განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2018
საქმის ნომერი
010141318700055680
ინსტანცია
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055680

საქმე №აგ/263-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 აპრილი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

ვეფხია ლომიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----------–-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით:

 

ვ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დანაშაულის რეციდივის პირობებში, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით, ვ--------------–---–ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, 5 (ხუთი) თვით და 26 (ოცდაექვსი) დღით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით, 11 (თერთმეტი) თვით და 26 (ოცდაექვსი) დღით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 (სამი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე.

 

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის შესაბამისად, ვ--------------–---–ს 3 (სამი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2013 წლის 11 სექტემბრიდან.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ვ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ვ--------------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 2 (ორი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 26 (ოცდაექვსი) დღე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 26 (ოცდაექვსი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

ვ--------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - კახეთის პრობაციის ბიუროს უფროსის გიორგი ყარაულაშვილის წარდგინება დაკმაყოფილდა. მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით შეეცვალა ჯარიმით 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ვ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შეცვლილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ--------------–---–ს სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ვ--------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 15 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართეს მსჯავრდებულმა ვ--------------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ----------–-----მა, რომლებმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოითხოვეს ვ. ოხანაშვილის მიმართ არსებული, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის სახით დანიშნული გადაუხდელი ჯარიმისგან მსჯავრდებულის გათავისუფლება.

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----------–-----ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი ადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია მისი ბლანკეტურობის გამო. იგი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის, რაც არაკონსტიტუციურია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით. სადავო ნორმით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში არაპროპორციულ ჩარევას და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ვ--------------–---–ს თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“-ს (მარიხუანა) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. მასვე, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. მასვე, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

 

ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა ექიმის დანიშნულების გარეშე, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონოდ მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციასთან შეუსაბამობა (იხ. გადაწყვეტილება), მსჯავრდებული ვ--------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული სასჯელისაგან. მასვე, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ჩამორთმეული უფლებები. იმავე საფუძვლით, ვ--------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული და შემდგომში თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შეცვლილი სასჯელისაგან - ჯარიმისგან 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ჩამორთმეული უფლებები. იმავე საფუძვლით, ვ--------------–---–ი ასევე უნდა გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მასვე, უნდა აღუდგეს ამავე განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ჩამორთმეული უფლებები. რაც შეეხება აღნიშნული განაჩენით ვ--------------–---–ისათვის დანიშნულ სასჯელს, როგორც კახეთის სააღსრულებო ბიუროს წერილით ირკვევა, მსჯავრდებულ ვ--------------–---–ს ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელიდან - 1 500 (ათას ხუთასი) ლარიდან - გადასახდელად დარჩენილი აქვს 1354. 98 ლარი. შესაბამისად, ვ--------------–---–ი უნდა გათავისუფლდეს დღეის მდგომარეობით გადასახდელი ჯარიმის - 1354. 98 ლარის გადახდისაგან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ვ--------------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენში, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენში და თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ--------------–---–ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----------–-----ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

ვ--------------–---–ის მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენში, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენში და თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

 

მსჯავრდებული ვ--------------–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან. მასვე, აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები;

 

მსჯავრდებული ვ--------------–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და დანიშნული, შემდგომში თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შეცვლილი სასჯელისაგან - ჯარიმისგან 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები;

 

მსჯავრდებული ვ--------------–---–ი გათავისუფლდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელისაგან - დღეის მდგომარეობით 1354,98 ლარის ოდენობით და აღუდგეს ამავე განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები;

 

ვ--------------–---–ი თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი, რაც დღეის მდგომარეობით გასულია.

 

ვ--------------–---–ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს 2013 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 27 მაისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო;

 

დანარჩენ ნაწილში, მათ შორის დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმისა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი ვ--------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: კ. მაჭავარიანი

 

ვ. ლომიძე