განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001411901
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 მარტი, 2018 წელი თბილისი
საქმე №2ბ/2304-17
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - დიანა ბერეკაშვილი,მოსამართლეები: ვანო წიკლაური, ეკატერინე ცისკარიძე
სხდომის მდივანი - ნატო მახარაშვილი
აპელანტი - მ---- ქ--–----ე
წარმომადგენელი - ა-----–------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შ-- „----“
წარმომადგენელი – მ---------------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2009 წლის თებერვლის თვეში ზეპირი ფორმით დაიდო ტურისტული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოგზაურობს მომწყობი შ-- „----“-ი იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა ტურისტული ჯგუფის ვიზიტი ი------–ის სახელმწიფოში. ხოლო მ---- ქ--–----ე, ტირისტი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა შესაბამისი ანაზღაურება 2500 აშშ დოლარის ოდენობით;
2. მ---- ქ--–----ეს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2009 წელს მას სურდა ი------–ში სამუშაოდ წასვლა, ვინაიდან სპეციალობით ვერ იშოვა სამსახური. 2000 წლიდან - 2003 წლის ოქტომბრამდე იმყოფებოდა ი------–ში სადაც მუშაობდა ოჯახში და ოჯახური პირობებიდან გამოდინარე საკუთარი სურვილით დაბრუნდა ი------–იდან საქართველოში. შემდგომში მას სურდა რა კვლავ ი------–ში სამუშაოდ გამგზავრება და აღნიშნულის შესახებ იცოდნენ მის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა მისცეს ნანა ჯ-------ის ტელეფონის ნომერი, რომელიც დაკავშირებული იყო ერთ-ერთ ტურისტულ ფირმასთან, რომელიც დაეხმარებოდა ამ საკითხის მოგვარებაში. ი------–ში სამუშაოდ წასვლა სურდა ასევე მისი ოჯახის ახლობელს ი----- გ------–---–ს, რომელსაც მ---- ქ--–----ემ უთხრა, რომ იყო ასეთი პიროვნება ნანა ჯ-------ე, რომელსაც შეეძლო დახმარება. აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა ნანა ჯ-------ესთან დაკავშირება, რომელსაც შეხვდა და უთხრა, რომ როგორც მას ისე ი----- გ------–---–ს სურდა ი------–ში გამგზავრება, ამასთან განუმარტა, რომ ორივე მათგანს დარღვეული ჰქონდა საემიგრაციო ვადა და აღნიშნულიდან გასული იყო 5 წელი, ამასთან, როგორც თავად მ---- ქ--–----ე იყო ინფორმირებული 5 წლის გასვლის შემდეგ დარღვევის შესახებ ინფორმაცია იშლებოდა და აღარ უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული, თუმცა შუამავალს მოსთხოვა ამის ოფიციალურად გადამოწმება. შუამავალი მას დაჰპირდა დახმარებას ი------–ში გამგზავრებასთან დაკავშირებით, შემდეგ დაუკავშირდა და განუმარტა, რომ მათ გამგზავრებაზე იყო უარი, თუმცა რამოდენიმე დღეში კვლავ დაუკავშირდა და შეხვედრისას აჩვენა 2009 წლის 23 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იყო რომ მ---- ქ--–----ეს ეძლეოდა ტურისტული ვიზის ფარგლებში ი------–ში შესვლის უფლება. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ დოკუმენტაციის შესაბამისად ვიზიტი უნდა განხორციელებულიყო 2009 წლის 26 თებერვლიდან - 5 მარტის ჩათვლით, თუმცა როგორც თავად მოსარჩელე გამოკითხვის ოქმში უთითებს, რომ მის რეალურ მიზანს წარმოადგენდა ი------–ის სახელმწიფოში შესვლა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
3. მ---- ქ--–----ის მიერ შევსებულ იქნა თხოვნა ვიზის გაცემის შესახებ ე.წ. ''ანკეტა'', რომელშიც მითითებულია, რომლის 37-ე პუნქტშიც მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: - ვაცხადებ რომ არ ვყოფილვარ დეპორტირებული, უფრო მეტიც ი------–ში შესვლაზე უარი არასოდეს მიმიღია. ვაცნობიერებ, რომ თუ ამის მსგავსი ბრძანება გაცემულია ჩემს მიმართ, მე ვეღარ შევალ ი------–ში და უკან ჩემს ქვეყანაში დამაბრუნებენ. - მე ასევე ვაცნობიერებ, რომ ვიზის გაცემა არავითარ შემთხვევაში არ ართმევს ი------–ის შ.შ.ს -ს უფლებას, არ დამრთოს ნება ი------–ის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლის, თუ გაირკვა რომ ვიზა არასწორი ინფორმაციის საფუძველზე გაიცა. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტზე დაფიქსირებულია მოსარჩელე მ---- ქ--–----ის ხელმოწერა, ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის უდავო მტკიცებულება მასზედ, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ იყო მის მიერ ხელმოწერილი.
4. ი------–ის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2009 წლის 23 თებერვლის ცნობით დასტურდება, რომ განხილვის საგანს წარმოადგენს - ტურისტული ჯგუფისათვის ი------–ში შესვლის დადასტურება. წერილის ტექსტში მითითებულია შემდეგი: ''ჩვენ ვადასტურებთ ი------–ში შესვლას ტურისტული ჯგუფისა, რომლის მონაცემებია: ჯგუფი ითვლის 5 ადამიანს, მოქალაქეობა: საქართველოს; ჩამოსვლის სავარაუდო თარიღი (ძალაშია ერთი კვირის განმავლობაში): 26/2/2009 გთხოვთ მიანიჭოთ ქვეყანაში ყოფნის უფლება მე-2 კატეგორიით, ორი კვირის პერიოდით; ჯგუფის სახელი: ტ---–---- მ-----, აგენტი: ე-–---, თანდართულია ჯგუფის სახელობითი სია, სადაც მითითებულია - მ---- ქ--–----ეც.
5. შ-- '-----ის'' 2009 წლის 27 თებერვლის წერილით დგინდება, რომ შ-- '-----ი'' ითხოვს ტურისტების ი------–ში გაფრენას და უთითებს, რომ ''ი------–ში ვიზებს იღებენ ჩაფრენისას, ემსახურებათ ი------–ში ფირმა ''ტ-----–-------------------ს'' ლტდ. მათ ჰქონდათ გაფრენა 26.02.2009-დან, ვერ გაფრინდნენ ნებართვის უქონლობის გამო. მათ აქვთ მოგზაურობის დრო გაფრინდნენ - 01.03.2009-დან იმოგზაურონ 05.03.2009-მდე'', დადგენილია, რომ სიაში მითითებულია სხვა ტურისტებთან ერთად - მ---- ქ--–----ეც.
6. შ-- '-----ის'' 2009 წლის 3 მარტის წერილში ავიაკომპანია ''ჯ--------- ე-------ის'' დირექტორის სახელზე მითითებულია, რომ ტურისტები - კერძოდ, მ---- ქ--–----ე და ი----- გ------–---–ი მიფრინავდნენ - 2009 წლის 26 თებერვალს ჯგუფური ვიზით, ი------–ის ტურისტული ფირმის ''ტ---–---- მ-----------ის'' მოსაწვევით. ''ტ---–---- მ-----------ი'' იღებდა თავის თავზე სავიზო უზრუნველყოფას, ჯგუფური ვიზა ფორმდებოდა ი------–ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. დამკვეთი შ-- '-----'' ტური იღებს ჯგუფური ვიზის ქსეროასლს, ორიგინალი გადაეცემა ტურისტს ი------–ის სასაზღვრო კონტროლის პუნქტზე უშუალოდ ჩამოსვლისთანავე (თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად).
7. 2009 წლის 1 მარტს, მ---- ქ--–----ემ გადაკვეთა სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ჩაფრინდა ი------–ში, სადაც მოხდა მისი დაკავება, ხოლო შემდგომში საქართველოში დაბრუნება.
8. მხარეთა ახსნა-განმარტებით ტურისტულმა კომპანიამ მ---- ქ--–----ეს დაუბრუნა 100 აშშ დოლარი
9. მ---- ქ--–----ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხე შ-- '-----ს'' მოსარჩელე მ---- ქ--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს - 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: მ---- ქ--–----ე მოქალაქე ნანა ჯ-------ის მეშვეობით და შუამავლობით დაუკავშირდა კომპანია შ-- '-----ს'' ი------–ის სახელმწიფოში ტურისტული ვიზით ჩასვლასთან დაკავშირებით. მ---- ქ--–----ე გაეცნო რა ტურისტული კომპანიის შესაძლებლობებს მოთხოვნებსა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ფინანსურ მხარეს, ნანა ჯ-------ეს დათანხმდა კომპანიასთან სამომავლო ურთიერთობაზე. საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და ტურისტული ვიზით გამგზავრებასთან დაკავშირებით, მ---- ქ--–----ემ კომპანიას ნანა ჯ-------ის მეშვეობით გადაუხადა დასახელებული თანხა - 3500 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ შორის შედგა თანხის გადაცემის ხელწერილი. 2009 წლის თებერვალში შეთანხმებების თანახმად, მ---- ქ--–----ე ი------–ის სახელმწიფოში გამგზავრების მიზნით მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაგრამ გამგზავრება არ შედგა და აღმოჩნდა, რომ კომპანიას ვიზის საკითხი არ ჰქონდა მოგვარებული. კომპანიამ მეორე ჯერზე მ---- ქ--–----ე კვლავ დაიბარა გამგზავრების მიზნით და აეროპორტის შესაბამის პირებთან მოსარჩელისათვის უცნობი შეთანხმებების გამო, მ---- ქ--–----ის მიერ საზღვრის კვეთა მოხერხდა, თუმცა ი------–ში ჩაფრენისთანავე აეროპორტში დააკავეს და ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა სპეციალურ საკანში. მიზეზად ი------–ის მხარემ დაასახელა საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ პასპორტში არარსებული ჩანაწერი/აღნიშვნა. თბილისში დაბრუნებული მ---- ქ--–----ე კომპანიასთან მომხდარის გარკვევას შეეცადა. კომპანიამ ნანა ჯ-------ის სახელით მ---- ქ--–----ეს დაუბრუნა ჯერ - 1000 აშშ დოლარი, მოგვიანებით კი - 100 აშშ დოლარი. 2009 -2015 წლებში, მ---- ქ--–----ე კომპანიისაგან და მისი დირექტორისაგან ამაოდ მოითხოვდა გადახდილი თანხის დაბრუნებას. 2015 წელს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა საქმეზე გამოძიება. 2016 წლის მარტში, პროკურატურამ მ---- ქ--–----ეს აცნობა, რომ საქმეზე სამართალწარმოება სამოქალაქო წესით გაეგრძელებინა. 2016 წლის აპრილში მ---- ქ--–----ემ წერილით მიმართა კომპანიას და მის დირექტორს თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მხარეთა შორის შედგა მოლაპარაკება დავის მორიგებით დასრულებაზე, თუმცა კომპანიამ ბოლო მომენტში უარი თქვა მ---- ქ--–----ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
10. მოპასუხე შ-- „----მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, სარჩელი არის უსაფუძვლო და ამასთან, ხანდაზმული, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად სახელშეკრულებო ვალდებულებებზე ვრცელდება მოთხოვნათა 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. მოცემულ შემთხვევაში, ტურისტული მომსახურება განხორციელდა 2009 წლის თებერვალ-მარტში, მოსარჩელემ საგამოძიებო ორგანოს მიმართა 2015 წელს, ხოლო ''ახალგაზრდა ადვოკატების'' წერილები თანხის გადახდის მოთხოვნის შესახებ კომპანიაში შემოსულია 2016 წლის აპრილის და ივლისის თვეში, ანუ მოთხოვნის წარმოშობიდან - 2009 წლის მარტიდან ექვსი წლის გასვლის შემდეგ.
მოპასუხის განმარტებით, 2009 წლის თებერვლის თვეში მოსარჩელე მ---- ქ--–----ე ნანა ჯ-------ის მეშვეობით დაუკავშირდა შ-- '-----ს'', რომლის საქმიანობასაც წარმოადგენს ტურისტული მომსახურება. მხარეებს შორის შედგა ზეპირი ხელშეკრულება ი------–ის სახელმწიფოში ტურისტული მომსახურების შესახებ, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შ-- '-----მა'' შეასრულა კეთილსინდისიერად. სადავო არ არის და სარჩელშიც აღნიშნულია, რომ მ---- ქ--–----ისაგან ტურისტული მომსახურეობის სახით კომპანია '-----მა'' მიიღო 2500 აშშ დოლარი. ნანა ჯ-------ესა და მ---- ქ--–----ეს შორის დადებული თანხის გადაცემის ხელწერილს შ-- '-----თან'' არავითარი კავშირი არ აქვს, რაც გამოიკვეთა კიდეც მოცემულ საქმეზე პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცესში. შესაგებელზე თანდართულია და მოპასუხე მხარესაც აქვს ი------–ის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილობითი დოკუმენტი ტურისტული ჯგუფისათვის ი------–ში შესვლის დადასტურების (ვიზის) შესახებ. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით დასტურდება, რომ ი------–ში გამგზავრების მსურველი 11 ტურისტიდან მ---- ქ--–----ე შედის იმ ხუთი პირისაგან შემდგარ ჯგუფში, რომელმაც მიიღო ი------–ში შესვლის უფლება. ამდენად, მ---- ქ--–----ის ი------–ში გამგზავრება შეფერხდა არა ვიზის საკითხის მოუგვარებლობით, არამედ იმ მიზეზით, რომ აღნიშნულ დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მოითხოვა საპატრულო პოლიციის მხრიდან გაფრენაზე უფლების დასტური (როგორც ახალი წესი), რაზედაც შ-- '-----ის'' მიერ დაუყოვნებლივ მოხდა რეაგირება და 2009 წლის 27 თებერვლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიღებული იქნა შესაბამისი თანხმობა, რაც დასტურდება საქართველოს საპატრულო პოლიციის სახელზე შ-- '-----ის'' წერილით, სადაც აღნიშნულია ჩაბარების დასტურიც.
2009 წლის 1 მარტს, მას შემდეგ რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოთხოვნაზე საპატრულო პოლიციის ნებართვის შესახებ ხარვეზი აღმოიფხვრა, მ---- ქ--–----ესა და დანარჩენი 4 პირის გამგზავრების შემაფერხებელი გარემოება აღარ არსებობდა, მ---- ქ--–----ემ უპრობლემოდ გადაკვეთა სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ჩაფრინდა ი------–ში, სადაც მას გარანტირებული ჰქონდა ი------–ის ტურისტული ფირმის ''ტ---–---- მ-------------ის'' მხრიდან ყოველნაირი მომსახურეობა. მოპასუხის განმარტებით, მ---- ქ--–----ის დაკავება და იძულებით უკან დაბრუნება მოხდა იმ მიზეზით, რომ მ---- ქ--–----ემ როდესაც შეავსო ვიზის გაცემის შესახებ თხოვნა ''ანკეტა'' ი------–ის სახელმწიფოს სახელზე, მან შესაბამისი კითხვის გრაფაში ''იყო თუ არა იგი დეპორტირებული პირი'' შეგნებულად დამალა და არ მიუთითა, რომ იგი ადრე მართლაც ყოფილა დეპორტირებული, რაც ი------–ის საერთაშორისო აეროპორტში შესაბამისი სამსახურების მიერ იქნა გაშიფრული და რის გამოც მას არ მისცეს ი------–ის სახელმწიფოში შესვლის უფლება. ასეთ შემთხვევებში იმ პირს, ვისაც ი------–ის სახელმწიფო არ აძლევს ქვეყანაში შესვლის უფლებას, უარის თქმის წერილში შესაბამის ახსნა-განმარტებას უკეთებს უარის თქმის საფუძვლებზე, რაც მოსარჩელის მიერ შეგნებულად არ იქნა სასამართლოში წარმოდგენილი, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს მისთვის ხელსაყრელ მტკიცებულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ასევე ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით მ---- ქ--–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ დასკვნებს:
11.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელე მ---- ქ--–----ის საქართველოში იძულების წესით დაბრუნების მიზეზია მხოლოდ მოსარჩელის პასპორტში ინდივიდუალური ვიზის არ არსებობა - აღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
ამდენად, სასამართლო მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- საქმეზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლო
მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც უდავოდ დაადასტურებდა, რომ მოსარჩელე მ---- ქ--–----ის საქართველოში იძულების წესით დაბრუნების (''დეპორტირების'') მიზეზია მხოლოდ მოსარჩელის პასპორტში ინდივიდუალური ვიზის არ არსებობა, რამდენადაც:
- მოსარჩელე მხარემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ისე, რომ მოსარჩელის პასპორტში არ იყო დაფიქსირებული ინდივიდუალური ვიზა. საყურადღებოა, რომ საქართველოს მთავრობას და ი------–ის სახელმწიფო მთავრობას შორის ''ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ'' შეთანხმება ძალაში შევიდა მხოლოდ 2014 წლის 28 ივლისს, ამდენად, 2009 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას მოქმედებდა წესი, რომლის თანახმად ი------–ის სახელმწიფოში გასამგზავრებლად საჭირო იყო ვიზა, რაც განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის.
- ამასთან, მოსარჩელე მხარემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ისე, რომ მოსარჩელის პასპორტში არ იყო დაფიქსირებული საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესახებ ქვეყნიდან გასვლის შტამპი. საყურადღებოა, რომ სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ საბუთებში, რომლებიც უფლებას აძლევს პირს შემოვიდეს საქართველოდ ტერიტორიაზე ან გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, ისმევა თარიღის შტამპი აღნიშვნით ''შემოსვლა'' ან ''გასვლა''. რაც განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის.
- ამასთან, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ 2003 წელს დატოვა ი------–ის სახელმწიფო სავიჟო რეჟიმის დარღვევით.
ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უდავოდ დაადგინოს კონკრეტულად ზემოდ მითითებული სამი გარემოებიდან რომელი გარემოება - ინდივიდუალური ვიზის არ არსებობა, ''გასვლის'' შტამპის არ არსებობა თუ სავიჟო რეჟიმის დარღვევა - გახდა საფუძველი იმისა, რომ მოსარჩელე მ---- ქ--–----ე საქართველოში იძულების წესით დააბრუნეს.
11.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ მ---- ქ--–----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე ხანდაზმულობის გამო, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით: დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ ტურისტული კომპანიის მიმართ ბრალისა და შესაბამისი ფულადი ანაზღაურების თაობაზე საგამოძიებო ორგანოს მიმართა მხოლოდ 2015 წელს, ხოლო ა/დ ''ახალგაზრდა ადვოკატების'' წერილები შ-- '-----ის'' სახელზე მოპასუხესთან კი შესულია 2016 წლის აპრილის და ივლისის თვეებში. ამასთან, მოსარჩელე მხარემ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ზუსტი თარიღი, თუ როდის დაუბრუნა მას მოპასუხე მხარემ - 100 აშშ დოლარი არ ახსოვს, თუმცა სავარაუდოდ ეს მოხდა - 2014 წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის თანახმად, 659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.
სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, თუმცა კანონი არც იმას გამორიცხავს, რომ ამა თუ იმ ურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით სპეციალური ვადებიც დაწესდეს. სწორედ ასეთ ვადებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლი. ტურიზმის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები მოკლევადიანია, ამიტომ უფლებათა განხორციელების ვადებიც სპეციალური რეგულირების გზით არის შემცირებული. კანონმდებელი ტურისტისაგან აქტიურ მოქმედებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლოსათვის მიმართვის გზით საკუთარი უფლებების დასაცავად ხანდაზმულობის ვადასთან ერთად დამატებითი წინაპირობაც არის დადგენილი. თავისი უფლებების კანონით დადგენილი წესით და მითითებულ ვადებში რეალიზაციისათვის ტურისტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს მეორე მხარისათვის ერთი თვის ვადაში მოთხოვნის წაყენების პირობა . განსახილველ შემთხვევაში, უტყუარად არ დასტურდება (სახეზეა, მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტება, რომელსაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა) მეორე მხარისათვის ერთი თვის ვადაში მოთხოვნის წაყენების პირობა, ამასთან, კიდევაც რომ ჩათვალოს სასამართლომ მხარის მიერ ერთი თვის ვადაში მოთხოვნის წაყენების განხორციელდა, დადგენილია, რომ 2009 წლის მარტის შემდგომ 2015 წლამდე პერიოდში მოსარჩელე მხარე არ სარგებლობს უფლებით - სასამართლოსათვის ან სხვა უფლებადამცავი ორგანოებისადმი მიმართვის გზით დაიცვას საკუთარი უფლებები, ამასთან, უსაფუძვლო და არალოგიკურია, რომ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდეს ამ ვადით, რამდენადაც მოგზაურობის მომწყობი არ უარყოფს მოთხოვნას. მოსარჩელე მხარემ ასევე განმარტა, რომ მან მოთხოვნა წარადგინა ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, რისი დადასტურებაც მხარემ ასევე ვერ შეძლო, რამდენადაც, საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე მხარემ მოთხოვნა როდის მიიღო და რა ფორმით, შესაბამისად, არ დასტურდება რა მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელე მხარეს მოთხოვნის უარყოფასთან დაკავშირებით, რომ სათანადო რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში, მას მინიჭებოდა უფლება, მიიღო ზომები თავისი ინტერესების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი შეტყობინების ფორმაზე არაფერს ამბობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოგზაურობის მომწყობისათვის შეტყობინება ისეთი ფორმით უნდა იყოს გაგზავნილი, რაც მოგვიანებით მტკიცების შესაძლებლობას მისცემს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ პირველ რიგში, სწორედ ტურისტის ინტერესებში უნდა შედიოდეს შეტყობინების ისეთი ფორმით გაგზავნა, რაც მოგვიანებით მტკიცების გამარტივების შესაძლებლობას მისცემს როგორც პირადად მას, ასევე მეორე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტურისტმა უნდა ამტკიცოს, რომ მან ტურისტულ კომპანიას წაუყენა მოთხოვნა და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში. საქმის მასალებით კი, ცალსახად არ დგინდება მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებები, სახეზეა, მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტება, რომელსაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა -განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს . სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლისა და მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპის გათვალისწინებით კი სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---- ქ--–----ის სარჩელი უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
11.3. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის, როგორც კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის საჯარო მიზნიდან გამომდინარე, უფლებები და მოთხოვნები დროში განუსაზღვრელად არ უნდა არსებობდნენ. უფლების განხორციელების დროით შემოფარგვლა დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს ამ ბრუნვის ნებისმიერი მონაწილისათვის, რათა ამ უკანასკნელმა თავისი უფლებები სწრაფად და ეფექტურად, დაყოვნების გარეშე დაიცვას.ამასთან,სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული მომსახურებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლში აღნიშნულია, რომ ტურისტული საწარმო წარმოადგენს მოგზაურობის მომწყობს, ამდენად, კანონმდებელი ტურისტულ მომსახურებას მიიჩნევს სამეწარმეო საქმიანობად, ხოლო მეორე მხარე - ტურისტი კი მოვალეა, ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში, გადაუხადოს შესაბამისი საზღაური მოგზაურობის მომწყობს. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ზეპირი ფორმით იქნა დადებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულების პირობების დასადგენად სასამართლოს უწევს იმ ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევა რაზეც მხარეები უთითებენ სარჩელსა თუ შესაგებელში. გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დავობენ, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ დადგენილად უნდა ჩაითვალოს. კერძოდ, მხარეები არ დავობენ იმაზე, რომ მათ შორის მოხდა გარკვეული შეთანხმება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებით, არ დავობენ იმაზეც, რომ ტურისტულ კომპანიას ჰქონდა აღებული ვალდებულება მოეხდინა ტურისტის სავიზო უზრუნველყოფა. საქმეზე არ არის წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება მასზედ, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ბრალეული მოქმედების გამო განხორციელდა მოსარჩელე მ---- ქ--–----ის საქართველოში იძულების წესით დაბრუნება და ამის საფუძველი, მხოლოდ მოსარჩელის პასპორტში ინდივიდუალური ვიზის არ არსებობაა, რამდენდაც, პასპორტში ინდივიდუალური ვიზის არ არსებობასთან ერთად, მოსარჩელე მხარემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ისე, რომ მოსარჩელის პასპორტში არ იყო დაფიქსირებული საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესახებ ქვეყნიდან გასვლის შტამპი და მოსარჩელე მხარემ 2003 წელს დატოვა ი------–ის სახელმწიფო სავიჟო რეჟიმის დარღვევით. ამდენად, სახეზეა საკმარისი საფუძველია იმისა, რომ ი------–ის სახელმწიფოს განეხორციელებინა მოსარჩელის უკან იძულების წესით დაბრუნება და აღნიშნულ შედეგთან მიმართებით მხოლოდ მოპასუხე მხარის ბრალეულობა არ დასტურდება. რამდენადაც, სახეზეა სამი გარემოება: პასპორტში ინდივიდუალური ვიზის არ არსებობა, ''გასვლის'' შტამპის არ არსებობა და ამასთან, სავიჟო რეჟიმის დარღვევა. ამდენად, მოსარჩელის საქართველოში იძულების წესით დაბრუნების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო არა მარტო პასპორტში ინდივიდუალური ვიზის არ არსებობა, არამედ წარსულში სავიზო რეჟიმის დარღვევა, ან თუნდაც პასპორტში საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის (შტამპის) არარსებობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6572 მუხლის პირველი ნაწილის ''ვ'' ქვეპუნქტის თანახმად, ტურისტს, მოგზაურობასთან (პაკეტთან) დაკავშირებით, ხელშეკრულების დადებამდე, წერილობით ან ტურისტისათვის მისაღები სხვა ფორმით, უნდა მიეწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია: პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე მოგზაურობისათვის აუცილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ტურისტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ვიზასთან დაკავშირებულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მოგზაურობის მომწყობი ვერ იქნება. უფრო მეტიც, ვიზის მიღება ჯერ კიდევ არ არის იმის გარანტია, რომ მიმღები დანიშნულების ადგილზე შეღწევას შეძლებს. სასაზღვრო კონტროლის გავლისას ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოები მხოლოდ საკუთარი კანონმდებლობით და შეხედულებით ხემძღვანელობენ. ამასთან, ვიზასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე პასუხისმგებელ პირს არ შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს იმის გამო, რომ მომხმარებელი მასპინძელი სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა ქვეყნის ტერიტორიაზე არ დაუშვეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-395-ე მუხლების შესაბამისად ითხოვს ზიანის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს პასუხისგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს: იმისათვის რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ფაქტი უნდა არსებობდეს სახეზე 4 წინაპირობა. კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ პირობებში არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და მატერიალური საფუძველი, ამასთან, მ---- ქ--–----ის სარჩელი ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ---- ქ--–----ემ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
12.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი არემოება იმის შესახებ რომ არსებობდა ვიზა, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ჯგუფურ ვიზას. აღნიშნულზე ცალსახად არსად არ აქვს ნამსჯელი, თუმცა დადგენილად მიიჩნია წერილი, სადაც ჯგუფურ ვიზაზეა საუბარი. მხარესთვის მიუღებელია ჯგუფური ვიზა ასეთის არსებობა, ვინაიდან ასეთი ბუნებაში არ არსებობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კომპანიის წარმომადგენელი მ-----–- რ--------ე დაკითხვის ოქმები აღნიშნავს: „მართალია მათ პასპორტებში ვიზა ფიქსირდება (პოლიციაში წარმოდგენილია აღნიშნული დოკუმენტი), მაგრამ ი------–ის საზღვარზე დამატებით გადამოწმებით გაირკვა, რომ ისინი ვერ შევიდოდნენ სახელმწიფოში და ამიტომ მათ ვიზას ხაზი გადასმული“. მოპასუხე შესაგებელში უთითებდა, რომ ტურისტის პასპორტში არსებობდა ვიზა, თუმცა როდესაც მოპასუხემ წარადგინა ნათარგმნი პასპორტი, ცალსახად დადასტურდა, რომ ვიზის სანაცვლოდ ჩარტყმულია ტურისტის შესვლის დასტური, რის შემდგომაც მოპასუხემ შეცვალა პოზიცია და თქვა რომ ტურისტებს ჰქონდათ "ჯგუფური ვიზა". სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჯგუფური ვიზის ლეგიტიმურობა. მართალია არსებობს წერილი, რომელიც მიუთითებს ჯგუფის დადასტურებას, თუმცა ეს ვერ იქნება გათანაბრებული ვიზასთან. თუკი მოპასუხე მართალია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ცდილობდა საგამოძიებო უწყებაში იმის დამტკიცებას, რომ ვიზა არსებობდა პასპორტში. ასევე, დამატებით უნდა აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის წერილი, სადაც აღნიშნულია რომ ი------–ში გასამგზავრებლად და ქვეყანაში შესასვლელად, აუცილებელი იყო პასპორტში ვიზის არსებობა. მოსარჩელემ წარადგინა საკმარისი და პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ პასპორტში ვიზა არ არსებობდა, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო წარედგინა და დაედასტურებინა ჯგუფური ვიზის ლეგიტიმაცია, ასევე მისი მხრიდან პასუხგაუცემელი დარჩა ის საკითხი, თუ რატომ იცრუა დაკითხვისას კომპანიის დირექტორმა.
12.2. აპელანტის მოსაზრებით სამართლო გადაწყვეტილებაში სწორად აღნიშნავს, რომ ტურისტული კომპანია იყო ვალდებული უზრუნველყო ვიზის დამზადება და სათანადო ტურისტული პაკეტი. სასამართლო უთითებს, რომ შესაძლებელია დეპორტაციის საფუძველი გამხდარიყო 1.ინდივიდუალური ვიზის არ არსებობა, 2. გასვლის შტამპის არ არსებობა 3. სავიზო რეჟიმის დარღვევა, სწორედაც ამ დარღვევების სამართლებრივი გათვალისწინებით უნდა შეფასდეს რა ნაწილში მოქმედებდა კომპანია "რ---- მართლსაწინააღმდეგოდ. ბრალის განსასაზღვად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების პირობები და მოვალის ქმედებები. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, დაიცვა თუ არა მოსარჩელემ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. უდავო ფაქტობრივ გარემოებად დაადგინა სასამართლომ, რომ მ---- ქ--–----ემ დეტალურად გააცნო მისი სავიზო დარღვევის შესახებ, მეტიც კომპანიას მიუთითა დაედგინა შეეძლო თუ არა ი------–ის სახელმწიფო შესვლა. კომპანიასთან დაკავშირების და ტურისტულ ხელშეკრულებაში საბაზრო ღირებულებაზე 2 ჯერ მეტის გადახდა სწორედაც იმ გარემოებით იყო გამოწვეული, რომ კომპანიას უზრუნველყო მოსარჩელის გამგზავრება. ვინაიდან სახეზეა მოსარჩელეს კეთილსინდისიერი ქმედება ინფორმაციის განდობა, მთლიანი პასუხისმგებლობა ვიზის და ასევე სავიზო რეჟიმის დარღვევის მიმართ მიუძღვის კომპანიას. მოსარჩელის მტკიცებით ვიზა საერთოდაც არ ყოფილა დამზადებული ვინაიდან, თუკი მესაზღვრემ დააფიქსირა სავიზო რეჟიმის დარღვევა საბაჟოზე, თუკი ვიზის გაცემის დამუშავების საკითხი განიხილებოდა ი------–ის საკონსულოში, ი------–ის საკონსულო ამას ვიზის გაცემის მომენტში ვერ აღმოაჩენდა? აქედან გამომდინარე მოსარჩელეს აქვს მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიზის გასაცემად არ ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები და ვიზა უშუალოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არ იქნა გაცემული, ხოლო ის ფურცელი, რაზეც მოპასუხე აპელირებს ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას სცდება. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჯერ უარი განაცხადა ი------–ის სახელმწიფომ მ---- ქ--–----ის შესვლაზე და შემდგომ გამოთქვა თანხმობა. დადუგენელი და ბუნდოვანებით მოცულია ვიზის საკითხის პროცედურები იმასაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეწ. ანკეტა არ არის ავთენტური და დაუდგენელია აღნიშნული დოკუმენტი გაიგზავნა ი------–ში, თუ არა ვინაიდან მოპასუხე თავდაპირველად საუბრობდა რომ ვიზა მოცემული დოკუმენტის საფუძველზე მიიღო ხოლო შემდგომ კი შეცვალა პოზიცია. აქედან გამომდინარე სრული პასუხისმგებლობა კომპანიას ეკისრება. აღნიშნული ქმედებები კი პიორდაპირ მიუთითებს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე. რაც შეეხება ქვეყნიდან გასვლის შტამპის არ არსებობას ამ ნაწილშიც, კომპანიაა პასუხისმგებელი, ვინაიდან მან სრულად იკისრა პასუხისმგებლობა ტურთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველყოფაზე, რასაც აღნიშნულიც მოიცავს. სულ მცირე კომპანიას ტურისტისთვის მითითება უნდა მიეცა, რომ მიექცია ყურადღება აღნიშნული პროცედურის შესახებ, ვინაიდან შეიძლება აღნიშნულის დარღვევა გამხდარიყო დეპორტაციის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას პირდაპირი ბრალი არ მიუძღვის აღნიშნულთან მიმართებიც, თუმცა ეს არ იწვევს მისი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას, რადგანაც სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პირდაპირი ბრალის გარეშეც პასუხისმგებლობას. მოცემული ვითარებაც განეკუუთვნება ასეთ რეგულირებას, ვინაიდან კომპანიას რომ გამოეჩინა გულისხმიერება და ბოლომდე უზრუვნელყო ვალდებულების შესრულება აღნიშნული საკითხი არ წამოიჭრებოდა. გადაწყვეტილებაში ზიანზე მსჯელობისას არ არის მითითებული, რომ პირველად დაგეგმილი ტური კომპანიის ბრალით გადაიდო რასაც აღიარებს კიდეც "----"-ის დირექტორი. ტურის ასეთი ცვლილება შესაძლოა მებაჟისთვის საეჭვო ვითარებად აღქმა მოხდა და ამ საფუძვლის გამოც მოხდა დეპორტაცია. მოცემული მსჯელობიდან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ვიზის, ვადის გადაცილების და ტურის გადადების მიმართ პირდაპირი ბრალი მიუძღვის კომპანიას. ხოლო შტამპის ნაწილში არაპირდაპირი ბრალი, რაც კრედიტორის მიმართ არ გამორიცხავს ვალდებულებისგან განთავისუფლებას. სახეზეა ზიანი კომპანიის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება შედეგსადა ზიანს შორის, ვინაიდან კომპანის რომ დაეცვა ვიზის მიღების სტანდარტები ზიანი არ დადგებოდა, რაც გვაძლევს მიზეზშედეგობრივ კავშირს და ადგენს ბრალს.
12.3. აპელანტის პოზიციით ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში. მოცემული ნორმიდან გამომდინარე ტურისტულ ხელშეკრულებას აქვს სპეციალური ხანდაზმულობის 1 თვიანი ვადა, ამ ვადაში უნდა მოხდეს პრეტენზიის წაყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნა ხანდაზმულია. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნის წაყენება მოხდა საქართველოში დაბრუნების თანავე მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო მოგზაურობის ვადა გასული. ამ გარემოებას ადასტურებს გამოკითხვის ოქმები და არაა სადაო. ასეთ შემთხვევაში კი კოდექსი კიდევ უფრო სპეციალურ ნორმას იყენებს. 663.2 ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას. აღნიშნული დათქმა ემსახურება ისეთ მოგზაურობას, რომელიც საერთოდ არ შემდგრა, ვინაიდან მოთხოვნის წაყენება უნდა მოხდეს მანამდე სანამ მოგზაურობა დასრულდება, ან ისეთ ტურისტს რომელიც დაყოვნების გარეშე ცდილობს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. კანონმდებელმა თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით შემოიღო ეს უფლებათა განხორციელების არც თუ მარტივი წესი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ტურისტს ვინაიდან მოგზაურობის მომწყობის ბრალეული ქმედება არის მძიმე, რადგანაც ტური არ შედგა/ჩაიშალა. მოსარჩელემ მოგზაურობის დაწყებამდე პრეტენზიით მიმართა კომპანია რიკს, ანუ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ეს ნორმა. ასეთ შემთხვევაში ამ ნაწილს აქვს კიდევ ერთი წინაპირობა, რაც გულისხმობს, რომ ხანდაზმულობის ვადა იწყება მაშინ, როდესაც კომპანია უარყობს მოთხოვნას, ხოლო მანამდე ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია. მოცემულ შემთხვევაში კომპანიას მოთხოვნა არ უარყვია, რაც დასტურდება გამოკითხვის ოქმებიდან. კომპანია თანხის დაბრუნებას აპირებდა, თუმცა მესამე პირმა ტ---–---- მ----მა არ დაურიცხა თანხა. მოცემულ შემთხვევაში ტ---–---- მ----ი რ---ის და მ---- ქ--–----ის ურთიერთობაში არაფერ შუაშია, თუკი ტ---–---- მ----მა თანხა არ დააბრუნე მას უნდა ედაოს შ-- „----ი“, სსკ-ის 397. მოპასუხემ 2016 წელსაც არ უარყო მოთხოვნა მორიგების პერიოდში. მოთხოვნა უარყოფილ იქნა შესაგებელში. აქედან გამომდინარე მოთხოვნის უარყოფამდე შეჩერებულია ხანდაზმულობის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
14. მოცემულ შემთვევაში, დავის საგანს წარმოადგენს შ-- „----“-ისთვის ტურისტული მომსახურების ხეშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. თბილისი საქალაქო სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და განუხორციელებელი. სააპელაციო პალატა სარჩელზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მატერიალურ-სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით განმარტავს შემდეგს:
14.1. 2009 წლის თებერვლის თვეში ზეპირი ფორმით დაიდო ტურისტული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოგზაურობს მომწყობი შ-- „----“-ი იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა ჯგუფური ტურისტული ვიზიტი ი------–ის სახელმწიფოში. ხოლო მ---- ქ--–----ე, ტირისტი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა შესაბამისი ანაზღაურება 2500 აშშ დოლარის ოდენობით; (მხარეთა ახსნა-განმარტებები)
14.2. მ---- ქ--–----ემ საზღვარი გადაკვეთა 2009 წლი 01 მარტს ისე, რომ არ ჰქონდა ვიზა, რომელიც ტურისტული კომპანიის მოსაზრებით იმ დროისათვის საჭირო არც იყო, ამასთან საგულისხმოა ის, რომ მ---- ქ--–----ის პასპორტში არ იყო საზღვრის კვეთის აღმნიშვნელი შტამპი, რაც დაადასტურებდა მის მიერ საზღვრის გადაკვეთას. (მხარეთა ახსნა-განმარტება, პასპორტი; ს.ფ.256-257; ს.ფ 113)
14.3. მ---- ქ--–----ის მოგზაურობა ი------–ში უნდა დაწყებულიყო 2009 წლის 01 მარტს და უნდა დამთავრებული, ტურისტი საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო 2009 წლის 09 მარტს; ( მხარეთა ახსნა-განმარტება იხ. საპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი)
14.4. ი------–ში ჩაფრენისთანავე მ---- ქ--–----ე აეროპორტში დააკავეს და იმყოფებოდა სპეციალურ საკანში. საქართველოში დაბრუნდა 2009 წლის 5 მარტს;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 662-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
პალატა ვერ გაიზიარებს ტურისტული კომპანია „----“-ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ ტურისტი მ---- ქ--–----ის ი------–ში დაყოვნების მიზეზი იყო მის მიერ ამ ქვეყანასთან სავიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევა. პალატა ამის საპირისპიროდ მიუთითებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებასა და განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით რომ, კომპანიამ ი------–ის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მიიღო (2009 წლის 23 თებერვლის) ცნობა, (ს.ფ.61;62. ტომი 1) რომლითაც დასტურდება, რომ განხილვის საგანს წარმოადგენს - ტურისტული ჯგუფისათვის ი------–ში შესვლის უფლების დადასტურება. წერილის ტექსტში მითითებულია შემდეგი: ''ჩვენ ვადასტურებთ ი------–ში შესვლას ტურისტული ჯგუფისა, რომლის მონაცემებია: ჯგუფი ითვლის 5 ადამიანს, მოქალაქეობა: საქართველოს; ჩამოსვლის სავარაუდო თარიღი (ძალაშია ერთი კვირის განმავლობაში): 26/2/2009 გთხოვთ მიანიჭოთ ქვეყანაში ყოფნის უფლება მე-2 კატეგორიით, ორი კვირის პერიოდით; ჯგუფის სახელი: ტ---–---- მ-----, აგენტი: ე-–---, თანდართულია ჯგუფის სახელობითი სია, სადაც მითითებულია - მ---- ქ--–----ეც. შესაბამისად იმ ვითარებაშიც კი როდესაც მ---- ქ--–----ეს დარღვეული ჰქონდა სავიზო მიმოსვლის წესები ი------–ის სახელმწიფოსთან, კომპანიის მიერ შეთავაზებული წინადადებისა და ტურისტისათვის წარმოდგენილი მტკიცებულების თვალსაზრისით მას კეთილსინდისიერად შეეძლო ევარაუდა ი------–ში ვიზიტის შესაძლებლობა. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 657.2. მუხლებს და განმარტავს რომ მოცემულ შემთხვევაში ტურისტული კომპანიის, როგორც ორგანიზაციული ფორმის ხელშეკრულების ძლიერი მხარისადმი მოსარჩელის მაღალი ნდობა გამოწვეული იმ გარემოებითაც რომ მოპასუხე ახორციელებს რა ბაზარზე მოგზაურობის მოწყობას იგი ფლობს და ტურისტს აწვდის უტყუარ ინფორმაციას ამ საქმინობის ფარგლებში, ამგვარი სტანდარტის დაწესება სრულად შეესაბამება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოგზაურობის მომწყობის პოზიციას იმასთან დაკავშირებით რომ 2009 წლის 01-09 მარტის პერიოდისათვის ი------–ის სახელმწიფოსთან მოქმედებდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უდავოა რომ მ---- ქ--–----ეს არ ჰქონდა ვიზა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება რომ მოგზაურობის პერიოდისათვის ვიზა საჭირო არ იყო. მოპასუხე ტურისტული კომპანიაც მიუთითებს ჯგუფური ვიზის შესახებ. ხოლო ი------–ის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 23 თებერვლის წერილში არსად არ არის მითითებული რომ ჯგუფი დაიშვება ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე. (იხ ს.ფ.58;61;) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიოციის ტეპარტამენტის 2016 წლის 31 ოქტომბრის წერილით დადგენილია რომ „საქართველოს მთავრობასა და ი------–ის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეროვნული პასპორტების მფლობელთათვის ვიზისგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება“ ძალაში შევიდა 2014 წლის 28 ივლისს. (ს.ფ.113. ტომი 1.)
შესაბამისად პალატას მიაჩნია რომ მ---- ქ--–----ემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა ვიზის გარეშე, რომლის უზრუნველყოფაც ევალებოდა მოგზაურობის მომწყობს, პალატის მოსაზრებით საზღვრის კვეთის შესავებ საპასპორტო მონაცემების არარსებობაც დაკავშირებულია ვიზასთან, მაშასადამე ტურისტი ნებისმიერ შემთხვევაში არ დაიშვებოდა სამოგზაუროდ ი------–ის სახელმწიფოში, შესაბამისად ვინაიდან კომპანიას დაბრუნებული აქვს 100 აშშ დოლარი, მას უნდა დაეკისროს ხელშეკრულების დარჩენილი თანხის 2400 აშშ დოლარის გადახდაც.
სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს შემდეგს:
15. პალატას დადგენილად მიაჩნია რომ მ---- ქ--–----ე თბილისში დაბრუნდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგზაურობის დასრულებამდე, კერძოდ 2009 წლის 05 მარტს, (მოგზაურობა უნდა დასრულებულიყო 9 მარტს) იგი დაბრუნებისთანევე 5 მარტს დაუკავშირდა ტურისტულ კომპანიას და აცნობა მოგზაურობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. საქმეზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით, კერძოდ მ-----–- რ--------ის გამოკითხვის ოქმით (ს.ფ. 208-2011) კომპანიის დირექტორი მიუთითებს რომ კომპანია თავდაპირველად აპირებდა ტურისტისთვის კუთვნილი თანხის დაბრუნებას თუმცა მათ 2009 წლის 5 მარტს მიიღეს ელექტრონული ფოსტით წერილი ი------–ის ტურისტული ფირმიდან, (რომელიც წარადგინეს გამოძიებაში) საიდანაც შეიტყვეს რომ ი------–ის ტურისტული კომპანია არ აპირებდა ტურისტებისათვის თანხის დაბრუნებას რადგანაც ტურისტმა დამალა ქვეყნიდან (ი------–იდან) დეპორტაციის ფაქტი. ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით პალატას დადგენილად მიაჩნია რომ მ---- ქ--–----ემ საქართველოში დაბრუნებისთანავე 05 მარტს წარუდგინა პრეტენზიები ტირისტულ კომპანიას, ხოლო ამ უკასანკნელმა მიმართა ი------–ის კომპანიას საკითხის გარკვევისათვის. ვინაიდან მოგზაურობა უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 9 მარტს ტურისტმა პრეტენზიები წარადგინა მოგზაურობის დასრულებამდე 2009 წლის 5 მარტს, პალატას მიაჩნია რომ, ხანდაზმულობის ვადები შეჩერებულია მანამ სანამ ტურისტული კომპანია არ უარყოფს მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, ტურისტს, ტურისტული კომპანიის მიმართ მოგზაურობასთან დაკავშრებული პრეტენზიების წარდგენა შეუძლია მოგზაურობის დასრულებიდან 1 თვის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ---- ქ--–----ემ საქართველოში დაბრუნებისთანავე აცნობა ტურისტულ კომპანიას და წარუდგინა პრეტენზიები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 6 თვეს. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დასრულებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნას წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა, მოგზაურობის დასრულებამდე ე.ი. ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე წარადგინა ტურისტულ კომპანიაში მოთხოვნა, ვინაიდან მოგზაურობა უნდა დასრულებულიყო 2009 წლის 09 მარტს, ხოლო აპელანტი მ---- ქ--–----ე ჩამოვიდა საქართველოში აღნიშნული წლის 05 მარტს და დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ტურისტულ კომპანიას და წარუდგინა მოთხოვნა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას არც პასუხი დაუბრუნებია მ---- ქ--–----სათვის, შესაბამისად მან მოთხოვნა არ უარყო, (პირიქით მხარეტა ასხნა-განმარტებით აპირებდნენ დაბრუნებას) რაც ნიშნავს იმას, რომ ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია. ის გარემოება რომ ტურისტულმა კომპანიამ უარყო ტურისტის მოთხოვნები კონკრეტულ დროს (საიდანაც აითვლებოდა ხანდაზმულობა) მოპასუხის მტკიცების ტვირთია, რომლის დაძლევაც მან სსსკ 102-ე მუხლის თანახმად ვერ უზრუნველყო.
განსახილველ შემთევევაში, დადგენილია, 2015 წლის 3 აგვისტოს მოსარჩელემ მიმართა საქართველოს პროკურატურას, მოითხოვა საქმეზე გამოძიება და განმარტა რომ ტურისტული კომპანია პირდებოდა თანხის დაბრუნებას და მხოლოდ ახლახან უთხრეს უარი თანხის დაბრუნებაზე. 2016 წლის 5 მარტს პროკურატურამ მ---- ქ--–----ეს აცნობა გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ და ურჩია რომ საქმეზე სამართალწარმოება სამოქალაქო წესით გაეგრძელებინა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ამასთანავე, ნორმით განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია, კრედიტორმა მიმართოს უფლებამოსილ პირს. მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, იმ საფუძვლით, რომ დაწყებულიყო გამოძიება და აპელანტისთვის შესაძლებელი ყოფილიყო დარღვეული უფლების აღდგენა, ვინაიდან ამ უკანასკნელის მოსაზრებით, საქმეში იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები კერძოდ, აპელანტის მიერ ვიზის გარეშე ქვეყნის დატოვება, საზღვრის კვეთის შესახებ პასპორტში შესაბამისი ჩანაწერი არარსებობა და ტურისტული კომპანიის ბრალეულობის გამო ქვეყნიდან დეპორტაცია. დადგენილია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძება, დაიკითხნენ საქმეში მონაწილე პირები, თუმცა საგამოძებო ორგანოს გადაწყვეტილებით, საქმეში არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის საქმის ნიშნები, შესაბამისად, პროკურატურამ შეწყვიტა საქმის წარმოება. ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პროკურატურისათვის მიმართვა უნდა ჩაითვალოს კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვად, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, შეწყდა ხანდაზმულობის ვადა, რაც ნიშნავს იმას, რომ აპელანტ მ---- ქ--–----ეს მოთხოვნის წაყენებისათვის ხანდაზმულობის ვადის დენა დაეწყო თავიდან და აპელანტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის სასარჩელო განცხადებით. (იხ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე ას-664-635-2016) დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა 2016 წლის 05 მარტს ხოლო აპელანტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა 2016 წლის 28 ივნისს, გამოძიების შეწყვეტიდან 3 თვისა და 23 დღის ვადაში. აქედან გამომდინარე, მისი მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ---- ქ--–----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე შ.პ.ს ,-----’’-ს უნდა დაეკისროს მ---- ქ--–----ის სასარგებლოდ 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით.
16. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამდენად, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, შ-- ”----ს” უნდა დაეკისროს მ---- ქ--–----ის სასარგებლოდ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახემწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ---- ქ--–----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მოპასუხე შ.პ.ს ,-----’’-ს დაეკისროს მ---- ქ--–----ის სასარგებლოდ 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა; გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით;
4. მოპასუხე შ.პ.ს ,-----’’-ს მ---- ქ--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 234 ლარის ანაზღაურება სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;
5. მოპასუხე შ.პ.ს ,-----’’-ს მ---- ქ--–----ის სასარგებლოდ დაეკისროს 160 ლარის ანაზღაურება სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში;
6. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სხდომის თავმჯდომარე: /დიანა ბერეკაშვილი /
მოსამართლეები: /ეკატერინე ცისკარიძე/
/ვანო წიკლაური /