განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2018
საქმის ნომერი
330210116001417089
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210116001417089

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2018 წელი თბილისი

საქმე №2ბ/1838-17

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,მოსამართლეები: ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე

 

სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი

 

აპელანტი - ს--- შ--------–---- ს---------ი

წარმომადგენელი - ლ-–--------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე – თ----- კ------–---–ი

წარმომადგენელი – ო-------------–---–-

 

დავის საგანი – ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა, ავტომანქანის საგადასახადო გირავნობისგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია მარკა/მოდელი „მ-–------------------“, ფერი - წითელი მუქი 2/4, გამოშვების წელი 1998, სანომრე ნიშანი - M------, რეგისტრირებულია ბ------------------ს სახელზე. ავტომანქანაზე 2015 წლის 29 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ-----------------ს #A--------------- დოკუმენტით. ფ-------- ს------------ს შ--------–---- ს---------ის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა. (ს.ფ.25)

 

2. ავტომანქანის განკარგვის უფლებით მინდობილობის გაცემის შესახებ 2007 წლის 9 ივნისის სანოტარო აქტით (#1-----) ბ------------------მ თ----- კ------–---–ს მფლობელობაში განკარგვის უფლებით გადასცა ავტომანქანა „მ-–------------------“, სანომრე ნიშანი - „M------“, გამოშვების წელი 1998. მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით. მინდობილობაში მითითებულია, რომ ავტომანქანა შეფასებულია 4000 (ოთხი ათასი) ლარად.(ს.ფ.17)

 

3. თ----- კ------–---–ი ავტომანქანა „მ-–------------------“ (სანომრე ნიშანი „M------“) მართვის დროს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართლადარღვევებისათვის დაჯარიმებულია 2011-2015 წლებში. (ს.ფ.18)

 

4. თ----- კ------–---–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ცნობილი იქნეს სატრანსპორტო საშუალება „მ-–------------------“-ს )ფერი - წითელი მუქი 2/4, გამოშვების წელი 1998, სანომრე ნიშანი - „M-------“) მესაკუთრედ და აღნიშნული ავტომანქანა გათავისუფლდეს საგადასახადო გირავნობისგან. მოსარჩელის მითითებით, მან 2007 წლის 9 ივნისს ბ------------------საგან შეიძინა სადავო ავტომანქანა და მას შემდეგ ფლობს მას. ბ------------------ს მიერ თ----- კ------–---–ზე გაიცა გენერალური მინდობილობა ავტომანქანის ფლობა/განკარგვის უფლებით. 2014 წლის 28 იანვარს მოსარჩელე თ----- კ------–---–ის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანაზე რეგისტრირებულ იქნა საგადასახადო გირავნობა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გირავნობა არასწორად იქნა გამოყენებული, ვინაიდან სადავო ავტომანქანა 2007 წლის 9 ივნისიდან წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას.

 

5. მოპასუხე ს--- შ--------–---- ს---------მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან სადავო ავტომობილი დღემდე მოვალე ბ------------------ს სახელზეა რეგისტრირებული.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით თ----- კ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული მითითებული ვარაუდი ბუნებრივია ასახავს იმ შემთხვევებს ასახავს, როცა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება. თუ მფლობელობა განპირობებულია ქირავნობითი ურთიერთობით და გვყავს დამქირავებელი, ცხადია ვერ ვივარაუდებთ, რომ დამქირავებელი მესაკუთრეა. თუმცა ხშირად უცნობია მფლობელობის განმაპირობებელი ურთიერთობა, მფლობელობის უკან მდგარი უფლებები. ასეთ ვითარებაში გამოსავალია დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და ის მივიჩნიოთ მოძრავი ნივთის მესაკუთრედ. ამას ითხოვს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთაგან სამართლებრივი წესრიგი, რომელიც განაპირობებს სამოქალაქო ბრუნვაუნარიანობის სიმყარესა და სიმარტივეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია მარკა/მოდელი „მ-–------------------“, ფერი - წითელი მუქი 2/4, გამოშვების წელი 1998, სანომრე ნიშანი - M------, რეგისტრირებულია ბ------------------ს სახელზე. ავტომანქანაზე 2015 წლის 29 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია უფლებრივი შეზღუდვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ნ-----------------ს #A--------------- დოკუმენტით. ფ-------- ს------------ს შ--------–---- ს---------ის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა; ავტომანქანის განკარგვის უფლებით მინდობილობის გაცემის შესახებ 2007 წლის 9 ივნისის სანოტარო აქტით (#1-----) დადგენილია, რომ ბ------------------მ თ----- კ------–---–ს მფლობელობაში განკარგვის უფლებით გადასცა სადავო ავტომანქანა. დადგენილია, რომ თ----- კ------–---–ი ავტომანქანა „მ-–-------------------“ (სანომრე ნიშანი „M------“) მართვის დროს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართლადარღვევებისათვის დაჯარიმებულია 2011-2015 წლებში, რაც ადასტურებს 2007 წლის შემდეგ მოსარჩელის მიერ სადავო ავტომანქანის ფლობას და მოსარჩელის საკუთრების უფლებას ავტომანქანაზე. საკუთრების უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით (21-ე მუხლი), საგადასახადო გირავნობით საკუთრების თავისუფლად სარგებლობის უფლების შეზღუდვა მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების ხელყოფას წარმოადგენს.

 

6.4 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

6.5 მოპასუხე ს.ს.ი.პ. შ--------–---- ს---------ის მიერ წერილობით შესაგებელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე (ს.ფ. 43-44), სასამართლოს მიზანშეწონლად მიაჩნია აღნიშნოს, რომ განსახილველი დავის საგანი არის არა საბიუჯეტო დავალიანების მქონე პირის (მოვალის), არამედ მესამე პირის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის გირავნობისგან გათავისუფლება და მოსარჩელე არ მოითხოვს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, რის გამოც თ----- კ------–---–ის სარჩელი წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-324-309-2015. 10.07.2015).

 

6.6 ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე პირის საკუთრების უფლების წარმოშობა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან. აღნიშნული მუხლი მიღებული იქნა 2009 წლის 17 ივლისს და არ შეიცავს რაიმე მითითებას მისი მოქმედების გავრცელების თაობაზე მის მიღებამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ავტომანქანაზე საკუთრების უფლება წარმოეშვა 2007 წელს, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის შემოღებამდე, შესაბამისად, მითითებული მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება მოსარჩელეს და მოპასუხეს (მოვალეს) შორის წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ. ამასთან, ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- კ------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ს--- შ--------–---- ს---------მა. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

7.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელე აღნიშნავდა და სასამართლოც დაეთანხმა, რომ ავტომანქანა მ-–----–------------- თ----- კ------–---–მა შეიძნა ბ------------------სგან 2007 წლის 9 ივნისს, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და დღემდე იმყოფება მის მფლობელობაში, თუმცა ავტომანქანა თავის სახელზე არ დაურეგისტრირებია. მხარის მიერ წარმოდგენილი 09/06/2015 წლის ნოტარიულად დამოწმებული აქტი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 22/04/2015 წლის განმარტების შესაბამისად არ მოიცავს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელ წინაპირობებს, კერძოდ, დოკუმენტს არ გააჩნია თ----- კ------–---–ის ხელმოწერა, შესაბამისად სახეზე არ არის ორივე მხარის ნების წერილობითი ფორმით გამოვლენა. აღნიშნული სანოტარო აქტიდან/მინდობილობიდან არც შინაარსობრივად გამომდინარეობს ავტომანქანაზე საკუთრების უფლების გადაცემის ფაქტი, კერძოდ, საკუთრების უფლების შინაარსი, მოიცავს სამ კომპონენტს: მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. დასახელებული სამი კომპონენტიდან, უკანასკნელი გულისხმობს ნივთის სამართლებრივი ბედის გადაწყვეტის უპირატეს უფლებას. ს--- შ--------–---- ს---------ი მიუთითებს, რომ როდესა საქმე ეხება საკუთრების მინდობას, მინდობილი პირის საკუთრების უფლება უნდა განიმარტოს შეძლებისდაგვარად ვიწროდ, ანუ არ უნდა გასცდეს მინდობილობაში ჩამოთვლილ უფლებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი სანოტარო აქტიდან ჩანს, რომ ბ------------------მ თ----- კ------–---–ს მიანიჭა ავტომობილის მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება, კერძოდ მინდობილ მესაკუთრეს მიანიჭა უფლებამოსილება გადაეფორმებინა საკუთარ თავზე, გაეყიდა, გაეჩუქებინა და დაეგირავებინაავტომობილი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა ნივთის განკარგვის კონკრეტული ოპერაციები და არა „განკარგვის უფლება“ მთლიანი არსით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების უფლების არსებით პირობას.

 

7.2 აპელანტი ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებზე და განმარტავს, რომ თ----- კ------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილზე შედგენილია 4 სამართალდარღვევის ოქმი. თუმცა 2014-2015 წლებში (გირავნობით დატვირთვის პერიოდში) კი ოქმები შედგენილია უკვე ბ------------------ს სახელზე, თავის მხრივ იმის მანიშნებელია, რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენდა და წარმოადგენს ავტომობილის რეალურ მესაკუთრეს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

 

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

9. საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 148-ე, 149-ე მუხლების შესაბამისად, ავტომობილი წარმოადგენს მოძრავ ნივთს, შესაბამისად მასზე საკუთრების უფლების გადაცემაც უნდა მოხდეს მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობის წესის შესაბამისად.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, გადაცემად მიიჩნევა შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (იხ. სუსგ №ას-658-625-2014)

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2007 წლის 09 ივნისის სანოტარო აქტზე, რომლის საფუძველზეც, ბ------------------მ, მოსარჩელე თ----- კ------–---–ს მიანიჭა ნივთით სარგებლობისა და მისი განკარგვის უფლებამოსილება. მათ შორის გაყიდვის, გაჩუქების, დაგირავებისა და საკუთარ სახელზე გადაფორმების უფლებამოსილება. მოცემულ შემთვევაში, უდავოა, რომ მინდობილობის შინაარსი არ ითვალისწინებდა მოძრავი ნივთით სარგებლობის უფლების გადაცემას დროებით. ის ფაქტი, რომ თ----- კ------–---–ს ჰქონდა უფლებამოსილება ავტომობილი დაერეგისტრირებინა საკუთარ სახელზე, ადასტურებს იმას, რომ მოხდა მოძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა. შესაბამისად, დასტურდება მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული ორივე წინაპირობის - ნამდვილი უფლებისა და ნივთის გადაცემის არსებობის ფაქტი. ამასთან დადგენილია, რომ თ----- კ------–---–ი 2011-2015 წლებში, ავტომობილი „მ-–-------------------“ (სანომრე ნიშანი „M------“) მართვის დროს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართლადარღვევებისათვის დაჯარიმებულია, რაც ადასტურებს თ----- კ------–---–ის მფლობელობასა და საკუთრების უფლებას სადავო ავტომანქანაზე.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება (იხ. სუსგ №ას-680-651-2016, 4 ნოემბერი, 2016 წელი; სუსგ№ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; სუსგ №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; სუსგ№ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012წელი; სუსგ №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი; სუსგ №ას-1685-1579-2012, 28 იანვარი, 2013 წელი).

 

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს--- შ--------–---- ს---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /

 

მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/

 

/ვანო წიკლაური /