განაჩენი

სისხლის სამართლის 28.03.2018
საქმის ნომერი
190100117002075597
ინსტანცია
თარიღი
28.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100117002075597

საქმე №1ბ/77-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მარტი 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე ვეფხია ლომიძის

 

ნანა უნდილაშვილის, ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ---------–-------ს, გ--------------–--ის

მსჯავრდებულის: რ---------------ის

ადვოკატის: პ------------–---–ის

თარჯიმნის: ვ-----–-------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ რ---------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №042070817001): რ---------------ის, დაბადებულის 1986 წლის 3 იანვარს, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, პ/ნ 2----------, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.მ--------–-------–--–---–---------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,დ“ და „ე“ ქ/პუნქტებით და სსკ-ის 273–ე მუხლი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ---------------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული.

 

მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით რ---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და „ე“ ქ/პუნქტებით სსკ-ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართელოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და „ე“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელით მოუხდელი ნაწილი - (4 წელი თ/ა) და საბოლოოდ, რ---------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

რ---------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრერთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

რ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 7 აგვისტოდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---------------მა.

 

აპელანტმა სააპელაციო საჩივარით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასამართლომ ობიექტურად არ დაადგინა საქმის გაქტობრივი გარემოებები და უსაფუძვლო და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ რ---------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, - გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ რ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე–3 ნაწილის ,,დ“ და „ე“ ქ/პუნქტებით და სსკ-ის 273–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად არის დადგენილი და დადასტურებული საქმეზე შეკრებილი ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ - თვით რ---------------ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების – შახინ ისმაილოვის, ვალერი ნათიძის, აკაკი ზამბახიძის გამოკითხვის ოქმებით, რ---------------ის ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის #1378/სქ-1546/ქრ დასკვნით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის #1/5-17 განაჩენით რ---------------ის მიმართ, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც დაცვის მხარემ პირველი ინსტაციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს სადავოდ არ გახადა და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებაზე იმ მოტივით, რომ რ---------------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ხელი არ შეუშალა გამოძიებას, სადავოდ არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ გააჩნია დამამაძიმებელი გარემოებანი, პალატა ვერ დანეთანხმება, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, რ---------------ის მიმართ ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენის გამო დამდგარია ორი გამამტყუნებელი განაჩენი (რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3 ნოემბრის და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის). მათ შორის ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელისთვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და გამოსაცდელ პერიოდში კვლავ ჩაიდინა ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც მიუთითებს მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიუღწევლობაზე. რ---------------ისთვის წარსულში ჩადენილი ანალოგიური დანაშაულისათვის მსჯავრდება არ აღმოჩნდა საკმარისი მისი რესოციალიზაციისთვის, არ მოახდინა ზემოქმედება დანიშნულმა სასჯელებმა, რომ განმსჭვალულიყო კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით და აღარ ჩაედინა ახალი დანაშაული.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების სახეს და ზომას და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ რ---------------ისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას და მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, ნარკოტიკული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ რ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ რ------------- მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.

 

დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით დაზუსტებულ სააპელაციო მოთხოვნას საფუძვლად დაუდო ის, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ნარკოდამოკიდებულ პირს და მის მიმართ გამოტანილი ყველა განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებები დაკაკვშირებულია სწორედ მსჯავრდებულის სურვილთან - მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად, მის ქმედებებში ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნით არარსებობა მიუთითებს ამ ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების შედარებით ნაკლებ ხარისხზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ეს გარემოებები გაითვალისწინა, როცა რ---------------ს დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში მინიმალური ოდენობით; ასევე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ რ---------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი რ---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

რ---------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართელოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და „ე“ ქ/პუნქტებით და სსკ-ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულტა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართელოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და „ე“ ქ/პუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 273–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელით მოუხდელი ნაწილი - (4 წელი თ/ა) და საბოლოოდ, რ---------------ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

რ---------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრერთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

რ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 7 აგვისტოდან.

 

უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის უწყებებს. მოცემულ საქმეზე მსჯავრდებულ რ---------------ის მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან;

 

ნივთიერი მტკიცებულება – ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ - წონით 0,04811, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციისა და აღრიცხვის სამმართველოში, განადგურდეს გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კაონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე