განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
411210018001942611
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 411210018001942611

საქმე№2/ბ-197-18წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი (მოპასუხე)-ნ---- მ----ე

წარმომადგენელი- ნ----–- ქ------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)-შპს ,,ო--–--- ფ------ი“

წარმომადგენელი-ს-------- შ-------–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აბაშის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება

აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

1.სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელეს მითითებით, შპს ,,ო--–--- ფ------სა” და მოპასუხე ნ---- მ----ეს შორის 2016 წლის 29 იანვარს ელექტრონული ფორმით დაიდო № 8-------_4 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა სესხი 800 ლარის ოდენობით შემდეგი პირობებით: სესხის დაბრუნების ვადა -31 დღე, სესხის დღიური საპროცენტო განაკვეთი- 0.64 %, სესხის ვადის გადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა ორ დღემდე - 50 ლარი, 30 დღემდე -100 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო – 2 %. მოპასუხემ გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების (სესხის გადავადება) ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლებლობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუძველზე, სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 2016 წლის 12 ივნისი. მსესხებელს სესხის თანხა გამსესხებლისთვის სარჩელის წარდგენის დროისათვის დაბრუნებული არ აქვს, რის შედეგად 2017 წლის 28 აპრილის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება გამსესხებლის წინაშე შეადგენს 6279.76 ლარს, საიდანაც: სესხის ძირია - 800 ლარი, პროცენტი – 138.34 ლარი, პირსაგამტეხლო- 5341.42 ლარი. მოსარჩელემ შეამცირა დავალიანება და მოითხოვა მოპასუხე ნ---- მ----ისათვის შემცირებული დავალიანების 2000 ლარის დაკისრება, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა შპს „ო--–--- ფ------ი“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -50 ლარის გადახდა.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 09 ოქტომბერს სენაკის მაგისტრატი მოსამართლის მიერ აბაშის მუნიციპალიტეტში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლზე აპელირებით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ო--–--- ფ------ის“ სარჩელი მოპასუხე ნ---- მ----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და მას (პ/ნ 6----------) შპს „ო--–--- ფ------ი“-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისრა 2000 (ორი ათასი) ლარისა და ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის -- 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგს:

 

2.1. 2017 წლის 29 მაისს, აბაშის მაგისტრატ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს ,,ო--–--- ფ------ის“ წარმომადგენელმა, მოპასუხედ დაასახელა ნ---- მ----ე და მოპასუხეზე მის სასარგებლოდ 2000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს გადაეცა სარჩელი და თანდართული საბუთები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2.3. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ნ---- მ----ეს გაეგზავნა თუმცა გზავნილის მისთვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, მისამართზე არავინ იმყოფებოდა.

 

2.4. ნ---- მ----ისათვის გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის გამო, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება შეტყობინების (სარჩელისა და თანდართული მასალების) საჯაროდ გავრცელების შესახებ, რაც 2017 წლის 08 სექტემბერს განთავსდა აბაშის მაგისტრატი სასამართლოს შენობაში და სასამართლოს ვებგვერდზე – WWW. GEOCOURTS.GE.

 

2.5.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გზავნილი ნ---- მ----ისათვის ჩაბარებულად ჩაითვალა 2017 წლის 14 სექტემბრიდან. შესაბამისად მას შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული ვადის დენა დაეწყო 2017 წლის 15 სექტემბრიდან და ამოეწურა 19 სექტემბერს .

 

2.6. ნ---- მ----ის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ხუთდღიან ვადაში წარმოდგენილი არ იქნა შესაგებელი და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, ასევე არ მიუმართავს სასამართლოსთვის შუამდგომლობით შესაგებლის წარმოდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

 

2.7. სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 623-ე-ე, 417-418-ე მუხლებზე მითითებით მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 2321-ე მუხლების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დააკმაყოფილა.

 

2.8. სასამართლო გზავნილი სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აბაშის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2017 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა ადრესატს, ნ---- მ----ეს პირადად, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე ნ---- მ----ის ხელმოწერით.

 

2.9. 2017 წლის 27 ოქტომბერს მოპასუხე ნ---- მ----ემ საჩივრით მიმართა სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ მოსამართლეს აბაშის მუნიციპალიტეტში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

 

საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ შეტყობინება სარჩელის შესახებ არ მიუღია. ვინაიდან დღის საათებში დასაქმებულია და სარჩელში მითითებულ მისამართზე იმყოფება ღამის საათებში. საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ მისთვის არც საჯარო შეტყობინების შესახებ იყო ცნობილი. მისივე განმარტებით, არ არის ურჩი გადამხდელი და ყოველგვარი დარღვევების გარეშე იხდიდა თანხებს, მაგრამ გასათვალისწინებელი ობიექტური მიზეზების გამო ვეღარ მოახერხა სესხის სრულად დაფარვა. გამომდინარე აქედან, საჩივრის ავტორმა მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რათა შეძლოს თავისი უფლების დაცვა.

 

2.10. სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლეს აბაშის მუნიციპალიტეტში განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და საჩივრის განხილვის მიზნით 2017 წლის 25 დეკემბერს დაინიშნა შესაბამისი სხდომა.

 

2.11 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ნ---- მ----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

2.12. საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ გააჩნდა საპატიო მიზეზი ან არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ მიუთითა შესაგებლის წარუდგენლობის ისეთი საპატიო მიზეზი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა საჩივრის საფუძვლიანობაზე.

 

3. სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აბაშის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება საპელაციო წესით გაასაჩივრა ნ---- მ----ემ და მათი გაუქმება და საქმეზე წარმოების განხლებით შესაბამისი სამოქალაქო საქმის განსახილველად ამავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. აპელანტ ნ---- მ----ის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას სარჩელი და თანადართული მასალები არ ჩაბარებია, თუმცა ასეთი მოქმედების განხორციელება რეალურად შესაძლებელი იყო მისი ოჯახის წევრზე - მეუღლეზე, რაც მისცემდა შესაძლებლობას წარმოედგინა შესაგებელი. აქვე აპელანტის მიერ დასმული იქნა ლოგიკური შინაარსობრივი დატვირთვის მქონე შეკითხვა იმის თაობაზე, რომ ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ შეუძლებელი აღმოჩნდა მისთვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება, როგორ გახდა შესაძლებელი სასამართლოსთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარება. აპელანტის განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილებით სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვასა და საქმის წარმოების განახლებაზე უთხრა რა უარი, აღნიშნულით დაირღვა შეჯიბრობითობის პრინციპი და შეილახა მისი საპროცესო უფლებები.

3.2. აპელანტის განმარტებით სარჩელი მთლიანად იქნა დაკმაყოფილებული, თუმცა სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს არ უნდა გამოეტანა. კერძოდ აპელანტის განმარტებით. სასამართლომ ისე მიიჩნია დამტკიცებულად სარჩელში მითითებული გარემოებები, რომ არ მისცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, არ მისცა შეფასება იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში კი შეთანხმება პირგასამტეხლოზე ბათილია ფორმადაუცველობის გამო. აპელანტმა მიუთითა, რომ წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, ხორციელედება იმ მატერიალურ საშუალებაზე ხელის მოწერით, სადაც გადმოცემულია ხელშეკრულება ნაბეჭდი ან ხელწერის ფორმით, რაც ელექტრონული ფორმით დადებული ხელშეკრულებისას შეუთავსებელია, შესაბამისად კიბერსფეროში უნდა მოხდეს ხელმოწერა ისეთი საშუალებით, რაც ამ ხელმოწერის მიმართ ჩამოაყალიბებს სანდოობის მაღალ ხარისხს, ასეთად კი ევროკავშირის სამართლის მიხედვით მხოლოდ ციფრულ ხელმოწერას აქვს იგივე ძალა, რაც მატერიალურ საშუალებებზე ხელის მოწერას. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის რა ციფრული ხელმოწერა, პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ უნდა ჩაითვალოს პირგასამტეხლოზე შესაბამისი წერილობითი ფორმის დაცვით დადებულ შეთანხმებად. გარდა ამისა აპელანტის განმარტებით, ბათილობის წინაპირობაც რომ არ იყოს სახეზე განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს მოსარჩელის მხრიდან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნას შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ შპს ,,ო--–--- ფ------ის“ სარჩელი მოპასუხის, ნ---- მ----ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე წარმოებაში იქნა მიღებული.

 

4.2. დადგენილია, რომ ვინაიდან სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხე ნ---- მ----ეზე ჩაბარება ვერ მოხერხდა, მას სარჩელი და თანდართული მასალები ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.

 

4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2311-ე მუხლით მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

4.4. პალატა განმარტავს: სსკ-ის 2311-ე მუხლის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა შესაძლებელია, როდესაც სახეზეა ერთდროულად რამდენიმე წინაპირობა:

1)მოპასუხეს ჩაბარდა გზავნილი (სარჩელი თანდართული მასალებით) სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით

2)არ არსებობს სსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული საპატიო გარემოებები შესაგებლის წარუდგენლობისა;

3)სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

4.5. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, ფასდება იმის მიხედვით, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები გამოიწვევს თუ არა იმ შედეგს, რომლის დადგომასაც მოითხოვს მოსარჩელე.

 

4.6. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა იყო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე როგორც ძირითადი დავალიანების გადახდა, ასევე სარგებლისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება.

უდავოა, რომ აპელანტი დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ საფუძვლით, რომ სარჩელი იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, რადგან ასეთი მიუხედავად შემცირებისა, მაინც შეუსაბამოდ მაღალი იყო შესასრულებელ ვალებულებასთან მიმართებაში. სასამართლო იზიარებს აპელანტის სამართლებრივ თვალსაზრისს და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არაინ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელდობრ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმა ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ამდენად,რადგან ასეთი განეკუთვნება სასამართლო შეფასების კომპეტენციას, სასამართლო ვალდებულია ნებისმიერ სახის, მათ შორის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას, შეაფასოს სამართლებრივი თვალსაზრისით მოცემული საკითხი იმგვარად, არსებითი განხილვისას სარჩელში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები გამოიწვევდა თუ არა იმ ოდენობით მოპასუხეზე პირგასამტეხლოს დაკისრებას, როგორც ამას მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში მართალია, მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და ჯამურად მოითხოვა 2000 ლარის დაკისრება, სადაც ძირი თანხაა 800 ლარი, სარგებელი - 138 ლარი, ხოლო დანარჩენი 1062 ლარი- პირგასამტეხლო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ძირ თანხას. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეეფასებინა სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნაში პირგასამტეხლოს სახით შესული თანხის ოდენობა იურიდიულად რამდენად იყო გამართლებული. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2311-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაენიშნა სხდომა, რის შესახებაც ეცნობებინა მხარეთათვის ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სხდომაზე მოესმინა მოპასუხის, მხოლოდ სამართლებრივი მოსაზრებები სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც არ განუხორციელებია.

 

4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დროს, ასევე საჩივრის განხილვის ეტაპზე არ იმსჯელა პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის იურიდიულ მართებულობაზე, რაც ადასტურებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევებით (სსკ-ს 2311-ე მუხლი), რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და არასწორი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია.

 

4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავეს კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

იმის გათვალისწინებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმები (სსკ-ს 2311-ე, 241-ე მუხლი), რამაც არასწორი გადაწყვეტილებების გამოტანა გამოიწვია, აღნიშნული გარემოება სსსკ-ის 385-ე, 393.3-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ,,ე1“ პუნქტის შესაბამისად, ნ---- მ----ის საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებულ გადაწყვეტილების გაუქმებისა და 2311-ე მუხლით გათვალისწინებული წესით სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ნ---- მ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აბაშის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება;

სამოქალაქო საქმე №2/54-17 შპს ,,ო--–--- ფ------ის“ სარჩელისა გამო, ნ---- მ----ის წინააღმდეგ 2311-ე მუხლით გათვალისწინებული წესით სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს აბაშის მაგისტრატ სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან სამოქალაქო საქმე №2/54-17 შპს ,,ო--–--- ფ------ის“ სარჩელისა გამო, ნ---- მ----ის წინააღმდეგ არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა აბაშის მაგისტრატ სასამართლოს, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს მოცემული საქმის ხელახალი განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ნ---- მ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2.სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის აბაშის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 09 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს;

3.სამოქალაქო საქმე (№2/ბ-197-2018) შპს ,,ო--–--- ფ------ის“ სარჩელისა გამო მოპასუხე ნ---- მ----ის მიმართ არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს აბაშის მაგისტრატ სასამართლოს.

4.საპროცესო ხარჯები განაწილდეს საქმის ხელახალი განხილვისას მიღებული გადაწყვეტილებით;

5.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა კალანდაძე