განაჩენი

სისხლის სამართლის 23.04.2018
საქმის ნომერი
150100118002335404
ინსტანცია
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002335404

საქმე №1ბ/371-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ლ--------------–----ის მიმართ, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, დაბადებულის: 0-.0--1--- წ, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, ფაქტობრივად მცხოვრების: ა---–---–-------------, ს------–-------–-, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენით ლ--------------–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო სისხლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.

ლ--------------–----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ა---–---–-------------ს ს------–-------–- მომხდარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ლ--------------–----ემ მის საცხოვრებელ სახლში, მისივე არასრულწლოვანი შვილის თ------–----ის თანდასწრებით ხელი ჰკრა მის მეუღლეს მ---------–----ეს, რის შედეგადაც მ---------–----ე დაეცა ძირს, წაქცეულს კი ხელი დაარტყა თავის არეში. ლ--------------–----ის აღნიშნული ქმედების გამო, მ---------–----ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა: ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, რადგან სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა არც უშუალოდ ძალადობის მსხვერპლის და არც არასრულწლოვანი ბავშვის კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტი, რაც გამოიხატა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამის მიერ დედაზე ძალადობაში. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულს დაძაბული ურთიერთობა აქვს მეუღლესთან, ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს, რის შედეგადაც ხდება აგრესიული მეუღლის მიმართ. დანაშაულებრივი ქმედება მან სწორედ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჩაიდინა. შესაბამისად აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და წამახალისებელი იქნება მისთვის დანაშაულის ჩადენის კუთხით.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულ ლ--------------–----ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი შემდეგი მტკიცებულებებით: მ---------–----ის, ნ---------–----ის, თ----------–----ის, თ------–----ის გამოკითხვის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი გამოსწორება შესაძლებელია თავისუფლების აღკვეთის გარეშე, რასაც პალატაც იზიარებს და მიიჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის და სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებლი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლ--------------–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, ხოლო სისხლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი;

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ლ--------------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე