განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2018
საქმის ნომერი
110100118002245495
ინსტანცია
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002245495

(1/ბ-146-18წ.)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---------------------------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1978 წლის 12 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 5----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: დ.ხარაგაული, გ--–---------------ის მე-2 ჩიხი N4;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ლ--------------–---–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

თ---------------–---–ი 2009 წლიდან ქორწინებაში იმყოფება ლ--------------–---–თან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ხუთი არასრულწლოვანი შვილი. 2017 წლის 29 ნოემბერს, ღამის საათებში, დაბა ხარაგაულში, გ--–---------------ის ქუჩა, მე-2 ჩიხი, N4-ში მდებარე საკუთარ სახლში, განაწყენების ნიადაგზე, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ლ---------------–---–მა, რომელსაც ასევე რამდენიმე დღით ადრე მიღებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს თ---------------–---–ს, რის გამოც თ---------------–---–მა დარეკა 112-ში. ადგილზე მისულმა პოლიციის მუშაკებმა ლ--------------–---–ის მიმართ გაატარეს ადმინისტრაციული ღონისძიება და შეადგინეს შემაკავებელი ორდერი. მეუღლის მიერ პოლიციის გამოძახების გამო განაწყენებულმა ლ--------------–---–მა, პოლიციის მუშაკების წასვლის შემდეგ, კიდევ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგაც 2017 წლის 30 ნოემბერს, ღამის საათებში, წინასწარი შეცნობით, საკუთარ ორსულ მეუღლეს, თ---------------–---–ს მუხლი ამოარტყა საჯდომზე, რის შემდეგაც ორივე ხელი მოუჭირა კისერში. ადგილზე მყოფი ლ--------------–---–ის და, ასევე მისი მშობლები შეეცადნენ ლ--------------–---–ის დაწყნარებას, თუმცა ამ უკანასკნელმა განაგრძო რა ძალადობა, რამდენჯერმე დაარტყა მუშტი ხელის არეში თ---------------–---–ს, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნული ქმედებით თ---------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენით ლ--------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე და 64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელ ვადით.

 

ლ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 30 ნოემბრიდან- 2017 წლის 2 დეკემბერის ჩათვლით;

ლ--------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ნიქაბაძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი და არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, კერძოდ, ის რომ მსჯავრდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ორსულ მეუღლეს, ასევე ის რომ ლ-----------–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი. ლ-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ შეიტანს წვლილს ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაში.

 

მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თამარ ორჯონიკიძემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა ლ--------------–---–ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ--------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ---------------–---–ის ჩვენებებით; მოწმეების - ვ---------–------ის, ჟ--------------–---–ის, ნ--------------–---–ის, რ---------------–---–ის, ნ-----–--------------–---–ისა ნ-------------–---–ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით; ქორწინებისა და დაბადების სააქტო ჩანაწერების ასლებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ლ--------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვახტანგ ნიქაბაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ლ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოისაცდელი ვადით.

 

ლ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 30 ნოემბრიდან - 2017 წლის 2 დეკემბერის ჩათვლით;

 

ლ--------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ლ--------------–---–ს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხუთი ლიტრი ტევადობის პოლიეთილენის ჭურჭელი, რომელიც ინახება ხარაგაულის შს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

სსიპ 112-ის აუდიო ჩანაწერი ,,CD’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე