განაჩენი

სისხლის სამართლის 25.04.2018
საქმის ნომერი
120100118002267539
ინსტანცია
თარიღი
25.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1-----------------

№1ბ/392-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ-------------------–----------ის მიმართ, დაბადებული 1----–-–------------ პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით:

 

მ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით;

 

მ------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

მ------------ემ 2017 წლის 16 ივლისს დაახლოებით 12:00 საათზე ქ------------–--------------------–----------–-------------------------------–------------- შესასვლელ კარებთან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ც---------------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სამზარეულოს მწვანილის საჭრელი ხის დაფა რამდენიმეჯერ ჩაარტყა თავში, რამაც ც---------------–---–ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო--------------ემ.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, ის და დაზარალებული არიან კარის მეზობლები და დღემდე ერთმანეთში აქვთ კონფლიქტური, დაძაბული ურთიერთობა. ყოველივე აღნიშნულის საფიძველზე აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ შეფარდებული ლმობიერი სასჯელი არის შეუსაბამო მ------------ის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებასთან, არ აქვს შემაკავებელი ხასიათი, პირიქით უბიძგებს დაზარალებულთან ურთიერთობის დაძაბვას და მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, განიხილა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადაოდ. მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციად მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით; დაზარალებულ ც---------------–---–ის ჩვენებით; 2017 წლის 26 ივლისის N---------- სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; მოწმეების - თ-------------------–----------------------------–--------–-------------------------------------------------------–--ის ჩვენებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დანიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა მ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარა დანაშაული) და დამამძიმებელი (არ გააჩნია) გარემოებები; დანაშაულის მოტივი და მიზანი; ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგ; გაითვალისწინა ასევე მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქმედების შემდეგ ყოფაქცევა. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლომ მსჯავრებულს დაუნიშნა მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მ------------ის მიმართ სასჯელის სახით განსაზღვრული - ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულია ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო--------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

მ------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 800 ლარის ოდენობით;

 

მ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

საქმეზე ამოღებული მწვანილის საჭრელი დაფა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ------------ეს;

 

ქსოვილის ნაჭერი და სისხლის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. კაპანაძე