფლებაშიც, რაც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებას.
შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით, ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებებისა და განვითარების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილებაა კომისიის წევრთა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ერთპიროვნულად. რაიონულმა სასამართლო განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო ამავე კოდექსის 53.4 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში უნდა მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე და განმარტა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით სასამართლოს შეუძლია იქონიოს მსჯელობა სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხზე, ანუ მის კანონიერებაზე. დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, უკანასკნელს არა აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა კანონმდებლობის ნორმატიული მოთხოვნების დაცვასთან. სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას სადავო გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის ასპექტებზე, აქტის მიზანშეწონილობის გადამოწმება სცილდება სასამართლო კონტროლის ფარგლებს.
2017 წლის 08----------- ოქმის თანახმად, კომისიის წევრთა უმრავლესობამ (სამი წევრი) მხარი დაუჭირა ნ---------------ისა და ნ------------ის კანდიდატურებს. კომისიის თავჯდომარემ არ გაითვალისწინა კომისიის სხვა წევრების მოსაზრება და ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ნ------------ის ნაცვლად ხ----------------ის დანიშვნის თაობაზე. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე აშკარად გავიდა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებიდან და მოქმედებდა თვითნებურად ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს კომისიის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებას, რამეთუ კანონმდებელი ალტერნატიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არ იცნობს. სადავო ურთიერთობის წარმოშობის დროისათვის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის საფუძველზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი უალტერნატვოდ ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს ამ კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
რაიონულმა სასამართლო მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარის კანონიერი ინტერესი იყოს დასაქმებული და უზრუნველყოფილი იყოს საჯარო სამსახურში საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად. ამასთან, დადგენილია, რომ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის 2017 წლის 8----------- სხდომის ოქმის ნაწილი, კერძოდ, კომისიის თავჯდომარის მიერ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღების ნაწილში - რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე ხ----------------ის წარდგენის თაობაზე - ეწინააღმდეგება სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებს, ანუ სახეზეა სხდომის ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნულის გათვალისწინებით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი ეცლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 3------------- ბრძანებას.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოხელე უზრუნველყოფილი იქნება შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. შესაბამისად, ნ------------ეს უნდა მიეცეს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო (ხელზე ასაღები თანხა უნდა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ----------------ემ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ნ------------ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლოს ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არ შეაფასა საქმეში არსებული 2017 წლის 1-----–-------- და 1-----–-------- ბრძანებები. აღნიშნული ბრძანებების მიხედვით, ხ----------------ე თანამდებობაზე დაინიშნა 2017 წლის 30 ივნისიდან. ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი არ ყოფილა გასაჩივრებული, შესაბამისად იგი კანონიერ ძალაშია. საყურადღებოა რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს არ მოუხდენია გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობა თანმდევი შედეგებით. ცხადია სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 248-ე მუხლიდან გამომდინარე ვერ გასცდებოდა მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ მხოლოდ პირვანდელ სარჩელში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილებას აზრი დაეკარგა, რადგან 2017 წლის 1-----–--ის ბრძანება შესულია კანონიერ ძალაში და უკვე გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ხოლო პირვანდელ სარჩელში დაყენებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა ავტომატურად არ იწვევს 2017 წლის 1-----–--ის და 1-----–--ის ბრძანებების ბათილად ცნობას. აღნიშნული გარემოებას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე ყურადღება არ მიაქცია ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას რამდენიმე გადაწყვტეილებიდან მიეღო ადმინისტრაციული ორგანოსათვის სასურველი გადაწყვეტილება. მართალია, კომისიის ოქმის მიხედვით ხმების უმრავლესობა მიღებული ჰქონდა ნ------------ეს, მაგრამ კომისიის ოქმი და მასზე მიღებული გადაწყვეტილება არის სარეკომენდაციო ხასიათის ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი პირი თავად წყვეტს მისთვის მინიჭიებულ დისკრეციულ ფარგლებში გაიზიაროს თუ არა კომისიის შედეგები და დანიშნოს თუ არა ვაკანტურ თანამდებობაზე მასში მითითებული პირი.
ადმინისტრაციულ ორგანოს ხელმძღვანელი პირის განმარტებით ხ----------------ის დანიშვნა მოხდა სწორედ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ორი კანდიდატიდან შეარჩია ყველაზე მისაღები, - რადგან ხ----------------ე ნ------------ისაგან განსხვავებით იყო პედაგოგი და მთავარი სპეციალისტის უფლებამოსილებაში სწორედ სასწავლო პროცესებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და ამ პროექტების წარმართვა შედიოდა.
საყურადღებოა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც, კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ ბათილად ცნო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და შეიჭრა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაში, დაავალა მთავარ სპეციალისტად პირდაპირ ნ------------ის დანიშვნა, მაშინ, როცა აღნიშნული საკითხი ადმინისტრაციულ ორგანოს ხელმძღვანელის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივ გარემოებებათა სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს:
სადავო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მიზნით რაიონულმა სასამართლომ მართებულად გამოიყენა 31/10/1997წ საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 18/06/2014 წ. №412 დადგენილება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 18/06/2014 წ. №412 დადგენილებით.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 34.1 მუხლის თანახმად, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. ხოლო 35.1 მუხლის შესაბამისად, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს ამ კანონის 25.1 მუხლში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას. 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 18/06/2014 წ. №412 დადგენილებით (ძალადაკარგულია 01/07/2017წ) დამტკიცებული კონკურსის ჩატარების წესის მე-3 მუხლის შესაბამისად, კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა. ამავე დადგენლების მე-4 მუხლის თანახმად კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევის და მათი თანამდებობებზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, ცოდნის, პიროვნული თვისებების, მოტივაციის და უნარ-ჩვევების შეფასება; დ) შერჩეული კანდიდატების ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
ხსენებული დადგენილების მე-14 მუხლი განსაზღვრავს კომისიის საქმიანობის წესს. 14.1 მუხლის თანახმად, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 14.2 მუხლის თანახმად, კომისია, ასევე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. 14.3 მუხლის, შესაბამისად, კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით. 14.4 მუხლის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 14.5 მუხლით, კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 14. 6 მუხლით, კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში, ხოლო ამავე კოდექსის 53.4 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში უნდა მიუთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტრესების დაცვის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რომლის შინაარსი მდგომარეობს საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერ გაწონასწორებასა და მათ მართლზომიერ დაბალანსებაში.
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევი კომისიის 2017 წლის 8----------- სხდომის ოქმით ირკვევა, რომ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ.გერდის (hr.gov.ge) მეშვეობით 2017 წლის 18 აპრილს გამოცხადებული ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის შესარჩევი კონკურსის გასაუბრებაზე დაბარებული იყვნენ შემდეგი კანდიდატები: ნ------------ე, ნ----------–--ე, ნ---------------ე, ხ----------------ე და ი---------ა. ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპზე (გასაუბრება) გამოცხადნენ შემდეგი პირები: ნ------------ე, ნ----------–--ე, ნ---------------ე, ხ----------------ე და ი---------ა.
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის შერჩევის მიზნით, ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოხელეთა შესარჩევმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, გასაუბრების შესაბამისად, გაანალიზა თითოეული კონკურსანტის პასუხები და მათი შესაძლებლობები.
კომისიის თავმჯდომარემ თ---------------–---–მა მხარი დაუჭირა ნ---------------ისა და ხ----------------ის კანდიდატურებს.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ე-–------------------–---–მა კომისიის წევრმა ე--------------–-–---–მა მხარი დაუჭირა ნ---------------ისა და ნ------------ის კანდიდატურებს.
კომისიის წევრმა ა---------–-------–--ემ მხარი დაუჭირა ნ---------------ის და ნ------------ის კანდიდატურებს.
ამდენად, 2017 წლის 08----------- ოქმის თანახმად, კომისიის წევრთა უმრავლესობამ (სამი წევრი) მხარი დაუჭირა ვაკანტურ თანამდებობაზე ნ---------------ისა და ნ------------ის კანდიდატურებს. როგორც ოქმშია აღნიშნული, კომისიის თავმჯდომარემ თ---------------–---–მა არ გაითვალისწინა კომისიის სხვა წევრების მოსაზრებები რადგან ჩათვალა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო არგუმენტებით გამყარებული ამიტომ მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება _ რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დაინიშნოს: ნ---------------ე და ხ----------------ე (ს.ფ. 363-38). იგივე ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თ---------------–---–ის 2017 წლის 3------------- ბრძანებით ხ----------------ე დაინიშნა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან სამი თვის გამოსაცდელი ვადით. ხ----------------ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 860 ლარის ოდენობით (ს.ფ. 45).
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 1-----–--ის N-- ბრძანებით ხ----------------ე დაინიშნა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან. გამოსაცდელი ვადა სამი თვიდან გაგრძელდა 12 თვემდე. 2017 წლის პირველ ივლისამდე განვლილი გამოსაცდელი ვადა ჩაითვალა თორმეტთვიან გამოსაცდელ ვადაში. ხ----------------ის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 860 ლარის ოდენობით (ს.ფ. 194).
ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 1-----–--ის N-- ბრძანებით ხ----------------ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე გავლილი 13 დღის გამოსაცდელი ვადა ჩაეთვალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ 12 თვიან გამოსაცდელ ვადაში და გამოსაცდელი ვადა განესაზღვრა 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით (ს.ფ. 195-196).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე კოდექსის 103.2 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ორგანოს წინაშე დასმულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო. გამონაკლისს წარმოადგენს კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის უფლება – გადაგზავნოს განცხადება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ან დაუბრუნოს იგი განმცხადებელს, თუ მასში დასმული საკითხების გადაწყვეტა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გასცდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესით მინიჭებულ უფლებამოსილებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაც გამორიცხავს კომისიის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებას. მან დასანიშნად წარადგინა და მოგვიანებით თანამდებობაზე დანიშნა კიდეც ის კანდიდატი, რომლის დასანიშნად წარდგენას კომისიის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 - 5.3 მუხლებით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ასკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას, რომ ნ------------ის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არსებითად დაირღვა კანონის მოთხოვნები, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, შესაბამისად, სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 3------------- და 2017 წლის 1-----–--ის N-- ბრძანებების ძალაში ყოფნის პირობებში შეუძლებელია ნ------------ის სარჩელის დაკმაყოფილება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 3------------- ბრძანებით ხ----------------ე დაინიშნა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან სამი თვის გამოსაცდელი ვადით (ს.ფ. 45). ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 1-----–--ის N-- ბრძანებით კი ხ----------------ე დაინიშნა ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2017 წლის 30 ივნისიდან. გამოსაცდელი ვადა სამი თვიდან გაგრძელდა 12 თემდე. 2017 წლის პირველ ივლისამდე განვლილი გამოსაცდელი ვადა ჩაითვალა თორმეტთვიან გამოსაცდელ ვადაში (ს.ფ. 194).
მართალია, აღნიშნული ბრძანებები ნ------------ის მიერ არ გასაჩივრებულა, თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული ბრძანებები გამოცემულია 2015 წლის 27 ოქტომბრის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქათველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით (ამოქმედდა 01.07.2017წ) და აღნიშნული ბრძანებები სამართლებრივ შედეგს აყენებენ მხოლოდ ნონა ბაბუძის სარჩელით სადავო 3---------–---- ბრძანებასთან (კონკურსის შედეგების საფუძველზე ხ----------------ის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ) ერთად და არა ამ ბრძანებისაგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2017 წლის 3------------- და 2017 წლის 1-----–--ის N-- ბრძანებების გაუსაჩივრებლობა საქმის არსს ვერ შეცვლის და მოსარჩელე ნ------------ის საწინააღმდეგო სამართლებრივ შედეგს ვერ განაპირობებს.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მოსარჩელისათვის 3 თვის ხელფასის თანხის მიკუთვნების ნაწილში.
2017 წლის 29 ნოემბერს ნ------------ემ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა (ს.ფ. 220-221).
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე ნ------------ის შუამდგომლობა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 223-225).
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ნ------------ეს, რომელიც ამ უკანასკნელს ჩაჰბარდა პირადად _ 2017 წლის 21 დეკემბერს (ს.ფ. 230). განჩინება ნ------------ის მიერ არ გასაჩივრებულა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ბ) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; ვ) თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები; ზ) ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
მოცემულ შემთხვევაში, ნ------------ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის 3 თვის ხელფასის თანხის მიკუთვნების ნაწილში მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, სხვა ნაწილში გადაწყვეტილბის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი არ არსებობს.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონულმა სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე; 390-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. ნ------------ის შუამდგომლობა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს;
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
ხათუნა ხომერიკი
მოსამართლე