განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/4489-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ანა გოგიშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ლევან გვარამია
სხდომის მდივანი – ოთარ ბუკია
აპელანტი - კ------ რ---–------ა;
წარმომადგენელი - ვ-–-----–-------ე;
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „L---------------”, სს „ს----------–--------ი“;
შპს „L----------------ის” წარმომადგენელი - მ------------–-–---–ი;
სს „ს----------–--------ის“ წარმომადგენელი - გ----------------ე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლება
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1. აპელანტ - კ------ რ---–------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე კ------ რ---–------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2016 წლის 04 ა-----–ს მოსარჩელე კ------ რ---–------ასა და შპს „L---------------” შორის გაფორმდა RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 12 თვის მანძილზე 10 ვიზიტის განმავლობაში მოხდებოდა RF ლიფტინგის 10 პროცედურის და 8 კოსმეტოლოგიური მოსახურების ჩატარება აღნიშნულ პუნქტში მითითებული ცხრილის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების საფასური შეადგენს 1990 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების 5.3 პუნქტით მხარები შეთანხმდნენ მომსახურების შეძენის პირობაზე-საბანკო კრედიტის გადახდით. RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ 2016 წლის 04 ა-----–ის ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ. კ------ რ---–------ას მიერ ხელმოწერა შესრულებულია ქართულ ენაზე.
2.2. 2016 წლის 04 ა-----–ს მოსარჩელე კ------ რ---–------ასა სს ”ს----------–--------ს” შორის გაფორმდა საკრედიტო ხელსეკრულება. კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 1990 ლარით, ხოლო კრედიტის ვადა 24 თვით. საკრედიტო ხელშეკრულება, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი ხელმოწერილია მხარეების მიერ. კ------ რ---–------ს მიერ ხელმოწერა შესრულებულია ქართულ ენაზე.
2.3. RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ 2016 წლის 04 ა-----–ის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის კ------ რ---–------ა დასაქმებული იყო შპს „ბ---ში“. დამსაქმებელთან ხელშეკრულება ასევე ხელმოწერილია კ------ რ---–------ას მიერ ქართულ ენაზე.
2.4. შპს ”მ-----თან” 2015 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება შესრულებულია ქართულ ენაზე და კ------ რ---–------ას მიერ ხელმოწერილია ასევე ქართულ ენაზე.
2.5. სს ”ს----------–--------თან” 2015 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება კ------ რ---–------სთან ასევე შესრულებულია ქართულ ენაზე და იმავე შრიფტით, რომელი შრიფტითაც შესრულებულია სადავო საკრედიტო ხელშეკრულება.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელე რადგან ვერ ერკვევა საბანკო საკითხებში და არც მინდობილი პირის იურისტ ვ-–-----–-------ის მომსახურებით უსარგებლია ვერ გაერკვა თუ რა სახის ხელშეკრულება იდებოდა ბანკთან. ამასთან მოსარჩელე ქართულ ენას ფლობს საყოფაცხოვრებო დონეზე, რის გამოც მას სესხის ხელშეკრულების შინაარსის დროულად აღქმის შესაძლებლობა არ მიეცა.
2.6. მოპასუხე კოსმეტიკურ ფირმასთან გაფორმებულ ხელშეკრულების პირველ გვერდზე მოცემულ გრაფიკში ლიფტინგისა და პროცედურების რაოდენობა დალაგებულია ციფრობრივად ისე, რომ აღიქმევა 7 ვიზიტად, შესაბამისად ვიზიტისას მომსახურეობის თანხის საერთო რაოდენობა არ შეადგენს 600 (7*85) ლარზე მეტს. ამავე დროს აღნიშნული ხელშეკრულების პირველი ფურცლის მეორე გვერდზე 5.1 პუნქტში გადასახდელი თანხის რაოდენობის გამომხატველი ციფრი ჩაწერილია ხელით. ხელშეკრულების წაკითხვისას აღნიშნული თანხა არ იყო ჩაწერილი. ამასთან, კოსმეტიკური ფირმის წარმომადგენელს არ განუმარტავს მომსახურებისათვის გადასახდელი თანხის საერთო რაოდენობის შესახებ და ამ საკითხს გვერდი აუარა.
2.7. საკრედიტო ხელშეკრულება შესრულებულია იმდენად წვრილი შრიფტით, რომ არ იძლევა მისი რეალურად გაცნობის შესაძლებლობას. კოსმეტიკურ ფირმასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პირველ თვეს მითითებულია სამი ლიფტინგი, მეორე თვეს ორი, მესამე თვიდან მე-12 თვემდე თითო ლიფტინგი. ე.ი. 10 ლიფტინგი და 7 პროცედურა, რაც 85 ლარის გადახდის პირობებში შეადგენს 1445 ლარს, განვადების თანხა კი შეადგენ 1990 ლარს, 24 თვეზე გადახდით, რაც არალოგიკურია. საკრედიტო ხელშკრულების გაფორმებისას მოსარჩელის რეალური ფინანსური შემოსავალი შეადგენდა 350 ლარს. ამავე დროს შპს ”მ-----თან” 2015 წლის 26 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით გათბობის სისტემის დამონტაჟებისათვის მოსარჩელეს გადასახდელი ჰქონდა 2500 ლარი, იმავე ბანკთან გაფორმებული ერთწლიანი განვადების ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმების დროს ბანკისათვის გადასახდელი ჰქონდა 1600 ლარი. მოსარჩელეს სს ”ს----------–--------თან” ასევე გაფორმებული ჰქონდა 2000 ლარიანი სესხის ხელშეკრულება. ამდენად, მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კ------ რ---–------ას ყოველთვიური 350 ლარიანი შემოსავლის პირობებში დამატებით ყოველთვიურად 84 ლარის ოდენობით ვალდებულების შესრულება არ შეესაბამებოდა მოსარჩელის ფინანსურ შესაძლებლობას და ბანკთან დადებული ხელშეკრულება მისი დადების მომენტშივე ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე შპს „L---------------” შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მენარდემ იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის ვალდებულება, ხოლო შემკვეთმა იკისრა შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება.
ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, მომსახურების ჩატარების პირობები და საზღაური, რომელიც შეადგენდა 1990 ლარს, ასევე განისაზღვრა მომსახურების გადახდის პირობები-საბანკო კრედიტის გადახდის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს ”ს----------–--------სა” და მოსარჩელეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა 1990 ლარი, კრედიტის ვადა -24 თვე, საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლოს ოდენობა, ხელშეკრულებას თან ერთვის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და გადახდის გრაფიკი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობა განსაზღვრაზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 04 ა-----–ს მოსარჩელე კ------ რ---–------ასა და შპს „L---------------” შორის გაფორმდა RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 12 თვის მანძილზე 10 ვიზიტის განმავლობაში მოხდებოდა RF ლიფტინგის 10 პროცედურის და 8 კოსმეტოლოგიური მომსახურების ჩატარება აღნიშნულ პუნქტში მითითებული ცხრილის შესაბამისად.
2.9. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას, რომ იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაიყოლიეს კოსმეტოლოგიური მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რადგან იგი არ იყო გადახდისუნარიანი და მისი შემოსავლის გათვალისწინებით, მას მხოლოდ ყოველთვიურად 50 ლარის გადახდის საშუალება გააჩნდა, მიუხედავად ამისა მოპასუხის თანამშრომლებმა მისი ნების თავისუფლებაზე იქონიეს გავლენა, რაც ნათლად ჩანს აუდიო-ვიდეო ჩანაწერში.
სასამართლოს შეფასებით ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობისაკენ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება და ა.შ. ანუ ისეთი გარემობების არსებობა, რომლის არსებობის პირობებშიც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს საკუთარი ნება, ასეთ პირობებში ბუნებრივია ნების გამომვლენი, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინების გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლებს.
მოსარჩელე დავის არსის მოკლე მიმოხილვასა და სასამართლო სხდომაზე მიუთითებდა მოტყუებით დადებულ გარიგებაზე და სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 54-ე მუხლები, მიიჩნია, რა რომ მის მიმართ დაიდო ამორალური გარიგება, რადგან ეწინააღმდება ზნეობის ნორმებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისი არსით ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება, იქნება ეს იძულება თუ მოტყუება, ამორალურ ხასითს ატარებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მასზე მოტყუების ფაქტებზე მიუთითა, რის დასადასტურებლადაც მის მიერ წარმოდგენილი იქნა მოპასუხეების მიერ მისთვის გაწეული მომსახურების და ხელშეკრულების გაფორმების აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით არ წარმოადგენს იმ ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლებს ნების გამოხატვის თავისუფლების და მისი ამორალურობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი პირი მოატყუეს გარიგების დადების მიზნით, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილად ცნობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
საგულისხმოა, რომ კანონმდებლობა მოტყუების გამო გარიგების ბათილად ცნობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო.
2.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას-ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგებების დადებისას, მოსარჩელემ მიუთითა ქართული ენის მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე ცოდნის ფაქტზე და საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისას ასევე მის გამოუცდელობაზე საბანკო ურთიერთობებთან მიმართებაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან გარიგებებზე ხელმოწერისას განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, საქმის მასალებში დაცული სხვა დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს სხვა დროსაც აქვს გამოხატული ხელშეკრულების დადების ნება ქართულ ენაზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი, შრომითი ხელშეკრულება შპს”ბ---სთან”, შპს ”მ-----თან” მიწოდებისა და მონტაჟის ხელშეკრულება, იმავე სს ”ს----------–--------თან” გაფორმებული ხელშეკრულება, შესრულებულია ქართულ ენაზე და კ------ რ---–------ას მიერ ხელმოწერა შესრულებულია ასევე ქართულ ენაზე.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას კანონმდებლობით განსაზღვრულია მხარეთა შორის მოთხოვნის საფუძვლიანობის მტკიცების განაწილების წესი. მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოსარჩელის მტკიცების სფეროში შემავალ საკითხს შეადგეს ამტკიცოს ის ფაქტები, რომ მისი ნების ფორმირებაზე რაიმე ფორმით მოახდინეს გავლენა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე ნორმის შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში დასახელებული გარემოებანი სადავო გარიგებათა მართლსაწინააღმდეგო ხასიათის შესახებ შედის მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში.
2.11. განსახილველ შემთხვევაში იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, რომ მისი ნამდვილი ნების ფორმირებაზე გავლენა იქონია შპს „L---------------”-მა და მოატყუეს სს”ს----------–--------თან” ხელშეკრულების გაფორმებისას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა მოპასუხის ოფისში კ------ რ---–------ას მომსახურების დროს განხორციელებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ფაქტობრივი საფუძველი.
იმ გარემოებაზე მითითება, რომ თავდაპირველად მოსარჩელე თანახმა იყო თვეში მხოლოდ 50 ლარიანი მომსახურების მიღების და შემდგომ მან თანხმობა განაცხადა 84 ლარის ყოველთვიურად გადახდაზე და შესაბამისად გააფორმა საკრედიტო ხელშეკრულება, თავისთავად ვერ აქცევს სადავო გარიგებებს ამორალურ გარიგებად, რაც მისი ბათილობის და ვალდებულების შესრულებისაგან განთავისუფლების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება გახდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად - ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტები თავისუფალნი არიან ხელშეკრულების დადებისას, ისინი ირჩევენ კონტრაჰენტს, ხელშეკრულების შინაარსს და განსაზღვრავენ შედეგს, რომლის მიღებაც მათ სურთ.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს სადავო გარიგებების ამორალურობას და მის ბათილად ცნობას აღნიშნული საფუძვლებით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. სასამართლომ არ შეაფასა ხელშეკრულების ხელის მოწერის ფაქტსა და იმ გარემოებებს შორის, რაც წინ უსწრებდა აღნიშნულს. მოპასუხე კომპანიასა და მოსარჩელეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია 12 თვიანი მომსახურება, ხოლო სს „ს----------–--------თან“ დადებულ ხელშეკრულებაში კი მიეთითა 24 თვე. რის გამოც, გადასახდელმა თანხამ, ჯამში, 1990 ლარი შეადგინა. მოპასუხე მხარეებს არ მიუციათ ი----- რ---–------ასათვის სათანადო განმარტებები. აპელანტს მიაჩნია, რომ შპს „L----------------მა“ და სს „ს----------–--------მა“ განახორციელეს რა ფსიქოლოგიური იძულება მოსარჩელეს არ მისცეს გონივრული განსჯის შესაძლებლობა იგი დაითანხმეს ყოველ პროცედურაში 84 ლარის გადახდაზე. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ ი----- რ---–------ას არ გამოუხატია ნება ხელშეკრულების დადებაზე. ასევე, საბანკო დაწესებულების მხრიდან დარღვეულ იქნა ინფორმირებულობის ვალდებულება, მან არ მიაწოდა მსესხებელს აუცილებელი ინფორმაცია. ამასთან, სს „ს----------–--------მა“ იცოდა, რომ მოსარჩელე უკვე სარგებლობდა 2400 ლარიანი განვადებით და ყოველთვიურად უწევდა 310 ლარის გადახდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სახეზეა სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველი (სკ-ის 54-ე მუხლი).
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე გადაწყვეტილებით საკვლევ საკითხს წარმოადგენს 2014 წლის 4 ა-----–ს, ერთი მხრივ, კ------ რ---–------ასა და შპს „L----------------თან“ გაფორმებული კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებისა და, მეორე მხრივ, კ------ რ---–------ასა და სს „ს----------–--------ს“ შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების იურიდიული ძალა, რასთან დაკავშირებითაც, პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 4 ა-----–ის RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების ანალიზი ცხადყოფს, რომ, სახეზეა, ნარდობის, კერძოდ, მომსახურების ხელშეკრულება, ხოლო წარმოეშვათ თუ არა დასახელებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები მხარეებს - ვრცლად იხილეთ ქვემოთ.
პალატა მიუთითებს, პირის შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება, გამოიყენოს ზემოდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის გამიზნული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება.
დადგენილია, რომ 2016 წლის 4 ა-----–ს მოსარჩელე კ------ რ---–------ასა და შპს „L---------------” შორის გაფორმდა RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 12 თვის მანძილზე 10 ვიზიტის განმავლობაში მოხდებოდა RF ლიფტინგის 10 პროცედურის და 8 კოსმეტოლოგიური მოსახურების ჩატარება აღნიშნულ პუნქტში მითითებული ცხრილის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების საფასური შეადგენს 1990 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით. ხელშეკრულების 5.3 პუნქტით მხარები შეთანხმდნენ მომსახურების შეძენის პირობაზე-საბანკო კრედიტის გადახდით. RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ 2016 წლის 4 ა-----–ის ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ. 2016 წლის 4 ა-----–ს, მოსარჩელე კ------ რ---–------ასა და სს ”ს----------–--------ს” შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 1990 ლარით, ხოლო კრედიტის ვადა 24 თვით. საკრედიტო ხელშეკრულება, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და საკრედიტო ხელშეკრულების გადახდის გრაფიკი ხელმოწერილია მხარეების მიერ. აპელანტის მიერ წარმოდგენილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმ ვითარების შეფასებას, რომელშიდაც განხორციელდა სადავო ხელშეკრულებების დადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, აპელანტმა კიდევ ერთხელ აღწერა ხელშეკრულების დადების პროცესი, კერძოდ: კ------ რ---–------ამ განმარტა, რომ მას რამდენჯერმე დაურეკეს და მიიწვიეს უფასო კოსმეტოლოგიურ მომსახურებაზე, რაზედაც დათანხმდა. პროცედურის დაწყებიდან ნახევარ სახეზე წაუსვეს სითხე ... შემდეგ ოთახში მუსიკის ფონზე დატოვეს მარტო, დაახლოებით 20 წუთი ... ამ ფონზე კომპანიის წარმომადგენლებმა შესთავაზეს ხელშეკრულების დადება და თან უხსნიდნენ, რომ სხვა ასეთი შანსი არ ექნებოდა და სთხოვდნენ ხელშეკრულების დადებას სწრაფად დასთანხმებოდა. შესაბამისად, შეიქმნა იმგვარი „უხერხული“ გარემო რაც მოსარჩელის მხრიდან სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდა, ხოლო კომპანიის თანამშრომლების მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით გამოყენებული ხისტი მეთოდი, მომხმარებელს არ უტოვებდა არჩევანის საშუალებას. ამასთან, თუნდაც, იმ პირობებში როდესაც მეწარმე სუბიექტი იყენებს მოულოდნელობის ეფექტს, რაც მარკეტინგული პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიაა, იგი ამ ურთიერთობებში მომხმარებელთა არათანაბარ მდგომარეობას განაპირობებს და შესაბამისად, ხაზს უსვამს მომეტებულ საჭიროებას დაცული იქნეს მომხმარებლის უფლებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ როგორც მომსახურების, ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების დროს მოპასუხე მხარეების მხრიდან დარღვეულია ინფორმირების ვალდებულება. პალატა მიუთითებს, რომ თავისუფალ გარემოში მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებით, შეზღუდული დროის წნეხის ქვეშ კომპანიის თანამშრომელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ზემოქმედების დროს გადაწყვეტილების მიღებისას მომხმარებელთა ყურადღების მიღმა რჩება მნიშვნელოვანი დეტალები. ასეთ დროს, მომხმარებელი არათანაბარ მდგომარეობაშია შემთავაზებელთან, რომელიც არ ან ვერ უზრუნველყოფს მას სათანადო ინფორმაციით. ამგვარ ვითარებაში შემთავაზებელს თავისუფლად შეუძლია მოახდინოს შემძენის (მომხმარებლის) ნების ფორმირებაზე ზემოქმედება, თავს მოახვიოს არასასურველი ხელშეკრულება და დაარწმუნოს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელსაც იგი სხვა დროს ან ადგილას არ მიიღებდა. შესაბამისად, ერთმნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლის მიერ ნების გამოვლენა ხდება შემთხვევით, წინასწარი მომზადების გარეშე, რა დროსაც, მას არა აქვს წარმოდგენა დასადები ხელშეკრულების შინაარსზე და მისგან გამომდინარე ვალდებულებებზე. მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პირობები და საკმარისი დრო, გაანალიზოს დაწესებულების მიერ მიწოდებული ცნობები, რადგან ნებაყოფლობითი თანხმობის კანონზომიერება გამორიცხავს პირის მიერ ნების გამოვლენას გაუმართლებელი ზეწოლის ან გარემოებების გავლენის პირობებში, რასაც, წინამდებარე შემთხვევაში, ჰქონდა ადგილი. დადგენილია, რომ კ------ რ---–------ა სადავო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის ყოველთვიური შემოსავლის, ხელფასის სახით იღებდა 350 ლარს, რომლის ძირითადი ნაწილიც ხმარდებოდა უკვე არსებული საბანკო კრედიტის დაფარვას (310 ლარი). ამასთან, შესაბამისი მომსახურებისათვის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მოსარჩელემ 1190 ლარის გადახდა ივალდებულა. შესაბამისად, ცხადია, რომ მოსარჩელე თავისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ალბათობის მაღალი ხარისხით, სხვა ვითარებაში არ დადებდა ამგვარ ხელშეკრულებას. აღნიშნულს მოწმობს ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღესვე იგი გამოცხადდა კომპანიაში და უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მან ხელშეკრულების დადებამდე მოპასუხე კომპანია ჩააყენა საქმის კურსში აღნიშნულთან დაკავშირებით და მიაწოდა ინფორმაცია მისი გადახდისუუნარობის შესახებ, თუმცა მის განმარტებას ფინანსურ საკითხთან მიმართებაში კომპანიის მოქმედებაზე - დაედო მასთან საკმაოდ სოლიდური ღირებულების ხელშეკრულება - ზეგავლენა არ მოუხდენია.
მართალია, სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია ხელშეკრულების თავისუფლად დადებისა და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრინციპი, თუმცა, ერთი მხრივ, საჭიროა, ჩარევა, კანონმდებლის მიერ, რაც განხორციელებადია იმპერატიული ნორმების საფუძველზე, აღნიშნული კი, უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის, როგორც ფასეულობის დაცვას (მაგალითად, სამოქალქო კოდექსის 54-ე მუხლი). მოპასუხე კომპანიის მიერ ხელშეკრულების დადების მიზნით გამოყენებული საშუალება (აქტიური/აგრესიული ფსიქოლოგიური ზეგავლენა) ამოვარდნილია კერძოსამართლებრივი სივრციდან, აშკარად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს და არ შეესაბამება სამართლიანობის მოთხოვნებს. ამავე დროს, უდავოა, რომ მხარეები არ არიან თანაბარ მდგომარეობაში და განსხვავებით მოსარჩელისგან, რომელიც ფიზიკურ პირს წარმოადგენს, მოპასუხე წარმოდგენილია სოლიდური რესურსების მქონე სუბიექტის სახით, ამიტომ დაუსაბუთებელია მოპასუხის შემდეგი შინაარსის აპელირება, რომ კ------ რ---–------ამ ხელმოწერით დაადასტურა ნების გამოვლენა და იძულებას ადგილი არ ჰქონია. შეფასების ყველა ტესტის გათვალისწინებით, დგინდება, რომ დარღვეულია კეთილსინდისიერებისა და თანასწორობის პრინციპები, რაც ხაზს უსვამს, რომ, სახეზეა, მოპასუხის უსამართლო კომერციული პრაქტიკა, სახელდობრ: შპს „L---------------” უნდა აეხსნა მოსარჩელისათვის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები და რაც მთავარია, კ------ რ---–------ასათვის უნდა მიეცა შესაძლებლობა გაეკეთებინა გაცნობიერებული არჩევანი და ხელშეკრულება დადებულიყო თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების შედეგად. აღნიშნული კი განხორციელებადი იქნებოდა არა უჩვეულო გარემოში ხელშეკრულების გაფორმებით, არამედ მხარისათვის გონივრულად გაანალიზების შესაძლებლობის მიცემით, რა დროსაც, მომხმარებელი მოახდენდა სიკეთეთა აწონ-დაწონვას. კომპანიის მიერ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება განაპიროებებდა იმ რისკის პრევენციას, რაც არასათანადო ინფორმირების თანმდევი შედეგია (ხელშეკრულების ანულირება).
რაც შეეხება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, პალატა განმარტავს, რომ ნების ავტონომიის პრინციპი სრულყოფილად მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობაში თანაბარი შესაძლებლობის მქონე მხარეთა მონაწილეობის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხე (სს „ს----------–--------ი“) აშკარა უპირატესობით სარგებლობს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას, მეორე მხარეს კი, მხოლოდ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა შეუძლია. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება იურიდიულ დოქტრინაში განიხილება გარიგების იმგვარ სახედ, სადაც, ხშირ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთის ოპონირებას ახორციელებენ არათანაბარი პოზიციებიდან. ერთი მხრივ, გარიგების ერთ-ერთ მონაწილედ ფიგურირებს საკრედიტო დაწესებულება, მისი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსით. კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებით ავალდებულებს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ძლიერ მხარეს, უზრუნველჰყოს „სუსტი“ მხარის - მსესხებლის ინფორმაციული ხელმისაწვდომობა გარიგების ყველა მნიშვნელოვან პირობაზე, რომ მან შეძლოს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ხელშეკრულების ხელმოწერისას.
იმისათვის რომ ინფორმაციის მიწოდება ჩაითვალოს სათანადოდ განხორციელებულად, განსახილველ დიფერენცირებულ ურთიერთობებში აუცილებელია შემთავაზებლის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებულ იქნეს იგი მისაღები ფორმით, რომელიც გულისხმობს საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებას, მიაწოდოს მომხმარებელს საჭირო ცნობები, აღქმადი, გასაგები და ინდივიდუალურად მორგებული ფორმით. ამავდროულად, სასამართლო განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება საკრედიტო დაწესებულებას. სწორედ მის ხელთ არის ბერკეტი იმისა, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. ეფექტურობის პრინციპი ხორციელდება იქ, სადაც კრედიტორმა უნდა დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ ინფორმირების და განმარტების წინასახელშეკრულებო ვალდებულება მის მიერ შესრულდა. გონიერი კრედიტორი უნდა აცნობიერებდეს მტკიცებულებების შეგროვების და შენახვის აუცილებლობას, რომ მის მიერ ვალდებულება ინფორმაციის უზრუნველყოფის და განმარტების თაობაზე შესრულებულია. უფრო მეტიც, „სუსტი“ მხარის დაცვის საკანონმდებლო სტრატეგია მოიაზრებს მის პასიურ მდგომარეობას ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით. ამგვარი სულისკვეთება გაზიარებულია მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს 2012 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში, სადაც აღნიშნულია: „...მეწარმე პირი ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს იმის მოლოდინის გარეშე, რომ ისინი დამოუკიდებლად მოიძიებენ ამ ინფორმაციას. მომხმარებელი პასიური უნდა რჩებოდეს ინფორმაციის მოპოვების კუთხით...“ (court of justice of the european union 5 jule 2012. judgment in case C-49/11. Content services Ltd v Bundesarbeitskammer).
საყურადღებოა, რომ 2016 წლის 4 ა-----–ის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შესრულებულია იმდენად წვრილი შრიფტით, რომ გართულებულია მისი აღქმადობა, მით უფრო, ისეთ უჩვეულო გარემოში, რომელშიდაც დაიდო ხელშეკრულება. ამასთან, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ბანკის წარმომადგენლის მხრიდან არ მომხდარა შესაბამისი ინფორმირება ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, როგორიცაა, ვადა, ოდენობა და ა.შ. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება მხარის მიერ სათანადო წესით არ განხორციელებულა. პალატა განმარტავს, რომ მომხმარებლის უფლება დაიცვას თავი ხელშეკრულების უსამართლო დებულების მოქმედებისაგან და სასამართლოს ვალდებულება განახორციელოს აღნიშნულის უფლების დაცვა, მიზნად ისახავს ფორმალური ბალანსის, რომელსაც ხელშეკრულება ამყარებს უფლებათა და მოვალეობათა გადანაწილებით, ჩანაცვლებას ეფექტური ბალანსით, რომელიც აღადგენს მხარეთა შორის თანასწორობას. ამასთანავე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს, რომ კ------ რ---–------ასა და სს ”ს----------–--------ს” შორის ხელშეკრულების გაფორმებისას ბანკის წარმომადგენელი არც კი დაინტერესებულა მისი მატერიალური შემოსავლებით და არ გაურკვევია საკითხი იმის შესახებ თუ რას შეადგენდა მსესხებლის მატერიალური შემოსავალ-გასავლი და იქნებოდა იგი თუ არა გადახდისუნარიანი სახელშეკრულებო ურთიერთობისას.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა, კანონსაწინააღმდეგო გარიგებები. კანონსაწინააღმდეგებობა კი, ვლინდება სს „ს----------–--------ისა“ შპს „L----------------ის” მიერ უფლებებისა და მოვალეობების არაკეთილსინდისიერად განხორციელებაში, რაც გამოიხატა, ნების ფორმირების პროცესში უხეშად ჩარევასა და ინფორმირების ვალდებულების დარღვევაში. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, სახეზეა, ერთი მხრივ, კ------ რ---–------ასა და შპს „L---------------” შორის 2014 წლის 4 ა-----–ის RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებისა და კ------ რ---–------ასა და სს „ს----------–--------ს“ შორის 2014 წლის 4 ა-----–ს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კ------ რ---–------ას სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად შპს „L---------------” და სს ”საქართველოს ბანკს” კ------ რ---–------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 200 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. კ------ რ---–------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. კ------ რ---–------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი კ------ რ---–------ასა და შპს „L---------------” შორის 2014 წლის 4 ა-----–ის ხელშეკრულება RF ლიფტინგისა და კოსმეტოლოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.
5. ბათილად იქნეს ცნობილი კ------ რ---–------ასა და სს „ს----------–--------ს“ შორის 2016 წლის 4 ა-----–ის საკრედიტო ხელშეკრულება.
6. შპს „L---------------” და სს ”ს----------–--------ს” კ------ რ---–------ას სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარი ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციასა და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე
ლევან გვარამია