განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2018
საქმის ნომერი
330310017001827560
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001827560

საქმე №3ბ/2435-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

15 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - ლიანა გელაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ--------- ხ--------;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური;

წარმომადგენელი - ნ-----–-----–-------ლი;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის №7----------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მოსარჩელე - მ--------- ხ--------ს მიანიჭოს ვეტერანის სტატუსი.

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

 

3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მ--------- ხ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უკან დაუბრუნდა მის მიერ, 2017 წლის 2 მარტს, №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 (ასი) ლარის ოდენობით (მიმღების დასახელება - ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ანგარიში (კრედიტი) - 300773150; ბანკის კოდი-TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. 2016 წლის 19 დეკემბერს მ--------- ხ--------მ განცხადებით მიმართა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს და მოითხოვა ვეტერანის სტატუსის მინიჭება იმ საფუძვლით, რომ იგი არის ა---------ის ომის მონაწილე. (ს.ფ. 10).

 

4.2. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის 2017 წლის 31 იანვრის №1----- სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიის გადაწყვეტილებით მ--------- ხ--------ს არ დაუდასტურდა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი. (ს.ფ. 24-27).

 

4.3. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2017 წლის 13 თებერვლის №7----------------- წერილით მ--------- ხ--------ს ეცნობა, რომ ვეტერანის სტატუსის მაძიებელთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტის დამდგენი კომისიის წევრთა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, იმის გამო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ინფორმაცია არ მოიპოვებოდა მისი საბრძოლო ქვედანაყოფში ჩარიცხვა-ამორიცხვის და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, 2017 წლის 31 იანვარს გამართულ კომისიაზე ვერ დაადასტურა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, უარი ეთქვა ვეტერანის სტატუსის მინიჭებაზე. (ს.ფ. 12-13).

 

4.4. სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევის თანახმად, მ---------–---–მა - ყოფილი 1-----------–-----ს მეთაურმა, ლეიტენანტმა - ა---------–-----–---ძემ - 1-----------–-----ს შეიარაღების უფროსმა და ზემდეგმა - გ-----------–---–---–მა - 1-----------–-----ს მსროლელმა დაადასტურეს, რომ მ--------- ო------- ძე ხ-------- 1---------–ლებში ირიცხებოდა 1-----------–-----ს ზემდეგად და იღებდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში 1993 წელს ა---------ის რეგიონში, კერძოდ ლ-----------–ის ტერიტორიაზე. (ს.ფ. 15).

 

4.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2016 წლის 10 ნოემბრის №MOD 0------------ წერილით მ--------- ხ--------ს ეცნობა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში, მ--------- ხ-------ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. (ს.ფ. 16).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, რომლითაც მ---------–---–მა - (ყოფილი 1-----------–-----ს მეთაური), ლეიტენანტმა - ა---------–-----–---ძემ - (1-----------–-----ს შეიარაღების უფროსი) და ზემდეგმა - გ-----------–---–---–მა - (1-----------–-----ს მსროლელი) დაადასტურეს, რომ მ--------- ო------- ძე ხ-------- 1---------–ლებში ირიცხებოდა 1-----------–-----ს ზემდეგად და იღებდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში 1993 წელს ა---------ის რეგიონში, კერძოდ ლ-----------–ის ტერიტორიაზე. თუმცა დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში, მ--------- ხ-------ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ---------–---–ის განმარტებაზე, რომელიც ასევე იმყოფებოდა კომისიის სხდომაზე და ჩვენება მისცა მ--------- ხ-------ის საქმესთან დაკავშირებით. მოწმემ განმარტა, რომ მ--------- ხ--------ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი 3-4 დღე იმყოფებოდა ტ---––ი, რა პერიოდშიც რაიმე ბრძოლა ან პოზიციური სროლა არ ყოფილა.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა თავად მ--------- ხ-------ის ახსნა-განმარტებებზე როგორც კომისიის სხდომაზე, ასევე სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტებები წინააღმდეგობრივია, კერძოდ, კომისიის სხდომაზე მან განმარტა, რომ იგი ა---------ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 3 დღის განმავლობაში და შემდეგ წყლით მოწამვლის გამო უკან დაბრუნდა, ხოლო სასამართლო სხდომაზე მან განმარტა, რომ იგი ცუდად გახდა და უკან მეორე დღესვე დაბრუნდა. ასევე, მას კომისიის სხდომაზე არ ახსოვდა კონკრეტულად თუ სად იმყოფებოდა, კერძოდ მიუთითა რომ იგი იყო ლ-----–ი, ხოლო სასამართლო სხდომაზე უარყო იქ ყოფნის შესახებ და მიუთითა რომ იმყოფებოდა ტ---––ი. ასევე წინააღმდეგობრივია მოწმისა და მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტება მათი შტაბის განთავსების ადგილის შესახებ, რადგან მოწმემ მიუთითა, რომ პოზიცია ტ---––ი იყო სკოლის წინ, ხოლო შტაბი კერძო სახლში იყო, მოსარჩელემ კი სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შტაბი ტ---––ი იყო სკოლის პირველ სართულზე.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ჩაითვლება, რომ მ--------- ხ-------- ირიცხებოდა 1-----------–-----ს შემადგენლობაში ზემდეგად, სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნული ბატალიონი სრული შემადგენლობით არ იყო დისლოცირებული ა---------ის ტერიტორიაზე და მ--------- ხ-------ის განმარტებით მან ბატალიონის მეთაური - მ---------–---–ი მიიყვანა ავტომობილით აეროპორტში, სადაც ბოლო მომენტში გადაწყვიტა გაჰყოლოდა ამ უკანასკნელს ა---------ში და მოენახულებინა თანამშრომლები.

 

6. მ--------- ხ-------ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.

 

6.1. მ--------- ხ-------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მოსამართლის მიერ გამოყენებულია სამართლებრივი აქტები და ნორმები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორადაა განმარტებული კანონი და საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები შეფასებულია არასწორად, იმდენად არალოგიკურად, რომ შეფასებები არ გამომდინარეობს არათუ კანონიდან, არამედ არ შეესაბამება ლოგიკურ მსჯელობას. აღნიშნულის დასტურად აპელანტი მიუთითებს, რომ მოსამართლის აზრით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით სამხედრო დანაყოფისა და მისი ოჯახის წევრის საბრძოლო პროცესების მიმდინარეობის ადგილზე ყოფნა არ ნიშნავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას, თუკი იგი უშუალოდ არ იბრძვის მოწინააღმდეგის მისამართით. ამგვარი მსჯელობის სამართლებრივ არალოგიკურობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ამგვარ განმარტებას არ ითვალისწინებს საქართველოში მოქმედი არც ერთი სამართლებრივი აქტი. ხოლო პრაქტიკულად და წმინდა აზრობრივი ლოგიკით ეს ნიშნავს, რომ საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღიათ და ვეტერნების სტატუსი არ ეკუთვნით საყოველთაოდ ცნობილი მოვლენის - ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაუპულ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც მანამ გაანადგურა მტრის არტილერიამ, ვიდრე საერთოდ მიაღწევდნენ დანიშნულების ადგილს - საბრძოლო მოქმედების ზონას.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს - „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ხოლო მე-31 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არის ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

 

7.2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 14 ნოემბრის №871 ბრძანებით დამტკიცდა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების აღრიცხვის, მათთვის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით მოწმობების გაცემის შესახებ ინსტრუქცია, რომელიც ადგენს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების (შემდგომში – ვეტერანი) აღრიცხვის, შესაბამისი კატეგორიების მინიჭების პროცედურულ საკითხებს, არეგულირებს მოწმობების გაცემასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

მითითებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, ვეტერანთა მოწმობების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) მეშვეობით. ხოლო მე-6 მუხლის შესაბამისად - ვეტერანთა აღრიცხვის სწორად წარმართვის მიზნით ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის მაძიებელმა შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები - „ვ.ბ“ პუნქტის მიხედვით მოხალისეებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩარიცხული ოფიციალურ სამხედრო ფორმირებებში, წარდგენილ უნდა იქნეს იმ პერიოდში მიღებული ჯილდოების, სამხედრო ტრავმების შესახებ ცნობების, საბრძოლო მოკვლევის აქტების და მათ ხელთ არსებული სხვა შესაძლო დოკუმენტების ასლები და დედნები.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს №509 დადგენილებით დამტკიცდა „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესი“. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით ვეტერანის მოწმობა გაიცემა ომის მონაწილეზე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის ტერმინი - „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე განსაზღვრულია ვეტერანთა კატეგორიები, მათ შორის ვეტერანთა კატეგორიას განეკუთვნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ხოლო მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: ა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის, სახალხო გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილები /გადამდგარნი/, მილიციის მუშაკები და ამ ფორმირებებში მოხალისედ შესული სამოქალაქო პირები, რომლებიც 1918-1921 წლებში მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დასაცავად და მისი ტერიტრიული მთლიანობის შესანარჩუნებლად; ბ) 1921-1924 წლებში საქართველოს ეროვნული მოძრაობის ან დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილენი; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ა---------სა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები; დ) სამოქალაქო ავიაციის მფრინავები (ეკიპაჟი), რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული საბრძოლო მოკვლევა, რომლითაც მ---------–---–მა - (ყოფილი 1-----------–-----ს მეთაური), ლეიტენანტმა - ა---------–-----–---ძემ - (1-----------–-----ს შეიარაღების უფროსი) და ზემდეგმა - გ-----------–---–---–მა - (1-----------–-----ს მსროლელი) დაადასტურეს, რომ მ--------- ო------- ძე ხ-------- 1---------–ლებში ირიცხებოდა 1-----------–-----ს ზემდეგად და იღებდა მონაწილეობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში 1993 წელს ა---------ის რეგიონში, კერძოდ ლ-----------–ის ტერიტორიაზე. თუმცა დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში, მ--------- ხ-------ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

7.3. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ მ---------–---–ის განმარტების თანახმად, მ--------- ხ--------ს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი 3-4 დღე იმყოფებოდა ტ---––ი, რა პერიოდშიც რაიმე ბრძოლა ან პოზიციური სროლა არ ყოფილა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მ--------- ხ-------ის სააპელაციო სასამართლოსა და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული განმარტებები მართლაც წინააღმდეგობრივია კომისიისათვის მიცემულ განმარტებებთან. კერძოდ, კომისიის სხდომაზე მან განმარტა, რომ იგი ა---------ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 3 დღის განმავლობაში და შემდეგ წყლით მოწამვლის გამო უკან დაბრუნდა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მან განმარტა, რომ იგი ცუდად გახდა და უკან მეორე დღესვე დაბრუნდა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას კი მ--------- ხ--------მ აღნიშნა, რომ ა---------ის ტერიტორიიდან ისედაც ერთ კვირაში აპირებდა დაბრუნებას თბილისში, რადგან საქმეები ჰქონდა, რომ ა---------ში დროებით იყო ჩასული, რომ მას მტერთან ვიზუალური ონტაქტი არ ჰქონია, ასევე, მას კომისიის სხდომაზე არ ახსოვდა კონკრეტულად თუ სად იმყოფებოდა, კერძოდ, მიუთითა რომ იგი იყო ლ-----–ი, ხოლო სასამართლო სხდომაზე უარყო იქ ყოფნის შესახებ და მიუთითა რომ იმყოფებოდა ტ---––ი. ასევე წინააღმდეგობრივია მოწმისა და მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტება მათი შტაბის განთავსების ადგილის შესახებ, რადგან მოწმემ მიუთითა, რომ პოზიცია ტ---––ი იყო სკოლის წინ, ხოლო შტაბი კერძო სახლში იყო, მოსარჩელემ კი სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შტაბი ტ---––ი იყო სკოლის პირველ სართულზე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ ჩაითვლება, რომ მ--------- ხ-------- ირიცხებოდა 1-----------–-----ს შემადგენლობაში ზემდეგად, სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით დგინდება, რომ აღნიშნული ბატალიონი სრული შემადგენლობით არ იყო დისლოცირებული ა---------ის ტერიტორიაზე და მ--------- ხ-------ის განმარტებით, მან ბატალიონის მეთაური - მ---------–---–ი მიიყვანა ავტომობილით აეროპორტში, სადაც ბოლო მომენტში გადაწყვიტა გაჰყოლოდა ამ უკანასკნელს ა---------ში და მოენახულებინა თანამშრომლები.

 

ა---------ის ტერიტორიაზე ჩასვლის შემდეგ იგი მოიწამლა და რამდენიმე დღეში დაბრუნდა უკან. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებულ შემთხვევაშიც არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტი, რადგან ა---------ის ტერიტორიაზე რამდენიმე დღის გატარება და თანაც მეგობრების მონახულების მიზნით, არ წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რაც მას მისცემდა საშუალებას მოეპოვებინა ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ვეტერანის სტატუსი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტების მიერ არ ყოფილა მითითებული გარემოებებზე რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--------- ხ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -