განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001276457
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 1058
1 მარტი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი: ი-----– თ------ი
წარმომადგენელი: ლ--–- ქ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,B---------------”
წარმომადგენელი: მ-----– მ-------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელის მოთხოვნა:
1. ი-----– თ------ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა შპს ,,B----------------ის” მიმართ და ითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე, საკომპენსაციო თანხის 250 000 აშშ დოლარის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით: ი-----– თ------ი, 2012 წლის 15 ივლისის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეუდგა მუშაობას შპს ,,B----------------ში” - ქალთა ჯანმრთელობის ცენტრში. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ის წარმოადგენდა ს------–----------------------------------------–------------------------–------------–-----------------–---------–------------------------------------------–------ (შრომითი ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1.2. პუნქტი).
3. მოსარჩელე შეუდგა რა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, მისთვის არ უთარგმნიათ პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ მინიჭებული დროებითი საექიმო საქმიანობის ლიცენზია. საავადმყოფოს დირექტორის მიერ, მისთვის ახსნილი და განმარტებული იქნა, რომ მას მინიჭებული ჰქონდა ლიცენზია შრომით ხელშეკრულებაში გაწერილ ყველა საექიმო საქმიანობისათვის. ჯანმრთელობის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 გადაწყვეტილებით ი-----– თ------ს გაუუქმდა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება სპეციალობაში რეპროდუქტოლოგია. 2013 წლის 21 მარტს მას დირექტორმა განუცხადა, რომ ის უნდა დაითხოვონ სამსახურიდან, ვინაიდან მის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება გაცემული ლიცენზიის გაუქმების შესახებ. მას გადასცეს გამზადებული განაცხადი ორ ცალად ქართულ ენაზე და მოაწერინეს ხელი, ისე რომ არ უთარგმნეს. ი-----– თ------მა მოაწერა რა ხელი, განუცხადა ადმინისტრაციას, რომ უდანაშაულობის დამტკიცების შემთხვევაში იმოქმედებდა ხელშეკრულებაში მითითებული პირობების შესაბამისად.
4. ი-----– თ------მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მას შეუწყდა დროებითი საექიმო საქმიანობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ი-----– თ------ის მიმართ, რეპროდუქტოლოგიაში დროებითი საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში. ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო და საკასაციო წესით, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ გაუქმებულა და ის შევიდა კანონიერ ძალაში; საბოლოოდ, ადმინისტრაციული აქტი, რის გამოც ი-----– თ------ი განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან, ბათილად იქნა ცნობილი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე მოპასუხემ მას სამსახურში დაბრუნებაზე ზეპირსიტყვიერად უარი უთხრა, წერილობითი პასუხი კი არ გასცა.
5. მოსარჩელის მითითებით, მისთვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ გახდა ცნობილი იმის თაობაზე, რომ მას მინიჭებული ჰქონდა საავადმყოფოს მიმართვის საფუძველზე ლიცენზია მხოლოდ რეპროდუქტოლოგიაში და არ ჰქონდა ლიცენზია ქალთა მეან გინეკოლოგიისა და ხელოვნური განაყოფიერების დარგში, რაზედაც პასუხისმგებლობა მოპასუხეს ეკისრება. დღეისათვის მოსარჩელე უმუშევარი დარჩა, მოპასუხე კი არ ცდილობს, რათა მიმართოს სააგენტოს ახალი ლიცენზიის გაცემაზე, რათა ი-----– თ------ი კვლავ დასაქმდეს მოპასუხესთან. მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის თანახმად, ,,თუ დასაქმებული უმიზეზოდ, უსამართლოდ, გამამართლებელი მიზეზის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულს სამუშაოდან დაითხოვს, დასაქმებული იღებს ვალდებულებას და ეთანხმება, რომ დასაქმებულს კომპენსაციის სახით გადაუხდის 250 000 აშშ დოლარს ერთი თვის განმავლობაში“. მოპასუხე არ ასრულებს ამ ვალდებულებას, რაც გახდა საფუძველი, რათა მოსარჩელეს მოემართა სასამართლოსათვის.
6. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ ის მოპასუხესთან მუშაობდა 2012 წლის 15 ივნისიდან 2013 წლის 15 მარტამდე, 09 თვის განმავლობაში. იგი განთავისუფლებულია უმიზეზოდ, მან დატოვა სამუშაო თურქეთის რესპუბლიკაში, არის პროფესიით მეან-გინეკოლოგი, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, დიდი პრაქტიკული გამოცდილებისა და სამეცნიერო მიღწევების მქონე პიროვნება. მან დატოვა საცხოვრებელი ადგილი და სამუშაო თურქეთში მოპასუხესთან დასაქმების სანაცვლოდ და შრომით ხელშეკრულებაში სწორედ ამიტომ განისაზღვრა ამ ოდენობის კომპენსაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე არ დათანხმდებოდა მოპასუხესთან დასაქმებაზე და მხარეებიც სწორედ ამიტომ შეთანხმდნენ ამგვარ კომპენსაციაზე შრომითი ხელშეკრულებით.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა და განმარტა, რომ მოსარჩელე ი-----– თ------ი დასაქმებული იყო მათ კლინიკაში.
8. შრომითი კონტრაქტითა და ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ფუნქციონალური მოვალეობებით იგი ასრულებდა კოორდინატორის ფუნქციებს, იყო დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, ხელმძღვანელობდა სამედიცინო პერსონალს. მის უშუალო საექიმო მოვალეობაში კი შედიოდა სამედიცინო რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით მანიპულაციების ჩატარება, რაშიც მას გააჩნდა ნებართვა, რომლის ვადაც იწურებოდა 2013 წლის აპრილის თვეში, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მას მიღებული ჰქონდა ნებართვა მხოლოდ სამედიცინო რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით, რომელიც მეან - გინეკოლოგიის ერთ-ერთი ვიწრო სპეციალიზაციაა. ის, რომ იგი დირექტორის დავალებით ასრულებდა სხვა სამედიცინო მანიპულაციებსაც, არ შეესაბამება სინამდვილეს. ვინაიდან მას გაუუქმდა მიღებული დროებითი ნებართვა, იგი ახალი ნებართვის მიღებამდე ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას. სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- 2013 წლის 19 მარტის #02/22353 შეტყობინებით კლინიკას ეცნობა, რომ მოსარჩელეს გაუუქმდა მიღებული დროებითი ნებართვა, რაც მას კლინიკის მიერ ეცნობა იმავე დღეს. ამის შემდეგ მოსარჩელის მხრიდან საქმიანობის გაგრძელება უკანონო იქნებოდა, რის გამოც მას წინადადება მიეცა დაეწერა განცხადება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მომზადდა განცხადების პროექტიც, ეთარგმნა და მან ნებაყოფილებით მოაწერა ხელი. აღნიშნულის საფუძველზე, 2013 წლის 21 მარტის #52/ა ბრძანებით, მოპასუხე 2013 წლის 21 მარტიდან განთავისუფლდა კოორდინატორისა და ექიმ - რეპროდუქტოლოგის თანამდებიბიდან და შეწყდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. ეს მოხდა შეთანხმებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე მაინც იძულებული იქნებოდა თავისი ინიციატივით გაენთავისუფლებინა, რადგან კლინიკას აეკრძალებოდა საერთოდ სამედიცინო საქმიანობა და ყოველივე ამის შესახებ მოპასუხისათვის ნათლად იყო ცნობილი.
9. მოპასუხე მიუთითებს, რომ შემდგომში მოპასუხის მხრიდან სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- მიმართ სარჩელის შეტანა და სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოება ვერ მოახდენს გავლენას სარჩელზე, ვინაიდან არსებობდა განთავისუფლების - შრომითი კონტრაქტის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო საფუძველი. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხემ მას შესთავაზა არ მიემართა სასამართლოსათვის და კლინიკა დაეხმარებოდა ახალი ნებართვის მოპოვებაში, რაზედაც კლინიკამ არაერთჯერ წერილობით მიმართა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს, საქართველოში მოქმედ მეან-გინეკოლოგთა ასოციაციებს, მათ პრეზიდენტებს და სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–-------------------, თუმცა ყველასაგან მიიღო უარი.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მართალია ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- გადაწყვეტილება, მაგრამ დავა არ გადაწყვეტილა, სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა და ამჟამადაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით ი-----– თ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
13. შპს ,,B---------------“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2009 წლის 13 ოქტომბრიდან.
14. ი-----– თ------თან შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 15 ივლისს დაიდო. ხელშეკრულება დაიდო 2 წლის ვადით, 2012 წლის 15 ივლისიდან 2014 წლის 15 ივლისამდე ვადით. დასაქმებულს ყოველთვიური ხელფასის სახით განესაზღვრა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო ყოველთვიური ბრუნვის 100 000 აშშ დოლარზე ნაკლებობის შემთხვევაში ბრუნვის თანხის 10%, ხოლო ყოველთვიური 100 000 აშშ დოლარზე მეტი ბრუნვის დროს - 12%.
15. უდავოდ იქნა დადგენილი, რომ ი-----– თ------ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პროფესიით მეან გინეკოლოგი. მოპასუხესთან - შპს ,,B---------------“-ში დასაქმებამდე მოღვაწეობდა-მუშაობდა თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად.
16. ი-----– თ------ის სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №6 სხდომის გადაწყვეტილებით სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია“, მიენიჭა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.
17. ი-----– თ------ის სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის #3 სხდომის გადაწყვეტილებით გაუუქმდა საექიმო საქმიანობის უფლება, სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია“.
18. შპს ,,B---------------“-ის დირექტორის 2013 წლის 21 მარტის #52/ა ბრძანებით მოპასუხე 2013 წლის 21 მარტიდან განთავისუფლდა კოორდინატორისა და ექიმ-რეპროდუქტოლოგის თანამდებობიდან და შეწყდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.
19. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ შპს ,,B---------------“-ის სამედიცინო საქმიანობის მთავარი მიმართულებაა სამედიცინო რეპროდუქტოლოგია (ხელოვნური განაყოფიერება).
20. მხარეები მათ შორის გაფორმებული 2012 წლის 15 ივლისის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმდნენ, რომ ,,უმიზეზოდ, უსამართლოდ, გამამართლებელი მიზეზის შემთხვევის არარსებობის შემთხვევაში“ თუ დამსაქმებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას, იგი დასაქმებულს კომპენსაციის სახით აუნაზღაურებდა 250 000 აშშ დოლარს. ასევე, თუ დასაქმებული ,,უმიზეზოდ, უსამართლოდ, გამამართლებელი მიზეზის შემთხვევის არარსებობის შემთხვევაში“ შეწყვეტდა ხელშეკრულებას, იგი დამსაქმებელს გადაუხდიდა კომპენსაციის სახით 250 000 აშშ დოლარს.
21. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ი-----– თ------ი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეუდგა სამედიცინო კოორდინატორის, პასუხისმგებელ ექიმ-რეპროდუქტოლოგის და ქალთა მეან გინეკოლოგის, ხელოვნური განაყოფიერების პასუხისმგებელი ექიმის მოვალეობების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მას გარდა ექიმ-რეპროდუქტოლოგის დროებითი საქმიანობის ნებართვისა, არ ჰქონდა უფლება სხვა მიმართულებით საქმიანობისა, მოპასუხესთან შეთანხმებით მაინც ასრულებდა ამ საქმიანობას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტებები იმის თაობაზე, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს უნდა სცოდნოდა, თუ კონკრეტულად რომელი საქმიანობის ნებართვა ჰქონდა მოსარჩელეს.
22. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის კლინიკაში დასაქმებიდან მან დატოვა სამუშაო თურქეთში, თუმცა მოპასუხემ გააბათილა მოსარჩელის მიერ მითითებული ეს გარემოება წარმოდგენილი მტკიცებულებით, რომლითაც დასტურდება, რომ ი-----– თ------ი აგრძელებდა პარალელურად მუშაობას თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად და ჰქონდა ანაზღაურება.
23. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ მას მინიჭებული ჰქონდა საავადმყოფოს მიმართვის საფუძველზე ლიცენზია მხოლოდ რეპროდუქტოლოგიაში და არ ჰქონდა ლიცენზია ქალთა მეან გინეკოლოგიისა და ხელოვნური განაყოფიერების დარგში, რაზედაც პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.
24. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, ი-----– თ------მა მოაწერა რა ხელი 2013 წლის 21 მარტის ქართულ ენაზე შედგენილ განცხადებას განთავისუფლების შესახებ, მისთვის ცნობილი იყო განცხადების შინაარსი, ეს მოხდა მხარეთა შეთანხმებით, რადგან ამ დროს უკვე სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის #3 სხდომის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს გაუუქმდა საექიმო საქმიანობის უფლება, სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია“ და ეს შეტყობინება კლინიკამ მიიღო. გარდა აღნიშნულისა, ეს უტყუარად დასტურდება თვით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული ,,განაცხადით“, სადაც მოსარჩელის მინაწერით ირკვევა, რომ იგი თავისი უდანაშაულობის დადასტურების შემთხვევაში იმოქმედებდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
25. დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება, რომ მოსარჩელე ნებაყოფილებით განთავისუფლებულიყო, რადგან იგი მაინც არ იყო უფლებამოსილი გაეგრძელებინა საექიმო საქმიანობა და არც კლინიკას ჰქონდა უფლება, დაეშვა იგი საქმიანობის გასაგრძელებლად.
26. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ი-----– თ------ის სსიპ ს------–------------------------–-–-------------–------------------ს პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის #3 სხდომის გადაწყვეტილებით გაუუქმდა საექიმო საქმიანობის უფლება, სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია“ დარღვევების გამო, რაც გამოწვეულია არასწორი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებით, არასწორი მკურნალობით, მის მიერ დაშვებული შეცდომებით მკურნალობისას და ამაში ბრალეული მხოლოდ თავად არის, ამაზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს ვერ დაეკისრება. შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, იმის თაობაზე რომ ი-----– თ------ის სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 სხდომის გადაწყვეტილებით გაუუქმდა საექიმო საქმიანობის უფლება იმიტომ, რომ არ ხორციელდებოდა სამედიცინო მანიპულაციების შესახებ თურქულ ენაზე შესრულებული დოკუმენტების-ჩანაწერების თარგმნა ქართულ ენაზე, რისი ვალდებულებაც კლინიკას ჰქონდა. ეს უტყუარად დასტურდება სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 სხდომის გადაწყვეტილებით და 2014 წლის 24 სექტემბრის №02/78078 შეტყობინებით.
27. სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,B----------------მა”, მას შემდეგ, რაც მოსარჩელეს გაუუქმდა დროებითი საექიმო საქმიანობის ნებართვა, მაქსიმალურად იზრუნა, რათა ახალი ნებართვა გაცემულიყო მასზე საექიმო საქმიანობის გასაგრძელებლად - თუმცა უშედეგოდ.
28. დადგენილი იქნა, რომ ი-----– თ------მა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მას შეუწყდა დროებითი საექიმო საქმიანობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ი-----– თ------ის მიმართ, რეპროდუქტოლოგიაში დროებითი საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში, დავის გადაუწყვეტლად და სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა. დასახელებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში;
29. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მითითება, ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, არ ნიშნავს იმას, რომ ი-----– თ------ს აღუდგა ეს დროებითი ნებართვა. დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება.
30. სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის შემოწმებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე, საქართველოს შრომის კოდექსსა და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი მოვალეობა. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლებას მოითხოვს შეთანხმებული ანაზღაურება. თუ მოსარჩელე შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მოპასუხეს გაუჩნდება საპასუხო ვალდებულება - გადაიხადოს შეთანხმებული გასამრჯელო - ხელფასი. ანალოგიურადაა განსახილველ შემთხვევაშიც. თუ დადასტურდა, რომ მოპასუხის ბრალეულობით იქნა შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილი, მაშინ მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს შეთანხმებული კომპენსაცია. ასეთი უფლება მას გაუჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა, რომ მოპასუხემ უმიზეზოდ, სამართლიანი საფუძვლის არარსებობის შემთხვევაში შეწყვიტა ხელშეკრულება. უფრო მეტიც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი იქნა მხარეთა ორმხრივი ნება - შეთანხმება, რის გამოც შრომითი ხელშეკრულების 5.4. მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კომპენსაციის დაკისრებაზე არ არსებობდა.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
32. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით იქნა გასაჩივრებული ი-----– თ------ის წარმომადგენლის მიერ; აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა;
33. აპელანტის განმარტებით: სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში არ არის გადმოცემული სასარჩელო მოთხივნა სრულად. სასამართლოს 01/06/2016 წლის განჩინებით შეჩერდა ჯამრთელობის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2015 წლის 06 ნოემბრის ადმინისტრაციული აქტის მოქმედება ი-----– თ------ის მიმართ საექიმო საქმიანობის გაუქმების ნაწილში, რითაც ი-----– თ------ს აღუდგა შრომის უფლება საექიმო საქმიანობაში რეპროდუქტოლოგიაში. მან თხოვნით მიმართა მოპასუხე საავადმყოფოს სამუშაოს უფლების აღდგენის მოთხოვნით ლიცენზიის დარჩენილი ვადით. სასამართლომ არ გაითვალისწინა და საერთოდ არ იმსჯელა თავის გადაწყვეტილებაში, რომ ი-----– თ------მა სამსახურში დაბრუნება მოითხოვა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილ დროით. არაერთი წერილი იქნა წარდგენილი ი-----– თ------ის მიერ გაგზავნილი მოპასუხე ორგანიზაციაში რომ იგი სამსახურში დაებრუნებიათ.
34. დადგენილ სადაო ფაქტობრივ გარემოებებში, სასამართლო არ უთითებს იმ ფაქტს, რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯამრთელობის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს განმეორებით 2015 წლის 6 ნოემბრის №8 ოქმის ნაწილის შეჩერების შესახებ.
35. აპელანტმა მიუთითა, რომ მოწვეული ექიმი მოპასუხემ შეცდომაში შეიყვანა და შრომითი ხელშეკრულება რომელიც უნდა გაფორმებულიყო რეპროდუქტოლოგიაში, გაუფორმა დამატებით მეან-გინეკოლოგიაში, ინვიტრო განაყოფიერებაში და დაავალა მრავალი ფუნქციის შესრულება.
36. რაკიღა საავადმყოფომ მოიწვია სპეციალისტი დროებით სამუშაოდ, და მოითხოვა ნებართვა მოწვეული სპეციალისტისათვის, მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ლიცენზიის შინაარსი და ისიც ქონდა გააზრებული, რომ აღნიშნული დარღვევის შესახებ თუ გაიგებდა ჯამრთელობის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო მოწვეულ ექიმს გაუუქმებდნენ ლიცენზიას, საექიმო საქმიანობას საქართველოს კანონიდან გამომდინარე. ანუ მოპასუხეს ქონდა გააზრებული ის ფაქტი, რომ თუ კი ხელშეკრულებას დადებდა მოწვეულ ექიმთან იმ განხრით (სპეციალობით), რაშიაც არ ექნებოდა ლიცენზია მოწვეულ ექიმს - საბჭო გაუუქმებდა მას ლიცენზიას. არასწორია სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილება მხარეთა შორის;
37. არასწორია სასამართლოს მითითება იმ გარემოებაზე, რომ ი-----– თ------ი სამსახურიდან გათავისუფლდა პირადი განცხადებით; აღნიშნულ განცხადებაზე ი-----– თ------ს გაკეთებული აქვს მინაწერი იმის თაობაზე, რომ გამართლების შემთხვევაში იმოქმედებდა ხელშეკრულების შესაბამისად. სასამართლო გადაწყვეტილებას ასაბუთებს, იმითი, რომ ბრალი არ შეიძლება დაედოს საავადმყოფოს ი-----– თ------ის განთავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, რადგან განთავისუფლების საფუძველი არის ლიცენზიის გაუქმება, და ამის გამო არ არსებობს კომპენსაციის მოთხოვნის საფუძველი.
38. სასამართლო არ მსჯელობს 2016 წლის 1 ივნისის სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც შეჩერებული იქნა №8 ოქმის მოქმედება, რომლითაც ი-----– თ------ს გაუუქმეს ლიცენზია, 1 ივნისის განჩინებით გაუქმებულ ლიცენზიას აღუდგა უფლება ლიცენზიის დარჩენილ ვადით საქმიანობის შესახებ, რაც არის ი-----– თ------ის სამსახურში აღდგენის საფუძველი.
39. სასამართლოს მიერ შეჩერდა იმ ოქმის ნაწილი რითაც გაუუქმდა უფლებამოსილება საექიმო საქმიანობაში ი-----– თ------ს, ხოლო აქტის ნაწილის შეჩერება ავტომატურად იწვევს საექიმო საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების აღდგენას, სასამართლოს მიერ კი არ არის გადაწყვეტილებაში მითითება აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე.
40. ლიცენზიის დარჩენილი ვადით მოქმედების აღდგენის თაობაზე ი-----– თ------მა ინფორმაცია მიაწოდა საავადმყოფოს და მოითხოვა ლიცენზიის მოქმედების ვადაში სამსახურში აღდგენა, რაზედაც მოპასუხე საავადმყოფომ ი-----– თ------ს უარი განუცხადა სამსახურში დაბრუნებაზე. (!)
41. სამართლებრივ საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის აპელანტი მიუთითებს საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხ. მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმადაც “ სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს მოიწვიოს უცხო ქვეყნის სპეციალისტი დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისათვის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურეობისათვის თავისი ინიციატივით ან/და პაციენტის მოთხოვნით, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. იგივე კანონის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად სამედიცინო ჩანაწერები უნდა შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად. უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერი უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე. რაც უნდა მოეწესრიგებია თავად მოპასუხე ორგანიზაციას.
42. აპელანტი მიუთითებს შრომის კოდექსის 32-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც "თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებით მოცდენილი დროს დასაქმებულს შრომითი ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. შრომითი კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად "შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
43. აპელანტი აღნიშნავს, რომ, სასამართლოს უნდა ემსჯელა, ვის მიერ იქნა საექიმო ნებართვა მოპოვებული, რა განხრით იქნა ის მოპოვებული, შრომითი ხელშეკრულებით როგორ იყო დასაქმებული მოსარჩლე, იყო თუ არა ცნობილი მისთვის საექიმო საქმიანობის ნებართვის შესახებ, კონკრეტულად რა სპეციალობაში; რა წესით იქნა გათავისუფლებული ი-----– თ------ი სამსახურიდან, შეიძლებოდა თუ არა ი-----– თ------ი სამსახურში დაებრუნებიათ, და საბოლოოდ ეკუთვნის თუ არა საკომპენსაციო თანხა ი-----– თ------ს. სასამართლო შემოიფარგლა ცალსახად და გადაწყვეტილებაში მსჯელობს მხოლოდ ი-----– თ------ის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობის საკითხზე და მოწვეული ექიმის პასუხისმგებლობის საკითხზე რაც არ ყოფილა სასამართლოს განსჯის საგანი.
44. აპელანტის მითითებით უკანონო და დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი-----– თ------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
45. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარეთა ახსნა - განმარტებებს და თვლის, რომ ი-----– თ------ის სააპელაციო საჩივარი არის უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
46. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
47. დადგენილია, რომ 2012 წლის 15 ივლისს, 2 წლის ვადით - 2014 წლის 15 ივლისამდე შპს ,,B----------------სა” და ი-----– თ------ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება.
48. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად: დასაქმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შპს ,,B----------------ში” სამედიცინო კ-----------------------------------–-------------------------–-------------–-----------------–----- თანანმდებობაზე დაინიშნა.
49. საქმეში, ს.ფ. 155-ზე განთავსებულია შპს ,,B----------------ის” დირექტორის, დ-------------------- 2013 წლის 21 მარტის №52/ა ბრძანება, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ი-----– თ------თან 2013 წლის 21 მარტიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, ი-----– თ------ის პირადი განცხადების საფუძველზე;
50. დადგენილია, რომ ი-----– თ------ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს შპს ,,B----------------ისათვის” შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომპენსაციო თანხის 250 000 აშშ დოლარის დაკისრება;
51. სამართლებრივ საფუძვლად მითითებული შრომითი ხელშეკრულების დათქმა, (რომელ დათქმასაც უდებს საფუძვლად მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას) - შემდეგი შინაარსისაა: (ხელშეკრულების 5.4. პუნქტი): ”თუ დამსაქმებელი უმიზეზოდ, უსამართლოდ, გამამართლებელი მიზეზის არარსებობის შემთხვევაში სამუშაოდან დაითხოვს და /ანდა თავის კომპანიას სხვა კერძო ან იურიდიულ პირს მიყიდის (გაასხვისებს) ანდა გადასცემს (ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში) და აღნიშნული მიზეზის გამო დასაქმებული სამუშაოს დაკარგავს, ხელფასს და ყოველთვიურ შემოსავალს თავის დროზე ვერ გადაუხდის, აღინიშნულ შემთხვევაში დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას და ეთანხმება, რომ დასაქმებულს კომპენსაციის სახით 250 000 აშშ დოლარს ერთი თვის განმავლობაში გადაუხდის.
52. საკომპენსაციო თანხის გადახდის ვალდებულება რომ წარმოიშვას, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სახეზე უნდა არსებობდეს სამუშაოდან მუშაკის დათხოვნა, დამსაქმებლის ინიციატივითა და ბრალით;
53. აღნიშნულ საკითხს ამგვარადვე აწესრიგებს საქართველოს შრომის კანონმდებლობა, კერძოდ ”შრომის კოდექსის” 38-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს დამსაქმებლის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას, და მისი წარმოშობა დამოკიდებულია დამსაქმებლის ინიციატივით, ვადაზე ადრე მუშაკის სამუშაოდან დათხოვნაზე.
54. განსახილველ შემთხვევაში, ი-----– თ------ი სამუშაოდან გათავისუფლდა არა დამსაქმებლის ინიციატივით, არამედ პირადი განცხადების საფუძველზე;
55. კერძოდ, საქმეში, ს.ფ. 36-ზე განთავსებულია ი-----– თ------ის განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა, 2013 წლის 21 მარტს მიმართა შპს ,,B----------------ის” დირექტორს, აცნობა, რომ მას საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- 2013 წლის 19 მარტის №02/22353 წერილით ეუწყა, რომ შეუჩერდა საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ნებართვა, რის გამოც ითხოვა სამსახურიდან გათავისუფლება;
56. უდავოა, რომ ეს ნება ადრესატს, დამსაქმებელს იმავე დღეს მიუვიდა.
57. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები) პირველი ნაწილის ’’დ’’ პუნქტი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ - ერთ საფუძვლად დასაქმებულის მიერ თანანმდებობის (სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვებას მიიჩნევს.
58. შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სახეზეა არა დამსაქმებლის ინიციატივით სამუშაოდან ი-----– თ------ის გათავისუფლება, არამედ პირადი განცხადების საფუძველზე, (რასაც ნამდვილად ჰქონდა მიზეზი) - სამუშაოდან დათხოვნა. ასეთი შემთხვევისათვის კი არც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და არც საქართველოს შრომის კანონმდებლობა დამსაქმებლის მიერ კომპენსაციის გადახდის ვადებულებას არ ითვალისწიბნებს.
59. დადგენილია, რომ ი-----– თ------ი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პროფესიით მეან გინეკოლოგი. მოპასუხესთან - შპს ,,B---------------“-ში დასაქმებამდე მოღვაწეობდა-მუშაობდა თურქეთში, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად.
60. ი-----– თ------ის სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2012 წლის 19 ოქტომბრის №6 სხდომის გადაწყვეტილებით სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია“, მიენიჭა დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება.
61. ი-----– თ------ის სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის #3 სხდომის გადაწყვეტილებით გაუუქმდა საექიმო საქმიანობის უფლება, სპეციალობაში ,,რეპროდუქტოლოგია“. აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი ი-----– თ------ისათვის, რათა მას მიემართა განცხადებით დამსაქმებლისათვის და ეთხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;
62. დადგენილია, რომ ი-----– თ------იმ სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ითხოვა, რომლითაც მას შეუწყდა დროებითი საექიმო საქმიანობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ი-----– თ------ის მიმართ, რეპროდუქტოლოგიაში დროებითი საქმიანობის უფლების გაუქმების ნაწილში, დავის გადაუწყვეტლად და სააგენტოს დაევალა საკითხის ხელახლა განხილვა. დასახელებული გადაწყვეტიება შევიდა კანონიერ ძალაში;
63. დადგენილია, რომ საკითხის ხელახლა გამოკვლევის მიზნით პროფესიული განვითარების საბჭომ განმეორებით განიხილა და იმსჯელა ი-----– თ------ისათვის დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების შესახებ და 2015 წლის 6 ნოემბერს №8 ოქმით დაადგინა, რომ ”საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის გ) პუნქტის შესაბამისად (სახელმწიფო სერთიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ ფარგლებს) ი-----– თ------ს გაუუქმდეს დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება, სპეციალობაში ”რეპროდდუქტოლოგია”. დადგენილია, რომ მითითებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტიც გასაჩივრებულია ი-----– თ------ის მიერ, რომელზე დავაც ამ ეტაპისთვის დასრულებული არ არის.
64. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შრომითი კატეგორიის საქმეებზე აქვს განმარტებული, რომ სამუშაოდან გათავისუფლების დროს (თუნდაც პირის პირადი განცხადების საფუძველზე) დამსაქმებლის მიერ სათანადოდ უნდა იქნეს შესწავლილი ის განმაპირობებელი გარემოებები, რამაც გადაწყვეტილების მიღება აიძულა განმცხადებელს.
65. თავად განცხცადების შინაარსიდან დგინდება, რომ ი-----– თ------იმ მითითებული გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- 2013 წლის 19 მარტის №02/22353 წერილის მიღების შემდგომ, რომლითაც მას ეცნობა, რომ შეუჩერდა საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ნებართვა;
66. სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელი ორგანიზაცია, არათუ უფლებამოსილი, ვალდებულიც კი იყო დაეკმაყოფილებინა ი-----– თ------ის განცხადება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
67. აპელანტი თავად განმარტავს, რომ გათავისუფლების ბრძანებაზე მან გააკეთა მინაწერი, რომ ”გამართლების შემთხვევაში იმოქმედებდა კანონშესაბამისად’’. აღნიშნული მინაწერი გათავისუფლების განცხადებაზე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სამუშაოდან გათავისუფლების განცხადება ი-----– თ------მა თავისი ნებით დაწერა, თუმცაღა იგი შეეცდებოდა იმ მიზეზთა გარკვევას, რის გამოც გაუუქმდა ლიცენზია და გამართლების შემთხვევაში იმოქმედებდა კანონშესაბამისად.
68. უდავოა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო მოსარჩელისთვის კომპენსაციის გადახდა.
69. უდავოა, რომ მოსარჩელის დათხოვნა სამსახურიდან არ მომხდარა მოპასუხის მიერ (მიუხედავად - რეალური მიზეზის არსებობისა) და გადაწყვეტილება სამუშაოდან წამოსვლისა - ი-----– თ------იმ მიიღო.
70. პალატის მოსაზრებით, რომც დადასტურდეს ადმინისტრაციული ორგანოს ბრალი, რომელმაც ი-----– თ------ის არასწორად შეუჩერა საქმიანობის ლიცენზია (რაც გახდა ი-----– თ------ის განცხადების დაწერის მიზეზი), ცხადია ის ვერ გახდება მოპასუხისათვის კომპენსაციის 250 000 ლარის დაკისრების საფუძველი, რადგან უდავოა, რომ შეთანხმებისას მხარეები გულისხმობდნენ იმ შემთხვევას, თუ ი-----– თ------თან შრომითი ხელშეკრულება შეწყდებოდა მოპასუხის მიერ, მოპასუხის ინიციატივით და ბრალით.
71. პალატის მოსაზრებით ეს გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდება.
72. რაც სეეხება აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2016 წლის 1 ივნისის სასამართლოს განჩინების საფუძველზე ი-----– თ------ის გაუქმებული ლიცენზიით აღუდგა უფლება ლიცენზიის დარჩენილი ვადით საქმიანობის შესახებ, რაც ი-----– თ--------- სამსახურში აღდგენის საფუძველია (რაზედაც მას დაუსაბუთებლად უთხრეს უარი) - პალატა მიიჩნევს, რომ ი-----– თ------ის სამსახურში აღდგენა არ არის განსახილველი დავის საგანი; ისიც უდავოა, რომ 250 000 ლარის მოთხოვნა (როგორც კომპენსაციისა) არ გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი საფუძვლებიდან, რომ ი-----– თ------ი მოპასუხე ორგანიზაციამ არ აღადგინა სამსახურში; არამედ მოსარჩელის მოთხოვნა 250 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე ეფუძნება მასთან შრომითი ურთიერთობის ”უმიზეზოდ , უსამართლოდ, გამამართლებელი მიზეზის არ არსებობის შემთხვევაში მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, მისი სამუშაოდან დათხოვნას” - რასაც ცხადია მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
73. საქართველოს კანონის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ მე-11 მუხლის მე-5 პუნქთით: უცხო ქვეყნის სპეციალისტს, საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო, ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციებით. ამავე მუხლის მე-7 ქვეპუნქტით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის უფლების შეჩერების ან/და გაუქმების საფუძველი გათანაბრებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან/და გაუქმების, ამ კანონით გათვალისწინებულ პირობებთან და ამავე მუხლის მე-8 ნაწილი ადგენს, რომ უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება ერთჯერადად ეძლევა არა უმეტეს ერთი წლის ვადით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ვადის გაგრძელების უფლება აქვს სამინისტროს. გადაწყვეტილება მიიღება ექიმთა შესაბამისი პროფესიულ ასოციაციებთან ერთად.
74. კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- პროფესიული განვითარების საბჭოს ნებართვით, მოსარჩელეს საექიმო საქმიანობის წარმოება შეეძლო 2013 წლის 19 აპრილამდე, დადგენილია, რომ აღნიშნული ვადის ამოწურვამდე 2013 წლის 19 მარტს გაუუქმდა საქართველოში სამედიცინო საქმიანობის ნებართვა. პალატის მოსაზრებით კონკრეტულ შემთხვევაში სრულიად რელევანტურად ი-----– თ------მა მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლება, რადგან სამედიცინო საქმიანობის ნებართვის გაუქმება კანონიერი მიზეზია პირმა ითხოვოს სამსახურიდან გათავისუფლება და შეწყვიტოს საექიმო საქმიანობა - ხოლო ადმინისტრაციის მხრიდან ადეკვატური ღონისძიებაა განცხადების დაკმაყოფილება;
75. რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, ” საექიმო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამედიცინო ჩანაწერები უნდა შესრულდეს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, უცხო ქვეყნის სპეციალისტის ჩანაწერები უნდა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე - რაც უნდა მოეწესრიგებინა თავად მოპასუხე ორგანიზაციას, პალატა მიუთითებს, რომ ამ ტიპის დარღვევები არ გამხდარა მოსარჩელისთვის საექიმო საქმიანობის ლიცენზიის შეჩერების საფუძველი, არამედ არასწორი მანიპულაციების ჩატარება, არასწორი მკურნალობა და მის მიერ დაშვებული შეცდომები მკურნალობისას (იხ. სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს 2013 წლის 15 მარტის №3 გადაწყვეტილება).
76. პალატა ვერც იმ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რომ ი-----– თ------ს არ ეთარგმნა მოპასუხესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შინაარსი, რომლის თანახმადაც იგი უფლებამოსილი მხოლოდ რეპროდუქტოლოგიაში იყო, რადგან ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მისი მხრიდან თავისთავად გარიგების შინაარსის ცოდნას ადასტურებს, რაც მისი კომპეტენციისა და განათლების მქონე ადამიანისთვის - საწინააღდეგოს განმარტებას სრულად გამორიცხავს.
77. საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის თანახმად შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
78. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;.
79. ამავე კანონის 38-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას. კერძოდ დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ( ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან; ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება; ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
80. მოცემულ შემთხვევაში ი-----– თ------ის გათავისუფლების საფუძვლად გვევლინება არა დამსაქმებლის ინიციატივა, არამედ დასაქმებულის პირადი განცხადება (37-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტი), რაც გამორიცხავს კომპენსაციის დამსაქმებლისათვის დაკისრებას;
81. აპელანტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ი-----– თ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე