განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010141318700055573
საქმე №1/ა.გ.258-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე
გერონტი კახეთელიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------------–-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განაჩენით გ------- გ----ს ძე დ--–-----ი (დაბადებული 1----–-–------------------------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი)ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9(ცხრა)თვის ვადით და საბოლოოდ, გ------------–-----ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი)ლარის ოდენობით.
მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 3(სამი)წლით ჩამოერთვა ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლებები: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ბ) საექიმო საქმიანობის უფლება, გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება, დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, ვ) პასიური საარჩევნო უფლება, ზ) იარაღის დამზადების , შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.
მსჯავრდებულ გ------------–-----ს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2015 წლის 16 მარტიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით, გ------- გ----ს ძე დ--–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით, ასევე ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და გ------------–-----ს, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) თვის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა 2500 (ორი ათასხუთასი) ლარი.
გ------------–-----ს საქართველოს კანონის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად 3(სამი)წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
გ------------–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 20 თებერვლიდან 2015 წლის 6 მაისის ჩათვლით.
გ------------–-----ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2015 წლის 10 ივლისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განაჩენით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2018 წლის 14 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა გ------------–-----მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და ჩამორთმეული უფლების, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით, გ------------–-----ს მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდოკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 30 მარტის წერილის თანახმად, გ------------–-----ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან - ჯარიმა 2 500(ორიათას ხუთასი)ლარიდან - დღეის მდგომარეობით გადახდილი აქვს 1 000(ათასი)ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი დავალიანების მიზნით გ------------–-----ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებულ გ------------–-----ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოუხდელი ნაწილისაგან - 1.500(ათასხუთასი)ლარი - და აღუდგეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განაჩენით და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ------------–-----ის შუამდგომლობა, დაკმაყოფილდეს;
2.მსჯავრდებული გ------------–-----ი გათავისუფლდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის მოუხდელი ნაწილისაგან - 1.500(ათასხუთასი)ლარი - და აღუდგეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განაჩენით და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
3.მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება აღსრულებას.
5. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ვ. ლომიძე
გ. კახეთელიძე