განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/ბ-1116-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: ვახტანგ ლობჟანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ოთ-----------–--ლი;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ლა-–-------–--–--ლი;
მსჯავრდებული - ალ-------------ი (მონაწილეობის გარეშე), დაბადებული 1--- წლის 4------- საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ლ---------- რაიონის სოფელი ჰ--------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი (ძალადობის მუქარით ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით).
სასჯელი:
გურჯაანის სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ალ-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
სახელმწიფო ბრალდმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ალ-------------ისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელის არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და დამნაშავის პიროვნებას. ალ-------------მა ჩაიდინა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, რომელსაც ერთვოდა ძალადობა და მუქარა. გამოვლენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის პროცესში, როდესაც მას მოუწოდეს შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მსჯავრდებულმა კი იმის ნაცვლად, რომ დამორჩილებოდა უფლებამოსილი პირების კანონიერ მოთხოვნას, მუშა მდგომარეობაში მოიყვანა ბენზოხერხი, დაემუქრა სამართალდამცავებს და ხელი შეუშალა მათ საქმიანობაში. წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენამდე მსჯავრდებულს დაკისრებული ჰქონდა ადმინისტრაციული ჯარიმა რამდენიმე სამართალდარღვევისთვის. მოცემულ შემთხვევაში, ალ-------------ის მიმართ სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენება არ შეიძლება შეფასებულ იქნეს როგორც ადეკვატური სასჯელი, ვინაიდან ვერ იქნება შემაკავებელი ხასიათის და არ გამომდინარეობს კანონით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებიდან, შესაძლოა წამა--ლისებელიც კი გახდეს, როგორც მსჯავრდებულის, ასევე სხვა პირთათვის. სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის, კერძოდ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ხოლო მისი აღსრულების წესი მიანდო სასამართლოს, ასევე ალ-------------ისათვის შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში მიზანშეწონილია დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრებაც.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული წარსულში არ არის ნასამართლევი, როგორც გამოძიებაში, ისე სასამართლოში აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, არის 19 წლის, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და დაკისრებული ჯარიმა გადაიხადა. შესაბამისად, სასჯელის მიზანი მიღწეულია და არ არსებობს მისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების საფუძველი, მითუმეტეს, რომ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელსაც.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 24 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ლ---------- რაიონის სოფელ ჰ------------–- არსებულ ჭიათურის ტყეში, შპს „ფ------“ ტერიტორიაზე, ალ-------------ი ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ ჭრიდა მუხის ჯიშის ხის მერქანს და აწყობდა გვერდით გაჩერებულ ცხენის ორთვალაზე, რა დროსაც მასთან მივიდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველოს პატრულირების სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი კა-- მღ-----–---–ი და ნო----- პა----–---–ი, რომელთაც მოუწოდეს ალ-------------ს, რომ შეეწყვიტა ხის უკანონო ჭრა, რაზეც ის გახდა აგრესიული და ბენზოხერხისა და ცულის გამოყენებით, მუქარა განახორციელა მათ მიმართ და არ მისცა საკუთარი საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ალ-------------ის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენის შეცვლის და სასჯელის დამძიმების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა, შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–--ლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში მსჯავრდებულ ალ-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ა--ლი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
პალატა განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის (მათ შორის, მართლწინააღმდეგობისა და ბრალის) დადგენის შემდეგ აუცილებელია სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. პირის მიერ სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ჩადენილ დანაშაულზე.
სააპელაციო პალატა იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელის დამძიმების თაობაზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ალ-------------ისთვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის შეფარდება არის ზედმეტად ლმობიერი სასჯელი, ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ასევე ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს ალ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ქცევას დანაშაულის ჩადენის დროს და მის შემდეგ. ალ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენას, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ყოველივე ზემოაღნიშნულის, ასე მსჯავრდებულის ასაკის გათვალისწინებით (ალ-------------ი არის 19 წლის), პალატას მიზანშეუწონლად მიიჩნია მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, რაც პირობით მოსახდელად უნდა განესაზღვროს.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ალ-------------მა ჩაიდინა მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართული, განზრახი დანაშაული, მსჯავრდებული გამოვლენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს და 2017 წლის 25 აგვისტოს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის #0----- ოქმი ალ-------------ის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 1282-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ალ-------------ს მანამდეც ჩადენილი ჰქონდა არაერთი სამართალდარღვევა, რისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი ქმედების ხასიათიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე, ალ-------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და თავიდან იქნეს აცილებული ა--ლი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აგრეთვე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მსჯავრდებულ ალ-------------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მას საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, უნდა ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–--ლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება შევიდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–--ლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრის განაჩენში ალ-------------ის მიმართ შევიდეს ცვლილება.
ალ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ალ-------------ს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ალ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადში, გირაოს შემტანს - ზა----------------ს სრულად დაუბრუნდეს ალ-------------ის აღკვეთის ღონისძიების გირაოს 2000(ორი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
ალ-------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროს - 2017 წლის 24 აგვისტოს 20:10 საათიდან 2017 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:
ცხენის ოთხთვალა, რომელიც ინახება შსს ლ---------- რაიონული სამმართველოს ეზოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ბენზოხერხი, რომელიც ინახება შსს ლ---------- რაიონულ სამმართველოში, შემდგომი გამოყენების მიზნით გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
ცული, რომელიც ინახება შსს ლ---------- რაიონულ სამმართველოში, შემდგომი გამოყენების მიზნით გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში.
სამკერდე კამერის ჩანაწერი CD დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე