განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015001079318 (3ბ/791-17)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 თებერვალი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - შპს ,,სი-ტი პარკი”
წარმომადგენლები - თ------–--------ე, მ---------------ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ--------------ე
წარმომადგენელი - ლ--------------ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,სი-ტი პარკს” გ--------------ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 26 ივნისს გ--------------ის მიმართ შპს ,,სი-ტი პარკის” მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის (ნიშნის ,,გაჩერება აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობა) შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №2-------- და მოსარჩელე დაჯარიმდა 10 (ათი) ლარით.
2.2. გ--------------ის კუთვნილი ავტომანქანა შპს ,,სი-ტი პარკის” მიერ გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე, საიდანაც მანქანის გამოსაყვანად მოსარჩელემ გადაიხადა 60 ლარი.
2.3. 2015 წლის 26 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გ--------------ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.4. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
2.5. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალლდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად მისი დაჯარიმების კანონიერებას. მოსარჩელე კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანას და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 60 ლარის ოდენიბით, რაც გადაიხადა ავტომანქანის დაცული სადგომიდან გამოყვანისთვის. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნის შესაბამისად, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
2.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონმდებელმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2015 წლის 29 მაისს განხორციელებული ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 2015 წლის 15 ივნისს) ცალსახად დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა ავტომატურად არ წარმოშობს ავტომანქანის სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის უფლებას, აღნიშნული მოქმედების განხორციელების უფლება შპს ,,სი-ტი პარკს” ენიჭება, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. ამდენად, საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მესამე პირთა ინტერესების დაცვა და მოძრაობის შეფერხების აღმოფხვრა. ამასთან, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საგულისხმოა, რომ 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა რომ ავტომატურად არ იწვევს საავარიო ვითარების შექმნას ან საცობის შექმნას, ადასტურებს ამავე მუხლის მე-9 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ამ მუხლის მე-6–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის ისეთი შეფერხება, რომელმაც გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. თავად სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციაც ადასტურებს, რომ მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევასთან შედარებით მცირე მნიშვნელოვნად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია 20-ჯერ აღემატება მე-8 ნაწილით გათვალისწინებულს. მოცემული მსჯელობის შესაბამისად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა არ შეიძლება ქმნიდეს 125-ე მუხლის პირველი შენიშვნის ამოქმედების უპირობო შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლოს მითითებით, დადასტურებულია და მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ მან დაარღვია დგომა-გაჩერების წესები, თუმცა არ დასტურდება, რომ აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მოძრაობის შეფერხება, საავარიო სიტუაციისა თუ საცობის შექმნა, ამდენად, არ მომხდარა მესამე პირთა უფლებების შეზღუდვა, მათი ქონების დაზიანება თუ ასეთის საფრთხის შექმნა და არ დამდგარა ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,სი-ტი პარკის” ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და სცილდება მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, რაც ქმნის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს.
2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს თუ თანამდებობის პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც სახელმწიფოს ან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს კონკრეტულ სადავო სამართალურთერთობაში. მოცემულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს წარმოადგენს შპს ,,სი-ტი პარკი’’, რომელიც დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებას, შესაბამისად, ის არის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რის გამოც, როგორც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, პასუხისიმგებელი და ვალდებული აანაზღაუროს ზიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა 125-ე მუხლის 1-ლი შენიშვნის გამოყენების წინაპირობა. 2015 წლის 26 ივნისს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I---- იდგა, ქ. თბილისში, ც------ ქუჩა №------- ვ-----–-------------ს ტერიტორიაზე, ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ მოქმედების ზონაში, რის საფუძველზეც, შპს „სი-ტი პარკის“ ინსპექტორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 234 1 მუხლის თანახმად, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე გამოარკვია რა სრულად და ობიექტურად სამართალდარღვევა, საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, მიიღო ადგილზე გადაწყვეტილება 2-------- საჯარიმო ქვითრის შედგენისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნის შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის თაობაზე, ვინაიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალება იდგა ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ მოქმედების ზონაში, გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლდა ამკრძალავ ნიშანს. სამართალდამრღვევი არ იმყოფებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებდა მოძრაობას და ქმნიდა საცობს.
3.2. აპელანტის განმარტებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართით განსაზღვრულ საგზაო ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“, დამონტაჟება ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ (ზემოაღნიშნული კანონმდებლობიდან გამომდინარე ქ. თბილისის მერის ბრძანების შესაბამისად). აღნიშნული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად (აღნიშნული მუხლით საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება აქვთ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს, ისე შპს „სი-ტი პარკის“ უფლებამოსილ თანამშრომლებს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში), ხოლო თუ საგზაო ნიშნანს „გაჩერება აკრძალულია“ ასევე აქვს დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ, მაშინ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანება ამ სადგომზე. საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ მონტაჟდება ხშირ შემთხვევაში გზის სავალ ნაწილზე, რომლის მოქმედების ზონა არის როგორც სპეციალურად აშენებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისთვის განკუთვნილი გზა. როგორც ცნობილია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაჩერების ტერიტორია (ც------ ქ. ვ-----–-------------ს მიმდებარე ტერიტორია) არ განეკუთვნება პარკირების ადგილს, პირიქით, სახეზეა პარკირების/სადგომის აკრძალვის შესაბამისი საგზაო ნიშნით აღჭურვილი ზონა, რომელიც შესწავლილი და აკრძალვის ზონად მიჩნეულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ და ამ ზონაში გაჩერება იკრძალება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად. ასევე აღსანიშნავია, რომ „ამკრძალავი ნიშნის“ მოქმედების ზონაში მთლიანად დაუშვებელია ავტომანქანის გაჩერება, თუკი ეს ზონა ქალაქ თბილისის მთავრობის 2007 წლის 27 აგვისტოს №18.04.606 დადგენილების ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული, როგორც პარკირების ადგილი. აპელანტის განმარტებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-3 პუნქტის (პუნქტი „3 - ამკრძალავი ნიშნები“; შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტი) შენიშვნა განმარტავს ასევე ამკრძალავი ნიშნების მათ შორის „დგომა აკრძალულია“ ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონას, კერძოდ: ,,ამკრძალავი ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგომის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახელებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას - დასახელებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. აპელანტისათვის გაუგებარია რატომ მიიჩნევს მოსამართლე, რომ ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონაში, გზის სავალ ნაწილზე გაჩერება ავტომატურად გამორიცხავს საგზაო მოძრაობის შეფერხებას და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნას, ვინაიდან გზის უმთავრესი ელემენტია თვითონ გზის სავალი ნაწილი, ხოლო საგზაო მოძრაობის მონაწილეა მძღოლი, რომელიც მართავს ავტოტრანსპორტს. თავად საგზაო მოძრაობა კი მოიცავს გზაზე სატრანსპორტო საშუალებით ან მის გარეშე გადაადგილებისას წარმოქმნილი ურთიერთობებს. განსახილველ საქმეში, როგორც ფოტომასალით დასტურდება, ა/მანქანა იდგა ა---–------ ქ. №-------, სწორედ გზის სავალ ნაწილზე, ქუჩა არის ძალიან ვიწრო, ამ ქუჩაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში არის გადატვირთული მოძრაობა, აკრძალვის მოპირდაპირე მხარეს არის პარკირება და შესაბამისად ავტომანქანის გაჩერება მითუმეტეს აკრძალულ ტერიტორიაზე თავისთავად იწვევს საგზაო მოძრაობის შეფერხებას, საცობს და ავტოსაგზაო შემთხვევებს.
3.3.. აპელანტი განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება 60 ლარია, შესაბამისად სასამართლოს მიერ სასამართლოს გარეშე ხაჯების სახით ადვოკატისათვის გადახდილი 300 ლარის ანაზღაურების მოთხოვნა შპს „სი-ტი პარკისთვის“ არაგონივრულია. მაშინ, როდესაც დავის საგნის ღირებულება 60 ლარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებუყლი, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობის და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.“ აპელანტის მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არ არის დასაბუთებული და არ შეესაბამება სსსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ პროცესისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების წესს. როგორც სასარჩელო განცხადებიდან ირკვევა, სარჩელის ფასი (დავის საგნის ღირებულება) შეადგენს 60 ლარს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მოსარჩელის წარმომადგენლის დახმარებისათვის - ადვოკატის ჰონორარის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს დავის საგნის ღირებულების - 60 ლარის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამასთან, ადვოკატის ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დავის სირთულე და ხასიათი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტის წარმოამდგენელმა მიიჩნია, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის ჰონორარის ოდენობის სახით 300 ლარის მოთხოვნა, მაშინ როდესაც დავის საგნის ღირებულება არის 60 ლარი, სცდება ყოველგვარი გონივრულობისა და სამართლიანობის სტანდარტებს. აპელანტის წარმოამდგენელი იმედოვნებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც სასამართლო სამართლიანად და კანონის შესაბამისად მოახდენს სასამართლოს გარეშე ხარჯების განაწილებას მხარეთა შორის. რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დადასტურებას და ასევე სასამართლოს გარეშე სხვა ხარჯების დადასტურებას, მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ ეს ხარჯები კონკრეტულად აღნიშნული დავის ფარგლებში და საფუძველზე გაიღო, ისევე როგორც სხვა ხარჯების გაწევის ფაქტი, რაც მოპასუხისათვის გადაცემული სარჩელის თანდართული მასალებით არ დასტურდება. გარდა ამისა, აპელანტის მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გასაჩივრებული აქვს არაერთი ევაკუაცია და ყველა შემთხვევაში ითხოვს ადვოკატისათვის მომსახურების გაწევისთვის 300 ლარის ანაზღაურებას. იქმნება წარმოდგენა, რომ მოსარჩელე უკვე განზრაც არღვევს კანონს, რომ მოხდეს მისი ავტომანქანის ევაკუაცია და მან და მისმა წარმომადგენელმა 60 ლარის სანაცვლოდ მიიღონ ე.წ. „ადვოკატის მომსახურების“ ხარჯების სახით 300 ლარი თითოეული შემთხვევისათვის.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართალია სწორად განმარტა კანონი, მაგრამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 ივნისს გ--------------ის მიმართ შპს ,,სი-ტი პარკის” მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის (ნიშნის ,,გაჩერება აკრძალულია” მოთხოვნის დაუცველობა) შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №2-------- და მოსარჩელე დაჯარიმდა 10 (ათი) ლარით.
4.2. გ--------------ის კუთვნილი ავტომანქანა შპს ,,სი-ტი პარკის” მიერ გადაყვანილ იქნა სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე, საიდანაც მანქანის გამოსაყვანად მოსარჩელემ გადაიხადა 60 ლარი.
4.3. 2015 წლის 26 ივნისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გ--------------ის მიერ გასაჩივრებულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
სამართლებრივი დასაბუთება
4.4. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ მართალია სწორად განმარტა კანონი, მაგრამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
4.5. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
4.6. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით. მოსარჩელე სადავოდ არ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალლდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად მისი დაჯარიმების კანონიერებას. მოსარჩელე კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანას და ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 60 ლარის ოდენიბით, რაც გადაიხადა ავტომანქანის დაცული სადგომიდან გამოყვანისთვის. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი შენიშვნის შესაბამისად, ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, კერძოდ, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობისას, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველობისას, აგრეთვე ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ან მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. სატრანსპორტო საშუალებას ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოქმედების ადგილიდან სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაიყვანენ იმ შემთხვევაში, თუ გადაყვანის შესახებ მინიშნება ახლავს ამკრძალავ ნიშანს. ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ მიღების შესაძლებლობა. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯები სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს/მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2015 წლის 29 მაისს განხორციელებული ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 2015 წლის 15 ივნისს) ცალსახად დაადგინა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა ავტომატურად არ წარმოშობს ავტომანქანის სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანის უფლებას, აღნიშნული მოქმედების განხორციელების უფლება შპს ,,სი-ტი პარკს” ენიჭება, თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს, ამ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია და მოსარჩელის მიერ სადავოდ არ არის ქცეული ის გარემოება, რომ მან დაარღვია დგომა-გაჩერების წესები. ამასთან, საქმის მასალების, მათ შორის, საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, თითქოს არ დასტურდება, რომ აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მოძრაობის შეფერხება, საავარიო სიტუაციისა თუ საცობის შექმნა და შესაბამისად, თითქოს არ დამდგარა ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, როგორც სამართალდარღვევის ოქმის, ასევე საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით დგინდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა 2015 წლის 26 ივნისს იდგა, ქ. თბილისში, ც------ ქუჩა №------- ვ-----–-------------ს ტერიტორიაზე, ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ მოქმედების ზონაში, გზის სავალ ნაწილზე. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტომანქანის გადაყვანის დროს მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე. ასევე დადგენილია, რომ ავტომანქანის გაჩერების ზონაში იმყოფებოდა გამაფრთხილებელი ნიშანი იმის შესახებ, რომ ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ დარღვევის შემთხვევაში მოხდებოდა ავტომანქანის გადაყვანა საჯარიმო ადგილზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა აფერხებდა მოძრაობას და ქმნიდა საცობს, რის გამოც არსებობდა მისი სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,სი-ტი პარკის” სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ--------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, გ--------------ეს შპს ,,სი-ტი პარკის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,სი-ტი პარკის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ--------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გ--------------ეს შპს ,,სი-ტი პარკის” სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის ანაზღაურების ვალდებულება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე