განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002276434
საქმე №1ბ/348-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ კ--------------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
კ--------------–----ის მიმართ, დაბადებულის: 12.03.1--- წელი, საქართველოს მოქალაქის, პირადი N 0----------, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თ---–--------------–------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით კ--------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
კ--------------–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, ქ. თბილისში, ი--------–------------------------ში მდებარე კ--------------–----ის საცხოვრებელ ბინაში, 2017 წლის 23 დეკემბერს 08:00 საათიდან - 11:00 საათამდე შუალედში ჩატარებული ჩხრეკით ამოღებულ იქნა მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული - ქარხნული წესით დამზადებული, 16 კალიბრის ,,ТОЗ-Б’’ მოდელის ორლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფის ნიმუში, რომლის ლულები და კონდახი კუსტარული წესითაა გადაჭრილი. აღნიშნული თოფის კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა კ--------------–----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-------------ამ, რომლებმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტთა განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, რადგან კ--------------–----ის წარსული ნასამართლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და სასჯელის დამძიმება ამ ნიშნით არის უკანონო. ასევე მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია მოხსნილი ან გაქარწყლებული ნასამართლობის რაიმე ფორმით ასახვა განაჩენში, თუნდაც მსჯავრდებულის პიროვნებისა და წარსული ცხოვრების შეფასების კონტექსტში.
აპელანტები ასევე აღნიშნავენ, სასჯელის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული, რომ კ--------------–----ემ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მისი ოჯახი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, ჰყავს ხანდაზმული მშობლები, არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან. მათი ბინა დატვირთულია იპოთეკით და მსჯავრდებულის დაკავების გამო ოჯახი ვერ ახერხებს იპოთეკარების დაკმაყოფილებას.
აპელანტები ითხოვენ დანიშნული სასჯელი შემცირდეს და თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას 1 წლის ვადით.
სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივრის შესაგებელში აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი დამნაშავის პიროვნების, წარსულის და სახელმწიფო-საჯარო ინტერესის გათვალისწინებით სამართლიანი და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტები ხდიან სადავოდ. მსჯავრდებულ კ--------------–----ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, მისი აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: მოწმეთა ჩვენებები, კ--------------–----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა N2---------------, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N4----- დასკვნა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა N1-----.
აპელანტთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის წარსული მოხსნილი /გაქარწყლებული/ ნასამართლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და არც მისი ასახვა შეიძლება განაჩენში მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კონტექსტში, პალატა იზიარებს.
ამასთან, პალატა ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას და მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანი.
ასევე, პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს, აპელანტები ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულის ოჯახი იმყოფება მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, ჰყავს ხანდაზმული მშობლები, არასრულწლოვანი შვილი და მეუღლე, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან. მათი ბინა დატვირთულია იპოთეკით და მსჯავრდებულის დაკავების გამო ოჯახი ვერ ახერხებს იპოთეკარების დაკმაყოფილებას, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება /გარდა ბავშვის დაბადების მოწმობისა/ საქმეში არ მოიპოვება.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ--------------–----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ლ-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
კ--------------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ კ--------------–----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
ერთჯერადი მოხმარების შპრიცები და ქაღალდის ფილტრები (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე