განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310016001446317
საქმე №3ბ/1865-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მარტი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
თეა ძიმისტარაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) – შპს ,,ოლ--------------–----"
დირექტორი - ჯ---------------------ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნა----–-------–---ანი
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. სააპელაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ოლ--------------–----ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 05 თებერვლის №---- ბრძანებით დაინიშნა შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის №--------- ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მის: ქ. ბ---–---ი, ო-----–----ს ქ. №169, №--- ნაკვეთზე არსებული შენობის მეორე სართული, ფართი №1) სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება. კერძოდ, უნდა შემოწმებულიყო შესრულებულია თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები - ტოტალიზატორისთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილია თუ არა მუდმივი დენის წყაროთი; აღჭურვილია თუ არა დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა შეესაბამება თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს თუ არა ტოტალიზატორის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერით, არანაკლებ 30 დღისა ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 05 თებერვლიდან - 2015 წლის 06 მარტის ჩათვლით პერიოდი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 05 თებერვლის №---- ბრძანება (ს.ფ 166-167).
2.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 05 თებერვლის №---- ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შემოწმების შედეგებზე 2015 წლის 09 თებერვალს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის №-- შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების აქტით დგინდება, რომ შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ ორგანიზებული ტოტალიზატორი უზრუნველყოფილი არ არის მუდმივი დენის წყაროთი. გარდა ამისა, ობიექტზე ვიდეოჩაწერა არ მიმდინარეობს ტოტალიზატორის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე - მუდმივად. კერძოდ, სათამაშო დარბაზში განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მეშვეობით განხორციელებულ ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება წყვეტები 2015 წლის 28 იანვრის 11:46 საათიდან - 11:48 საათამდე, 03 თებერვლის 11:00 საათიდან - 11:02 საათამდე, 05 თებერვლის 10:46 საათიდან - 10:48 საათამდე. გარე პერიმეტრის ჩანაწერებში წყვეტები ფიქსირდება 2015 წლის 11 იანვრიდან - 2015 წლის 09 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 09 თებერვლის №-- შემოწმების აქტი (ს.ფ 168).
2.2.3. 2015 წლის 09 თებერვლის №-- შემოწმების აქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ დარღვეული იყო „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანებით, შპს „ოლ--------------–----“ „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
შპს „ო-–--------- ბ---–---ს“ განემარტა, რომ ვალდებულია არ დაუშვას მომავალში „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებითი დარღვევა. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანება (ს.ფ. 169-171)
2.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 04 ივნისს №----- ბრძანებით დაინიშნა შპს „ოლ--------------–----ს“ (4--------) მიერ ტოტალიზატორის მოწყობის №--------- ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მის: ქ. ბ---–---ი, ო-----–----ს ქ. №169, №--- ნაკვეთზე არსებული შენობის მეორე სართული, ფართი №1) სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება. კერძოდ, უნდა შემოწმებულიყო შესრულებულია თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები - ტოტალიზატორისთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილი იყო თუ არა მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვილი იყო თუ არა დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. შეესაბამებოდა თუ არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობდა თუ არა ტოტალიზატორის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე მუდმივად. სათანადოდ დაცულ ადგილზე ინახებოდა თუ არა ვიდეოჩანაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერით, არანაკლებ 30 დღისა. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 04 ივნისიდან - 2015 წლის 04 ივლისის ჩათვლით პეროიდი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 04 ივნისის №----- ბრძანება (ს.ფ. 125-126).
2.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 05 ივნისს შედგა №--- შემოწმების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ დარღვეული იყო ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მიერ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა. სათამაშო დარბაზში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ვიდეოჩაწერა არ ფიქსირდება 2015 წლის 08 მაისის 17:30 საათიდან - 12 მაისის 16:00 საათამდე და 2015 წლის პირველი ივნისის 14:00 საათიდან 03 ივნისის 12 საათამდე. ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემაში ჩანაწერი არ მოიძებნა 2015 წლის 07 მაისიდან - 13 მაისის 17:05 საათამდე და 2015 წლის პირველი ივნისის 13:29 საათიდან - 03 ივნისის 10:28 საათამდე. ასევე, საზოგადოების მიერ დარღვეულია ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მიერ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის უწყვეტობა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებიდან მიღებულ ჩანაწერებში აღინიშნება წყვეტა 2015 წლის 14 მაისს 14:28 საათიდან - 16:00 საათამდე, 17 მაისს 09:42 საათიდან - 12:21 საათამდე და 29 მაისს 09:33 საათიდან - 14:07 საათამდე. ობიექტი არ იყო აღჭურვილი მუდმივი დენის წყაროთი, რადგან არ გააჩნდა მუდმივი კვების ბლოკი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 05 ივნისის №--- შემოწმების აქტი (ს.ფ. 142-143).
2.2.6. 2015 წლის 05 ივნისის №--- შემოწმების აქტით დადგენილი დარღვევებიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ დარღვეული იყო „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით, „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ო-–--------- ბ---–---ს“ დაეკისრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მიუთითა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრა ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანება (ს.ფ. 127-129).
2.2.7. შპს „ო-–--------- ბ---–---მა“ 2015 წლის 15 ივლისს საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანების გაუქმებას. მომჩივანი აღნიშნავდა, რომ 2015 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანების საფუძველზე დაჯარიმებისა და სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შესრულდა შემმოწმებლების ყველა მითითება, აღმოიფხვრა ყველა ხარვეზი, ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის ყველა შიდა და გარე კამერა უზრუნველყოფილია ჩანაწერების სრულყოფილი უწყვეტობით. შესაბამისად, შპს „ოლ--------------–----ს“ მხრიდან კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს №----- შპს „ოლ--------------–----ს“ 2015 წლის 15 ივლისის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „ოლ--------------–----ს“ 2015 წლის 15 ივლისის №1-------- საჩივარი (ს.ფ. 130-133).
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 13 აგვისტოს №----- ბრძანება (ს.ფ. 144-147).
2.2.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 05 ივნისის №--- შემოწმების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით შპს „ო-–--------- ბ---–---მა“ 2015 წლის 03 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი სექტემბრის №----- ბრძანებით საჩივარი 2015 წლის 05 ივნისის №--- შემოწმების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
შპს „ო-–--------- ბ---–---მა“ 2015 წლის 03 სექტემბერს ხელახლა მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც ასევე ითხოვდა 2015 წლის 05 ივნისის №--- შემოწმების აქტის ბათილად ცნობას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის №----- ბრძანებით შპს „ო-–--------- ბ---–---ს“ უარი ეთქვა 2015 წლის 03 სექტემბრის საჩივრის განხილვაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შპს „ოლ--------------–----ს“ 2015 წლის 03 აგვისტოს №--------- საჩივარი (ს.ფ. 153-157).
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი სექტემბრის №----- ბრძანება (159-161).
- შპს „ოლ--------------–----ს“ 2015 წლის 03 სექტემბრის №1-------- საჩივარი (ს.ფ. 137-143).
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის №----- ბრძანება (ს.ფ. 151-152).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს №----- ბრძანება, 2015 წლის 14 სექტემბრის №----- ბრძანება, 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.3.2. სასამართლომ მიუთითა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ე“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ნებართვა არის ამ კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების განხორციელების უფლება, რომელიც უკავშირდება ობიექტს და ადასტურებს ამ განზრახვის კანონით დადგენილ პირობებთან შესაბამისობას. ამავე მუხლის „ჟ“ პუნქტის თანახმად კი, ნებართვის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული ქმედება, ან სხვა ნებართვის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს სანებართვო ქმედების განხორციელების უფლება. მითითებული კანონის 24-ე მუხლის 39-ე პუნქტის თანახმად, ნებართვის ერთ-ერთი სახეა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“.
ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ტოტალიზატორის მოწყობა.
სასამართლომ მიუთითა ზეაღნიშნული კანონის მე-7 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური). ამავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემას ექვემდებარება ტოტალიზატორის მოწყობა.
კანონის 29-ე მუხლით დადგენილია ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის ვალდებულებები. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შეასრულოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მისთვის დაკისრებული მოვალეობები; „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის საქმიანობის შეწყვეტამდე/განახლებამდე წერილობით აცნობოს შემოსავლების სამსახურს ამ საქმიანობის შეწყვეტის/განახლების თაობაზე; „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებისას შემმოწმებელს შეუქმნას სამუშაო პირობები და მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს სანებართვო პირობებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია (გარდა ლატარიის ორგანიზატორისა); „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისათვის, ლოტოსა და ბინგოსათვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბისა და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო უნდა აღიჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებულ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესზე, რომელიც განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
აღნიშნული წესის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელებში და გარე პერიმეტრზე ახდენს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟებას. მეორე პუნქტის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ ერთდროულად მოიცვას დარბაზის მთელი სივრცე და შესაძლებელი იყოს დარბაზში მყოფი პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. მე-3 პუნქტის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების სალაროსთან უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს სალაროსთან მისული პირების ვიზუალურად დანახვა და იდენტიფიკაცია. მე-4 პუნქტის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შემოსასვლელებში უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ყველა შემსვლელი და გამსვლელი პირის ვიზუალური დანახვა და იდენტიფიკაცია. მე-5 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით წარმოებული დაკვირვების ზონა სრულად უნდა მოიცავდეს ფეხით მოსიარულეთა გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობა.
ამავე წესის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.
მითითებული მუხლის მე-71 პუნქტის თანახმად, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა შესაძლებელი უნდა იყოს ციფრული ვიდეოჩამწერიდან (DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით). აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია იქონიოს იმგვარი ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩაწერილი ინფორმაციის გადატანას ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე გამოსახულების ხარისხის დანაკარგის გარეშე. მე-8 პუნქტის თანახმად კი, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა უნდა უზრუნველყოს ვიდემეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა აზარტული თამაშობების ობიექტზე უნდა განათავსოს არანაკლებ ერთი მონიტორი, რომელიც მუდმივად იქნება მიერთებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან. უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა.
მოცემულ შემთხევვაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს „ოლ--------------–----ს“ მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გაცემულია ტოტალიზატორის მოწყობის №--------- ნებართვა (მისამართი: ბ---–---ი, სს ო-----–----ს ქ. №169, №---, ნაკვეთზე არსებული შენობის მეორე სართული, ფართ. №1). შესაბამისად, აღნიშნული პირზე ვრცელდება ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით სარგებლობიდან წარმოშობილი ურთერთობის მარეგულირებელი ნორმები და მის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაში უნდა იყოს ზემოაღნიშნულ ნორმებთან.
2.3.3. სასამართლომ განმარტა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.
აღნიშნული კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს ნებართვის გამცემი. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, თუ აღნიშნული ფუნქცია კანონმდებლობით სხვა ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას არ განეკუთვნება. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ნებართვის გამცემის კონტროლს დაექვემდებაროს ასევე სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათი დარღვევისას გამოყენებული იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ფორმები. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით. მე-6 პუნქტის თანახმად, ნებართვის გამცემი ვალდებულია შერჩევითი შემოწმების დასრულების შემდეგ შეადგინოს შესაბამისი შემოწმების აქტი, რომელიც შეიტანება ნებართვის გამცემის მიერ სპეციალურად ამისათვის წარმოებულ რეესტრში.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლი შეეხება პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების დარღვევისათვის. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
ამავე კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.
ამასთან, აღნიშნული კანონის 371-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შეადგენს 2 000 ლარს.
სასამართლომ მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №---- ბრძანების პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №10)
აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველსაც, ამავე დებულების მეორე მუხლის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს აზარტული და მომგებიანი თამაშობების თითოეულ სახეობაზე ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის N611-N1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესზე, რომელიც არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესს და პირობებს, განსაზღვრავს შემოწმების წესის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს.
აღნიშნული წესის მეორე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნის და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების 51-ე და 61-ე მუხლების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას. მე-3 მუხლის თანახმად კი, შემოწმების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
ამავე წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ნებართვის მფლობელის შემოწმება ხორციელდება სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების გზით. მეორე პუნქტის თანახმად კი, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმებას ახორციელებს „სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების შესახებ“ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
მითითებული წესის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების განხორციელებისას შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი ამოწმებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილია თუ არა მუდმივი დენის წყაროთი (მუდმივი კვების ბლოკით და გენერატორით); „ი“ ქვეპუნქტის თანახმად - აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებისთვის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებების დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია თუ არა ვიდეომეთვალყურეობის სისტემები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; „კ“ ქვეპუნქტის თანახმად - ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს და სათამაშო აპარატების სალონის დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა მიმდინარეობს თუ არა მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად; „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად - ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები შესაბამისი ჩანაწერებით ინახება თუ არა სათანადოდ დაცულ ადგილზე არანაკლებ 30 დღის ვადით.
აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების დასრულების შემდეგ ადგენს აქტს დანართი №1-ის შესაბამისად. ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების აქტში მითითებული უნდა იყოს შემოწმების შედეგები. მათ შორის: დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, სანებართვო პირობების შესრულების აღწერა, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტში მიეთითება ჯარიმის ოდენობა და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის. ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სანებართვო პირობების გამოსწორების ვადა. აქტში მითითებული ვადის გასვლამდე დაუშვებელია იგივე ობიექტის იმავე მიზნით შემოწმება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 05 თებერვლის №---- ბრძანებით დაინიშნა შპს „ოლ--------------–----ს“ (4--------) მიერ ტოტალიზატორის მოწყობის №--------- ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მისამართი: ქ. ბ---–---ი, ო-----–----ს ქ. №169, №--- ნაკვეთზე არსებული შენობის მეორე სართული, ფართი №1) სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება. კერძოდ, უნდა შემოწმებულიყო შესრულებულია თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 05 თებერვლიდან - 2015 წლის 06 მარტის ჩათვლით პერიოდი.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 05 თებერვლის №---- ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 02 თებერვალს შედგა სსიპ შემოსავლების სამსახურის №-- შემოწმების აქტი. აღნიშნული შემოწმების აქტით დადგინდა, რომ „ოლ--------------–----ს“ (4--------) მიერ ორგანიზებული ტოტალიზატორი უზრუნველყოფილი არ იყო მუდმივი დენის წყაროთი. გარდა ამისა, ობიექტზე ვიდეოჩაწერა არ მიმდინარეობდა ტოტალიზატორის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე - მუდმივად. კერძოდ, სათამაშო დარბაზში განთავსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების მეშვეობით განხორციელებულ ვიდეოჩანაწერებში ფიქსირდება წყვეტები 2015 წლის 28 იანვრის 11:46 სთ-დან - 11:48 საათამდე, 03 თებერვლის 11:00 საათიდან - 11:02 საათამდე, 05 თებერვლის 10:46 საათიდან - 10:48 საათამდე. გარე პერიმეტრის ჩანაწერებში წყვეტები ფიქსირდება 2015 წლის 11 იანვრიდან 2015 წლის 09 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში. აღნიშნული შემოწმების აქტის საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „ოლ--------------–----ს“ (4--------) მიერ დარღვეული იყო „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის „შპს „ოლ--------------–----სთვის“ ჯარიმის დაკისრების შესახებ“ 2015 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანებით, შპს „ოლ--------------–----“ „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „ო-–--------- ბ---–---ს“ განემარტა, რომ ვალდებულია არ დაუშვას მომავალში „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებითი დარღვევა. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
2.3.4. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისთვის. მე-3 პუნქტის თანახმად კი, გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, თუ ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობები არ იქნება დაკმაყოფილებული, დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის N611-N1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების“ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გამოცემული ინდივიდუალური –ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების გამოუსწორებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას ხელახლა განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები დარღვეული სანებართვო პირობების დასაკმაყოფილებლად. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გასამმაგებული ჯარიმის დაკისრების და დარღვეული სანებართვო პირობის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ არ იქნა უზრუნველყოფილი სანებართვო პირობების შესრულება, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, მაშინ დაკისრებული ჯარიმა გასამმაგდება.
საქმეში არსებული მასალებით ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 04 ივნისს №----- ბრძანებით კვლავ დაინიშნა შპს „ოლ--------------–----ს“ (4--------) მიერ ტოტალიზატორის მოწყობის №--------- ნებართვით ორგანიზებულ ობიექტში (მისამართი: ქ. ბ---–---ი, ო-----–----ს ქ. №169, №--- ნაკვეთზე არსებული შენობის მეორე სართული, ფართი №1) სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება. კერძოდ, უნდა შემოწმებულიყო შესრულებულია თუ არა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“, „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 04 ივნისიდან - 2015 წლის 04 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანების საფუძველზე განხორციელებული შემოწმებისას გამოვლინდა შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტი. კერძოდ, შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ დარღვეული იყო ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მიერ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა. სათამაშო დარბაზში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ვიდეოჩაწერა არ ფიქსირდებოდა 2015 წლის 08 მაისის 17:30 საათიდან - 12 მაისის 16:00 საათამდე და 2015 წლის პირველი ივნისის 14:00 საათიდან 03 ივნისის 12 საათამდე. ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემაში ჩანაწერი არ მოიძებნა 2015 წლის 07 მაისიდან - 13 მაისის 17:05 საათამდე და 2015 წლის პირველი ივნისის 13:29 საათიდან - 03 ივნისის 10:28 საათამდე. ასევე, საზოგადოების მიერ დარღვეული იყო ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მიერ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის უწყვეტობა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებიდან მიღებულ ჩანაწერებში აღინიშნებოდა წყვეტა 2015 წლის 14 მაისს 14:28 საათიდან - 16:00 საათამდე, 17 მაისს 09:42 საათიდან - 12:21 საათამდე და 29 მაისს 09:33 საათიდან - 14:07 საათამდე. ობიექტი არ იყო აღჭურვილი მუდმივი დენის წყაროთი, რადგან არ გააჩნდა მუდმივი კვების ბლოკი.
2015 წლის 05 ივნისის №--- შემოწმების აქტით დადგენილი დარღვევებიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ დარღვეული იყო „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით, „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ო-–--------- ბ---–---ს“ დაეკისრა ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულმა ორგანომ ზემოაღნიშნულ ბრძანებაში მიუთითა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრა ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის.
მოსარჩელე წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ვიდეოჩაწერის წყვეტას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მიუთითა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპატრამენტის 2015 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტზე, რომლითაც დგინდება, რომ შპს „ო-–--------- ბ---–---ს“ დაევალა ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველყოფა. ასევე, განემარტა, რომ ვალდებულია არ დაუშვას მომავალში „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებითი დარღვევა. სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას.
როგორც აღინიშნა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა (გარდა სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისთვის.
ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახური სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, ნებისმიერ დროს არის უფლებამოსილი შეამოწმოს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის შპს „ოლ--------------–----სთვის“ ჯარიმის დაკისრების შესახებ 2015 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი სახის დარღვევის არსებობა: შპს „ოლ--------------–----ს“ (4--------) მიერ ორგანიზებული ტოტალიზატორი უზრუნველყოფილი არ იყო მუდმივი დენის წყაროთი. გარდა ამისა, ობიექტზე ვიდეოჩაწერა არ მიმდინარეობდა ტოტალიზატორის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე - მუდმივად. რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებას, აღნიშნულ ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ დარღვეული იყო ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მიერ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა. სათამაშო დარბაზში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ვიდეოჩაწერა არ ფიქსირდებოდა 2015 წლის 08 მაისის 17:30 საათიდან - 12 მაისის 16:00 საათამდე და 2015 წლის პირველი ივნისის 14:00 საათიდან 03 ივნისის 12 საათამდე. ობიექტის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემაში ჩანაწერი არ მოიძებნა 2015 წლის 07 მაისიდან - 13 მაისის 17:05 საათამდე და 2015 წლის პირველი ივნისის 13:29 საათიდან - 03 ივნისის 10:28 საათამდე. ასევე, საზოგადოების მიერ დარღვეული იყო ვიდეო მეთვალყურეობის სისტემების მიერ ჩაწერილი ვიდეოჩანაწერის უწყვეტობა. გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებიდან მიღებულ ჩანაწერებში აღინიშნებოდა წყვეტა 2015 წლის 14 მაისს 14:28 საათიდან - 16:00 საათამდე, 17 მაისს 09:42 საათიდან - 12:21 საათამდე და 29 მაისს 09:33 საათიდან - 14:07 საათამდე.
სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებით დასტურდება შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ „ლატარიებისა და აზარტული მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, თუმცა მოსარჩელის მიერ საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის №ბს-1635-1589(კ-08) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან გამომდინარე წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათაშეფარდება. “ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის №ბს-626-596(კ-07) გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლოსო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე - მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებისას, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებებლი მტკიცებულება, რომ ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში ვიდეოჩაწერის წყვეტას ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ოლ--------------–----ს“ მიერ არ იყო შესრულებული 2015 წლის 10 თებერვლის №---- ბრძანებით დადგენილი ვალდებულება - არ დაეშვა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა, რაც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, გამოიწვევდა დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დაპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანებით შპს „ოლ--------------–----სთვის“ ჯარიმის სახით 6 000 (ექვსი ათასი) ლარის დაკისრების საფუძველი.
რაც შეეხება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის №----- ბრძანებას, რომლის ბათილად ცნობასაც ასევე ითხოვს მოსარჩელე, სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის პირველი სექტემბრის №----- ბრძანებით შპს „ოლ--------------–----ს“ 2015 წლის 03 აგვისტოს საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2015 წლის 05 ივნისის №--- შემოწმების აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ შემოწმების აქტი არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
შპს „ო-–--------- ბ---–---მა“ 2015 წლის 03 სექტემბერს ხელახლა მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომლითაც ასევე ითხოვდა 2015 წლის 05 ივნისის №--- შემოწმების აქტის ბათილად ცნობას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის №----- ბრძანებით შპს „ო-–--------- ბ---–---ს“ უარი ეთქვა 2015 წლის 03 სექტემბრის საჩივრის განხილვაზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, რომ შემოწმების აქტი სზაკ-ის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის N611-N1013 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესზე, რომელიც არეგულირებს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესს და პირობებს, განსაზღვრავს შემოწმების წესის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების ფორმებს.
ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების დასრულების შემდეგ ადგენს აქტს დანართი №1-ის შესაბამისად. ამ პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების აქტში მითითებული უნდა იყოს შემოწმების შედეგები. მათ შორის: დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, სანებართვო პირობების შესრულების აღწერა, ხოლო დარღვევის არსებობის შემთხვევაში, შემოწმების აქტში მიეთითება ჯარიმის ოდენობა და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი, რომელიც ადგენს პირის პასუხისმგებლობას კონკრეტული სამართალდარღვევისათვის. ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი შემოწმების აქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
აღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ შემოწმების აქტი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეიცავს სზაკ-ის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დეფინიციის ნიშნებს და წარმოადგენს შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფაქტების ფიქსაციის საშუალებას.
მითითებული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის №----- ბრძანება, რომლითაც შპს „ო-–--------- ბ---–---ს“ უარი ეთქვა 2015 წლის 03 სექტემბრის საჩივრის განხილვაზე კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.3.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დაპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 14 სექტემბრის №----- ბრძანება გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
2.3.6. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178.1-ე მუხლი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დაპარტამენტის 2015 წლის 09 ივნისის №----- ბრძანება, ასევე კანონიერია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს №----- ბრძანება შპს „ოლ--------------–----ს“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ, ამდენად, სასამართლო მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, აპელანტს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აქვე პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმნონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
პალატა განმარტავს, რომ დავის არსებით გადაწყვეტას და სწორ სამართლებრივ კვალიფიკაციას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქმეზე გამოკვლეული ფაქტების ობიექტური შეფასება და მათი ერთობრივი ანალიზი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე შპს ,,ოლ--------------–----" ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობას.
საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული აქტების გამოცემისას, ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ჩატარებულია ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომაა მიღებული გადაწყვეტილებები.
პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტს უნდა დაევალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ოლ--------------–----ს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. აპელანტს - შპს ,,ო-–--------- ბ---–---ს" დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
თეა ძიმისტარაშვილი