განაჩენი

სისხლის სამართლის 11.04.2018
საქმის ნომერი
330100116001529937
ინსტანცია
თარიღი
11.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100116001529937

საქმე №1ბ/114-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ---------–--ას

მსჯავრდებულის: ი----------–------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი----------–------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №092310816004): ი----------–------ას, საქართველოს მოქალაქის (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–------------------, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ----------–-----------–---–-------------–-, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, –

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი----------–------ამ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისგან მალულად.

 

ი----------–------ას დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 27 აგვისტოს, შპს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, ესპანეთიდან ი----------–------ას სახელზე გადმოიგზავნა ამანათი, სადაც მოთავსებული იყო ელექტროხელსაწყოები - კუთხსახეხი და ტოსტერი, რომლებიც გამოყენებული იყო სამალავად და მათი დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა დამალული 750 სინჯის ოქროს ნაკეთობები - ოთხი ცალი ოქროს ბეჭედი, სამი ცალი ოქროს სამაჯური და ერთი ცალი ოქროს ყელსაბამი. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, დამალული ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ შეადგინა - 103.39 გრამი, ხოლო საბაჟო ღირებულებამ - 7422.33 ლარი.

 

2016 წლის 1 სექტემბერს, ი----------–------ამ ქუთაისში, შპს „გორგია ექსპრესში“ საფოსტო გზავნილის მიღებისას უარყო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობა საფოსტო გზავნილში და მიიღო მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი, რითაც სამალავით საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით - 7422.33 ლარის ღირებულების 103.39 გრამი ოქროს ნაკეთობები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

 

ი----------–------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი----------–------ამ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს მის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. სააპელაციო პალატის სხდომაზე, მსჯავრდებულმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ალტერნატიული მოთხოვნის სახით ითხოვა სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ოდენობის შემცირება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი----------–------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი----------–------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – გ---------–--ის, ი-----–----------–---–--------------------------–---------–---–---------------------------------------–---–--------------------- ჩვენებებით, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის #012114 დასკვნის, დათვალიერების ოქმების და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატას დადგენილად მიაჩნია განაჩენში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებული აპელირებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია მის (ი----------–------ას) მიერ მოცემული განზრახი დანაშაულის ჩადენა მაშინ, როდესაც საქმის მასალებში ერთი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება იმის დასადასტურებლად, რომ მისთვის (მსჯავრდებულისთვის) ცნობილი იყო გზავნილში არსებული განსაბაჟებელი ნივთების შესახებ. აპელანტი მიიჩნევს, რომ ფინანსური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიმართ კარგად ორგანიზებულ და დაგეგმილ პროვოკაციას, ვინაიდან მას შემდეგ, რაც ამანათი გაიხსნა და დადგინდა, რომ გზავნილი შეიცავდა განსაბაჟებელ ნივთებს, საქმეში ჩაერთო ფინანსური პოლიცია, რომელმაც მებაჟეს უკან ჩაალაგებინა ნივთები და მისი (მსჯავრდებულის) შეცდომაში შეყვანის მიზნით, ამანათი ჩაიტანეს ქ. ქუთაისში, შპს „ჯორჯიან ექსპრესი“-ს საამანათე ოფისში, ანუ იქ, სადაც მიდის ამანათები, რომლებიც დეკლარირებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შემდეგ იგი (ი----------–------ა), ფინანსური პოლიციის დავალებით, ამანათის წასაღებად დაიბარა „ჯორჯიან ექსპრესი“-ს ოპერატორმა თეა ბურჯანაძემ. ვინაიდან მისთვის (მსჯავრდებულისთვის) ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ საამანათე ოფისში არ ხდებოდა დასადეკლარირებელი და განსაბაჟებელი ამანათების მიღება და გაცემა, კითხვაზე - იყო თუ არა რაიმე დასადეკლარირებელი, ოპერატორს უპასუხა, რომ არ იყო. გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განსაზღვრულია ოქროს ნაკეთობების ღირებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა, ვინაიდან იგი არ ჩატარებულა უფლებამოსილი, - სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მის სახელზე გამოგზავნილ ამანათში ნამდვილად აღმოჩნდა ელექტროხელსაწყოებში დამალული, დასადეკლარირებელი ნივთები - ოქროს სამკაულები. მსჯავრდებული არც იმას უარყოფს, რომ ,,ჯორჯიან ექსპრესი“-ს ოფისში მან ნამდვილად განაცხადა, რომ მის სახელზე მისულ ამანათში დასადეკლარირებელი არაფერი იყო. მსჯავრდებული აღნიშნავს, - საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მან მის სახელზე გამოგზავნილ ამანათში არსებული დასადეკლარირებელი ნივთების არსებობის შესახებ იცოდა. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის საკანონმდებლო კონსტრუქციის თანახმად, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით გამოყენებით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით. აღნიშნული ინკრიმინირებული ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ წესების დარღვევით გადააადგილებს დიდი ოდენობით დეკლარირებას დაქვემდებარებულ ნივთს ეკონომიკურ საზღვარზე და სურს ეს შედეგი. ქმედების ობიექტური მხარე კი მოიცავს მოქმედებას - ნივთების გადატანა და გადმოტანა სახელწიფო კონტროლისგან გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა, ხოლო ნივთების გადაადგილება სახელმწიფო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და სხვა. საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციისა და ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებისათვის მსჯავრდების საფუძველია იმ ნივთის ღირებულების დიდი ოდენობა, რომელიც დამნაშავემ გადმოიტანა საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. ამავე შენიშვნის მეორე ნაწილში მითითებულია, რომ ,,სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს...“ სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე გ---------–--ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლში მიცემულ ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ იგი მუშაობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ სასაქონლო ოპერაციების განყოფილებაში მებაჟე-ოფიცერის თანამდებობაზე. მის კომპეტენციაში შედის ტვირთების, მათ შორის ამანათების, კონტროლი. აღნიშნული პროცედურა მოიცავს ამანათის სკანირებას, ეჭვის საფუძველზე გახსნას, დათვალიერებას, ექსპერტიზის ჩატარებასა და შედეგების შესაბამისად რეაგირებას. მანვე აღნიშნა, რომ 2016 წლის 27 აგვისტოს, „საქართველოს ფოსტამ“ შეიტანა ამანათი მიმღების, ი----------–------ას სახელზე. ამანათი ეჭვის საფუძველზე გაიხსნა და მასში მოთავსებულ ელ.ტექნიკაში აღმოჩნდა დამალული ოქროს ნაკეთობები. ტერმინალშივე ჩატარდა ექსპერტიზა და გაიცა დასკვნა, რომლის თანახმადაც ძვირფასი ლითონის საბაჟო ღირებულება აღემატებოდა 5000 ლარს, რაც ამანათის ფინანსური პოლიციისათვის გადაცემისა და გამოძიების დაწყების საფუძველია. მოწმის განმარტებით, მის კომპეტენციაში არ შედის ტვირთზე დეკლარაციის შევსება, „საქართველოს ფოსტა“ წარადგენს დეკლარირებას დაქვემდებარებული და დეკლარირებას დაუქვემდებარებელი ამანათების ნუსხას, ამანათის სავარაუდო ღირებულება კი უნდა მიუთითოს მიმღებმა, ვინაიდან „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს შუამავალს მასსა და ამანათის მიმღებს შორის. მოცემულ შემთხვევაში, ი----------–------ას სახელზე შემოსული ამანათი დაფიქსირებული იყო დეკლარირებას დაუქვემდებარებელი ამანათების ნუსხაში, კონკრეტულად ვის ინფორმაციას დაეყრდნო ზემოაღნიშნული დაწესებულება, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, უფლებამოსულებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანების შესაბამისად. სააპელაციო პალატა მოიშველიებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2012 წლის 26 ივლისის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე N290 ბრძანების მე-19 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, „საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/საქონლის მფლობელს“. ამავე, ბრძანების 21-ე მუხლში მითითებულია, რომ ,,საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით“, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით“, ხოლო საბაჟო დეკლარაციის სახეებია: ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია; გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია; დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია; ე) ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია და ვ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია. ასევე, ბრძანების 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი და შეაქვს იგი საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საგადასახადო ორგანო, წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას“. ამასთან, მითითებული ბრძანების 46-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულია, რომ ,,იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია“. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–----------–---–-- დაადასტურა, რომ ამანათის ღირებულების მითითებისა და დეკლარირების ვალდებულება აქვს მის მიმღებს, რაც ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №290 ბრძანებით დადგენილი წესით. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს გზავნილის მიმღების, განსახილველ შემთხვევაში - ი----------–------ას ვალდებულებაზე, რომ მას სრულყოფილი და რეალური ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ამანათში არსებული ნივთებისა და მათი ღირებულების შესახებ.

 

აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს, რომ მან არ იცოდა მის სახელზე გამოგზავნილ ელექტროხელსაწყოებში მოთავსებული ოქროს ნივთების თაობაზე, ასევე განმარტებას, რომ თითქოს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა პროვოკაციას. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სახის განმარტებები ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ი----------–------ას მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელანტი ასევე სადავოდ ხდის ექსპერტიზის #012114 დასკვნას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ ექსპერტიზა განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად და მისი სრული დაცვით. სასამართლო სხდომაზე დაკითხა შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების მქონე ექსპერტი მ---------------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე, მიუთითა მის კატეგორიულობაზე და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. ასევე, სასამართლოს წინაშე არაერთმა მოწმემ აღნიშნა, რომ სკანირებისას გამოვლენილ სავარაუდო დეკლარირებას დაქვემდებარებულ ნივთებს უტარდება ექსპერტიზა, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთები ექსპერტიზის დასკვანასთან ერთად კონტროლზე ასაყვანად უბრუნდება შპს „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომელს.

 

პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია კანონმდებლობის არსებით დარღვევას, არ გამოვლენილა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. განხორცილებული პროცედურების სისწორე სასამართლო სხდომაზეც იქნა დადასტურებული მასში მონაწილე პირების მიერ და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ ობიექტურობაში. საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ი----------–------ას დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი----------–------ამ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისგან მალულად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება აპელანტის ალტერნატიულ მოთხოვნას, სასჯელად დანიშნული ჯარიმის ოდენობის შემცირების შესახებ, - ასეთს პალატა არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას და კონკრეტული დანაშაულთან მიმართებაში სახელმწიფოს ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული, ეკოლოგიური და სხვა სახის ინტერესების დაცვას. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. ამასთან, აპელანტი მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის ზომის შემსუბუქებაზე. აგრეთვე, სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის მოსაზრებას, რომ ამანათში აღმოჩენილი ნივთების სრული კონფისკაცია არ უნდა მომხდარიყო. პალატა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ნივთების, როგორც დანაშაულის საგნის, კონფისკაცია მოხდა საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი----------–------ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი----------–------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი----------–------ას მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი----------–------ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტის თანახმად, მოხდეს დანაშაულის საგნის - 7422.33 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ნაკეთობების, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საპროცესო კონფისკაცია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე