განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.04.2018
საქმის ნომერი
080210115001144317
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავები
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210115001144317

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1215-17 20 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

ნანა კალანძაძე

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

I. აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) წარმომადგენელი II. აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი II. მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - - - - - ჯ---–--------------ე ხ-------------ე შპს ,,ტ----’’ ვ--–--------------------ე, თ-------------ე შპს ,,ტ----’’ ვ--–--------------------ე, თ-------------ე ჯ---–--------------ე ხ-------------ე

დავის საგანი - აუდიტის მომსახურების ხარჯების დაკისრება (I აპელაცია); მიუღებელი დივიდენდის დაკისრება (II აპელაცია)

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

1. I აპელანტის (მოსარჩელე) მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება გასაჩივრებულ ნაწილში; 1.1. I I აპელანტის (მოპასუხე) მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

-დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ჯ---–--------------ის დაზუსტებული სარჩელი;

-დაეკისრა შპს „ტ----“-ს ჯ---–--------------ის სასარგებლოდ მიუღებელი დივიდენდის 77.970.00 ლარის გადახდა;

-სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო;

-დაეკისრა მოპასუხე შპს „ტ----“-ს ჯ---–--------------ის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯი 3118.00 ლარის ოდენობით;

-მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1938.00 ლარი დარჩა ბიუჯეტში;

-მოპასუხე შპს ,,ტ----“-ს ჯ---–--------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1062.00 ლარი;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ---–--------------ე ფლობს შპს „ტ----“-ს 6.6 %-იან წილს;

 

2.2. დადგენილია, რომ ჯ---–---------------ე შპს ,,ტ----“-დან წლების განმავლობაში იღებდა ხელფასს და დივიდენდს;

 

2.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მაისს ერთის მხრივ შპს „ე-–------------“-ს და შპს „ტ----“-ს 6.6 %-იანი წილის მფლობელის ჯ---–--------------ის მინდობილ პირს მ----------------ს შორის გაფორმდა აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „ე-–------------“-ს დაევალა შეესწავლა საწარმოს საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვიანობის სისწორე 2012 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში;

 

2.4. შპს ,,ტ----’’-ს წესდების მე-2 პუნქტის 2.6. ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საზოგადოების პარტნიორთა კრება საზოგადოების წლიური მოგების ანგარიშგების დამტკიცების შემდეგ, გადაწყვეტს საზოგადოების წლიური მოგების განაწილებას პარტნიორთა შორის, თითოეულ პარტნიორს მიეცემა საზოგადოების წლიური მოგების ნაწილი (დივიდენდი) საწესდებო კაპიტალში მისი წილის პროპორციული ოდენობით;

 

2.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 15 ივნისს ქ. ქუთაისში, ა------–-----–---------ს, შპს „ტ----“-ს ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა შპს „ტ----“-ს პარტნიორთა მორიგი კრება. დღის წესრიგით გათვალისწინებულ იქნა შემდეგი განსახილველი საკითხები: 1. შპს „ტ----“-ს წესდებაში ცვლილებების შეტანა; 2. შპს „ტ----“-ს სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტება; 3. შპს „ტ----“-ს დირექტორის არჩევა; 4. ჯ---–--------------ის მიერ წამოჭრილი საკითხის განხილვა; 5. მიმდინარე საკითხების განხილვა. დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, პარტნიორთა კრების მიერ დადგენილ იქნა: მიეცეს თანხმობა დირექტორს უზრუნველყოს ჯ---–--------------ის დაქირავებული აუდიტის მიერ შპს „ტ----”-ში შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;

 

2.6. დადგენილია, რომ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად შპს „ტ----“-ს საბუღალტრო ჩანაწერებში გამოვლინდა საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები, რომლებზედაც კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი დოკუმენტები: პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება თანხის გაცემის შესახებ, შესაბამისი დარიცხვისა და გადახდის უწყისები. აუდიტის დასკვნის თანახმად, 2012-2014 წლების პერიოდში თითოეულ დამფუძნებელზე გახსნილი არაა ბუღალტრული ანგარიშები და ფაქტიურად დივიდენდები ცალკეულ დამფუძნებელზე გაცემულია წილების შეუსაბამოდ, არათანაბარი ოდენობით (ტ.1. ს.ფ. 50). ჯ---–---------------ეზე 2012-2015 წლებში გაცემულია შემოსავალი (ხელფასი და დივიდენდი), მაგრამ ეს თანხები არ შედის ჯ---–---------------ის მიერ მოთხოვნილ თანხაში;

 

2.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 ნოემბერს გაიმართა შპს „ტ----“-ს პარტნიორთა საერთო კრება. შპს „ტ----“-ს პარტნიორთა კრების მიერ ცნობად იქნა მიღებული და დადასტურებული შპს „ტ----“-ში განხორციელებული აუდიტის შედეგები და მასთან დაკავშირებით შპს „ტ----“-ს ადმინისტრაციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებანი, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციებში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის საზოგადოების პარტნიორთათვის დივიდენდის სახით თანხის/ხარჯის, საერთო მოცულობით 1. 181. 367.00 ლარის განაწილება რამდენიმე პარტნიორზე, რაც სამეურნეო წლების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად: 2012 წელს- 517 720.00 ლარი, 2013 წელს - 309. 100.00 ლარი, ხოლო 2014 წელს - 354. 547.00 ლარი. პარტნიორთა კრების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება, რომლითაც საზოგადოების პარტნიორებს დივიდენდზე დაუკავდათ საშემოსავლო გადასახადი;

 

2.8. დადგენილია, რომ 2014 წლის 16 ივლისს სააღსრულებო ფურცლის №2/1046-14 საფუძველზე, მევალის შპს „ს-----------“-ის განცხადების საფუძველზე შპს „ს-----------“-ის მიმართ არსებული დავალიანების უზრუნველსაყოფად დაყადაღდა შპს „ტ----“-ს უძრავ-მოძრავი ქონება, სადაო თანხა შეადგენს - 54 280 ლარს, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით დაკისრებულ - 3799 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, ეს თანხა შეადგენს ქონებრივ დანაკლისს, რომელიც შპს „ტ----“-ს მიადგა დირექტორის ბრალეულობით;

 

2.9. დადგენილია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს შპს ,,ტ----“-ს პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება შპს „ტ----“-ს მიერ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაზე შპს „C---------------”-სა და სს ,,ვ----------------------“-ს შორის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად;

 

2.10. მოსარჩელის განმარტებით, ქონების დაყადაღების მიზეზით საზოგადოებამ დაკარგა თავისი ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილი. კერძოდ, ყველა სახელმწიფო ტენდერში შპს „ტ----“ ჩაანაცვლა შპს „C---------------”-მა, 2014 წლის 16 ივლისიდან სამ ტენდერში ტ----ს ჩანაცვლებით შპს „C---------------”-მა მიიღო წმინდა მოგება ე.წ გეგმიური დაგროვება 77.158.00 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელის განმარტებით დაკარგა შპს „ტ----“- ს მიუღებელი შემოსავლის სახით;

 

2.11. დადგენილია, რომ შპს „C---------------”-მა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად, 2015 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში შეასრულა სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები;

 

2.12. დადგენილია, რომ 2012 წელთან შედარებით, 2014 წელს, შპს ,,ტ----“-ს ერთობლივი შემოსავალი გაზრდილია;

 

2.13. მოწმე ნ-----–-----------–---–მა განმარტა, რომ არის შპს ,,ტ----“-ს 6.6% პარტნიორი. მუშაობს იმავე ორგანიზაციაში ლაბორანტად. მოწმის განმარტებით, დივიდენდის სახით მითითებული თანხა მას არ მიუღია, რადგან უთხრეს, რომ საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასე იყო აუცილებელი. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა - მ-------–-------ემ (ლ-----–-----ს კანონიერი წარმომადგენელი); თ----------------ემ (შპს ,,ტ----“-ს ტექნიკური დირექტორი); ა---------–-–----–---–---მა (შპს ,,ტ----“-ს დირექტორის მოადგილე);

 

2.14. დადგენილია, რომ შპს „ს-----------“-თან დაკავშირებით არსებულ საქმეზე, იმავე თანხის დაკისრების მოთხოვნით, მიმდინარეობს სასამართლო დავა შპს ,,ტ----“-ს და ქუთაისის მერიას შორის. პირველმა ინსტანციის სასამართლომ შეაფასა საქმესი არსებული მტკიცებულებები და ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელე ჯ---–--------------ის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებები;

 

2.15. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ე-–-------------’’-ს დასკვნის საფუძველზე, 2015 წლის 06 ნოემბრის შპს ,,ტ----’’-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ერთხმად იქნა მიღებული და დადასტურებული აუდიტის შედეგები და 1.181.367.00 ლარს მიეცა დივიდენდის კვალიფიკაცია. კრებამ ასევე დაადგინა მისი განაწილების წესი: 2012 წელს-517 720 ლარი, 2013 წელს-309 100 ლარი, 2014 წელს-354 547 ლარი. შესაბამისად, მოხდა საგადასახადო ორგანოში პარტნიორებზე გასაცემი დივიდენდის კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება კრების მიერ დადგენილი გრაფიკის შესაბამისად, რის საფუძველზეც საზოგადოებას წარმოეშვა ვალდებულება პარტნიორების მიმართ დეკლარირებული თანხის დივიდენდად გაცემის თაობაზე. საქმის მასალებით სასამართლომ მიიჩნია, რომ პარტნიორთა კრების მიერ განაწილებული იყო მოგება იმ ოდენობით რაც მითითებულია მოსარჩელის მიერ. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის სასარგებლოდ მოპასუხეზე დივიდენდის სახით 2012-2014 წლებში შპს ,,ტ----“-ს მიერ გაცემული გაუნაწილებელი მოგებიდან 1.181.369.00 ლარიდან, 2015 წლის 6 ნოემბრის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 6.6% ფარგლებში - 77.970.00 ლარის გადასახდელად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია;

 

2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა შპს „ტ----“-ს დირექტორზე თ-------------ეზე, საზოგადოების სასარგებლოდ, დაგვიანებით განხორციელებული დეკლარირების გამო, საურავის დარიცხვის გამო შპს ,,ტ----“-ზე ზიანის სახით თანხის დაკისრების და ასევე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ტ----“-ზე დაკისრებული თანხის და სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში - 64.923.90 ლარის, ასევე თ-------------ეზე მიუღებელი შემოსავლის სახით 77.158.00 ლარის შპს „ტ----“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების ნაწილში, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, რაც დაადასტურებდა მოპასუხე თ-------------ის, როგორც შპს ,,ტ----“-ს დირექტორის და როგორც ფიზიკური პირის ქმედების არამართლზომიერებას და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და არ დააკმაყოფილა;

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტ ჯ---–--------------ის განმარტებით, ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა მის მოთხოვნაზე მოპასუხეზე აუდიტისათვის გაწეული ხარჯის 17 700 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

3.1.2. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 83-ე, 134-ე, 377-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე.

 

3.2.1. შპს ,,ტ----’’-ს წარმომადგენლის განმარტებით, ფაქტობრივ უსწორობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არის მცდარი და საქმეში არსებული დოკუმენტებით მარტივად მტკიცდება რომ: 1. 2015 წლის 6 ნოემბრის კრებას არ განუსაზღვრია 1181367 ლარის დივიდენდად გაცემა და არ დაუდგენია არც მისი განაწილების გადაწყვეტილებაში მითითებული წესი; 2. აღნიშნული კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ მომხდარა საგადასახადო ორგანოში დეკლარირება, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ დეკლარაციებში კორექტირება განხორციელდა 2015 წლის 28-30 სექტემბერს და მითითებული კრება ჩატარდა 2015 წლის 6 ნოემბერს;

 

3.2.2. სასამართლოს მსჯელობა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ პარტნიორთა კრება საზოგადოების წლიური მოგების ანგარიშის დამტკიცების შემდეგ გადაწყვეტს საზოგადოების წლიური მოგების განაწილებას პარტნიორთა შორის, ამავდროულად მიუთითებს, რომ 2015 წლის 6 ნოემბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, დეკლარირებით დაკორექტირებულ და გაწერილ /2015 წლის სექტემბერს/ თანხას მიენიჭა დივიდენდის კვალიფიკაცია 2015 წლის 6 ნოემბერს. აღნიშნული სიტუაცია ცდება დივიდენდის წარმოქმნის და გაცემის სტანდარტულ დადგენილ პირობებს, შესაბამისად, საჭიროებს შინაარსობრივ გამოკვლევას, რაც სასამართლოს არ უწარმოებია, აქედან გამომდინარე, სასამართლო არასწორად უთითებს თითქოს და კრებამ დივიდენდის განაწილების წესიც დაადგინა 2015 წლის 6 ნოემბრის კრების ოქმის პირველ პუნქტზე მითითებით და თითქოსდა ამ გადაწყვეტილების მიხედვით მოხდა დეკლარირება. ამასთან, სასამართლო იმაშიც არაა გარკვეული რომ მოხდა არა საშემოსავლო გადასახადის, არამედ მოგების გადასახადის დეკლარირება, რაც არსობრივად ურთიერთგანსხვავებული დეტალებია;

 

3.2.3. გადაწყვეტილების 6.4 პუნქტში სასამართლო მიიჩნევს რომ ადგილი აქვს უფლებამოსილების არამათლზომიერ გამოყენებას, რაც აშკარად უსწორობაა, გამომდინარე იქედან, რომ არცერთი დაინტერესებული მხარის მიერ არ გამხდარა სადაო 2015 წლის 6 ნოემბრის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ერთხმად. ამასთან, წარმოდგენილი დოკუმენტაციით და საქმის მასალებით ნათლად დასტურდება რომ დეკლარირებაში კორექტირება განხორციელდა გაცილებით ადრე და მითითებულ პარტნიორთა კრებაზე იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია პარტნიორებისთვის, თუ როგორ მოხდა და რა ქმედებები განახორციელა ფირმის მენეჯმენტმა, რათა არ დაზიანებულიყო ფირმის მომავალი სამეწარმეო საქმიანობის პერსპექტივები და დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაში მოყვანილი იქნა საგადასახადო კანონმდებლობასთან;

 

3.2.4. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში, რაც გამომდინარეობს ფაქტების არასწორად შეფასებიდან. სასამართლომ საზოგადოების მიერ საგადასახადო დეკლარირებაში შეტანილი ცვლილების და მისი განხორციელების საჭიროება უგულებელყო და არ გაითვალისწინა წარდგენილი დოკუმენტაცია, რაც პირდაპირ მიუთითებს ამგვარი ქმედების განხორციელების აუცილებლობისკენ. ასევე არასწორი ინტერპრეტაცია მისცა სასამართლომ 2015 წლის 6 ნოემბრის კრების ოქმს და საწარმოს ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ქმედებები, რის თაობაზეც პარტნიორებს მიეწოდა ინფორმაცია, ჩათვალა დივიდენდად, მაშინ როცა დივიდენდის ჩამოყალიბების და გაცემის თაობაზე მკაფიოდაა მითითებული შპს "ტ----"-ს წესდებაში, ასევე, იმავე წესდებით, პარტნიორთა კრება ღებულობს გადაწყვეტილებას ყველა იმ საკითხზე, რომელიც არაა რეგლამენტირებული წესდებით, ანუ ცდება საქმიანობის ჩვეულებრივ სტანდარტს. სწორედ ასეთი სიტუაცია წარმოიქმნა შპს ,,ტ----“-ში 2015 წლის სექტემბერში, რასაც მოჰყვა დროული და სასწრაფო ქმედებები, რისი რეკომენდაციაც ასევე სრულადაა მითითებული საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტში, შპს "ე-–------------"ს მიერ გაცემულ წინასწარ დასკვნაში. აქედან გამომდინარე, 2015 წლის სექტემბერში განხორციელებული საგადასახადო ცვლილებები და ამის საფუძველზე წარმოქმნილი დოკუმენტაცია არ შეიძლება გახდეს დივიდენდად თანხის კვალიფიცირების საფუძველი, ვინაიდან, დივიდენდის წარმოქმნას აქვს თავისი დადგენილი წესი და კანონის და წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, ჯ---–--------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. ხოლო 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სწორად იქნა სასამართლოს მიერ ისინი შეფასებული;

 

4.4. შესაბამისად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებებს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებას წარმოადგენს, რასაც იცავს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები;

 

4.5. ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-8, 51-ე მუხლების, შპს ტ----“-ს წესდების შესაბამისად, პარტნიორთა კრება უფლებამოსილია დაადგინოს და გაანაწილოს პარტნიორთა შორის წილების პროპორციულად წლიური და შუალედირი მოგება - დივიდენდის სახით;

 

4.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება (სუსგ №ას-1328-1170-2010, 2011 წლის 6 ივნისი). საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ სასამართლო საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციის (განაწილდეს თუ არა მოგება) ფარგლებში შეიძლება შეიჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელე პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებაზე უთითებს, კერძოდ, მოსარჩელე პარტნიორი სარჩელში უნდა უთითებდეს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი მოქმედების, მოტყუების ან პირადი დაინტერესების არსებობის ვარაუდის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-378-359-2015, 2015 წლის 21 დეკემბერი; №ას-457-436-2015, 2016 წლის 6 ივნისი);

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები (სუსგ №ას-1063-1018-2014, 2015 წლის 8 აპრილი). სასამართლოს უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფა. ნებისმიერი დავის განხილვისას სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ამოწმებს თავად კრების გადაწყვეტილებას შინაარსობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს სამეწარმეო ურთიერთობის სფეროს მიკუთვნებული სუბიექტების ქმედების მართლზომიერება (სუსგ №ას-1101-1037-2015, 2016 წლის 27 სექტემბერი);

 

4.8. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის განმარტებებს მასზედ, რომ პარტნიორთა კრებაზე მოხდა საწარმოს ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ქმედებებზე პარტნიორების ინფორმირება და არა დივიდენდების განაწილება;

 

4.9. საქმეში არსებული 2015 წლის 06 ნოემბრის პარტნიორთა საერთო კრების ოქმის (რომელიც ძალაშია, რადგან კანონით დადგენილი წესით სადავო არ გამხდარა მხარეთა მიერ) თანახმად, ცალსახად დადგენილია, რომ დღის წესრიგით განსახილველი ერთ-ერთი საკითხია (კერძოდ, მეოთხე საკითხი) - შპს „ტ----“-ს პარტნიორთათვის დივიდენდების განაწილების წესის დადგენა. ამავე გადაწყვეტილებით პარტნიორთა კრებამ დაადგინა, რომ შპს „ტ----“-ს პარტნიორთა კრების მიერ ცნობად იქნა მიღებული და დადასტურებული შპს „ტ----“-ში განხორციელებული აუდიტის შედეგები და მასთან დაკავშირებით შპს „ტ----“-ს ადმინისტრაციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებანი, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციებში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის საზოგადოების პარტნიორთათვის დივიდენდის სახით თანხის/ხარჯის, საერთო მოცულობით 1. 181. 367.00 ლარის განაწილება, რაც სამეურნეო წლების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად: 2012 წელს-517 720.00 ლარი, 2013 წელს - 309. 100.00 ლარი, ხოლო 2014 წელს - 354. 547.00 ლარი. აქვე აღსანიშნავია, რომ შპს ,,ე-–-------------’’-ს დასკვნის საფუძველზე, 2015 წლის 06 ნოემბრის შპს ,,ტ----’’-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ერთხმად იქნა მიღებული და დადასტურებული აუდიტის შედეგები და 1.181.367.00 ლარს მიეცა დივიდენდის კვალიფიკაცია. პარტნიორთა კრებამ ასევე დაადგინა, რომ შპს „ტ----“-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გასანაწილებლად გამოყოფილი თანხის შპს ,,ტ----“-ს პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილება განხორციელდა ორ ეტაპად, კერძოდ, თანხის ნახევრის ანაზღაურება პარტნიორთა წილების პროპორციულად მოხდა საანგარიშო წლის არაუგვიანეს ივნისის ბოლოს, ხოლო დივიდენდის მეორე ნაწილის გაცემა პარტნიორთა წილების პროპორციულად განხორციელდეს არაუგვიანეს საანგარიშო წლის დეკემბრის თვის ბოლომდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პარტნიორთა კრებაზე მოხდა დივიდენდების განაწილება. დადგენილია, რომ შპს ,,ტ----“ წარმოადგენს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს, რომლის 6.6%-იანი წილის მესაკუთრე და საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორია ჯ---–--------------ე. შესაბამისად, მის კანონიერ უფლებას წარმოადგენს მიიღოს პარტნიორთა კრების მიერ განაწილებული დივიდენდის - 1. 181. 367.00 ლარის 6.6%, რაც შეადგენს 77.970.00 ლარს;

 

4.10. მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა სწორად, შესაბამისად, შპს ,,ტ----“-ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა;

 

4.11. ხოლო რაც შეეხება ჯ---–--------------ის სააპელაციო საჩივარს, აუდიტორული მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

 

4.12. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია ჯ---------ის ამ მოთხოვნაზე. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, მას უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ მოთხოვნილი აუდიტორული მომსახურებისათვის გაწული ხარჯი. შესაბამისად, ამ ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის საფუძველზე, მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება და აუდიტორული მომსახურებისათვის გაწული ხარჯი უნდა დაეკისროს სრულად შპს ,,ტ----’’-ს;

 

4.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;

 

4.14. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება სსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, შპს ,,ტ----“-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;

 

3.15. ხოლო რაც შეეხება ჯ---–--------------ის სააპელაციო საჩივარს, სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, მას უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ მოთხოვნილი აუდიტორული მომსახურებისათვის გაწული ხარჯი;

 

4.16. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ჯ---–--------------ის სააპელაციო საჩივარი, აუდიტორული მომსახურების ხარჯის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; ხოლო შპს ,,ტ----“-ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ხოლო ჯ---–--------------ის მიერ გაწული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. შპს ,,ტ----“-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ძალაში უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ჯ---–--------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; შპს ,,ტ----’’-ს ჯ---–--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 17 700 ლარის ოდენობით;

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;

 

6.2. დადგენილია, რომ ჯ---–-------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, შპს ,,ტ----“-ს ჯ---–--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 708 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ჯ---–--------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; 2. შპს ,,ტ----’’-ს ჯ---–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯები 17 700 ლარის ოდენობით; 3. შპს ,,ტ----’’-ს ჯ---–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 708 ლარის გადახდა; 4. შპს ,,ტ----’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება; 6. შპს ,,ტ----’’-ს მიერ სააპელაციო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; თავმჯდომარე ლაურა მიქავა მოსამართლეები: ირმა პერანიძე ნანა კალანდაძე