განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2018
საქმის ნომერი
010141318700054170
ინსტანცია
თარიღი
18.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ა.გ-203-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 მაისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ---–------–-–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ზ---–------–-–---–ი(დაბადებული 1----–-–------------------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

ზ---–------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 აგვისტოს განაჩენით:

ზ---–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

ზ---–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით (2015 წლის 17 ივლისის რედაქცია).

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ზ---–------–-–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, 9 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ---–------–-–---–ს საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

მასვე როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

ზ---–------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2015 წლის 15 იანვრიდან.

2018 წლის 23 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ზ---–------–-–---–მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის და 2017 წლის 30 ნოემბრი განაწყვეტილებების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნარკოტიკული საშუალების ,,მარიხუანას“ შეძენა-შენახვისთვის ანდა მოხმარებისთვის არ შეიძლება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, ხოლო ზ---–------–-–---–ის მიმართ 2018 წლის 18 აგვისტოს განაჩენში მითითებული არაერთგზისობა გამოიწვია 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენმა, რომლითაც მას სასჯელის სახედ დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი სწორედ ნედლი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონტიტუციურად იქნა ცნობილი.

სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ ზ---–------–-–---–ის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე-ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენის და შენახვის გამო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - ნედლი მარიხუანის (100 გრამამდე) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის.

ამასთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ---–------–-–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრი დაედო 266.78 გრამი დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშულება ,,ნედლი მარიხუანას“ უკანონო შეძენა - შენახვაში, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 აგვისტოს განაჩენით - ბუპრენორფინის შეძენა, შენახვა, გასაღებისთვის არაერთგზის, რაზეც არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არცერთი ზემოთმითითებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ზ---–------–-–---–ის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 აგვისტოს განაჩენი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ---–------–-–---–ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 აგვისტოს განაჩენი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: შორენა ყაველაშვილი

 

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

 

მზია ლომთათიძე