განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2018
საქმის ნომერი
330210015001022220
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2ბ/1456-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მოსამართლე - ანა გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი-ო----- ბუკია

 

აპელანტი - თ------- ც----------ე

წარმომადგენელი - ე-------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე- ტ------- ს---------ა

 

დავის საგანი – დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ტ------- ს---------ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თ------- ც----------ეს მოსარჩელე ტ------- ს---------ას სასარგებლოდ დაეკისრა საცხოვრებელი ბინის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის სახით 3 674 ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. თბილისში, დ------ მ-----, მ--- კვარტლის, მე-1- კორპუსში მდებარე ბინა 2- ფართობით 44,11 კვ.მ თანასაკუთრების უფლებით არის რეგისტრირებული რ----- ს---------ის, ფ------ ს---------ის, ხ------ა ს---------ის და მოსარჩელე ტ------- ს---------ას სახელზე.

 

2.2. თბილისში, დ------ მ-----, მ--- კვარტლის, მე-1- კორპუსში მდებარე ბინა 3- ფართობით 76,11 კვ.მ რეგისტრირებულია თ------- ც----------ის სახელზე. დ-------ი ც----------ე არის მოპასუხის მეუღლე.

 

2.3. მოსარჩელე და მოპასუხე არიან მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური ბინის მესაკუთრეები. ქვედა სართულზე ცხოვრობს მოსარჩელე, ზედა სართულზე-მოპასუხე.

 

2.4. 2014 წლის 27 დეკემბერს მოპასუხის სახლში წყალი ჩავიდა უშუალოდ მოსარჩელის ბინიდან, მოსარჩელის ბინის შიგნით არსებული ლოკალური დაზიანების შედეგად. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: წყლის ჩასვლასთან დაკავშირებით სადავო საკითხზე ტ------- ს---------ას მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია 2015 წლის 2 თებერვალს, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი იქნა ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ ზედა სართულზე მცხოვრები დ-------ი ც----------ე „თანახმაა დაზიანებულის აღდგენაზე სველ წერტილებთან დაკავშირებით“, დ-------ი ც----------ე არის მოპასუხის თ------- ც----------ის ოჯახის წევრი-მეუღლე, ოქმის შინაარსი იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ წყლის ჩამოდინების მიზეზი გახდა სწორედ მოპასუხის ბინის შიგნით არსებული ლოკალური დაზიანება და ადგილი არ ჰქონია საკუთრივ მოპასუხის ბინაშიც ზედა სართულიდან წყლის ჩადინებას. ამდენად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ოქმი გამოდგება იმის მტკიცებად, რომ წყალი მოსარჩელესთან ჩავიდა უშუალოდ მოპასუხის ბინიდან.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ინიციატივით მოწმის სახით დაიკითხა ვ--–------ ც---------ე. მან დაადასტურა მოსარჩელის სახლში წყლის ჩადინების ფაქტი, მოწმის განმარტებით წყლის ჩადინების მიზეზი ვერ იქნა დადგენილი, სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ცენტრალური გაყვანილობიდან გამოწვეული. როგორც მოწმის ჩვენებიდან ირკვევა პირველ რიგში მოპასუხის კუთვნილი ბინიდან იკვლევდნენ წყლის ჩადინების მიზეზს. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუკი მოპასუხის ბინაშიც ექნებოდა წყლის ჩამოდინებას ადგილი, იმთავითვე უნდა გამორიცხულიყო მოპასუხის ბინის შიგნით არსებული წყალგაყვანილობის სისტემის გაუმართაობა, მოწმეს არ დაუდასტურებია, რომ იმ კონკრეტულ სადავო შემთხვევაში წყალი მოსარჩელესთან და მოპასუხესთან ჩამოდიოდა ერთდროულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს შესაძლებელზე მეტად არ უნდა დაუმძიმდეს. მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა, რომ წყალი ჩამოვიდა უშუალოდ მოპასუხის ბინიდან. მოპასუხის კერძო საკუთრების შიგნით და მისი პასუხისმგებლობის სფეროში არსებული წყალგაყვანილობის გამართულობა, შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენით მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა.

 

მოპასუხემ წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 1- ო--------რს გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით თ------- ც----------ის ბინიდან წყლის ჩადინება ქვედა სართულზე შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ლოკალური დაზიანებით, ასევე თ------- ც----------ის კუთვნილი ბინის ზედა სართულებზე განთავსებულ ბინებში არსებული დაზიანებების გამო თ------- ც---------ის ბინაში წყლის ჩამოდინებით, ხოლო შემდგომ ქვედა სართულზე ჩადინებით.

 

ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ კვლევის პროცესში გამოიკვეთა შემდეგი: ბინაში კედლებზე, როგორც სველ წერტილებში და სველი წერტილების მიმდებარედ, ასევე სხვა ოთახების კედლებზე მრავლად არის წყლის ჩამოდინების კვალი. კედლებზე შეინიშნება წყლის ჩამოსვლისგან გამოწვეული ბზარები, შპალერი და ჭერზე აკრული ქაღალდი ადგილ-ადგილ ჩამოხეულია, შეინიშნება ლაქები კედლებზე, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ თ------- ც----------ის ბინაში არაერთგზის ჩამოდენილა წყალი, რომელიც შესაძლოა მოხვედრილიყო მის ქვევით არსებულ ბინაშიც.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმოდგენილი დასკვნა სავარაუდო შინაარსისაა, თავად მოპასუხის ბინაში წყლის შედეგად გამოწვეული დაზიანებების ხანდაზმულობა დადგენილი არ არის, ამასთან ექსპერტის დასკვნა არ გამორიცხავს ასევე ლოკალურ დაზიანებასაც. სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მალევე წარუდგინა პრეტენზია მოპასუხეს 2014 წლის დეკემბრის თვის ბოლოს ბინაში წყლის ჩადინებიდან გამომდინარე ზიანზე, მოპასუხეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა ეზრუნა უკეთესი მტკიცების-კატეგორიული შინაარსის ექსპერტიზის დასკვნის მოპოვებაზე. შემთხვევიდან მალევე შექმნილ მტკიცებულებაში-საპატრულო პოლიციის გასაუბრების ოქმში, მოპასუხის ოჯახის წევრი-მეუღლე არ უთითებს ცენტრალური წყალგაყვანილობის სისტემის დაზიანებაზე და არ უარყოფს უშუალოდ მოპასუხის ბინიდან წყლის ჩადინების ფაქტს.

 

2.5. მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინების შედეგად დაზიანდა ჭერი, კედლები, იატაკი და ელექტროგაყვანილობა, რომლის აღდგენითი ხარჯი შეადგენს 3674 ლარს. სასამართლომ აღნიშნული დადასტურებულად მიიჩნია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგად.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 6-----ს გაიცა დასკვნა, რომლის მიხედვით ტ------- ს---------ას ბინაში დაზიანებული ჭერის, კედლების, იატაკის და ელექტროგაყვანილობის აღსადგენად საჭირო თანხა შეადგენს 3674,10 ლარს. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია რომ დაზიანებები გამოწვეულია წყლის ზემოქმედების შედეგად. დასკვნა შეიცავდა იმ ელექტრო სამუშაოების მოცულობის და ღირებულების ერთობლიობას, რომელიც დაზიანებული იყო უშუალოდ წყლის ჩამოდინებით.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა ელექტროსადენების დაზიანების ფაქტი, მან განაცხადა რომ მოსარჩელემ გაიანგარიშა არა კონკრეტულად წყლის ჩამოდინების ადგილას დაზიანებული ელექტროსადენების ღირებულება, არამედ სხვა ოთახებში არსებული სადენების ასევე, რაზედაც პასუხს არ აგებს მოპასუხე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 6-----ის დასკვნაში მითითებულია, რომ გაანგარიშებული იყო მხოლოდ წყლისგან დაზიანებული სადენების ღირებულება.

 

მოწმის სახით მოსარჩელის ინიციატივით დაიკითხა ხელოსანი-ო----- ბ-–----–---–ი, მან დაადასტურა, რომ სადენების დაზიანების მიზეზი იყო წყალი, წყლის თვისებიდან გამომდინარე, ჩადინებულ წყალს შეეძლო არა მხოლოდ ლოკალურად ჩადინების ადგილას დაზიანებების გამოწვევა, არამედ წყალი შესაძლოა გაჰყოლოდა ე.წ „სინკარს“ და სადენები დაეზიანებინა სხვა ოთხებშიც. საქმეში სხვა რაიმე მტკიცება, რომელიც დაადასტურებდა ელექტროსადენების არა წყლით, არამედ სხვა მიზეზით-მაგ. ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო დაზიანების ფაქტს, არ მოიპოვება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია: ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგენისათვის სახეზე უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და უარყოფითი შედეგი. მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გამოიხატა იმაში, რომ მან ინდივიდუალური საკუთრება (ბინაში წყალგაყვანილობის სისტემა) არ შეინარჩუნა ისეთ მდგომარეობაში, რათა არ მომხდარიყო წყლის ჩადინება მოსარჩელესთან. სწორედ მოპასუხე იყო ვალდებული გამართულ მდგომარეობაში ჰქონოდა საკუთარი ბინის შიგნით არსებული წყალგაყვანილობის სისტემა, ისე რომ არ ჩასულიყო წყალი მოსარჩელის სახლში. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არის ასევე უარყოფითი შედეგი-მოსარჩელის ბინაში ჭერის, კედელის, და ელექტროსადენების დაზიანება, მიზეზობრივი კავშირი-დაზიანება გამოწვეულია სწორედ წყლის ზემოქმედებით, რომელიც ჩამოვიდა მოპასუხის სახლიდან, შესაბამისად მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს ზიანი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს შეფასებას მიერ მის მიერ წარმოდგენილი დასკვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლოს მითითებას, რომ ,,სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის წარმოდგენილი დასკვნა სავარაუდო შინაარსისაა, თავად მოპასუხის ბინაში წყლის შედეგად გამოწვეული დაზიანებების ხანდაზმულობა დადგენილი არ არის, ამასთან ექსპერტის დასკვნა არ გამორიცხავს ასევე ლოკალურ დაზიანებასაც. ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ მითითებულია, რომ ,,ქ. თბილისში, დ------ მასივში, I- კვარტ. კორპ. №1--ში, ბინაში №2--ში, დაზიანებული ჭერების, კედლების, იატაკების და ელ. გაყვანილობის აღსადგენად საჭირო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება, სამშენებლო ნორმების და წესები მოთხოვნათა და ნორმატიული დანარიცხების გათვალიწინებით შეადგენს 2674,10 ლარს; ღებულობს უდაოდ და იგივე კითხვებს არის თუ არა ეს დასკვნა საორიენტაციო, დადგენილია, თუ არა დაზიანების ხანდაზმულობა და უფრო მეტიც დადგენილია თუ არა საიდან მოხდა ამ დაზიანების განხორციელება არ სვამს და ბუნებრივია არ სცემს ამ კითხვებზე პასუხს.

 

3.2. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოწმე ო----- ბ-–----–---–ის ჩვენება, რომელმაც განაცხადა, რომ ,,წყლის თვისებიდან გამომდინარე, ჩადინებულ წყალს შეეძლო არა მხოლოდ ლოკალურად ჩადინების ადგილას დაზიანებების გამოწვევა, არამედ წყალი შესაძლოა გაჰყოლოდა ე.წ. ,,სინკარს" და სადენები დაეზიანებინა სხვა ოთახებშიც, რადგან ბ-–----–---–ი არც როგორც ქიმიკოსი - ექსპერტი არ დაკითხულა და უცნობია მისი განათლების შესახებ ,,წყლის თვისებებთან დაკავშირებით".

 

3.3. არ არსებობს იმის დამადასტყურებელი მტკიცებულება, რომ წყალი მოსარჩელესთან ჩავიდა აპელანტის ბინაში არსებული ლოკალური დაზიანების შედეგად. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ უკანონოდ მიუთითა პოლიციის მიერ შედგენილ ოქმზე, როგორც მტკიცებულებაზე. აღნიშნული ოქმით მხოლოდ და მხოლოდ დგინდება, რომ არსებობდა მეზობლური კონფლიქტი, რასთან დაკავშირებით პატრულმა მხარეებს მიუთითა, რომ ის არ იყო კომპეტენტური და უფლებამოსილი და უნდა მიემართათ სასამართლოსთვის.

 

3.4. რაც შეეხება აპელანტის მეუღლის მიერ ოქმში მითითებას, რომ ,,თანახმაა დაზიანებულის აღდგენაზე სველი წერტილებთან დაკავშირებით", აპელანტი განმარტავს, რომ ამ განცხადებით დადასტურდა თანხმობა ზიანის ანაზღაურებაზე, თუ ეს გამოწვეული იქნებოდა აპელანტის სველი წერტილების გაუმართაობით.

 

3.5. სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მოწმე ვ--–------ ც---------ის ჩვენება.

 

3.6. აპელანტი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ რთულია აღნიშნული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

 

3.7. სასამართლომ უკანონოდ გადმოიტანა მტკიცების ტვირთი მთლიანად აპელანტზე და არ გაითვალიწინა მისი მტკიცებულებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სადავო არ არის ის გარემოება, რომ უძრავი ქონების მესაკუთრეები ტ------- ს---------ა და თ------- ც---------- ცხოვრობენ მრავალბინიან სახლში მდებარე ქ. თბილისი, დ------ მ-----, მ--- კვარტალი, მე-1- კორპუსი. ამასთან, ისინი ცხოვრობენ ერთმანეთის მიმდევრობით ზედა და ქვედა სართულებზე. ზედა სართულზე - თ------- ც----------ე, ხოლო ქვედა სართულზე - ტ------- ს---------ა.

 

4.2. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინიდან წყლის ჩადინების ფაქტს ქვედა სართულზე. კერძოდ, თ------- ც----------ე თავის პრეტენზიას აყრდნობს იმ არგუმენტებს, რომ მოსარჩელის წარმოდგენილი დასკვნა სავარაუდო შინაარსისაა, თავად მოპასუხის ბინაში წყლის შედეგად გამოწვეული დაზიანებების ხანდაზმულობა დადგენილი არ არის,მისი პრეტენზია ასევე მიმართულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე საპატრულო პოლიციის ოქმზე და მოწმის ჩვენებაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი”affirmanti, non negati, incumbit probatio” - “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მ--- ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებუ- ლება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ ტ------- ს---------ას სახლში წყლის ჩადინება არ მომხდარი მისი ბინიდან. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტს, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს მოსარჩელის ბინა დაზიანდა წყლის ჩამოდინების შედეგად, ხოლო თავის მხრივ წყალი ჩამოვიდა თუ არა მოპასუხის ბინიდან საჭიროებს დადასტურებას და სასამართლოს მოსაზრებით ამ ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე უნდა განეხორციელებინა მოპასუხე მხარეს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, საქმეში წარმოდგენილ საპატრულო პოლიციის ოქმზე და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომელშიც პირდაპირაა მითიტებული, რომ მოსარჩელის ბინაში აღნიშნული დაზიანებები გამოწვეული წყლის ჩამოდინების მიზეზით და არა სხვა რაიმე ზემოქმედებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს მოპასუხემ დაადასტურამ, რომ მის მიერ მოსარჩელის ბინის შეკეთების მიზნით მიყვანილ იქნა ხელოსანი, რომელიც მოსარჩელის წინააღმდეგობის შემდგომ შესაკეთებელი სამუშაოების საწარმოებლად ადგილზე აღარ მისულა. ამდენად, მოსარჩელის ახსნა-განმარტების, თავად მოპასუხის ახსნა-განმარტების, ასევე თბილისის საპატრულო პოლიციის 2015 წლის 02 თ-------–ის ოქმის მონაცემების საფუძველზე, რომლითაც დადასტურებულია, რომ საპატრულო პოლიციის მისვლისას მათ მიერ დაფიქსირებულია დაზიანებები, ამასთან, იმ პირობებში როცა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელესთან მისი ბინიდან არ ჩასულა წყალი, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ტ------- ს---------ას ბინაში წყალი ჩავიდა თ------- ც----------ის კუთვნილი ბინიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოპასუხე მხარე, სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით და აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ წყლის ჩადინება არ მომხდა მისი საცხოვრებელი ბინიდან, თუმცა სასამართლოს თავისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ წარმოუდგინა ვერანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ წყლის ჩადინება მოსარჩელის ბინაში მოხდა არა მისი ბინიდან, არამედ სხვა ადგილიდან.

 

ამდენად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების დროს ზედამხედველობს რა საპროცესო ოპონენტთა საკუთარი პოზიციების დასაბუთებულების სათანადოობით, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, შეჯიბრებითობის პრინციპის დაურღველად ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული, ასკვნის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ბინაში წყლის არა მოპასუხის ბინის არამედ სხვა ადგილიდან ჩადინების ფაქტი სათანადოდ არ არის დადასტურებული.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ დაუსაბუთებელია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ხარჯები უნდა დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის ოდენობით) სახით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------- ც----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა გოგიშვილი